№15 როგორი იქნება თბილისში პარკირების ახალი სისტემა „სითი პარკის“ წასვლის შემთხვევაში და სად იტყუებს ხელისუფლება ავტომობილების მფლობელებს
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გახმაურების შემდეგ, ავტომფლობელების მთავარი ინტერესის თემად პარკირების ახალი სისტემა იქცა, რომლის სავარაუდო მოდელზეც მერია, ჯერჯერობით, არ საუბრობს. ის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარკირების მენეჯმენტს დროებით სატრანსპორტო კომპანია გადაიბარებს. სხვადასხვა ორგანიზაციებიდან უკვე გაისმა რეკომენდაციები, რომ თბილისის პარკირების სისტემა ზონალურ დაყოფაზე გადავიდეს, რომელიც საათობრივ ტარიფთან იქნება მიბმული. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დათო მესხიშვილის პროგნოზით, პარკირება თბილისში აუცილებლად გაძვირდება და ზონალური დაყოფა და საათობრივი სისტემა მძიმე ტვირთად დააწვება მოქალაქეებს, რომელთაც მერია ალტერნატიულ გზებს არ სთავაზობს. მისი აზრით, 2019 წლიდან ავტომობილის ფლობა დაკავშირებული იქნება უფრო მეტ დანახარჯთან, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.
დათო მესხიშვილი: სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც ექვედებარება მერიის სატრანსპორტო სამსახურს და დღეს მეტროს, ავტობუსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მენეჯმენტი ეხება, არ აქვს პარკირების ორგანიზების არანაირი გამოცდილება. ჩვენი რეკომენდაციაა, ეს სამსახური, რაც შეიძლება, სწრაფად ჩამოშორდეს პარკირების პროცესს, თორემ მივიღებთ ქაოსურ მდგომარეობას, რადგან მათ მენეჯმენტის განსახორციელებლად არ გააჩნიათ არც საკადრო რესურსი, არც ტექნიკური აღჭურვილობა, ბაზები. საქართველოში არ არსებობს ასეთი გამოცდილების ჯგუფი, არ გვყავს სპეციალისტები, თორემ სურვილი, რომ ვიღაცამ ეს ბიზნესი ჩაიბაროს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ექნება.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც დღეს განიხილება, არის ქალაქის ზონალური მოწყობა, რომელიც მიბმულია საათობრივ პარკირებაზე, რაც ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია განხორციელდა. უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპის ზოგიერთ ქალაქში არა თუ პარკირება, ქალაქის ცენტრში შესვლაც კი ფასიანია. ამ იდეას ჰყავს მომხრეები არგუმენტებით, რომ მძღოლები მოერიდებიან ქალაქის ცენტრში ავტომობილების გაჩერებას, რადგან ეს დიდ გადასახადთან იქნება დაკავშირებული და ამ გზით განიმუხტება ქალაქის ცენტრი, რაც ძალიან კარგია. სანამ თბილისის ზონალურ პარკირებაზე საუბარს დავიწყებთ, უნდა მოვაგვაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი. ევროპულ ქალაქებში, სადაც ცენტრში პარკირება ძვირია, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს ალტერნატივას, იაფი ტრანსპორტის – ტრამვაის, ავტობუსის სახით. ჩვენ რას ვთავაზობთ ალტერნატივად ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ქალაქის ცენტრში პარკირებას გავუძვირებთ? – არაფერს. ჩვენ ეს მოდელი დანგრეული გვაქვს. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტი და ტექნიკურად გამართული არ იქნება, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მე ძალიან მომწონს მერიის ინიციატივა, რომ ყოველ წელს დედაქალაქს ასი ახალი ავტობუსი უნდა დაემატოს, სინამდვილეში, დამატება კი არ ხდება, პრაქტიკულად, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ხდება. ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ ინსპექტირებაზე, ტაქსების რეგულაციებზე, პარკინგის გაძვირებაზე, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი აძვირებს ავტომობილის ფლობას. ბოლო წლებია, მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი, ეგრეთ წოდებული, საჩვენებელ, ძვირად ღირებულ ავტომობილს ყიდულობს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ავტომობილების ისტორიას რომ გადავხედოთ, გამოიყენება ან მგზავრების გადასაყვანად, ან მხოლოდ და მხოლოდ ქალაქში გადაადგილებისთვის, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ხარისხიანი და დაცული. მერიამ ეტაპები თანმიმდევრულად უნდა გაიაროს, ისე შედეგი ვერ დადგება. სამუშაო რეჟიმში უნდა მონაწილეობდნენ ურბანისტები. ქალაქის პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით მარტო ტრანსპორტის პრობლემა ხომ არ დგას, ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული პრობლემები, თბილისში შენდება მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც არაა შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურთან – ამ კორპუსებს საერთოდ არ აქვთ პარკირების ადგილები. მერიამ ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს პარკირება და მშენებლობები, რომლის მოგვარებაც თავიდან ბოლომდე მათ ხელშია.
– როგორ ფიქრობთ, პარკირების ახალი მოდელი გააძვირებს პარკირების ფასს?
– კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ზონალურ დაყოფასა და საათობრივ პარკირებაზე ვსაუბრობთ, პარკირება აუცილებლად გაძვირდება. ზონალური დაყოფა მოგვიტანს სხვადასხვა ტარიფებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში – ცენტრში ბევრად ძვირი იქნება, ვიდრე გარეუბნებში. არ არის გამორიცხული ტარიფი მიმაგრდეს საათობრივ გადახდაზე. რა შედეგის მომტანი იქნება ეს, სხვა საუბრის თემაა. საათობრივი გადახდა ძვირად დააწვება ჩვენს ავტომფლობელებს, რადგან ბევრჯერ ითქვა ფრაზა: ამ ეტაპზე ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ეტაპიც. ჩემი აზრით, 2019 წლის დასაწყისიდან ავტომობილებით სარგებლობა, პარკირება, ასევე, ტაქსის სერვისი, სერიოზულად გაძვირდება. სიახლეები ყველა შემთხვევაში უნდა დაინერგოს, მაგრამ სიახლეები არ უნდა ინერგებოდეს „მათრახით“, წნეხით და იმპერატიული გადაწყვეტილებებით, რაც ყოველთვის გამოიწვევს აგრესიას ავტომფლობელთა მხრიდან. მარტო ჯარიმებით პრობლემა რა გვარდება, უნდა მოხდეს კვლევები და მათზე დაფუძნებული ალტერნატივების შეთავაზება.
– როგორია თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პერსპექტივა? არსებობს მოსაზრება და რეკომენდაცია, მაქსიმალურად გათავისუფლდეს ქალაქი ავტომობილებისგან, განვითარდეს ტრანსპორტი მტკვარზე და ასე შემდეგ. რამდენად რეალურია ეს გეგმები?
– რაიმე დეტალური განხილვა ტრანსპორტის მიმართულებით არ მომისმენია. მაქსიმალურად უნდა გათავისუფლდეს სივრცეები ქვეითებისთვის, რაც რეალურად დგას პრობლემად, ამ ქალაქში ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, არ არის, უფრო მეტიც, არანორმალური მდგომარეობა გვაქვს – ქვეითი დადის ავტომობილის სავალ ნაწილზე, ავტომობილები პირიქით – ქვეითის სავალ ნაწილზე. სამდინარო გემებზე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა თბილისში გასულ საუკუნეში ბორნების მსგავსი ტრანსპორტის გადაადგილება მტკვარზე, მათ ჰქონდათ სამგზავრო დანიშნულება, თუმცა ამ იდეამ არ გაამართლა. მტკვრის კლდოვანმა ნაპირებმა არ მისცა ამ ტრანსპორტს საშუალება, ქცეულიყო უსაფრთხო გადაადგილების ტრანსპორტად და მალევე გაქრა. იმას მივხედოთ, რაც გვაქვს და არსებული პრობლემები მოვაგვაროთ – ეს არის მთავარი. სამწუხაროა, რომ ჩვენ გვესმის გადაწყვეტილებები ყოველგვარი განხილვისა და გეგმების გარეშე, რაც შედეგს არ მოიტანს.