№16 რატომ ჰქონდა რევოლვერი და ერთი ტყვია გამზადებული უნივერსიტეტში მისულ ნოდარ დუმბაძეს და როგორ „ატყუებდა” ის მსოფლიოს
მის მსგავასად ვერავინ შეძლო და ალბათ, ვერც შეძლებს თავისი ცხოვრების წიგნის გვერდებიდან ისე ლამაზად ეკრანზე გადატანას, როგორც ეს ნოდარ დუმბაძემ გააკეთა. „არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს. კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით“, – ამბობს იგი. ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ, ეკრანზე გინახავთ, ეს ნოდარ დუმბაძეა, მას გადახდა თავს – ზოგი ჭირში, ზოგიც ლხინში. ის ხალხმა შეიყვარა და თითოეულმა ოჯახმა თავის წევრად მიიღო იმ დღიდან, როცა ხელში აიღო კალამი და შეუდგა ამ ძვირფასი მოთხრობების წერას და ეს სიყვარული მას, უპირველესად, თავის კაცობით ერგო. რამდენიმე წლის წინ ნორა კოტინოვის ავტორობით გამოიცა წიგნი: „ნოდარ დუმბაძის გახსენება“. ქალბატონი ნორა ნოდარ დუმბაძის ალალი მამიდაშვილი ბრძანდება, ვისი მამაც, იმ ვანიჩკა ბიძიას პროტოტიპი გახლდათ, ვისი ფრიად სახასიათო და დასამახსოვრებელი სახეც ავტორმა შექმნა „ნუ გეშინია, დედაში“… ვნახოთ, როგორ აგვიწერს ქალბატონი ნორა ღვთისმორწმუნე მწერლის მიერ თავისი მსოფლმხედველობრივი მრწამსის გამჟღავნების იძულებითი მალვის აუცილებლობას საბჭოური ცხოვრების სინამდვილეში (წყარო: georoial.ge): „ნოდარი ღრმად მორწმუნე და ღვთისმოსავი
პიროვნება იყო. ამის დასტურია მთელი მისი ღვთიური შემოქმედება. მაგრამ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, იმ პერიოდში არ შეეძლო, ხილულად ევლო ეკლესიებში და ენთო სანთლები. პირჯვრის გადაწერაც კი მაშინ მკრეხელობად ითვლებოდა ისეთი პიროვნებებისათვის, როგორიც ნოდარი იყო. ამიტომ მან შინ მოიწყო პატარა სალოცავი, უამრავი ძვირფასი ხატით დამშვენებული, და იქ ლოცულობდა თავისთვის. მაგონდება ერთი ეპიზოდი, მის მიერ ნაამბობი: ერთხელ მასთან ოჯახში მისულა ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავის ვაჟიშვილთან ერთად. ბიჭუნას დაუთვალიერებია ნოდარის ბინა და უნახავს ხატებით სავსე კედელი. შემდეგ შესულა ნოდართან და უთქვამს: ნოდარი ბიძია, თქვენ თურმე ცრუმორწმუნე ყოფილხართო. ნოდარს ღიმილით უპასუხია: შვილო, ცრუმორწმუნე მამაშენია, მე კი ნამდვილი მორწმუნე ვარო. მაშინ ეს ამბავი ანეკდოტად დადიოდა მთელ თბილისში“. მაგრამ ეს ანეკდოტები იყო სწორედ მწერლის შემოქმდებით ნააზრევთან ერთად, ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ხელისუფლების საფუძვლებს
რომ არყევდა; ხოლო, როდესაც დგებოდა ჟამი რეალური მოქმედებისა, მაშინ ნოდარ დუმბაძე თავის ხალხთან ერთად იდგა მის დამანგრეველ ბარიკადებზე. ამ თვალსაზრისით, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 14 აპრილის თარიღი. პირველი დიდი პროტესტის გამოხატულება ათეულწლოვანი მდუმარების შემდეგ. აი, რა უამბნია მამიდაშვილისთვის თვით ნოდარ დუმბაძეს:
„როდესაც დილით უნივერსიტეტში მივედი სტუდენტებთან შესახვედრად, – თქვა მან, – ვუთხარი: ახალგაზრდებო, თუ 75-ე მუხლი არ გასწორდება, თქვენ წინაშე თავს მოვიკლავ-მეთქი. მათ მიპასუხეს: სანამ სესიაზე ედუარდ შევარდნაძე არ წაიკითხავს თვითონ ქართული ენის სტატუსის შესაბამის მუხლს, გასწორებულსა და აღდგენილს, მანამდე არ დავწყნარდებითო. მე თან მქონდა ჩემი პატარა რევოლვერი, რომელშიც ერთი ტყვია იყო მომზადებული ჩემთვის, გადავწყვიტე, გავყოლოდი სტუდენტებს, რუსთაველის გამზირზე“… ვისაც ახსოვს ეს დღე რუსთაველზე, უთუოდ დაუდასტურებს მოგონებების ავტორს, რომ მწერლის მაშინდელი მოქმედება დოკუმენტური სიზუსტით არის გადმოცემული. ხოლო, რაც ჩვენი წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მწერლის იმპერიასთან მიმართების თვალსაზრისით,
განსაკუთრებულად ფასეულია და ანგარიშგასაწევი, ეს გახლდათ ქალბატონ ნორას ზეპირი მონათხრობის ჩანაწერი, რომელიც თავის დროზე მიზეზთა გამო ვერ მოხვდა დასახელებულ წიგნში და რომელიც მრავალკუთხივ ხდის ფარდას იმ ფარულსა და იდუმალ მიზეზებს, რაც დღემდე ხშირად გაურკვევლობას ბადებს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხში:
„14 აპრილის თარიღთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც წიგნშია აღწერილი, სრულად ასახავს ნოდარ დუმბაძის დამოკიდებულებას თავისი სამშობლოს ეროვნული ინტერესების მიმართ. ზოგიერთი თავისი თანამემამულისგან განსხვავებით, რომლებიც სამშობლოს მხოლოდ სიტყვით ეფიცებოდნენ ერთგულებას, ნოდარს პატრიოტიზმი სხვების წინაშე გამოსაჩენად კი არ სჭირდებოდა, არამედ ასეთი იყო მისი შინაგანი მრწამსი და სასიცოცხლო მოთხოვნილება. ოღონდ კი მისი სამშობლოს კეთილდღეობას რაიმე სასიკეთოდ წადგომოდა და თანახმა იყო გარკვეულ კომპრომისებზე თვით თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც. არას დაგიდევდათ, ამის ნიადაგზე მისი სახელის ღირსებაც რომ
შელახულიყო მშობელი ხალხის თვალში. ძლიერთა ამა ქვეყნისათა სამსახურშიც ჩამდგარა, რათა ამ გზით მისხლისოდენად მეტი საშუალება გასჩენოდა თავისი ერის სამსახურად. მარტო ერთმა ღმერთმა უწყის, რა ნერვიული დაძაბულობის ფასად უღირდა მას თუნდაც უმნიშვნელო მამულიშვილური საქმის აღსრულება იმ უკუღმართ დროში. თვით ნოდარის მონათხრობიდან ვიცი, როგორი ძალისხმევა დასჭირდა, მაგალითად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ იუბილის გამართვას. ეს ღონისძიება მთლიანად ნოდარის ინიციატივით მოეწყო. მისი ჭეშმარიტ ეროვნულ მისწრაფებათა დასტურია, აგრეთვე, გარეგნულად თითქოსდა ხელისუფლებისადმი მისაღები და ლოიალური, ხოლო შინაგანად მათი საპირისპირო ნაწარმოებები. არასოდეს დამავიწყდება, რა მითხრა ერთხელ, როდესაც უწყინარ ტყუილში დამიჭირა: ადამიანო, შენ მე რა უნდა მომატყუო, როცა მე თვითონ მთელ მსოფლიოს ვატყუებ – ლენინის მოძღვრების წინააღმდეგ დაწერილ წიგნებში ლენინური პრემია მოვაცემინეო. მაგრამ თავისი ერისთვის უმნიშვნელოვანესსა და გადამწყვეტი მოვლენების ჟამს მას არც ერთხელ არ ჩაუდენია ზნეობრივი კომპრომისი. აქ იგი შეურყეველი, უდრეკი იყო ყოველთვის. 14 აპრილზე უკვე მოგახსენეთ და მაშინ რომ საკითხი დადებითად არ გადაჭრილიყო, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მოიკლავდა თავს, რის მადასტურებლადაც თუნდ მისი მოწამეობრივი სიკვდილი გამოდგება. როგორც ყველამ კარგად იცის ჩვენში, ნოდარს ხელი ჰქონდა მოწერილი თვითმფრინავის უიღბლო გამტაცებელთა შეწყალების თხოვნაზე და წარუმატებელი შუამდგომლობის შემდეგ, მათ ბედზე დარდმა და წუხილმა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გადაიყოლა კიდეც და მისი
ადრე უკვე ნაინფარქტალი გული იმ ტრაგედიამ უდანაშაულო ბიჭებთან ერთად შეიწირა...“
***
1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ თბილისის „დინამო“ სამშობლოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა – ცეკას
დავალებით, სხვადასხვა ქალაქში დადიოდა, ხვდებოდა მშრომელებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სპორტული ორგანიზაციების წევრებს, იმართებოდა დიალოგები… ერთ დღესაც ნოდარ ახალკაცს დაურეკეს და უთხრეს, რომ „დინამო“ ქართველ მწერლებთან შესახვედრად მიეყვანა. ახალკაცი თავისი მკაცრი რეჟიმით იყო ცნობილი. წინ საპასუხისმგებლო მატჩი ელოდა, არადა, „ზემოდან“ დავალებაზე უარის თქმაც არ გამოდიოდა. ამიტომ, ახლკაცმა გამოსავალი მოძებნა და ქართველ მწერლებთან შესახვედრად „დინამოს“ დუბლები წაიყვანა. როცა მაჩაბლის ქუჩაზე მივიდნენ, ახალკაცსა და ფეხბურთელებს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე გამოეგება. ნოდარ ახალკაცმა მოუბოდიშა – წინ რთული მატჩი მელის და უნდა მაპატიო, დუბლები მოვიყვანეო, რაზეც ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა: „არა უშავს, ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ, ძირითადი შემადგენლობა, კარგა ხანია, მთაწმინდაზეაო…“
***
ტარდება თათბირი „დონ კიხოტის“ ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ „ვეფხისტყაოსანი“ გადაიღეთო. – აი, ჩვენ კი გავთავხედდით, – დასძინა მან, – „ქართულ ფილმთან“ ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება… მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან-დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ
დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს – ენტონი ქუინი… – რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ. – როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე, – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?
***
ერთხელ ნოდარ დუმბაძე თავის მშობლიურ სოფელში იყო ჩასული, უკვე ცნობილი მწერალია და ყველას უყვარს. ატეხილია ერთი ამბავი, ყველა ოჯახში ექაჩებიან სუფრაზე. ნოდარი შეძლებისდაგვარად არიდებს თავს დალევას. გურიაში არ ჭრის „ვერ ვსვამ, თავი მტკივა, ნაღველი მაწუხებს, კუჭის წყლული მაქვს და წნევა მაწუხებს“. მაინც გასმევენ, ერთადერთი, რაც გშველის არის ჯადოსნური ფრაზა – „ნემსს ვიკეთებ“. ჰოდა, ნოდარიც ყველა ოჯახში იძახის ნემსს ვიკეთებო. გამოხდა ხანი და ნოდარი თბილისში უნდა დაბრუნდეს, დილით გამოვიდა სახლიდან და ეზოში ჭიშკრისკენ მიემართება. ამ დროს მეზობელი მოხუცი კაცი მიადგა და ნოდარს ეუბნება: ნოდარი, ბიძიკო, მაინც ქე მიდიხარ თბილისში და აგერ ფქვილი მაქ გასაცრელი და იქნება ტ**კი დამიტოვო ერხანსო...
***
ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს: არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო… მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულში“ ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო... გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა: ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი! ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.