№16 როგორ გავცემთ ჩვენივე ნებით და აქტიურად საკუთარი განწყობების შესახებ ინფორმაციას, რაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩვენით მანიპულირების საშუალებას აძლევს
სოციალური ქსელები და ზოგადად, ინტერნეტსივრცე, იმას გარდა, რომ კომფორტულს ხდის კომუნიკაციასა და ინფორმაციის მოპოვებას, საფრთხესაც შეიცავს: კერძოდ, სრულიად უშურველად გავცემთ ინფორმაციას ჩვენ შესახებ და არა მხოლოდ იმას, თუ რა გვქვია, სად ვცხოვრობთ და ვისთან ვმეგობრობთ, არამედ საკუთარი პიროვნების, თვისებების, აზრებისა და განწყობების შესახებაც (ჩვენი სტატუსების, კომენტარების, მოწონებებისა და არმოწონებების დაჯამებით), რაც ფასდაუდებელი ნადავლია არა მხოლოდ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის საზოგადოებრივი აზრის შექმნის, მართვისა და, საბოლოოდ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მხრივ. როგორი ალგორითმით მუშავდება ინფორმაცია სოციალური ქსელების მომხმარებლების შესახებ და როგორ არის შესაძლებელი მისი გამოყენება? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, ერთი მხრივ, აშშ-ს არჩევნების ფონზე, როდესაც რუსი ჰაკერების ჩარევით, თითქოს, მოხერხდა ამერიკელი ამომრჩევლით მანიპულაცია და, მეორე მხრივ, ადვილი წარმოსადგენია, რა იოლია ქართველი ამომრჩევლით მანიპულირება, როდესაც ჩვენთან ნორმაა ემოციით და არა ლოგიკით მოქმედება. თემას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან განვიხილავთ.
– როგორ ვახერხებთ, რომ ჩვენვე მივაწოდოთ ჩვენი მანიპულაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებსა თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს?
– ინფორმაცია, როგორც პოლიტიკური ტექნოლოგიების რესურსი, ანუ პოლიტტექნოლოგიები, გამოიყენება ფსიქოლოგიურ ომში, ჰიბრიდულ ომში და ამისთვის აუცილებელი რესურსია ინფორმაცია. ინფორმაცია არის ის ნედლეული, რომელიც ასაზრდოებს გადაწყვეტილების მიღებას. პოლიტტექნოლოგიებით, თუ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიას ეხება, ინფორმაცია გროვდება კონკრეტული კითხვარებით, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური ძალისა და კანდიდატის ძლიერსა და სუსტ მხარეებს წარმოაჩენს, მაგრამ, როდესაც გვინდა, ინფორმაცია გამოვიყენოთ, როგორც მანიპულაციის საშუალება, ეს უფრო ფართო სფეროა. ძირითადი სფეროებია: რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური. დღეს ძალიან აქტუალურია სექსუალური ორიენტაციები, დამოკიდებულება ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან. აი, ეს ინფორმაციები არის, როგორც დიდი ბლოკები, დიდი დანაყოფები და შემდეგ ისინი ჩაიშლება სხვადასხვა კითხვარებში. ეს კითხვარები ხშირად არის ნეიტრალური. მაგალითად, როგორია თქვენი დამოკიდებულება რელიგიისადმი ან, თქვენი აზრით, საქართველოს ეკლესიას უფრო მეტი შეღავათი აქვს, ვიდრე სხვა კონფესიებს? ეს ყველაფერი, ბუნებრივია, არის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გადამუშავდება და გამოიყენება მოსახლეობის შეხედულებების, საზოგადოების განწყობების შესასწავლად. ვინც სოციალურ ქსელში ვართ, ჩვენი მოწონებებით, თუნდაც, ნეიტრალური ენით გამოვხატავთ პოზიციას. ეს არის ის ნოყიერი ნიადაგი, რომელიც სწორი მეთოდიკის საშუალებით სპეცსამსახურებმა, თუნდაც, პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტებმა შეიძლება, გამოიყენონ გარკვეული დასკვნების გასაკეთებელად.
– ერთია დასკვნები და მეორე – მანიპულაცია ჩემით მას შემდეგ, რაც ჩემი ფსიქოტიპი დადგინდება.
– ასეთ პარალელს გავაკეთებ: პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროსაც კი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, რათა დაედგინათ რომელიმე ქვეყნის ომისთვის მზადება, აკვირდებოდნენ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად, შობადობის, ხორბლის მოსავლიანობის შესახებ. იმიტომ რომ ხორბალი სტრატეგიული რესურსია. საინტერესო ფაქტია, სანამ გერმანია შეტევაზე გადავიდოდა, ანტანტის წევრები აკვირდებოდნენ, სასაკლაოებზე საქონლის კვლის რაოდენობას. ანუ ეს იყო ტყავის, მატყლის წარმოების, ანუ ტანსაცმლის დამზადების მაჩვენებელი ჯარის შესამოსად. ამას გარდა, სურსათის მარაგების შესავსებადაც. რაკი რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია, ითვლიდნენ ეშელონების რაოდენობას კონკრეტული მიმართულებებით. ამით იღებდნენ ინფორმაციას, თუ რომელი მიმართულებით გადაისვრიდნენ ჯარს. მაშინ ასე მარტივად კეთდებოდა, ახლა კი მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში ჩვენ თავად გავცემთ ამ ინფორმაციას ისე, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს ამის შესახებ. ასე რომ, მთავარია, როგორი მეთევზეა, როგორ ისვრის ბადეს, რომ, რაც შეიძლება, მეტი თევზი მოაყოლოს. იღებენ ინფორმაციას საზოგადოების სხვადასხვა ფენაში არსებული განწყობების შესახებ და ამის მიხედვით მუშაობენ, ეგრეთ წოდებული, „ტროლები“. იქმნება ამ საზოგადოებაზე ზემოქმედების ფორმულები, ანუ იწყებენ საზოგადოების გასახლეჩად თემების შემოგდებას.
– რუსეთის „ტროლების“ თემა ლამის ყველაზე აქტუალურია ვიტრუალურ სივრცეში და, საერთოდაც, კიბერომი ოცდამეერთე საუკუნის თავისებურებაა. მართლაც, ასეთი დიდი შესაძლებლობები აქვთ რუს „ტროლებს“?
– რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლით მოქმედი „ტროლები“ ყველაზე ხშირად პოპულარულ სოციალურ ქსელებს: „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, „გუგლსა“ და „თვითერს“ იყენებენ. გასულ წელს „ფეისბუქის“ უსაფრთხოების მთავარმა სპეციალისტმა, ალექს სტამოსმა საკუთარ ბლოგში ძალზე საინტერესო ინფორმაცია გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ 2015-2017 წლებში მათთან, დაახლოებით, 150 ათასი დოლარის ღირებულების სამი ათასზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განთავსდა „ფეისბუქის“ 470 ყალბი ანგარიშიდან. სტამოსის ვარაუდით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები იყვნენ და დიდი ალბათობით, რუსეთის ტერიტორიიდან იმართებოდნენ. ამ სარეკლამო ტექსტებში არ იყო პირდაპირი პოლიტიკური მოწოდებები, რომლებიც უშუალოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა. რუსეთის სპეცსამსახურები „დახვეწილ“ მეთოდებს იყენებენ და ამიტომ „ტროლების“ მიერ გაგზავნილი ტექსტები ეხებოდა აშშ-ს ყველაზე რთულ და საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკურ და ეთნო-რელიგიურ საკითხებს, ვითომდაც აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციასა და მუდმივ ჩაგვრას; ლგბტ-ს უფლებებს; იარაღის ტარების უფლების გაუქმებას და სხვა. „ტროლები“ უფრო აღვივებდნენ და ამწვავებდნენ იმ პრობლემურ თემებს, რომლებიც ამერიკის საზოგადოებაში დაპირისპირების საგნად იყო ქცეული. საყურადღებოა ისიც, რომ ტექსტების დიდი ნაწილი აშშ-ის კონკრეტულ რეგიონებსა და მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე იყო გათვლილი. „ტროლების“ მიზანი იყო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ამერიკის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ეთნო-რელიგიურ ჯგუფებში ურთიერთდაპირისპირებისა და შუღლის მაქსიმალური გაღვივება. ალექს სტამოსის ვარაუდით, 150 ათასი დოლარის ღირებულების რეკლამას, დაახლოებით, 130 მილიონი ამერიკელი გაეცნო, ანუ რუსეთიდან მართული „ტროლები“ ტვინს „უწამლავდნენ“ აშშ-ის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტს. ამის შემდეგ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ისღა დარჩენოდა, პირდაპირ განეცხადებინა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში რუსეთიდან მართულმა ორგანიზაციებმა „ფეისბუქზე“ ყალბი გვარებით შექმნეს ანგარიშები და აქტიურად აქვეყნებდნენ პოსტებს, რათა გავლენა მოეხდინათ აშშ-ს მოქალაქეებზეო. „ფეისბუქის“ მენეჯერებმა ისიც აღიარეს, რომ უნებურად კრემლის პროპაგანდისტურ ოპერაციებსაც უწყობდნენ ხელს და სოციალური მედია გამოიყენეს, როგორც საინფორმაციო იარაღი.
– რუსეთში „ტროლების“ ორგანიზებული ჯგუფებია შექმნილი? თუა ცნობილი მათი მუშაობის სპეციფიკა?
– არსებული ინფორმაციით, ყველაზე ცნობილი „ტროლების“ ყველაზე დიდი „ფერმა“ სანკტ-პეტერბურგშია და ამოფარებულია ნეიტრალურ დასახელებას: „ღია სააქციო საზოგადოება – ინტერნეტგამოკვლევები“. იქ სხვადასხვა ასაკის ასეულობით ადამიანი კომფორტულადაა მოკალათებული სავარძლებში, ჩაი-ყავას მიირთმევენ და გამოგონილი გვარ-სახელებით რუსეთის ხელისუფლების ღია თუ შეფარულ სარეკლამო ტექსტებს ათავსებენ „ფეისბუქსა“ და „თვითერზე“. პარალელურად, იგივე „ტროლები“, უკვე სხვა გვარ-სახელებით შედიან ფორუმებზე და დეზინფორმაციას ავრცელებენ აშშ-ს, ევროკავშირსა და „ნატოს“ შესახებ, ასევე, ანქიქებენ და ცილს სწამებენ რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელ ცალკეულ პოლიტიკოსებს. „ტროლების“ ძირითადი „საბრძოლო ასპარეზი“ სოციალური ქსელების თემატიკური ჯგუფები და ფორუმებია. „ტროლების ფერმა” საკმაოდ ეფექტიანი სტრუქტურით გამოირჩევა. იქ მუშაობენ, „თემის მომპოვებლები“, „ანალიტიკოსები“ და „შავი მუშები“. „მომპოვებლები“ სადღეღამისო რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სოციალურ ქსელებს, რათა იქ ყველაზე აქტუალური თემები გამოავლინონ, შემდეგ საზოგადოების ყველაზე პრობლემური და სოცქსელებით ყველაზე აქტიურად განხილული საკითხების ჩამონათვალი „ანალიტიკოსებს“ გადაეცემათ, რომ მათ გამოსაქვეყნებელი პოსტის ან ფორუმზე დისკუსიის ტექსტი შეადგინონ. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „შეტევის ობიექტის“ ეროვნებას, აღმსარებლობას, ჩვევებს და ასე შემდეგ. ტექსტის შინაარსი მაქსიმალურად აგრესიული და გამომწვევია. შემდეგ ეს ტექსტი, რომელიც ცალკეული თემატიკის მიხედვითაა დაჯგუფებული, გადაეცემათ „ტროლ“-შემსრულებლებს – „შავ მუშებს“, რომლებიც ყალბი და გამოგონილი გვარ-სახელებით განათავსებენ ამ ტექსტს სოციალურ ქსელში და მას „პატრონობენ“.
– სიტუაციურად მოქმედებენ თუ მოქმედების რამე კონკრეტული სქემაც აქვთ?
– „ტროლებს“, ძირითადად, ორი ტიპის დავალება აქვთ. პირველი: მაქსიმალურად აქონ და ადიდონ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, კონკრეტული პოლიტიკოსი ან რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება. მეორე ამოცანა სრულიად საპირისპიროა: მაქსიმალურად „მოთხარონ“, თვით პიროვნული შეურაცხყოფის ჩათვლით, სოციალური ქსელების „არალოიალური“ აუდიტორია. ორივე ამოცანა ერთ საბოლოო მიზანს ისახავს: ესაა სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის სპეცსამსახურები ხშირად თავად ქმნიან „აქტუალურ თემებს“, რისთვისაც იყენებენ ეგრეთ წოდებულ „ბოტებს“ – ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ინფორმაციას ავტომატურად ავრცელებს. „აი-ტი“ ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთში სოციალური ქსელების მომხმარებლების ნახევარზე მეტს სწორედ „ბოტები“ შეადგენს. ისინი ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, კონკრეტულ თემებზე დისკუსიის წარმოებასა და საკითხის აქტუალიზაციასაც ახერხებენ.
– მე ხშირად გადავწყდომივარ რუს და სეპარატისტ „ტროლებს“ და იქითაც „დამიტროლავს“ მათ მიერ თავს მოხვეული ანტიქართული თემები, ოღონდ მე მხოლოდ მოყვარული ვარ, სპეციალური ცოდნა არ მიმიღია.. განვუმარტოთ მკითხველს, როგორ უნდა ამოვიცნოთ „ტროლები“ და „ბოტები“.
– „ტროლების” ამოსაცნობი ნიშნებია: გამოგონილი სახელი და გვარი, ბიოგრაფია, სხვისი ფოტოების გამოყენება. ისინი ძალზე აქტიურები არიან და ზოგჯერ დღეში 100-ზე მეტ პოსტს აქვეყნებენ. მათ გვერდებზე, ჩვეულებისამებრ, მოპარული ან გაზიარებული ფოტოებია და ისინი ცდილობენ, თავიანთი ანონიმურობა შენიღბონ სხვა წყაროებიდან აღებული ფოტოებით.
– „ტროლებს“ პირადად მე ვბლოკავ მაშინვე და ძალიან ბევრი „ტროლია“ ქართულ სოციალურ ქსელებშიც და მათ უადვილებთ მუშაობას ქართველების ემოციური ბუნებაც.
– რუსეთის სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებს საქართველოს მოსახლეობის ზომბირებისთვის უკვე წლებია, იყენებენ. მათი მიზანია ყველაზე რთული და საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-რელიგიური საკითხების ხელოვნური გამწვავება და მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ეთნო-რელიგიურ ჯგუფებში ურთიერთდაპირისპირებისა და შუღლის მაქსიმალური გაღვივება. თუ „ტროლები“ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურიდან იმართებიან, მაშინ მათი შეტევა საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. მათ ათასგვარ სიბინძურეს მიაწერენ: „არაპროფესიონალითა“ და „ვაი-ექსპერტით“ დაწყებული და „რუსეთის აგენტით“ დამთავრებული. ეს „ეპითეტი“ ხშირად თავად რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით გამოიყენება კომპრომეტირებისთვის. საქართველოში მოქმედი „ტროლები“ განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან, როდესაც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას წააწყდებიან. ძალზე ხშირია ევროკავშირის, „ნატოს“ და აშშ-ს პრობლემების გაზვიადება და ამ ფონზე „ერთმორწმუნე რუსეთის სიძლიერის“ რეკლამირება. პირდაპირ უნდა ითქვას: რუსეთის მიერ წლების განმავლობაში მიმდინარეობს კიბერომი საქართველოს საზოგადოების გასახლეჩად და მუდმივი შიდა დაპირისპირების გასაღვივებლად, ჩვენი ხელისუფლების საპასუხო ზომები და ეფექტიანი მოქმედებები კი კვლავ არ ჩანს.