№15 როგორ დააინტერესა ნიკოლოზ ხომასურიძემ ვინსენტ პერესი თავისი ახალი პროექტით და ითამაშებს თუ არა მის ახალ ფილმში კრისტოფერ უოკენი
უკვე რამდენიმე თვეა, რაც კინოთეატრებში ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება მიმდინარეობს, რომელმაც ადამიანების დიდი ნაწილის მოწონება და ემოციები დაიმსახურა. ამ ფილმის გადაღებები საკმაოდ დიდხანს და ბევრი პრობლემის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა „ექვთიმეს ლაშქარმა“ მისი დასრულება და მაყურებლამდე მიტანა შეძლო. ფილმი კვლავ აგრძელებს მოგზაურობას როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში და სამომავლოდ, მას, ალბათ, არაერთ სხვადასხვა ფესტივალზეც ვიხილავთ.
ნიკოლოზ ხომასურიძე: ვიცოდი, რომ ხალხისთვის საყვარელი ფილმი გახდებოდა, საიდანაც ექვთიმეს შესახებ ბევრ ინფორმაციას გაიგებდნენ. გარდა ამისა, მათი სულის მიძინებული ჰანგები და პატრიოტიზმი გაიღვიძებდა. ეს ნამდვილად მოახერხა „ექვთიმემ“, იმდენი წერილი, კომენტარი მოგვდის... ბედნიერი ვარ ამით. არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონებში, სოფლებში ფილმს ერთნაირი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხმა თავისი საყვარელი ეროვნული გმირები ეკრანზე გაცოცხლებული იხილა და მიძინებული გრძნობები გაეღვიძათ. ძალიან ბევრ ზარს ვიღებთ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. ემიგრანტები გვწერენ, გვირეკავენ – აქაც ჩამოიტანეთ ფილმიო.
– რა იყო ყველაზე ემოციური წერილი, კომენტარი?
– ერთმა გოგონამ მოგვწერა სამადლობელი წერილი: ფეხმძიმედ ვარ და ჩემი შვილი მთლიანად განიცდიდა იმ გრძნობებს, რასაც მე განვიცდიოდი. მუცლიდან მეხმიანებოდა, ფეხებს მირტყამდაო.
– გარკვეული კრიტიკაც იყო.
– კი, იყო. ჯერჯერობით ფილმის დაუსრულებელი ვერსია გადის. სულ 5 კომენტარი იყო კრიტიკული. ერთი-ორი სპეციალურად იყო დაწერილი, ერთი-ორი – გულით. იყო ისეთი რაღაცები, რასაც ფიზიკურად ვერ გავითვალისწინებდით. მაგალითად, რატომ არის ცოტა თანამედროვე თვითმფრინავიო. 40-იანი წლების თვითმფრინავი საქართველოში არ არსებობს. რაც არსებობს, ისინი სულ სხვაა და შეძლებისდაგვარად მოვარგეთ იმას, რომელსაც პროპელერები ჰქონდა. თან, გრაფიკული სამუშაოები ჯერ არ იყო დასრულებული, ახლა უკვე წაშლილია ის წარწერები, რაც თვითმფრინავზე იყო. 9 აპრილს ვგეგმავ პრემიერას, რომელიც თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს მინდა, მივუძღვნა.
– ფილმის გადაღებებს თან საკმაოდ ბევრი სირთულე ახლდა.
– კი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში ამდენი სირთულე არცერთ ფილმს არ ჰქონია. თან, ხომ გააჩნია, რაზე იღებ ფილმს. ექვთიმე თაყაიშვილმა დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სირთულით რომ გავლო გზა, ვფიქრობ, არასწორია. ესე იგი, საქართველოში უმრავლესობაში ფასეულობების დიდი რღვევაა. უმცირესობამ გავიტანეთ ეს ფილმი. ფილმმა, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, ის ადამიანები ვისაც კინოსექტორი აბარია, ეხება კინოპოლიტიკა, არაფერს ამბობენ. ხალხის გარდა, ამ ფილმს არანაირი გამოხმაურება არ აქვს, რაც არასწორია. ქართული ფილმი რომ გამოდის, ან ულოცავენ, ან რამეს ეუბნებიან, გარდა „ექვთიმესი“. მხარდაჭერაც, ყველა სტრუქტურიდან, ვისაც ეხება, ნული გვქონდა. რადიკალურად სხვა სიტუაციაა რეგიონების ქალაქებში, სადაც ყველა ბედნიერია, რომ ასეთი რაღაც ხდება, გარდა თბილისისა – საქართველოს გულში სიჩუმეა და ძირითადად, სანახავადაც არ მოსულან. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, რომ ფილმი შემდგარიყო. უდიდესი მადლობა მათ, ვინც მხარი დაგვიჭერეს და იმ 7 ათასზე მეტ ადამიანს, რომლებმაც მცირე და დიდი ფინანასური მონაწილეობა მიიღეს ფილმის შექმნაში. ის ბინაც გავყიდეთ და ფილმი ასე დავასრულეთ. უბრალოდ, ბოლოს რამდენიმე პატარა სცენა გვქონდა დარჩენილი და თებერვალში გადავიღეთ. ასევე, დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ავსებენ კინოთეატრების დარბაზს.
– იგეგმება ფილმის გაგზავნა ფესტივალებზე?
– ფესტივალებზე უკვე დასრულებული ვერსიის გაგზავნას ვაპირებთ. ცოტა ხნის წინ ლოზანაში ვიყავი, ორ პროდიუსერს ვანახე და პირველი სცენის შემდეგ შოკი ჰქონდათ. იდეაში – ძალზედ გაყიდვადი ფილმი იქნებაო. კარგი გაყიდვების აგენტი გვჭირდება, რომელიც ყველაფერს სწორად დაგეგმავს. დღეს ასეთი ფილმები ნაკლებად იქმნება. ასევე, სამაგალითოა ფილმის შექმნის ისტორია, როგორ ვიბრძოლეთ ხალხთან ერთად. აღმოჩნდა, რომ თუნდაც ყველაზე შეუძლებელი შესაძლებელია.
– როგორც ვიცი, ახალ პროექტზე მუშაობ.
– ახალი ფილმი იქნება ქართულ ცეკვაზე, სიმღერაზე და ღვინის ისტორიაზე. ძალიან მინდა, თითოეულმა ჩვენგანმა და უცხოელმა ნახოს, რა არის ქართული კულტურა და დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში არიან. რას გადიან ეს ადამიანები, რა როგორ ხდება, ყველაფერი გაშიშვლებული იქნება; როგორი მოფრთხილება, დაფასება სჭირდებათ. ყველაფერი ერთად, ლამაზად შეკრული, ქვეყნისთვის ძალიან კარგი სავიზიტო ბარათი, გახმაურებელი შოუ იქნება. ფილმის იდეაც ასეთია: ლას-ვეგასელი პროდიუსერი ჩამოდის საქართველოში, რომ ქართველი მოცეკვავეებისგან შეკრას შოუ და მსოფლიოში გაიტანოს.
– ვინ ითამაშებს ლას-ვეგასელი პროდიუსერის როლს?
– ამ როლს ვინსენტ პერესი ითამაშებს. მას ლოზანას ფესტივალზე შევხვდით და ვისაუბრეთ. მას „ექვთიმეც“ აქვს ნანახი, მოსალოცი ვიდეოც ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ მაგარი ფილმია და მოუწოდა, რომ ფილმის სანახავად მოსულიყვნენ. ზოგადად, ფესტივალი ძალიან საინტერესო იყო. ლოზანაში ამ ფესტივალს კონკურსის სახე არ აქვს. ეს არის წარმატებული მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერების შეხვედრის ადგილი. წელს დაიწყო და გაგრძელებას აპირებენ. ვინსენტ პერესი ლოზანაშია დაბადებული და ეს ფესტივალი თავის ქალაქში გააკეთა. ჩვენ, ფაქტობრივად, სპეციალური სტუმრები ვიყავით და კარი ყველგან ღია გვქონდა. ბევრი რამ ვნახეთ, გავიგეთ, სემინარებს დავესწარით. ჩვენც ძალიან კარგი წარდგენა გვქონდა ორგანიზატორების მხრიდან. წარგვადგინეს როგორც ძალიან კარგი ფილმის შემქმნელები, რომ ხალხის დახმარებით შეიქმნა და შემდეგ თრეილერს ვაჩვენებდით. ყველა გიჟდებოდა: ასეთი მაგარი ხარისხის კოსტიუმები, ამდენი გმირი ერთად, აქტიური მოქმედებები... ყველა გაკვირვებული იყო, ასეთი მცირე ბიუჯეტით როგორ შევძელით ასეთი მასშტაბური ფილმის გადაღება. კრისტოფერ უოკენსაც შევხვდით, ვესაუბრეთ. ვუთხარი, რომ ახალი ფილმის სცენარის დასრულების ეტაპზე ვართ და გავუგზავნით. აუცილებლად გავეცნობიო, მითხრა. ფილმში რამდენიმე მთავარი გმირია და გვინდა, რომ ერთ-ერთი მან ითამაშოს. საკმაოდ მასშტაბური პროდუქტია, უკვე გვაქვს გარკვეული ფინანსები და პრეზენტაციას მალე გავაკეთებთ.
– „ექვთიმეს“ გადაღებების დროს ბევრი ექტრემალური სიტუაცია იყო. მაინც, რომელი გახსენდება დღემდე ყველაზე ემოციურად?
– პირველი და ბოლო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ყაყაჩოს სცენაა, იმ ყაყაჩოს ვუფრთხილდებოდი სამი კვირა. ახალი ამოსული იყო, დაწყების ზუსტი დღე არ ვიცოდით, სამ-ოთხჯერ ვიყავი, დავხედე – ხომ კარგად იყო. ძალიან ემოციური იყო ბოლო გადაღებები, როდესაც მაზნიაშვილის სცენა გავაცოცხლეთ – ის ქართველ მეომრებს ვაზის რტოებს ურიგებს. როდესაც ქართველი მეომრები ომში მიდიოდნენ, ვაზის რტოებს ინახავდნენ, თუ გარდაიცვლებოდნენ, მის გვამზე იქნებ ვაზს გაეხარა. ეს სცენა, თავისი ტექსტით, ძალზეც ემოციური გამოვიდა. IMDB მსოფლიო კინო-გვერდია, სადაც ჩვენი ფილმიც დევს და მნიშვნელოვანია, როგორი რეიტინგი გექნება, რამდენი ადამიანი გაძლევს ხმას. ჩვენი რეიტინგია 9.9, რაც ძალიან კარგი შედეგია – 2 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ხმა მიცემული, თუმცა, ამაზე გაცილებით ბევრმა ადამიანმა ნახა ფილმი, ამიტომ ყველას გთხოვთ, შედით საიტზე htttp://www.imdb.com/title/tt6058226/. „ფეისბუქით“ გაიარეთ რეგისტრაცია და 10-ქულიანი სისტემით შეაფასეთ ფილმი. წარმატება სწორედ ამ რეიტინგით ფასდება – როგორ მიიღო მაყურებელმა, რამდენად მოსწონთ. ამას კი, საბოლოოდ, დიდ ყურადღებას აქცევენ ფესტივალებზე და გაყიდვებზე. ასე რომ, იაქტიურეთ.