კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ გაიხსნა ყალბი ფულის საქმე სალაროს ძარცვის შედეგად

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

თავხედური დანაშაული
1974 წლის 14 აპრილს, კვირა დღეს, ქალაქ ლენინგრადში 29 წლის კირილ პოსაშკოვმა ბანკი გაძარცვა. დანაშაული კი არნახული თავხედობით ჩაიდინა: ის პისტოლეტის მუქარით შეიჭრა ¹15 შემნახველ სალაროში, რომელიც პრიანი პერეულოკის მყუდრო ჩიხში მდებარეობდა. მორიგე მილიციელი გაკოჭა, შემდეგ კედელში ჩამონტაჟებულ ცეცხლგამძლე სეიფზე ფოლადის ორი კაუჭი მაგრად მიადუღა, კაუჭებს „კამაზზე“ გამობმული ტროსი გამოსდო და სეიფი კედლიდან გამოგლიჯა. მანქანა ადგილიდან დაძრა და შუა ქალაქში გაქანდა. ორიოდე კილომეტრი რომ გაიარა, სეიფი წინასწარ მომზადებული მექანიზმით საბარგულზე ააგდო და გზა განაგრძო. ოციოდე წუთის შემდეგ კი უკვე ქალაქგარეთ, ერთ-ერთ ავტოშემკეთებელ სახელოსნოში გატაცებულ სეიფს შედუღებით  ჭრიდა. ამ პროცედურას ის 45 წუთს მოუნდა და სეიფიდან 67 ათასი მანეთი და 90 ათასი მანეთის ღირებულების ფასიანი, მომგებიანი ობლიგაციები ამოიღო. პოსაშკოვმა საათს დახედა. დღის 3 საათი სრულდებოდა. მან 15 ათასი მანეთი ცალკე გადადო. დანარჩენი ნაძარცვი კი ტყავის ჩანთაში ჩაალაგა. შემდეგ „მოსკვიჩში“ ჩაჯდა და ქალაქის ცენტრისკენ აიღო გეზი, სადაც 4 საათზე მას წაგებული ფული უნდა ჩაებარებინა. კირილ პოსაშკოვმა წაგებული დროზე ჩააბარა და უკან გამობრუნდა. თუმცა, გზაში მას სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები სამი მანქანით წამოეწივნენ და ალყაში მოაქციეს. პოსაშკოვს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და მილიციამ დაკავებულს 52 ათასი მანეთი და 90 ათასის ფასიანი ობლიგაციები ჩამოართვა.

ყალბი კუპიურები

მიუხედავად იმისა, რომ მილიციელებმა დაკავებული მძარცველი „შესაბამისად დაამუშავეს“, პოსაშკოვს სიტყვაც კი არ დაუძრავს, რომ წაგებული ფული 15 ათასი მანეთი იური კოლმინს, მეტსახელად „შულერს“ ჩააბარა. ნაცემი პოსაშკოვი საკანში ჩააგდეს. სახლიდან კი გაძარცვული ¹15 სალაროს გამგე კლარა სიტნიკი გამოიძახეს, რომელიც მიტკალივით იყო გაფითრებული და კანკალებდა. მან განაცხადა, რომ გატაცებულ თანხას 15 ათასი მანეთი აკლდა. საკნიდან პოსაშკოვი ამოიყვანეს და კვლავ სასტიკად აწამეს, რათა ეთქვა, სად წაიღო 15 ათასი მანეთი. თუმცა, გამტაცებელი კრინტს არ ძრავდა და აუტანელი ტკივილისგან ორჯერ გულიც კი წაუვიდა. მხოლოდ მას მერე გატყდა პოსაშკოვი, როდესაც გაუპატიურებით, ამ პროცესის კინოფირზე დაფიქსირებითა და გავრცელებით დაემუქრნენ. მილიციელები კოლმინს, იგივე „შულერს“ ესტუმრნენ, რომელიც გაცოფებული აგინებდა პოსაშკოვს და იმეორებდა: – დამპალი, სამი ათასი ყალბი ფული შემომტენაო.
„შულერი“, თავის ფულიანად, მილიციაში წაიყვანეს და პოსაშკოვთან დააპირისპირეს. კოლმინსა და პოსაშკოვს ჩხუბიც კი მოუვიდათ და მილიციელებს რომ არ გაეშველებინათ, ერთმანეთს კბილებით გამოღადრავდნენ ყელს.
– დამპალო, ყალბი მაყუთი შემომტენე, ხომ? – ყვიროდა კოლმინი. პოსაშკოვი კი პასუხობდა:
– შენ თვითონ დამპალო, ფული სალაროდან გავიტაცეო...
გამომძიებელმა ექსპერტიზა დანიშნა და გაირკვა, რომ სალაროს სეიფში არსებული 67 ათასი მანეთიდან, 16 ათასი მანეთის კუპიურები ყალბი იყო. 57 წლის კლარა სიტნიკმა ფერი დაკარგა, ციებიანივით აკანკალდა და იქვე, გამომძიებლის კაბინეტში გაუსკდა გული.

ანონიმური ზარი
თავდაპირველად ლენინგრადელი გამომძიებლები ზეიმობდნენ, რომ ძარცვა ცხელ კვალზე გახსნეს და ოპერატიულად იმოქმედეს. თუმცა, საქმის ასეთმა შემობრუნებამ და კლარა სიტნიკის მოულოდნელმა სიკვდილმა გამოძიება ჩიხში შეიყვანა. მაიორ პავლე სურინს ვერ გაეგო, როგორ აღმოჩნდა შემნახველი სალაროს სეიფში ყალბი 16 ათასი მანეთი. სავარაუდოდ, ეს ფული იქ გარდაცვლილმა სიტნიკმა შეინახა, მაგრამ რა მიზნით და სად იშოვა, დასადგენი იყო.
ექსპერტიზისვე დასკვნით, ყალბი კუპიურები ძალიან მაღალ დონეზე იყო დაბეჭდილი და მას მხოლოდ პროფესიონალი თუ გაარჩევდა ნამდვილისგან. სწორედ ასეთი პროფესიონალი იყო „შულერი“, რომელიც ადრე ფულის საბეჭდ ფაბრიკაში მუშაობდა ინჟინრად და ამიტომ შენიშნა სიყალბე. „შულერი“, ისევე როგორც პოსაშკოვი, „კაპეზეში“ გამოამწყვდიეს. მილიცია კი ყალბი ფულის დამამზადებლების კვალს ეძებდა, თუმცა, უშედეგოდ და ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა.
დრო გადიოდა, მაგრამ მილიცია ჩიხში იყო შესული და გამოსავალი არ ჩანდა. 2 მაისს კი, ანუ სალაროს გაძარცვიდან 18 დღის შემდეგ, მაიორ პავლე სურინს კაბინეტში ანონიმმა დაურეკა და კაცის ბოხი ხმით უთხრა:
– დამნაშავეები ¹5 პოლიგრაფიულ ფაბრიკაში ეძებეთ. ყალბი ფული იქ იბეჭდება და ბოროტმოქმედთა აღმოჩენა არ უნდა გაგიჭირდეთ. თუმცა, გაფრთხილებთ, რომ მათ ძლიერი მფარველები ჰყავთ და ფრთხილად იმოქმედეთო.
ინკოგნიტომ ყურმილი დაკიდა და მაიორმა ვერ მოასწრო ეკითხა, თუ ვინ ბეჭდავდა ყალბ ფულს სახელმწიფო უწყებაში.

„ოქროს“ საამქრო
საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოძიება „კაგებეს“ გადაეცა, თუმცა მაიორი პავლე სურინი კვლავ საგამოძიებო მოქმედებებში იყო ჩართული და ანონიმური ზარის შესახებ  პოდპოლკოვნიკ გოდერძი ჩიხლაძეს აცნობა, რომელიც ამ საქმეს იკვლევდა. თათბირზე გადაწყდა, რომ ჯერ კარგად შეესწავლათ ¹5 პოლიგრაფიულ ფაბრიკაში არსებული ვითარება და ძალიან ფრთხილად ემოქმედათ, რომ ბოროტმოქმედები არ დაეფრთხოთ. ამისთვის კი მათ ფაბრიკაში 24 წლის ლეიტენანტი რომან კირილოვი მოაწყვეს მუშად, რომელსაც ყალბი ფულის მჭრელების საამქროსთვის უნდა მიეგნო.
ფაბრიკაში ოცდაცხრამეტი საამქრო იყო და იქ უამრავი ადამიანი მუშაობდა. ¹9 საამქროს უფროსი 51 წლის კარლო გიგოშვილი იყო. სამკვირიანი ძიების შემდეგ, „კაგებეს“ შეგზავნილმა ოპერმა გიგოშვილის საამქროში ფარული, მცირე საამქრო აღმოაჩინა, სადაც „გოსზნაკის“ სპეციალურ ქაღალდზე 5, 10, 25-მანეთიან კუპიურებს ბეჭდავდნენ და იქვე, საიდუმლო საწყობში ინახავდნენ. ფულის ბეჭდვა ღამის 2-5 საათებში მიმდინარეობდა და როდესაც იქ „კაგებეს“ ოპერჯგუფი შევიდა, საწყობში 96 ათასი მანეთის კუპიურები, საგანგებოდ აწყობილი დაზგა და სპეციალური ქაღალდები აღმოაჩინეს. გიგოშვილმა პირველივე დაკითხვაზე აღიარა დანაშაული და საკანში დასვენება ითხოვა. ორი საათის შემდეგ კი ის გისოსზე პირსახოცით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიებამ „ოქროს“ საამქროს სხვა წევრებიც დააპატიმრა და გაირკვა, რომ გარდაცვლილი გიგოშვილი ექვს შემნახველ სალაროსთან იყო შეკრული, საიდანაც ყალბ ფულს ასაღებდნენ. მათ კი ლენინგრადის პარტიული ხელმძღვანელობის მაღალი თანამდებობის  პირი „კრიშავდა“. გაირკვა ანონიმური ზარის ავტორიც და ეს იყო კლარა სიტნიკის და – იულია სიტნიკი. იულია ჩამომხრჩვალი გიგოშვილის მეუღლე იყო...
P.S. ეს საქმე მოულოდნელად დახურეს და ქართველ გამომძიებელს ჩამოართვეს, რომელიც უფრო მაღალ თანამდებობაზე დააწინაურეს.
ნიკა ლაშაურიскачать dle 11.3