№15 როგორ დაატყვევეს ხლათელებმა საქართველოს ჯარის სარდალი და რა დაუჯდა ეს ჩვენს ქვეყანას
ბასიანის ბრძოლაში, იკონიის სასულთნოს ჯარის დამარცხებისა და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების შემდგომ, რამდენიმე წელში, საქართველოს სამეფო კარი კვლავ მიუბრუნდა თავის ძველ გეგმას – დაესრულებინა მთელი სომხეთის შემოერთება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ამ დროისთვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სომხეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიებში შემოდიოდა. დარჩენილი იყო მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი სომხეთი, რომლის ტერიტორიაზე ხლათის (შაჰ-არმენთა) სახელმწიფო არსებობდა. მის მაჰმადიან მეთაურს კი შაჰ-არმენი (სომეხთა მეფე, სომეხთა შაჰი) ერქვა. შაჰ-არმენებად ისხდნენ არა არმენები, არამედ დამპყრობლები.
სამხრეთ-დასავლეთ სომხეთისთვის (შაჰ-არმენთა, ხლათის სახელმწიფოსთვის) კონკურენცია იყო იკონიის სასულთნოს, ეგვიპტის სასულთნოსა და საქართველოს შორის. 1207 წელს შაჰ-არმენს, იზედდინ ბალაბანს შეუტია ეგვიპტისა და სირიის ქურთული წარმოშობის აიუბიდთა დინასტიის წარმომადგენელმა, ეგვიპტის სულთნის, ალ-ადილ პირველის მეოთხე ვაჟმა, დიარბექირის ამირამ, მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინმა. მაგრამ აუჰადმა ვერ გაიმარჯვა, რადგან შაჰ-არმენს არზრუმის სულთანი ეხმარებოდა. შემდეგ, არზრუმის სულთანმა ბალაბანი მოაკვლევინა, თუმცა, ხლათი ვერ დაიკავა. გაბატონებული მაჰმადიანური მოსახლეობის ზედა ფენამ ხლათში მოიწვია და ხლათის სულთნად, მელიქად და შაჰ-არმენად გამოაცხადა სულთან მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინი. ანუ, აიუბიდებმა დაასწრეს ბაგრატიონებს სამხრეთ-დასავლეთი სომხეთის დაკავება.
სამხრეთ-დასავლეთ არმენიის სომხური მოსახლეობა აუჯანყდა ახალ სულთანს. ქართული არმია ივანე მხარგრძელის ხელმძღვანელობით გაემართა მათ დასახმარებლად და ხლათის სასულთნოს დასაპყრობად (შესაძლოა, სომეხთა აჯანყება ჩვენი სამეფოს მიერ იყო ინსპირირებული). მსახურთუხუცესი ივანე და მისი უფროსი ძმა, ამირსპასალარი ზაქარია, განაგებდნენ საქართველოს სომხური მიწების დიდ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთ არმენიის (ანისის სამეფოს) დაკავების მერე, ქართველთა მეფემ მიიღო მანამდე იქ არსებული სამეფოს გამგებლების ტიტული – შაჰანშა (შაჰანშაჰი). თუ ხლათის სასულთნოს შემოიერთებდა საქართველო, მხარგრძელების ძლიერი ოჯახის გამგებლობაში გადავიდოდა დასავლეთ სომხეთიც და ქართველთა მეფის ტიტულს, ალბათ, შაჰ-არმენის ტიტულიც დაემატებოდა.
ჩანს, ქართული ჯარის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ვინაიდან ამირსპასალარი, ივანე მხარგრძელის უფროსი ძმა, ზაქარია, ხლათში საომრად არ გამგზავრებულა. მაშასადამე, ხლათის საკითხი ადვილად გადასაწყვეტი ეგონათ ჩვენებს. ჩვენს წინაპრებს ამ ომში ეხმარებოდნენ ადგილობრივი სომხები, რომელთაც უნდოდათ მაჰმადიანი დამპყრობლებისგან გათავისუფლება და სომხეთის სამხრეთ-დასავლეთის შეერთება ქართულ სახელმწიფოსთან. ეს იქნებოდა სომხეთის სრული გათავისუფლება.
არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის მოთხრობით, 1208-1209 წლებში, ქართულ ჯარს აუღია ხლათის სასულთნოს ქალაქი არჭეში. მოსახლეობა ტყვედ წამოუყვანიათ, ქალაქი კი გადაუწვავთ. როგორც ჩანს, არჭეშისა და ვანის სომეხი მოსახლეობა აუჯანყდა მალიქ აუჰადს. აუჰადმა სისხლში ჩაახშო აჯანყება. ჩვენმა წინაპრებმა მიუსწრეს და სასტიკად იძიეს შური აიუბიდებისა და ხლათელების ჯარსა და აგრესიულ მაჰმადიანურ მოსახლეობაზე.
ვანის ტბის ჩრდილო სანაპიროსთან გაშენებული ძველი ქალაქი არჭეში დიდი, მნიშვნელოვანი და მდიდარი ქალაქი ყოფილა. ისტორიული არჭეში ახლა ჩაძირულია წყალში, ვანის ტბაში, წყლის დონის აწევის გამო. ქალაქი მოგვიანებით ცოტა ჩრდილოეთით გადაიტანეს (დღევანდელი თურქეთის ქალაქი ერჯიში).
შაჰ-არმენი – სულთან მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინ აიუბი ქალაქ ხლათში ჩაიკეტა და ვერ გაბედა ქართველებს ბრძოლის ველზე შებრძოლებოდა. მას ქართული ჯარისაც ეშინოდა და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისაც.
აუჰადს დახმარებას იკონიის სასულთნო ვერ გაუწევდა, ჩვენმა წინაპრებმა ის რამდენიმე წლით ადრე დაამარცხეს. მით უმეტეს, უკვე, ხლათი აიუბიდების დიდი იმპერიის ნაწილი გამხდარიყო. აიუბიდები კარგ დამოკიდებულებაში არ იყვნენ იკონიასთან.
მელიქ აუჰადს მოუვიდა დამხმარე ძალები მეზობელი ოლქებიდან, მაგრამ ისინი ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს. აიუბიდების ეგვიპტეს, რომელიც სირიასაც ფლობდა, გაუძნელდებოდა ახლადდაკავებული ხლათის გამო ქართველების წინააღმდეგ დიდი ომი. ეგვიპტეს თავისი პრობლემები ჰქონდა ჯვაროსნებთან და სხვა მიმართულებითაც.
არჭეშის მერე ჩვენი წინაპრები ხლათს მიადგნენ.
ქალაქი ხლათი (ახლათი) ვანის ტბის სანაპიროზეა გაშენებული, მას გარშემო კარგი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, ხოლო სამხრეთიდან ზღვაც იცავდა. ქალაქი უკვე დანებებას აპირებდა, სომეხი მემატიანე კირაკოზ განძაკელის (კირაკოს განძაკეცის) თქმით, ქართველებს დაუმარცხებიათ სულთანი. გამარჯვებით გათამამებულმა მსახურთუხუცესმა, ივანე მხარგრძელმა თან იახლა ოცი მეომარი და ქალაქის კედლის დასათვალიერებლად გავიდა. კედლებთან ყოფნის დროს, როცა ჩვენი ჯარის ძირითადი ნაწილი მოშორებით იდგა, ივანეს ცხენს ფეხი ჩაუვარდა თხრილში და წაიქცა. ხლათელებმა ეს გალავნიდან დაინახეს, ისარგებლეს მომენტით, ქალაქიდან გამოვარდა რამდენიმე ასეული კაცი, დაიჭირეს მხარგრძელი და მისი თანმხლებნი და სწრაფად ციხეში შეიყვანეს. არაბი მემატიანე აბულფედას (აბუ ლ-ფიდა) თქმით, ქართველმა მხედართმთავარმა ღვინო დალია, შეზარხოშდა და თანამეინახე 20 მხედრის თანხლებით, ხლათს მიუახლოვდა და ასე ჩავარდა ტყვედ მთვრალი. მეცამეტე საუკუნის არაბული წარმოშობის გეოგრაფის, ზაქარია ალ-კაზვინის (ყაზვინის) თქმით კი, ხლათელებს სამხედრო მიზნით, მდინარეზე, რომელიც ქალაქს ჩამოუდის, ხიდი დაუზიანებიათ და ზედ თივა დაუყრიათ. ივანეს ცხენი წყალში ჩავარდნილა და ასე დაუტყვევებიათ მხარგრძელი. ამ ცნობის მიხედვითაც ივანე მთვრალი იყო. დაზუსტებით, მართლა მთვრალი იყო თუ არა მხარგრძელი, ძნელი სათქმელია, თუმცა, ფხიზელ ადამიანს, მით უმეტეს, სარდალს. სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.
სარდლის დატყვევებამ აღაშფოთა და დააფიქრა ქართული ჯარის სხვა მეთაურები. ჩანს, ქართველებმა შეტევა ვერ გაბედეს, რათა ხლათელებს არ მოეკლათ მძევალი, მეფის ვაზირი. ეს, მაჰმადიანთათვის სასიხარულო ამბავი, ხლათელებმა დიდ სულთანს, ალ-ადილ პირველს ამცნეს ეგვიპტეში, რომელსაც ძალიან გახარებია და უბრძანებია, მე მომგვარეთო მნიშვნელოვანი ტყვე.
ხლათთან მდგომმა ჯარმა მომხდარის შესახებ სამეფო კარს აცნობა და იკითხა, როგორ მოვიქცეთო. ალბათ, ხლათიდან მათ ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული, თუ შეტევას განაგრძობთ, ივანეს დიდ სულთანს გავუგზავნით ან მოკლავთო.
ეტყობა, ვანის ტბის მხრიდან ქალაქი ხლათი ალყაშემორტყმული არ იყო და ხლათელებს კომუნიკაციისათვის გზა ჰქონდათ. ვანის ტბა საკმაოდ დიდია, 3 574 კილომეტრი , სანაპიროს სიგრძე 430 კილომეტრია და ტბის სანაპიროების გასწვრივ, მთელ პერიმეტრს ქართული ჯარი, რა თქმა უნდა, ვერ დაიკავებდა. ალბათ, ნავები არ ჰქონდა თან ჩვენს ჯარს, რომ იქვე, ტბიდანაც ალყაში მოექციათ ქალაქი და ყველანაირი კომუნიკაცია გადაეკეტათ.
საქართველოს ამირსპასალარმა, ზაქარია მხარგრძელმა შეუთვალა ხლათის მეთაურებს, თუ ჩემს ძმას ქალაქიდან გააგზავნით ან რამეს დაუშავებთ, თქვენ ყველას გაგწყვეტთ, ქალაქს დავანგრევ და თქვენს მიწასაც კი მოვთხრი და საქართველოში წავიღებო!
ხლათელები შეშინდნენ და არ გააგზავნეს ივანე მხარგრძელი. შემდეგ, მოლაპარაკება თვითონ ივანემ გააგრძელა და შეთანხმებაც შედგა. მხარგრძელს თავისი ასული უნდა მიეთხოვებინა ხლათის მელიქისთვის, გადაეხადა 100 000 დინარი და ხლათსა და საქართველოს შორის 30-წლიანი სამშვიდობო ზავი დადებულიყო. ივანე გაათავისუფლეს, მაგრამ ისინი ვისთან ერთადაც ტყვედ ჩავარდა, დროებით, მძევლებად დაიტოვეს. მხარგრძელმა თავისი ასული, თამთა და ფული გააგზავნა ხლათში. აუჰადს დაუბრუნა რამდენიმე ციხე, გაათავისუფლა 5 000 ტყვე.
ეგვიპტე-დამასკო-იერუსალიმის მმართველ აიუბიდთა და ქართველთა შორის მშვიდობა დამყარდა. ივანეს ტყვედ ჩავარდნის გამო საქართველომ ვერ შემოიერთა დასავლეთ სომხეთი. თუმცა, ხლათში, ქრისტიანებს აღარ დევნიდნენ. მათი მდგომარეობა შემსუბუქდა ეგვიპტის სასულთნოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სირიასა და იერუსალიმში. მონასტრებს გადასახადები გაუნახევრეს. იერუსალიმში მიმავალ ქრისტიან მომლოცველთა უსაფრთხოებაზე სასულთნო ზრუნავდა.