№15 მულის გამო, ოჯახი დამენგრა
არასდროს მქონია დაწყობილი პირადი ცხოვრება. რაც გავთხოვდი, დედამთილი და მული სიცოცხლეს მიმწარებდნენ. ჩემ წინააღმდეგ პირი შეკრეს და ისე იქცეოდნენ, რომ ურთიერთობა ამირიეს ქმართან, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და მიყვარდა. ბოლოს, იქამდე მივედი, მივხვდი, დედამთილს კიდევ გავუგებდი, მაგრამ მულთან ლაპარაკსაც არ ჰქონდა აზრი. მათთან ბრძოლა უკვე აღარ შემეძლო და ოჯახიდან წამოვედი. ქმარი ახლაც მიყვარს, მაგრამ იმდენად ჯიუტია, ვერ მაპატია წამოსვლა და აღარ მირიგდება. ვეხვეწები, სადმე ვიქირაოთ ბინა და გადავიდეთ-მეთქი, მაგრამ თავს იკლავს, ამბობს, მე მაქვს სახლ-კარი და არ ვაპირებ კარდაკარ სიარულსო. ვიფიქრე, მული და დედამთილი სახლიდან წამოსვლის მერე მაინც დამანებებდნენ თავს, თვალში რომ არ შევეჩხირები, იქნებ დაწყნარდნენ-მეთქი, მაგრამ უარესი დაემართათ. მული ხან მირეკავს, ხან ქუჩაში მხვდება და ისეთი სიტყვებით მლანძღავს, ყურში რომ არ გაიგონება. ხანდახან ვფიქრობ, მოვკლა, ციხეში წავიდე და დავისვენო. მაგრამ, რა ვუყო სამი წლის ბავშვს, დედის გარეშე ხომ ვერ დავტოვებ, თან იმ საზიზღრების ხელში. ვითომ, ბავშვი უყვართ, მაგრამ ეჭვი მეპარება. რომ უყვარდეთ, მეც ამიტანდნენ, რაც არ უნდა ცუდი ვიყო და ბოლობოლო, მისი ხათრით მაინც გააჩუმებენ ენას, მაგრამ არა! ჩემი ქმარი კი, დედასა და დას უსმენს, მათ ეგება ფეხქვეშ და ჩემი საერთოდ არ სჯერა. ვერ ვხვდები, ასე როგორ გადაუტრიალეს ტვინი, რა აჭამეს და როგორ მოთაფლეს. ისეთი სიყვარული გვქონდა, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა. ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, ახლა კი, ჩემი დანახვაც არ უნდა. ბავშვის წასაყვანად რომ მოდის, ზედაც არ მიყურებს. ამას წინათ, ფული მოვთხოვე, ბავშვისთვის ჩასაცმელების ყიდვა მინდოდა და ასე მითხრა, ჩემი და წაიყვანს და ის უყიდისო. ვითომ, იმას უფრო მეტი გემოვნება აქვს ჩემზე. მაგრამ, ზუსტად ვიცი, ისინი ეუბნებიან, ფული არ მისცეო და ამიტომ არ მომცა. ერთი პერიოდი, ისიც ვიფიქრე, ბავშვს არ ვანახვებ და იქნებ, ჭკუაზე მოვიდეს-მეთქი და ტელეფონით რომ დამირეკა და წაყვანაზე უარი ვუთხარი, თავისი და გამოგზავნა და იმხელა ხმით ყვიროდა ეზოდან, მეზობლები შემიყარა. რაღას ვიზამდი? ჩავაცვი ბავშვს და გავატანე. დამემუქრა, სასამართლოში სარჩელს შევიტანთ და დედობას ჩამოგართმევთო. ნეტავ, როგორ მოახერხებენ ამას? არც საყვარელი მყავს, არც მრუში ვარ და არც ქუჩაში ვდგავარ ფულის საშოვნელად. დედობას კი, იმის გამო, რომ ისინი ვერ მიტანენ, მოსამართლე, ნამდვილად არ ჩამომართმევს. ჰოდა, წავიდნენ და მიჩივლონ. არც ალიმენტს ვითხოვ და მათი საერთოდ არაფერი არაფერი მინდა, უბრალოდ, სანამ ცოტა წამოვზრდი ბავშვს და სამსახურს დავიწყებ, მის გაზრდაში მომეხმარონ ფინანსურად. ფაქტია, საკუთარი სიამოვნებისთვის არაფერი მითხოვია, ჩასაცმელიც მაქვს, დასახურიც და საჭმლით მშობლები და ჩემი ძმა უზრუნველმყოფენ. ჩემები ვიწროდ ცხოვრობენ, ამიტომ მათთან ერთად ვერ ვარ. მათი ბინის გვერდით, პატარა, სარდაფის ტიპის ოთახი გამირემონტეს და მე და ჩემი შვილი იქ ვცხოვრობთ. და ამისთვისაც, მადლობელი ვარ მათი -– ჭერი მაქვს, არ მცივა და არ მწყურია. იმედია, ჩემი ქმარი მოვა ჭკუაზე და მიხვდება, რომ დედა და და კარგია, მაგრამ საკუთარ ცოლ-შვილზე, მათი კაპრიზების გამო, არ უნდა თქვას უარი.
დიანა, 28 წლის.