№15 რის შემდეგ დაუახლოვდა მირიან ჯეჯელავა სიკვდილს და ვის გამო არ მოიყვანს ის ცოლს
უკვე ერთი წელია, მირიან ჯეჯელავა ტელევიზიასა და რადიოს დაემშვიდობა და მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე სხვადასხვა საინტერესო საქმეს შეეჭიდა. ზუსტად ერთი წელი გავიდა, მას შემდეგაც, რაც დედა გარდაეცვალა და ამ ტკივილთან გამკლავებაშიც, სწორედ, ახალი საქმე და გამოწვევები დაეხმარა.
მირიან ჯეჯელავა: ამ ეტაპზე რამდენიმე საქმით ვარ დაკავებული. მიხარია, რომ ყველაფერს ვასწრებ. ვარ ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალ „დეკოდერის“ ხელმძღვანელი. ფატობრივად, ვცხოვრობ რესტორან „ზალაში“, გარდა ამისა, ყოველდღიურად ბევრ პატარ-პატარა საქმეს ვეპოტინები. მას შემდეგ, რაც ტელევიზიიდან და რადიოდან წამოვედი, ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი დრო გაჩნდა, ახლა შემიძლია, ყველაფერი კარგად შევუთავსო ერთმანეთს. ტელევიზიაში მუშაობის დროს, ექვსის ნახევარზე ვიღვიძებდი, გამოუძინებელი კი მთელი დღე არაპროდუქტიული ვიყავი. თან, არეული გრაფიკი მქონდა. იმ პერიოდში ძალიან გამოვიფიტე, იმდენად, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდები არც მახსოვს, სულ გაბრუებული ვიყავი და მეძინებოდა. ამიტომაც ჩავხსენი ჩემი ცხოვრებიდან რადიო და ტელევიზია.
– თუმცა ეს ის სფეროა, რომელმაც დიდი ნოსტალგია იცის...
– ვისაც ერთხელ მაინც უმუშავია ტელევიზიაში ან რადიოში, გამორიცხულია, გული სტუდიისკენ და მიკროფონისკენ არ მიუწევდეს. მაგრამ დილის ეთერის წამყვანობა ძალიან სტრესულია. ვისაც ეს არ გამოუცდია, რეალურად ვერასდროს მიხვდება. კვირაში ერთდღიანი გადაცემის მოსამზადებლად ბევრი დრო გაქვს და მშვიდად ხარ, მაგრამ როცა ყოველ დილით ეთერში ხარ, სულ სტრესში გიწევს ყოფნა. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ეს და ვიცი, რა ჯოჯოხეთური შრომაა. ამ ყველაფერმა იმდენად გადამღალა, სიმართლე გითხრათ, ტელევიზია არ მენატრება. იმ მომენტში ერთადერთი ვიყავი, ვისაც ტელევიზიიდან წამოსვლა გაუხარდა. „იმედის“ შემდეგ, სხვა ტელევიზიიდან შემომთავაზეს დილის წამყვანობა, მაგრამ უარი ვთქვი. ამ ეტაპზე არ მიღირს, ჩემი ცხოვრება ისევ ასეთ სტრესულ გარემოში გავატარო. თუ დამიჯერებთ, რადიოზე უფრო მეტად მწყდება გული, ჩემთვის იქ უფრო მეტი საინტერესო რამაა, ვიდრე ტელევიზიაში. ახლა, თუ სადმე სტუმრად მიმიწვევენ ხოლმე, მამაჩემი იკმაყოფილებს შვილის ტელევიზიით ნახვის სურვილს და ძალიან უხარია (იცინის). საკმარისია ერთი წუთით გამოვჩნდე, მთელ სანათესაოს ურეკავს: არიქა, გადართეთ მიკია ეთერშიო. ამ დროს, შეიძლება, ისე ცოტა ხნით ვიყო, ვერც კი მოასწრონ ჩემი დანახვა.
– ცოტა ხნის წინ, შენს ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი იყო – დედა გარდაგეცვალა.
– ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედა აღარ არის. ისევ და ისევ ჩემი საქმეები დამეხმარა, ამ ტრაგედიასთან გამკლავებაში. ამ დროის განმავლობაში მოდუნების საშუალება არ მომეცა. თუმცა, გარდაცვალებით ჩვენი კავშირი არ წყდება. როცა დედა ცოცხალი იყო, იმდენი საქმე მქონდა, სამწუხაროდ, დღის განმავლობაში წესიერად ნახვასაც ვერ ვახერხებდი და ამაზე ძალიან მწყდება გული. ახლაც, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი დღე სახლში არ ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის ისევ სახლში მელოდება, მაგრამ ძალიან მტკივა გული, როცა მივდივარ და აღარ მხვდება. ყველაფერი ხდება, ხვალ შეიძლება, ჩვენც არ ვიყოთ. ადამიანის გარდაცვალების შესახებ რომ ვიგებთ, რატომღაც გვგონია, რომ სიკვდილი ჩვენთან არასდროს მოვა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სიკვდილს ვეჩვევი, თითქოს, ისე უცხო აღარ არის ჩემთვის და ვაცნობიერებ, რომ ადრე თუ გვიან, მეც აუცილებლად გამოვაკლდები ჩემს ოჯახს და მეგობრებს. აუცილებლად დამრჩება ბევრი საქმე, რომელიც ბოლომდე ვერ მივიყვანე და უბრალოდ, აღარ ვიარსებებ. ადრე ამაზე არ ვფიქრობდი, ახლა სიკვდილი ძალიან ახლობელი გახდა. სხვათა შორის, არ მეშინია. ერთადერთი, იმაზე დამწყდება გული, რომ შეიძლება, ბევრი რამ ვერ მოვასწრო და კიდევ, ცოტა ეგოისტური მომენტი მაქვს – ის ადამიანები, ვინც ახლა ჩემ გვერდით არიან, ჩემს გარეშე რომ დარჩებიან, ან მე – მათ გარეშე. ფიქრმა, რომ ოდესღაც ჩვენც იმ გზას გავუდგებით, დედაჩემის წასვლასთან შეგუება გამიადვილა. თუმცა, პირველი ეტაპი ძალიან მძიმე იყო. იყო შემთხვევები, როცა სახლიდან ვერ გამოვდიოდი, არაფერი მიხაროდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩემ გარშემო ბევრი კარგი რამ ხდებოდა. ბევრი საქმიანი შემოთავაზება დამეხმარა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. რესტორანი უკვე გახსნილი იყო, მალე ფესტივალში ჩავერთე და ფიქრისთვის დრო აღარ მრჩებოდა. თუმცა, ამის მონელება არ ხდება, მერე გეწყება ათასი ფიქრი: იმ წუთას მე რომ სახლში ვყოფილიყავი, შეიძლებოდა, ეს არც მომხდარიყო; წინა დღით რომ ასე მექნა, შეიძლება, რაღაც შეცვლილიყო და ასე შემდეგ. თუმცა, ამაზე რომ დიდხანს იფიქრო, შეიძლება გაგიჟდე.
– უკვე ერთი წელია, რაც ბიზნესში ჩაერთე, აღმოაჩინე, რომ ბიზნესი ის სფეროა, სადაც შეგიძლია, წარმატებას მიაღწიო?
– ამ რესტორნის დამფუძნებელი, ჩემი მეგობარი ლევან გუგუშვილია. ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანია. როცა რესტორნის შექმნა გადაწყვიტა, მე მთხოვა, მასთან ერთად გავძღოლოდი საქმეებს. ფუნქციები გადავინაწილეთ და ერთმანეთის საქმეებში არ ვერევით. რაც მთავარია, მე ციფრებთან შეხება არ უნდა მქონდეს. ასე რომ მოხდეს, აქაურობას დავაქცევ (იცინის). ვერაფრით ვერკვევი მათემატიკურ ამბებში და ამიტომ საკუთარ თავზე რესტორნის პიარსტრატეგიები ავიღე.
– რაც შეეხება გემრიელ კერძებს, მათი მომზადება შენც კარგად გამოგდის.
– ადრე კულინარიული გადაცემაც მიმყავდა და სულ მინდოდა, სამზარეულოსთან მჭიდრო კავშირში ვყოფილიყავი. თუ დრო მაქვს, სახლშიც ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება. ბავშვობიდანვე მქონდა ამისკენ მიდრეკილება. ძალიან პატარა ვიყავი, როცა კვერცხის შეწვა ვისწავლე, მერე უკვე კარტოფილზე გადავედი და მალე მენიუში ხორციც ჩავრთე. დედაჩემი საოცარი კულინარი იყო, მისი კერძები მთელ სანათესაოში იყო ცნობილი, მეგრელი ქალის ხელის შესახებ, ხომ ყველამ იცის და ალბათ, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია ჩემზე. როცა საჭმელებს აკეთებდა, მეც გვერდით ვედექი და ვუყურებდი. მერე უკვე დამოუკიდებლადაც ვისწავლე და საკმაოდ რთულ კერძებს შევეჭიდე. ელარჯი რომ პირველად გავაკეთე, ძალიან პატარა ვიყავი და სხვათა შორის, საკმაოდ კარგი შედეგი „დავდე“. ახლა კი, ეს პროცესი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, დრო თუ მაქვს, სახლში გამზადებული კერძიც რომ მქონდეს, აუცილებლად მოვამზადებ კიდევ რამეს.
– ანუ, მეორე ნახევართან ამის პრობლემა არ გექნება და ალბათ, „ქალი უნდა იყოს კუხნაში“ – ამასაც არასდროს იტყვი.
– (იცინის). ნეტა მქონდეს იმდენი დრო, რომ სულ მე ვამზადო კერძები. ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ ქალმა კერძის მომზადება არ იცის. ეს ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ უნდა ისწავლის, თუ პრინციპულად არ უნდა, არც ეგაა პრობლემა. ჩემს ცოლს თუ კერძის მომზადება არ მოუნდება, შევალ სამზარეულოში და მე თვითონ მოვამზადებ, ამის გამო პრობლემას ნამდვილად არ შევქმნი.
– აქვე გკითხავ პირად ცხოვრებაზე, რა ხდება?
– არაფერი საინტერესო, თავიდან ბოლომდე საქმეებზე ვარ გადართული. თუმცა, ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი, რომ პირადი ცხოვრების აფიშირებამ ურთიერთობა დაანგრია. ასე რომ, მართლა რომ ხდებოდეს რამე, შეიძლება, ამაზე აქცენტი არც გამეკეთებინა, თუმცა, რეალურად, დიდი ხანია სერიოზული ურთიერთობებისგან თავს ვიკავებ. ჩემს ურთიერთობებს მსუბუქი გართობის ხასიათი აქვს. ამ დროისთვის ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. როცა თავისუფალი ხარ, შენს გემოზე განაგებ საკუთარ ცხოვრებას.
– რა უნდა ჰქონდეს ქალს, რომ მოგეწონოს?
– უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, რის გარეშეც ადამიანებთან საერთოდ ვერ ვურთიერთობ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინტელექტიც და ელემენტარული შინაგანი კულტურა. აქ არ იგულისხმება მსოფლიო ლიტერატურის ცოდნა, შინაგან ინტელექტს ვგულისხმობ, რომელიც იუმორის გრძნობასთან ერთად ძალიან ალამაზებს და საინტერესოს ხდის ადამიანს.
– ახლა ოჯახში მხოლოდ შენ და მამა ხართ, არ გეუბნება ხოლმე, მიკი, ცოლი მოიყვანეო?
– შიგადაშიგ მაპარებს (იცინის). მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა. საკმაოდ პატარა ასაკში სერიოზულად მიყვარდა, მაგრამ მაშინ რომ ოჯახი შემექნა, ეს ძალიან დიდი დანაშაული და შეცდომა იქნებოდა, რადგან მას შემდეგ შეხედულებები ძალიან შემეცვალა. ჩემი აზრით, სისულელეა პატარა ასაკში ოჯახის შექმნა. 29 წლის ვარ და არ მგონია, რომ ახლა ამის დროა. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანმა ოჯახი 40-50 წლის ასაკში შექმნას. ამასთან დაკავშირებით სხვების აზრი არ მაღელვებს. ჩვენს პირად ცხოვრებას ჩვენ განვაგებთ და იმიტომ ხომ არ მოვიყვან ცოლს, რომ ასე მშობელს უნდა. ყოველ შემთხვევეაში მე არ განვეკუთვნები ასეთი ადამიანების კატეგორიას.