№16 ვინ იქნება რუსეთის ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების სამიზნე სამხრეთ კავკასიაში და როგორ ეცდება აშშ-სთან დაპირისპირების ეპიცენტრად საქართველოს ტერიტორიის ქცევას
რუსეთის ფედერაცია ჩრდილო კავკასიაში, როგორც ამბობენ, უპრეცედენტო რაოდენობისა და ხარისხის საჯარისო დანაყოფს ქმნის. მართალია, უპრეცედენტო საჯარისო დანაყოფი, სულაც, არ არის აუცილებელი, თუ სამიზნე ჩვენ ვართ და, წესითა და რიგით, კრემლის ეს გადაწყვეტილება სულ სხვა სტრატეგიულ გრძელვადიან ამოცანებს ისახავს. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, როდესაც დიდები ჩხუბობენ, პატარებს ხვდებათ, მთლად გულარხეინადაც ვერ ვიქნებით. ანალიტიკოსთან, სამხედრო მენციერებათა დოქტორთან, ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ შესაძლო საფრთხეებსა და ამ სამხედრო გადაჯგუფების მიზნებს.
– რა სამხედრო დაჯგუფებას ქმნის რუსეთი ჩრდილო კავკასიაში?
– მოკლედ გეტყვით, რუსეთის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა სამხრეთში, რომელიც მოიცავს ჩრდილო კავკასიასა და რუსეთის რამდენიმე ფედერალური ოლქის ტერიტორიას, ქმნის მესამე დამრტყმელ არმიას; ეს არის მერვე არმია და მანამდე არსებული ორი არმიის, 49-ისა და 58-ის, საფუძველზე შეიქმნება ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფებები, რომლებიც განახორციელებენ დამოუკიდებელი ტიპის შეტევას ნებისმიერი მიმართულებით.
– კერძოდ, რომელი?
– სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, შეიძლება აზერბაიჯანის ან საქართველოს.
– თურქეთის მიმართულებას გამორიცხავთ?
– არც ესაა გამორიცხული. საქართველოში რუსეთს დამატებით ჰყავს თავისი ავანგარდული გაერთიანებები მეოთხე და მეექვსე ბაზების სახით, სულ მცირე, 12 000 ადამიანი და დამატებით აფხაზურ-რუსული და აფხაზურ-ოსური სამხედრო კოალიციური დაჯგუფებები, თუმცა ისინი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ, თუ სხვა შენაერთები არ დაეხმარნენ. მათ შეუძლიათ თურქეთის მიმართულებით მოქმედებაც, გამჭოლი სოლით საქართველოში შემოსვლა, რომ საქართველოს ტერიტორია გადააქციონ დაპირისპირების არეალად. მაგრამ ასეთი სცენარის განვითარების ალბათობა ნაკლებია. როგორც მოგეხსენებათ, სულ ახლახან ანკარაში ჩატარდა სამმხრივი სამიტი.
– რუსეთი- თურქეთი-ირანი.
– დიახ და რუსეთმა, ფაქტობრივად, შექმნა გეოსტრატეგიული არაფორმალური კოალიცია: თურქეთი-რუსეთი-ირანი. შესაბამისად, თურქეთი, რომელმაც უკვე შეიძინა რუსული სტრატეგიული შეიარაღება – „ეს 400“ ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, აპირებს, შეისყიდოს რუსული ანტისატანკო სარაკეტო სისტემები, თუ არ ვცდები, „კორშუნების“ ტიპის. ეს არის „ჯაველინების“ მსგავსი შეიარაღება. ანუ ფორმალურად „ნატოს“ წევრი სახელმწიფო არაფორმალურად გადადის ევრაზიულ ორბიტაზე და, ამდენად, არ მგონია, ამ ეტაპზე რუსეთმა ახალი დაჯგუფებები გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ. თუმცა, სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში. სირიის ომმა კარგად აჩვენა, რომ გუშინდელი მოკავშირეები დღეს შეიძლება, დაუძინებელი მტრები იყვნენ. ამას მოწმობს იმავე თურქეთისა და აშშ-ს მაგალითი, ასე რომ, თუ დღეს თურქეთი და რუსეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები, არავინ იცის, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები ხვალ და, ბუნებრივია, რუსეთის ხელმძღვანელობა ასეთი სცენარის განვითარებას ითვალისწინებს. მაგრამ ამ ეტაპზე არც აუცილებლობაა და არც მოცემულობა, რომ რუსეთმა თურქეთზე სამხედრო ზეწოლა და მცირე ზომის ინტერვენცია განახორციელოს იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი საქართველოზეა და აზერბაიჯანზეც, როგორც მათზე ზეწოლის ფორმა.
და კიდევ ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას მივაწვდი თქვენს მკითხველს: რუსეთის კასპიის ფლოტის შტაბბინა ასტრახანიდან დაღესტანში გადმოვიდა. და ამის შედეგია ის, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შეიკრიბება კასპიისპირა სახელმწიფოების სამიტი, რომელზეც საბოლოოდ უნდა მოგვარდეს კასპიის ზღვის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
– ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოებაც კასპიის ზღვაზე გადის.
– როგორ ვთქვა, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, კასპიის ზღვის ქვეყნების ვერმორიგება იყო ჩვენი ყველაზე დიდი დამცავი ელემენტი. იქ იკვეთება რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის ინტერესები და დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და კასპიისპირეთის აუზში ასეთი გადალაგება კიდევ უფრო ზრდის რუსული ექსპანსიონიზმის ალბათობას ჩვენი მიმართულებით. ყაზახეთი არის რუსეთის მოკავშირე, ისევე, როგორც ირანი; აზერბაიჯანიც შესაბამისად იცვლის ორიენტაციას, თუმცა ისედაც არ იყო პროდასავლური თავისი არსით და დღეს უკვე პროევრაზიული გავლენის სფეროშია. რაც შეეხება თურქმენეთს: რვა მარტს თურქმენეთის პრეზიდენტმა ჩაატარა კონცერტი და გამოავლინა თავისი მუსიკალური ცოდნა. გიტარით ხელში გამოვიდა და საბჭოური ჰიტი „ყარაყუმი“ შეასრულა რუსულ ენაზე. რვა მარტის ეს ჩანაწერი გაუშვეს 18 მარტს, ანუ პრეზიდენტ პუტინის არჩევნების დღეს. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტმა ეს სიმღერა მიუძღვნა კრემლს, მაშინ, როდესაც თურქმენეთის წინა და ახლანდელი პრეზიდენტები გამოირჩეოდნენ ფარული ანტირუსული სენტიმენტებით. დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი ამღერდა რუსულ ენაზე, თანაც, კასპიის ზღვის სამიტის დაწყებამდე. ამის შემდეგ ჩვენმა მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნა.
– მართალია, თურქეთთან და ირანთან ჯერჯერობით დაზავებულია რუსეთი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე მათი ინტერესები ემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან გრძელვადიანი საიმედო პარტნიორები…
– ამას გავუსვი ხაზი…
– ვიცი, იმის თქმა მინდა, რომ ჩრდილო კავკასიაში უპრეცედენტო სამხედრო ძალის მობილიზება არ არის საჭირო არც აზერბაიჯანზე ზეწოლისთვის და არც საქართველოს სრული ოკუპაციისთვის, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, რაც არის, ის კონტინგენტიც საკმარისია ამ ამოცანების მისაღწევად. რა გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი იკითხება რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიაში ახალი შენაერთის შექმნაში?
– იკითხება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთმა სამხედრო-სტრატეგიული კუთხით, საქართველოს ტერიტორიაზე მიაღწია თავის მიზნებს: ორი სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე და კოალიციური დაჯგუფებები აფხაზეთსა და ცხინვალში საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოსადმი მისი ოპერატიულ-სტრატეგიული მიზნები იყოს შესრულებული. თანამედროვე მობილური ომები არ ითვალისწინებს ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაკავებას. მოგეხსენებათ, თბილისისა და ქუთაისის დაკავების გარეშე შეძლო რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია, იმიტომ რომ დღეს არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი, რომ დაიკავონ დედაქალაქი და რეჟიმი შეცვალონ. მთავარია, დაიკავო საკვანძო სტრატეგიული პუნქტები. ასე ხდება ოკუპაცია ოცდამეერთე საუკუნეში და რაც დაიკავა, ის ტერიტორიები სავსებით საკმარისია რუსული ინტერესების გასატარებლედ რეგიონულ დონეზე. ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება არ იქმნება საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთს თავისი ამოცანების შესრულება საქართველოში უპრობლემოდ შეუძლია. ეს განკუთვნილია ამერიკული გავლენის აღსაკვეთად და სირიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ამერიკელები აღმოჩნდნენ ალყაში და ამ არაფორმალური ალიანსის, თურქეთი-ირანი-რუსეთი, რომელიც, ფაქტობრივად, სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად ჩამოყალიბდა, მიზანია სირიასა და ახლო აღმოსავლეთში ამ სამი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება. ეს სამი ქვეყანა ჩამოყალიბდა არა მხოლოდ, როგორც სამხრკთ კავკასიის ჰეგემონი სახელმწიფოები, არამედ ისინი გადაიქცნენ ახლო აღმოსავლეთის ჰეგემონებად და მათ აიძულეს ამერიკელები, დათმონ სიტუაცია.
დღეს ამერიკელების მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში არის კრიტიკული. პროთურქული და ამერიკული ძალები პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ფაქტობრივად, ეს არის თურქეთ-ამერიკის სამხედრო დაპირისპირება და თურქებმა დიპლომატიური ომი გამოუცხადეს საფრანგეთსაც.
– ეს სამი სახელმწიფო როგორ გაინაწილებს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე?
– ნახეთ, როგორი სიტუაციაა, სამწუხაროდ, ირანი-რუსეთი-თურქეთი არიან რეგიონული ჰეგემონები. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ფორმულა იგება შემდეგნაირად: სამს პლუს სამი პლუს სამი. პირველი სამეული არის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი; შემდეგი სამი არის რეგიონული ჰეგემონი – თურქეთი-ირანი-რუსეთი და ბოლო სამეული არის გლობალური გავლენის სამი ცენტრი: აშშ-რუსეთი-ჩინეთი. რეგიონულმა ჰეგემონებმა კავკასიას დაადეს თათი, თუმცა ჩინეთი უფრო ევრაზიულ სივრცეზე ითამაშებს. რჩება ევროკავშირი, რომელიც შედარებით პასიურია. აშშ ცდილობს შავი ზღვისპირეთში და საქართველოში შექმნას სამხედრო დასაყრდენი. საქართველოა ერთადერთი მოთამაშე რეგიონში, რომელზეც ამერიკელებს შეუძლიათ, დადონ ფსონი, თურქეთი უკვე ირიცხება. შესაბამისად, აი, აქ უკვე მიდის აშშ-რუსეთის პირდაპირი გეოპოლიტიკური დაპირისპირება, რომლის ეპიცენტრშიც იქნება საქართველო.
– მაგრამ ეს ხომ არის შანსიც?
– თუ ჩვენ სამხედრო-პოლიტიკურ პარიტეტს შევაფასებთ სამხრეთ კავკასიაში, ის არ მეტყველებს ქართულ-ამერიკული კოალიციის სასარგებლოდ და ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში მოახერხონ იმდენი ძალის კონცენტრაცია, რომ პარიტეტი შეიქმნას. ამერიკელებს პრობლემა გაუჩნდათ ახლო აღმოსავლეთში და იქ ვერ ახერხებენ ამ პარიტეტის შექმნას. „ტროას ცხენის“ როლი ითამაშა თურქეთმა, როდესაც ორად გახლიჩა არაბული პროამერიკული კოალიცია: ყატარი და საუდის არაბეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამანაც დაასუსტა აშშ-ს პოზიცია სპარსეთის ყურეში და ვხედავთ, რომ სირიაში ამერიკელების მდგომარეობა არის ძალიან მყიფე. ასეთი გეოპოლიტიკურად უსუსური მდგომარეობა აშშ-ს არ ჰქონია ცივი ომის პერიოდშიც კი. არადა საბჭოთა კავშირის პოტენციალი შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე დღევანდელი რუსეთისაა და მაშინაც კი აშშ-ს პოზიცია იყო ძალიან ძლიერი. მათ ჩაკეტეს საბჭოთა სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში და დაშალეს საბჭოთა კავშირი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. დღეს მე ვიტყოდი, რომ სუსტი თუ არასუსტი რუსეთი ახერხებს, ამერიკელებს თავს მოახვიოს თავისი თამაში. უნდა ვაღიაროთ ეს სამწუხარო რეალობა. დღეს პუტინის რეჟიმი ძალიან გათავხედდა.
– ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ერთგვარი წყალგამყოფი: თუ არ ჩატარდება და მსოფლიო ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს მაინც პუტინის სასარგებლოდ იმუშავებს, თუ ჩატარდება, ხომ იმუშავებს და იმუშავებს. ამის შემდეგ მოქმედების რა თავისუფლების ხარისხი შეიძლება, მიინიჭოს რუსეთის პრეზიდენტმა?
– ჩვენს წინა ინტერვიუშიც ვთქვით, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინს ჰქონდა პრობლემა, რომ ვერ მიიღებდა ლეგიტიმაციის სასურველ დონეს, მაგრამ მოხდა საპირისპირო – ასეთი მაღალი მაჩვენებელი პუტინს არასდროს მიუღია, მან თავისივე საარჩევნო რეკორდი გააუმჯობესა. ახლა მას აქვს კარტ-ბლანში და გახსნილი აქვს ხელ-ფეხი, იმდენად, რომ მის რეიტინგზე კემეროვოს ტრაგედიამაც კი არ იქონია გავლენა. სხვა დროს პუტინის სკამი შეირყეოდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ პუტინი ისე გათავხედდა, მართლაც გაზულუქებული ტულევიც კი არ გადააყენა გუბერნატორობიდან კემეროვოს ტრაგედიის გამო და ეს ხახვივით შერჩა. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ რას იზამს?! ის შეეცდება, რუსეთი აქციოს ნეოიმპერიად, როდესაც თავად გახდება რუსეთის ავტოკრატიული სისტემის უგვირგვინო იმპერატორი. პუტინმა, ფაქტობრივად, ქიმიური შეტევა განახორციელა ბრიტანეთზე, ვგულისხმობ სკრიპალების ტრაგედიას და მოიჭრა უკან დასახევი ყველა გზა. მან ეს გააკეთა შეგნებულად და თავისი რეალური სახე დაანახვა მსოფლიოს.