კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 სკოლა „ნინო“ იუბილარია – საქართველოში ფინანსებისა და კრედიტების სფეროში პირველი პროფესორი ქალის, ლამარა ქოქიაურის მიღწევები

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ახლა გიამბობთ ქალბატონზე, რომელიც ვფიქრობ, ბევრისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. თუ ვინმემ მსგავსი საქმეების გაკეთება შეძელით, ესე იგი, თქვენი ცხოვრება შედგა. ალბათ, საქართველოში ამდენი არცერთ ქალს არ უმოღვაწია და არც ამდენი რეგალია ჰქონია, რამდენიც ქალბატონ ლამარას. იცოდით, რომ ლამარა ქოქიაური პირველი პროფესორი ქალბატონია საქართველოში ფინანსებისა და კრედიტის სფეროში, რომ იგი  საყოველთაოდ მიღებულ ინდექსირებისა და ციტირების მხრივაც, მოწინავე ქართველ ეკონომისტთა პირველ რიგებში დგას? მაშ ასე – ლამარა ქოქიაური. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით; გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ხელმძღვანელობით 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1987 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ინვესტიციის ბაზრის ფორმირება და განვითარება საქართველოში“; გამოქვეყნებული აქვს 270 მეცნიერული ნაშრომი, ძირითადად, ფინანსების, ბანკების, ინოვაციების, ინვესტიციების შესახებ, მათ შორის, 25 მონოგრაფია და 21 სახელმძღვანელო; აღსანიშნავია უცხოეთის ქვეყნების იმფაქტფაქტორის მქონე საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალებში დაბეჭდილი სამეცნიერო სტატიები და საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე გამოცემული მონოგრაფიები; მისი ინტენსიური მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (კორეა, იტალია, იაპონია, სინგაპური, თურქეთი, ეგვიპტე, რუსეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი და ასე შემდეგ). სპეციალობით მუშაობა პირველი კურსიდანვე დაიწყო „საქართველოს ეროვნულ ბანკში“, 1978-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-მუშაკად, დოცენტად, პროფესორად; 2009–2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესინჟინერინგის დეპარტამენტში სრულ პროფესორად; არჩეულია საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკურ მეცნიერებათა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრად. 2016 წლიდან დღემდე მუშაობს ეროვნული ინოვაციური საკვლევი ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკად; 2010 წელს, წამყვან ქართველ ეკონომისტებთან ერთად, დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფინანსური საინვესტიციო პოლიტიკისა და სტრატეგიის ფონდი“ და დღემდე მისი უცვლელი დირექტორია; ძირითად სამსახურებთან შეთავსებით, 1992 წელს დააფუძნა და თვითონვე ხელმძღვანელობს საქართველოში პირველ, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კერძო სკოლას, „ნინოს“; არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ყაზახეთის რეგიონული აკადემიის ნამდვილი წევრი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.  
 – მართალია, ადამიანისათვის ყველაზე ძნელი და უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, და მაინც, მინდა, მოგვიყვეთ თქვენს შესახებ.
– სწორედ ამიტომ, ჩემი შეგნებული ცხოვრების 50 წელი თითქმის ვდუმდი, ჩრდილში ვიდექი. ვცხოვრობდი პრინციპებით: „თავმდაბლობა – უპირველეს ყოვლისა“ და „საქმემან შენმან წარმოგაჩინონ“. ახლა, 70 წლის გადასახედიდან აღარ ვიცი, სწორად ვიქცეოდი თუ არა. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ მითხრა: „მეტისმეტი თავმდაბლობა არ არის დადებითი თვისება, მას ბევრი უარყოფითი შედეგები მოაქვსო“. არ გავუგონე. ჩემი პრინციპებით განვაგრძე ცხოვრება. არავის ვაწუხებდი, საზოგადოებაში არ ვჩნდებოდი; დღე-ღამეში 14-16 საათი ვმუშაობდი; ვაშენებდი სახლებს, სკოლას, ვენახებს, ვწერდი და ვაქვეყნებდი სტუდენტებისათვის ესოდენ საჭირო სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, ვიშვილე და გავზარდე მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი და გონიერი ქალიშვილი, დავიცავი ორივე დისერტაცია – საკანდიდატო და სადოქტორო  და ყველაფერ ამის პარალელურად, საქართველოში სამოქალაქო ომის ქარტეხილიან წლებში, რომ იტყვიან, „რკინის ქალამნები ჩავიცვი“ და ჩემი გოგონასთვის მოვიპოვე საქართველოში პირველი კერძო ინგლისური სკოლის ლიცენზია.
 – თქვენი შეხედულება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის რეფორმების შესახებ.
– არ მიმაჩნია ჩემი თავი კომპეტენტურად, საქართველოს საგანმანათლებლო სტრუქტურების მთლიანი მუშაობა შევაფასო, მაგრამ გადაუდებლად გასაკეთებელი საქმეების გადაწყვეტის პიონერად კი ჩავთვლი თავს, დაწყებული სკოლაში მასწავლებელთა საკონკურსო წესით მიღებითა და მათთან მყარი სამუშაო კონტრაქტების დადებით. ათბალიანი სისტემა პირველად ჩვენს სკოლაში დაინერგა; მოსწავლეთათვის საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის მყარი ცოდნის მიცემა, კლასიდან კლასში გადაყვანისათვის მონიტორინგის ჩატარება და საზაფხულო სკოლის მოწყობა, სკოლის პირველი კერძო საცურაო აუზი მოსწავლეთათვის, გაზეთ „სილაში ვარდის“ გამოშვება – თემურ ცერცვაძის რედაქტორობით, თბილისში საუკეთესოთა შორის საუკეთესო პედაგოგების მიღება, იმ დროისათვის ყველაზე მაღალი დიფერენცირებული ხელფასები... ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. უბრალოდ, ხაზგასმით მინდა აღთნიშნო, რომ რაც არ მომწონდა საგანმანათლებლო სისტემაში, შევეცადე, ჩემს დიდ და ლამაზ სკოლაში არ გამეკეთებინა.
– როგორ მიაღწიეთ პირველობას და რითი გამოირჩევა თქვენი სკოლა?
– გარდა გარანტირებული, მყარი ცოდნის მიღებისა მთავარი ყურადღება ექცევა მოსწავლის ინტელექტუალურ აღზრდას, მოყვასისა და ქვეყნის სიყვარულის გრძნობის გაღვივებას, შრომისადმი უდიდესი პატივისცემას, განსაკუთრებით – ბავშვზე დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის უმაღლეს დონეზე აყვანას,  ერთმანეთისადმი მეგობრობას, ურთიერთგატანისა და ურთიერთსიყვარულის სწავლებას. ჩვენი სკოლა ერთ-ერთი დაცული და უსაფრთხო სკოლაა! სკოლის შიდა და გარე პერიმეტრებზე, ყველა საკლასო ოთახში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, გვაქვს სკოლის ეზოდან გასვლის სპეციალური სანებართვო სისტემა, თითოეული მოსწავლის დათხოვნის ან გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენის შემთხვევაში, მშობელთან სატელეფონო შეტყობინება იგზავნება, შესვენების დროსაც დამრიგებლის საკლასო ოთახში, დერეფანსა და ეზოში ბავშვებთან ერთად ყოფნა სავალდებულოა.  
– რა გეგმები გაქვთ,  კიდევ რისი გაკეთება გსურთ?
– საკამოდ სერიოზული გეგმები გვაქვს: სკოლის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესება; მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდის, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გვინდა მეოთხე სართულის დაშენების ნებართვის აღება, სკოლის ოთხიათასიანი წიგნადი ფონდის ერთ სივრცეში განთავსება და სპორტული დარბაზის გახსნა, ყველა საკლასო ოთახში  მონიტორების დამონტაჟება და ვიდეო გაკვეთილების ჩატარება. ჩემი ოცნებაა, ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს ჰქონდეს ათასლარიანი ხელფასი, სკოლამ , ფინანსურად მომძლავრების შემთხვევაში, შეძლოს მოწინავე მოსწავლეების საზღვარგარეთ გაგზავნა საკუთარი სახსრებით  და ასე შემდეგ.  სექტემბერში გვექნება დიდი სიურპრიზიც.
– მოკლედ მოგვიყევით თქვენი სამეცნიერო და საუნივერსიტეტო მუშაობის შესახებ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი შემოქმედების  მწვერვალი, ალბათ, მაინც „დიდი ფინანსური ენციკლოპედიაა“. ამჟამად ვმუშაობ ინვესტიციების, იგივე სახის, ენციკლოპედიაზე, რომელსაც  ასევე ანალოგი არ აქვს საქართველოში. საერთოდ, ენციკლოპედიებზე ასი, ორასი ადამიანი მუშაობს, მაგრამ ამას მე მარტო ვაკეთებ.
– მოდი, თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ.
– ოჯახი, როგორც ყველა ქართველი ქალისთვის, ჩემთვისაც უზენაესია! გაუთხოვარს შვილი არ მყავდა. ჩემს ცხოვრებას აზრი რომ ჰქონოდა, ვიშვილე  არაჩვეულებრივი გოგონა – ნინო  (ვის სახელზე და ვისთვისაც გავხსენი ეს სკოლა). ნინოს უკვე თავისი ლამაზი და არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს – სამი შვილით და იურისტი მეუღლით. ნინოს განათლებასა და აღზრდაზე ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. დაამთავრა ორი უნივერსიტეტი, სწავლობდა მაგისტრატურაში. ამჟამად არის დოქტორანტი. სადისერტაციო თემად არჩეული აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი და ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე აქტუალური თემა – ინოვაციები. მოვლილი აქვს მრავალი ქვეყანა. ახლა ღმერთმა გამომიგზავნა უნიკალური ნიჭისა და მონაცემების პატარა ბიჭი – ანდრეა, რომელსაც  დაბადებიდან ვზრდი. ძალიან ნიჭიერი და უკვე ჩამოყალიბებული 8 წლის ვაჟკაცია, ალბათ, ჭადრაკში საქართველოს მომავალი ჩემპიონი… ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. ისე უნდა იცხოვროს, რომ რაღაც დაუტოვოს შთამომავლობას. ჩემი განვლილი მძიმე, ზოგჯერ ბედნიერი წლების გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა! აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულის დღეებში უფალს მადლობას ვწირავ, რომ მონიჭებული კოლოსალური შრომისმოყვარეობითა და ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარულით ჩემს საქმეს ვაკეთებ. მგონი, ტაძრისკენ მიმავალ გზას სწორად ვადგავარ და ეს განვლილი გზა შთამომავლობამ შეაფასოს! ჩემმა სტუდენტებმა და სკოლა „ნინოს“ არსებობის 25 წლის განმავლობაში მის კედლებში აღზრდილმა შესანიშნავმა თაობებმა, ათასობით ახალგაზრდამ!  
скачать dle 11.3