№15 რაზე თქვა უარი ხატზე დაფიცებით რეჟისორმა კიაზო ჯობავამ და როგორი იყო მისი საბედისწერო შეხვედრა მომავალ შეყვარებულთან
31 წლის მსახიობმა და რეჟისორმა კიაზო ჯობავამ რამდენიმე წლის წინ შექმნა და არაპროფესიონალი მსახიობებით დააკომპლექტა თეატრი „პროტესტი“. დღეს კი ის უკვე პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობებით, „სივრცის“ სახელით განაგრძობს არსებობას. „სივრცემ“ უკვე შეძლო მაყურებლის მოხიბვლა და ბევრი აპლოდისმენტიც დაიმსახურა. ახალგაზრდა, ნიჭიერ რეჟისორს რთული ცხოვრებისეული გზის გავლა მოუწია. თუმცა, ყოველთვის პოულობს ძალას საკუთარ თავში, რომ ორიგინალური და არაორდინარული შემოქმედი იყოს.
კიაზო ჯობავა: თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე. ქალბატონი ლილი იოსელიანის ჯგუფში ვსწავლობდი და ბევრ ბუმბერაზ მსახიობს მოვესწარი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ და ერთ დღესაც, გავიღვიძე და გადავწყვიტე, მაგისტრატურაში სარეჟისოროზე ჩამებარებინა. ასეც მოვიქეცი. არაერთი სპექტაკლი დავდგი და მაყურებლის აპლოდისმენტები, აღიარება, ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც შეიძლება, ცხოვრებაში მივიღო.
– „პროტესტის“ იდეა საიდან წამოვიდა?
– სხვადასხვა რეგიონის ბევრ დიდ თეატრში ვიყავი და ისეთი ადამიანები აღმოვაჩინე, სამსახიობო განათლება რომ არ აქვთ, მაგრამ გენიალურად თამაშობენ. გადავწყვიტე, გამეპროტესტებინა დიპლომი, უნივერსიტეტი და ჩამოვაყალიბე თეატრი, სადაც მხოლოდ არაპროფესიონალ მსახიობებს ვიღებდი, თეატრსაც „პროტესტი“ დავარქვი. გასულ ზაფხულს, ჩემს არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად, დავდგი ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელიც ნახა და ძალიან მოეწონა „არტ ჰოლის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გოდერძიშვილს, მან შემომთავაზა, ერთად დაგვეფუძნებინა ახალი თეატრი, რომელსაც დავარქმევდით „სივრცეს“ და არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად ვათამაშებდით პროფესიონალებსაც. შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენმა თეატრმა ბუდე „არტ ჰოლში“ დაიდო და დღეს ბევრი პროფესიონალი მსახიობი თანამშრომლობს ჩვენთან.
– არაპროფესიონალი მსახიობები როგორ შეკრიბეთ?
– როცა ქასთინგი გამოვაცხადე, ბევრი მოვიდა, რომ ბედი ეცადა. პირველივე ქასთინგზე გამოცხადნენ, მაშინ 16-17 წლის ნიკა ნიკურაძე და ბუკა ღლონტი: მსახიობობა გვინდაო და მეც მივეცი შანსი. 3 წლის განმავლობაში ამ ბიჭებმა იმდენი იმუშავეს, დღეს უნიკალური მსახიობები არიან. ჩემმა მეგობარმა, უნიჭიერესმა ადამიანმა, მომღერალმა და მსახიობმა, გიორგი შავლაშვილმა მითხრა. არ გინდა, „კაცია ადამიანი“ დადგა და ლუარსაბი მათამაშოო? – რატომაც არა-მეთქი. დავდგი ეს სპექტაკლი და მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ. გიორგიმ ლუარსაბის განუმეორებელი სახე შექმნა. დარეჯანის როლს თამაშობს უნიჭიერესი ია გოდერძიშვილი. ლამაზისეული კი ითამაშეს ეთო გუგავამ და მარიამ მასხარაშვილმა. გვყავს უნიჭიერესი პროფესიონალი მსახიობები – ზურაბ ანთელავა და მატილდა კატალია. ასევე, მინდა, აღვნიშნო ჩვენი არაჩვეულებრივი არაპროფესიონალები: ბექა ჯოჯუა, ანა განევი, მარიამ ავალიანი, ანა წიპაშვილი, ლიზა მოსიძე და თემურ ჩიტუაშვილი. ამ ადამიანებმა ბევრი პროფესიონალი მსახიობი გააოცეს. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა მათ გვერდით თამაშის დროს, უკან დაიხია. მთხოვდნენ, ცალკე გაგვიკეთე მიზანსცენაო. ვამაყობ ამ ადამიანებით და ვფიქრობ, დამიფასდა ის შრომა, რაც მათში ჩავდე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავდა შეყვარებული, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი ხუთი წელი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული – ეს ურთიერთობაც დასრულდა. პრინციპული ადამიანი ვარ და ჩემს თავს ვუთხარი: მორჩა, კიაზო, ხვალიდან ახალი ცხოვრება იწყება-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ახლა უკვე რამდენიმე წელია, ვარ ერთ არაჩვეულებრივ გოგონასთან, რომელთან შეხვედრაც, ვფიქრობ, ღმერთის ნება იყო.
– როგორ შეხვდით ერთმანეთს და საერთოდ, როგორი უნდა იყოს გოგო, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს?
– ბუნებით ძალიან რთული ვარ და ყველა ვერ მიგებს. ის კი, ვისთან ერთადაც ახლა ვარ, ჩემზე რთული აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ დამაინტერესა. ჩვენი შეხვედრა უცნაური და ცოტა დაუჯერებელიცაა. ზუგდიდის თეატრი გასტროლებზე იყო ჩამოსული მარჯანიშვილის თეატრში და იქ ვესწრებოდი ერთ-ერთ სპექტაკლს. შემოდგომის საღამო იყო და წვიმდა. თეატრიდან რომ გამოვედი, შესასვლელთან იდგა გამხდარი, არც მაღალი, არც დაბალი, უცხო სახის გოგო. გვერდით ჩავუარე და როგორც ჩანს, ისე ახლოს, რომ ოდნავ მხარი გავკარი. მე გზა გავაგრძელე და უკნიდან მესმის: „თვალები მიხატული გაქვს”? ვიფიქრე ახლა მივტრიალდები და არ ვიცი, რას ვუზამ-მეთქი. შევბრუნდი და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები. რაღაც ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა და ვერაფერი ვუთხარი. ისე წამოვედი, ხმა არ გამიცია. ზუსტად ერთი თვის თავზე, ისევ მარჯანიშვილზე მივდივარ და ეს გოგონა ქუჩაში, მოაჯირზე ზის. ვიცანი, გავჩერდი და ვუყურებ. შემომხედა და – რას მიყურებო. ვუთხარი, გიცნობთ-მეთქი. ვიცი, მეც გიცნობო. მე მგონია, რომ ჩვენი მეორე შეხვედრა ღმერთის ნება იყო. ამის შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა. ორი წელი ერთად ისე ვიცხოვრეთ, არავინ იცოდა. ორივე თავისუფალი ვიყავით და რას, ან ვის ვემალებოდით, დღემდე არ ვიცით. დღესაც ერთად ვართ და არაჩვეულებრივად ვგრძნობთ თავს.
– როცა შეყვარებული ხართ, „სიგიჟეები” თუ გახასიათებთ?
– ზოგადად, მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ვარ და რა დროს რა მომივა თავში, არავინ იცის. როცა შეყვარებული ვარ, მაშინაც არანორმალურად ვიქცევი. მე და ჩემს შეყვარებულს ერთად ბევრი სისულელე ჩაგვიდენია და დღემდე ასე ვაგრძელებთ. მახსოვს, ერთხელ სპექტაკლი მქონდა და გრიმიც არ მომიშორებია, ისე გავიქეცით ბათუმში. ისედაც 24 საათი ერთად ვიყავით და რატომ გადავწყვიტეთ „განმარტოება“, არ ვიცი, მით უმეტეს, რომ ფულიც არ გვქონდა. შემოდგომა იყო, ღამის სამ საათზე ჩავედით და საშინლად წვიმდა. ერთმანეთს ვეკითხებოდით, რატომ ჩამოვედითო. რა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით და დილამდე ბათუმის ქუჩებში დავბოდიალობდით. ასე სპონტანურად წავედით ყაზბეგშიც. სახლი ვიქირავეთ, მეპატრონემ გათბობა არ ჩაგვირთო, ძალიან გვციოდა. შეშის ღუმელი იდგა სახლში. ფეხსაცმელებით სავსე ყუთი ვიპოვეთ. დილამდე ვწვავდით იმ ფეხსაცმელებს და ისე ვთბებოდით.
– ტრავმირებული ცხოვრება გაქვთ. სტრესის დასავიწყებლად ხშირად სხვადასხვა საშუალებას მიმართვენ. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– მშობლები ადრე გარდამეცვალა და დამრჩა გამზრდელი ბებია, რომლის სიკვდილიც ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში. ადვილი არ არის ამდენ ტრაგედიასთან გამკლავება. მივხვდი, რაც იგულისხმეთ... კი, ჩემს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როცა მოსაწევით ვცდილობდი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ეს გახლდათ სტუდენტობის პერიოდში. დაახლოებით 6 წლის წინ კი, ხატზე დავიფიცე, რომ აღარ მოვწევდი და იმის მერე, არ გავკარებივარ. არასდროს მომიწევია, როცა ვთამაშობდი ან ვდგამდი. არაფხიზელი მდგომარეობა ხელს მიშლიდა საქმეში. თუმცა, შეიძლება, ზოგზე პირიქით მოქმედებდეს. მახსოვს, ერთ-ერთ რეპეტიციაზე ჩემს ჯგუფელ გოგოს, რომელსაც ჩანთაში 2 ღერი სიგარეტი ედო, ერთი ცალი ჩუმად ამოვაცალეთ და მის ნაცვლად, შეკეთებული პლანი ჩავუდეთ. მოწია და გავარდა სცენაზე. ისე ითამაშა, ყველა გაოცებული ვუყურებდით – ალბათ, ზოგს კომპლექსების მოხსნაში ეხმარება.