№16 აგრესიული ფაროსანას ვნებანი
ანუ „როს ფაროსანა სხვის ფაროსანას“
მაშინ, როდესაც სირიაში „ქართლის ჭირის“ სიუჟეტის მსგავსი ვნებათაღელვა მძვინვარებდა („როს მამალი სხვის მამალსაო“ და მისთანანი), თბილისში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რფ-ის თვით სახელგანთქმული „სელხოზნადზორის“ სპეციალისტები ჩამოვიდნენ.
ცხადია, იკითხავთ, რატომო.
რატომ და, არც მეტი და არც ნაკლები, იმიტომ, რომ ლამისაა ბრალი გვედება დედამიწისთვის ფაროსანას შესევაში.
ეს ვერსია თავდაპირველად ამ ჩვენი აფხაზი სეპარატისტების ბაგეებს დასცდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაროსანა საქართველოდან განზრახ შეუშვეს აფხაზეთში მოსავლის გასანადგურებლად.
რატომღაც, იმაზე არ უფიქრიათ, რომ სეპარატისტებივით ამ ავადსახსენებელმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში მოსავალი სრულად გაგვინადგურა და, ამდენად, წესითა და რიგით, არც ისეთი სულელები უნდა ვიყოთ, რომ ოღონდ მათ გავუნადგუროთ და დაე, ჩვენც გაგვინადგურდეს.
მართალია, აფხაზურ ვერსიას რუსული მედიაც აჰყვა და უფრო შორსაც წავიდა, თვით ლუგარის ლაბორატორიამდე, ოღონდ მათ ლოგიკური წინააღმდეგობაც იგრძნეს და ამიტომაც ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი ფაროსანას აგრესიული პოპულაცია საქართველოში არსებულ ამერიკულ ბიოლაბორატორიაში გამოიყვანეს, აფხაზეთთან ახლოს საცდელად გაუშვეს, მაგრამ ექსპერიმენტის დროს პროცესი უკონტროლო გახდა.
ჩვენ არ ვიცით, როგორ დაადგენენ „სელხოზნადზორის“ სპეციალისტები ფაროსანას გააგრესიულების მიზეზს, თუმცა ფსიქიატრის კონსულტაცია (ამ ჩვენი სეპარატისტების არ იყოს) არც მათ აწყენდათ.