კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რა გახდა მთავარი, რის გამოც მზია ორველაშვილმა ოჯახის შექმნა მეორედ გადაწყვიტა და როდის ვერ იკავებს ის ტირილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მზია ორველაშვილი უკვე ხუთი თვის ფეხმძიმეა, მაგრამ აქტიურ ცხოვრებაზე უარს არც ახლა ამბობს და არც მომავალში აპირებს. პირიქით, წინ დიდი გეგმები აქვს, მანამდე კი ფეხმძიმობაზე, მეუღლეზე, მათ გარშემო არსებულ ჭორებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრა.
მზია ორველაშვილი:
საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ ორსულად ვარ. ხუთ თვემდე ისე მოვედი, ტოქსიკოზს და მსგავს გართულებებს არ შევუწუხებივარ. თავიდან ვერც მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი, მესამე თვეში გადავდიოდი, რომ გავიგე. ფეხმძიმე გოგოები რომ წუწუნებენ ხოლმე, ცუდად ვარო, არ მჯერა, იმიტომ რომ მე პირველ ბავშვზეც არაფერი გამიგია. ჩემი ქმარი მეუბნება, რომ ხასიათი შემეცვალა და ძალიან ემოციური გავხდი. იყო მომენტები, როცა სახლში რაღაც მითხრეს, მეწყინა და პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე, მაგრამ მე თუ მკითხავთ, არ შევცვლილვარ. თუმცა, ყველა ამას მეუბნება, იმიტომ რომ ძალიან მალე ვღიზიანდები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთსა და იმავეს ასჯერ მამეორებინებენ და ამაზე საშინლად ვფეთქდები, რაც, ძირითადად, გაკვეთილების დროს ხდება. სამაგიეროდ, სიყვარული მაქვს მოჭარბებული. ჩემი მეუღლე და შვილი აქამდეც ხომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ეს გრძნობა გაასმაგებული მაქვს. ადრეც თბილი ვიყავი, მაგრამ ახლა ნამეტანი მომდის.
– საკვებთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვს?
– ყველა მეუბნება, რომ შაურმა არ უნდა ვჭამო, მაგრამ მე ორი წუთის წინაც შევჭამე და საერთოდ, შაურმაზე ვარ გადასული (იცინის). უფრო ტკბილეულობა მინდება ხოლმე, გაანსაკუთრებით, მარწყვის ტორტი. ჩემი ქმარი ზედმეტად ხელს არ მანძრევინებს და შვილიც ზუსტად ასეა, ჭიქის გვერდზე გადადებას მიშლიან და ამაზე ვბრაზდები. ქალი ვარ, ბოლოს და ბოლოს და რაღაც ხომ უნდა გავაკეთო. ცოტა ხნის წინ დამირეკა ქმარმა, სახლი დავალაგეო, ამასაც არ მაკეთებინებენ. ყველა ნორმალურ ქალს უნდა უყვარდეს სისუფთავე, მიჩვეული ვარ, რომ სახლში რაღაც უნდა ვაკეთო, მაგრამ ახლა განძრევის საშუალებას არ მაძლევენ.
– სხვა მხრივ, აქტიური ცხოვრების რიტმი შეინარჩუნე?
– იგივენაირად, როგორც აქამდე, ბავშვებს ვავარჯიშებ, მაგრამ მე თვითონ აღარ ვვარჯიშობ. ახლა ცეკვის აკადემიას ვაკეთებთ, ჩემი მეუღლე ქართული ცეკვების მოცეკვავეა და ამიტომ ჩემს სტუდიას ქართული ცეკვის ჯგუფებიც დაემატება. კიდევ რამდენიმე ცეკვის დამატება მინდა და შემოდგომისთვის უკვე ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს, ამიტომ ახლა გადარბენებზე ვართ, ასე რომ, მოდუნების საშუალება არ მაქვს. ჩემს თავს მხარ-თეძოზე წამოწოლას არასდროს ვაპატიებ, არ ვარ ასეთი ტიპი, ამიტომ ძალიან აქტიურად ვმუშაობ, დარბაზიდან 11-12 საათზე გავდივარ. პატარაც მთელი დღე მუსიკას უსმენს, სახლშიც სულ ჩართული გვაქვს და დარბაზში ხომ – საერთოდ. მუსიკის გარდა ბევრს ველაპარაკებით კიდეც, მეც, ჩემი ქმარიც და შვილიც. მაგრამ განსაკუთრებული რეაქციები მას ჩემს შვილზე აქვს – ხელს რომ დაადებს, მუცელი მაშინვე სირბილს იწყებს, ისე მოძრაობს (იცინის).
– უფროსს ეჭვიანობის მომენტი არ ჰქონია?
– ალბათ, ჰქონდა, თან, მეორესაც ბიჭს ველოდები. მითხრა, დედიკო, ეს რომ დაიბადება, მე ისე აღარ მომაქცევ ყურადღებასო. ეს სიტყვები საშინლად მომხვდა გულზე, გიჟივით ტირილი დავიწყე. რას ნიშნავს ყურადღებას არ მოგაქცევ, შენ ჩემი პირველი ბედნიერება ხარ, ვინც მაგრძნობინა, დედობა რა არის-მეთქი. მისთვის ვცხოვრობ და ვსუნთქავ. ახლა გავიგებ, რა არის მეორე შვილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მათ ერთმანეთისგან არასდროს გავარჩევ. ეს ყველაფერი რომ ავუხსენი, მსგავსი რამ აღარ უთქვამს. თან, ჩემი ქმარიც ისე ექცევა ლევანს, ვერ იტყვი, რომ ნამდვილი მამა-შვილი არ არიან. ძალიან გამიმართლა ამაში, ტატოს ლევანი ზუსტად ისე უყვარს, როგორც თავის შვილს ელოდება. საყიდლებზე რომ ვართ, პირველ რიგში, ლევანისთვის ყიდულობს რაღაცებს. სხვა მამაკაცებს არ ჰგავს. ისეთ ადამიანს ცოლად არასდროს გავყვებოდი, რომელიც ჩემს შვილს არ მიიღებდა. ტატომ ჩემი ყურადღება, სწორედ, ჩემს შვილთან განსაკუთრებული ურთიერთობით მიიქცია, მით უმეტეს, მაშინ არც იცოდა, რომ ის ჩემი შვილი იყო. თან, მაშინ, უბრალოდ, მეგობრები ვიყავით. ერთხელ ვიკამათეთ და მითხრა, ყველაზე მეტად ვინც ამქვეყნად მიყვარს, ლევანიაო. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, სიყვარულთან ერთად.
– შენს ცხოვრებას სულ ახლავს ხოლმე სხვადასხვა ჭორი. ასე იყო მაშინაც, როცა გათხოვდი. ეს პერიოდი როგორ გამოიარეთ?
– ერთხელ დაწერეს, რომ თითქოს დედამთილი ოჯახში არ მიღებს. ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა. ამაზე უზომოდ ცუდი რეაქცია გვქონდა, მაგრამ ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ ამ ყველაფერს. დღემდე რომ ვიხსენებთ ამ ჭორს, ძალიან ვღიზიანდებით. წარმოიდგინეთ, ეს ოჯახის რამხელა შეურაცხყოფაა. ეს რომ გავიგეთ, სახლში აფეთქება მოხდა, ამიტომ ახლა უკვე საერთოდ არ ვაქცევთ მსგავს თემებს ყურადღებას. სანამ ოჯახს შევქმნიდით, მანამდე ხან რა ამბები მიჰქონდათ ტატოსთან, ხან რა, მაგრამ ჩვენ დამალული არაფერი გვქონია. როცა ასეთი ნდობა არსებობს, ერთმანეთს არც კი ვეკითხებოდით ასეთ სისულელეებს რომ ვიგებდით. არადა, ცუდ რამეებს გვეუბნებოდნენ, თუნდაც – მზია სამჯერაა განათხოვარიო. სამჯერ განათხოვარი არ ვარ, ოფიციალურად ახლა გავთხოვდი მეორედ. ვისი რა საქმეა, მაგრამ ათასი სისულელით ცდილობდნენ მის გაგიჟებას.
– შენ რამ გადაგაწყვეტინა ამ ნაბიჯის მეორედ გადადგმა? როგორც წესი, პირველი დანგრეული ურთიერთობის შემდეგ, ბევრს უჭირს ამის გაკეთება.
– ტატო ისეთი ადამიანია, სხვა გზა არ დამიტოვა (იცინის), უზომოდ შემაყვარა თავი. როგორც არ უნდა მყვარებოდა ადამიანი, ჩემს შვილთან თუ არ დაალაგებდა ურთიერთობას, ცოლად ვერ გავყვებოდი. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. თავიდან მიჭირდა, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყო. შვილისთვის არაფერი მითქვამს, ყველაფერს თვითონვე მიხვდა და მითხრა, ძალიან მინდა ტატო ჩემი მამიკო გახდესო.
– ახლა ფეხმძიმედ ხარ და გასაგებია, რომ არაფერს გაკეთებინებენ, მაგრამ ზოგადად, როგორ გაქვთ ოჯახში როლები და ფუნქციები გადანაწილებული?
– ტატო ტრადიციული ქართველი კაცია, მაგრამ ცოტა გათანამედროვებული (იცინის). ჩვენს ოჯახში მთავარი მამაკაცია, როგორც საერთოდ, ქართულ ოჯახში. ყველაფერს მე ვაკეთებ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სახლის საქმეებს ძირითადად, მაინც, მე, ის კი მამაკაცურ საქმეებს აკეთებს. ჩვენთან გენდერული თანასწორობა არ არის. მაგალითად, არ მომწონს, როცა ქალი ზის და ყველაფერს კაცი აკეთებს. როცა ცუდად ხარ ან მუშაობ და ქმარი მოგეხმარება – კი, ბატონო, მაგრამ ყველაფერი კაცმა რომ აკეთოს, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. მე რომ კაცი ვიყო, ჩემთვის პრობლემა იქნებოდა, ჩემმა ცოლმა რომ საჭმლის გაკეთება არ იცოდეს. ვერ წარმომიდგენია, ქალმა პურისა და ძეხვის დაჭრა ვერ მოახერხოს. დედამთილ-მამამთილები და ბებია-ბაბუები ცოტა სხვა აზრებით ცხოვრობენ და მე რომ ხელში დანის დაჭერა არ მცოდნოდა, ბებიაჩემი, ალბათ, საოცარ დღეში ჩამაგდებდა.
– საკმაოდ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში და ბოლოს ძალიან გაბრაზებული წერდი კუკური ბარამიძის ვიდეომიმართვების შესახებ, რამ გაგაბრაზა ასე ძალიან?
– რომ შემეძლოს, ადამიანი ქვეყნიდან გავაძევო, მასთან მიმართებით, ნამდვილად, ასე მოვიქცეოდი. ვიცი, რომ ახლა საქართველოში არაა, მაგრამ ყველა ემიგრანტი ხომ ოდესმე ბრუნდება. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჩემი სარწმუნოება და პატრიარქი ყველაზე დიდი სიწმიდეა. არასდროს არავის ვაპატიებ, რომ მასზე და ჩემს ქვეყანაზე საშინელებები ილაპარაკოს. „ქართველო ღორებო, მე რაღაცებს გასწავლით და თქვენ ვერ იგებთ, ვითომ მორწმუნეები ხართ...“ შეიძლება, ვიღაც ძალიან მორწმუნეა, სხვა – ნაკლებად, ყველა ადამიანს შეურაცხყოფას რატომ აყენებს? ყველა ერთ ქვაბში ხომ არ უნდა მოვიხარშოთ? თვითონ თუ ასე ძალიან უყვარდა ქართველები, რატომ წავიდა მაშინ სხვა ქვეყანაში? ძალიან მაღიზიანებს ეს ადამიანი და იმედია, რამე ზომებს მიიღებენ. მე ქართველი ვარ, მართალია, რუსის სისხლი მირევია, დედა ნახევრად რუსი მყავს, მაგრამ საქართველოში ვარ დაბადებული. რვა წელი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ყველა რომ ფიქრობს, აქ ცუდია და იქ კარგიო, ასე ნამდვილად არაა. ჩემს ოჯახს ძალიან რთული პერიოდიც გამოუვლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, დადგე და ილაპარაკო, როგორი ცუდია ჩვენს ქვეყანაში. მინსკში უკითხავთ ხოლმე, საქართველოში მართლა ისეთი ცუდია, როგორც ამბობენო და სულ იმას ვამბობდი, რომ საქართველოში ყველაზე კარგია.
скачать dle 11.3