№15 არ მოუსმინო სხვების საუბარს
ჯოზეფ ტერნესი
როცა მარტინმა ამანდას მოკვლა გადაწყვიტა, არ შეეძლო ეს ამბავი ვინმესთვის არ გაეზიარებინა. ბონი ბაუერს დაურეკა და იმ კაფეში დაუნიშნა შეხვედრა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ პარასკევს ვახშმობდნენ.
მათი საყვარელი მაგიდა თავისუფალი იყო, გვერდით მაგიდასთან კი ქალი და კაცი ისხდნენ. კაცი გაზეთს კითხულობდა და ყავას სვამდა. მისი პარტნიორი კი აშკარად მოწყენილი ათვალიერებდა კაფეში მყოფებს. მისი ყურადღება ორმა მამაკაცმა მაშინვე მიიპყრო. ერთი (ეს იყო მარტინი) განსაკუთრებულად სიმპათიური და ელეგანტური მოეჩვენა. ქმარს ისე გახედა, თითქოს აინტერესებდა, აბა, მხედავს თუ არა, უცნობებს რომ ვაშტერდებიო და როცა დარწმუნდა, კაცს მისთვის არ ეცალა, გაფაციცებულმა დაიწყო მოსმენა, რაზე საუბრობდნენ გვერდით მაგიდასთან.
– მომისმინე, ბონი, გადაწყვეტილია. ამანდა უნდა მოვკლა. ბოლო ორი კვირა სულ ამაზე ვფიქრობ, დრო მოვიდა.
– მარტინ, იქნებ ჯერ ადრეა? ოთხი თვე არც არის, რაც ბარბარა მოკალი. ამჯერად ნუ იჩქარებ.
– არა. უკვე ყველაფერი გავითვალისწინე, – ამანდას მოკვლა მინდა. დამიჯერე, შეცდომას არ დავუშვებ. ზუსტად და შეუცდომლად ვიმოქმედებ. უკვე თითქმის დავგეგმე კიდეც. მომისმინე, მკვლელობა იდეალური იქნება.
– კარგი ერთი, ბარბარას მკვლელობის წინაც ასე ამბობდი, მაგრამ...
– რა მაგრამ? პოლიციამ ხომ ვერ გამომიჭირა. უბრალოდ, მე თავად გადავწყვიტე ტექნიკა დამეხვეწა.
ქალი მთელი ტანით გადაიხარა მეზობელი მაგიდისკენ და სმენად იქცა. სახეზე ფერი აღარ ედო. ხელები აუკანკალდა. პირი გააღო და მძიმედ დაიწყო სუნთქვა. მისი ქმარი ისევ გაზეთით იყო გართული.
– იმედია, არ აპირებ, ორი ქალი ერთი და იმავე მეთოდით მოკლა, – ჩაიცინა ბონი ბაუერმა.
– არა, რა თქმა უნდა. ნელ-ნელა გამოცდილებას ვიღებ, ვიხვეწები.
ქალს შეაჟრჟოლა.
– აი, მოგიყვები, რას ვაპირებ: ამინდას ყველაფერზე ალერგია აქვს. არაქისის კრემიან ნამცხვრებს შევაპარებ. ამას იმ დროს გავაკეთებ, როცა დღესასწაულები იქნება მოახლოვებული.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
– ახლავე გეტყვი. ასეთ დღეებში ყველა საავადმყოფო არ მუშაობს. მხოლოდ მორიგე კლინიკები და ექიმები არიან. მათთან ყოველთვის რიგებია. სანამ ამანდას დახმარებას აღმოუჩენენ, მოკვდება. მე მერე საავადმყოფოს გულგრილობისთვის ვუჩივლებ და სერიოზულ ფულს გადავახდევინებ.
– ანუ, ამ მკვლელობის მოტივი სხვა რამე იქნება?
– ჰო, ასე გადავწყვიტე. როცა ბარბარას მკვლელობა ჩავიფიქრე, მკვლელობის მიზანი დაზღვევა იყო. კარგადაც ვიხეირე.
ქალმა ისევ შეხედა ქმარს. კაცი გაზეთის კითხვას აგრძელებდა, მას არცერთი სიტყვა არ გაუგია იმ საუბრიდან, რამაც მისი ცოლი ლამის ჭკუიდან შეშალა. მან უკვე მტკიცედ გადაწყვიტა უდანაშაულო ამანდას გადარჩენა, რომელიც ამ ანგარებიანი ურჩხულის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. სკამი უფრო ახლოს მიაჩოჩა მეზობელ მაგიდასთან და სმენა დაძაბა. მამაკაცები ისე იყვნენ ლაპარაკში გართულები, რომ ქალის რეაქცია არც შეუმჩნევიათ.
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ალერგია ნაკლებად დამაჯერებელია.
– აბა, რას ამბობ? ამანდას უყვარს ცხობა. ის თავად აცხობს ღვეზელებს და ნამცხვრებს. მე ისღა დამრჩენია, არაქისის ცომში ზეთი შევურიო. ამის გაკეთება ძნელი არ იქნება.
– შენი ბარბარაც ხომ აცხობდა ნამცხვრებს? ეს ცოტა უცნაური და ბანალური არ გეჩვენება?
– არა. ბარბარა სერიოზული კულინარი იყო. სამზარეულოდან არ გამოდიოდა და საკუთარი რესტორნის გახსნასაც კი გეგმავდა, – მარტინმა ხმამაღლა გაიცინა. ქალმა წარმოიდგინა, რა იმალებოდა ამ „ცივი“ გამყინავი სიცილის მიღმა და ხელები ისევ აუკანკალდა. ალბათ, ახლა უნდა წამომხტარიყო და პოლიციაში გაქცეულიყო. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ და ინტერესმა – შემდეგ რა მოხდებოდა, ადგილს მიაჯაჭვა.
მარტინმა ოფიციანტი მოიხმო და ორი ულუფა ბრენდი შეუკვეთა. ის ბონი ბაუერს უყურებდა და აშკარად რჩევას ელოდებოდა, რომელმაც დააგვიანა.
– ბონი, შენ რამე არ მოგწონს?
– არ ვიცი, არ მინდა, იჩქარო და რამე ისე არ გამოვიდეს. პოლიცია ჩაავლებს მკვლელს. ყველაფერი ბანალური, უბრალო და მარტივი იქნება.
– ვერ დაგეთანხმები. თავად ის ფაქტი, რომ ამჯერად ფულს დაზღვევისგან კი არა, საავადმყოფოსგან მივიღებ, რომელსაც უყურადღებობაში და ამანდას სიკვდილში დავდებ ბრალს, ძალიან ორიგინალური და საინტერესოა. თანაც, ბარბარას შემთხვევაში, მკვლელობა ბანალურად მოხდა – ბალიშით გავგუდე მძინარე...
ქალს აღელვებისგან სუნთქვა შეეკრა. მის გვერდით ნამდვილი ურჩხული იჯდა. ქალების მოძულე მონსტრი, ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო. ჯერ გადაწყვიტა თავისი ქმრისთვის გაეზიარებინა, რაც მოისმინა, მაგრამ, როცა შეხედა მის გულგრილ, უშფოთველ სახეს, გადაიფიქრა. შეეცედა, შეუმჩნევლად ამადგარიყო, ბართან მივიდა, ტელეფონი მოითხოვა და პოლიციაში დარეკა.
– ქალბატონო, რაზე ლაპარაკობთ? – გაისმა პოლიციის მორიგის მკაცრი ხმა, როცა მისი ისტორია მოისმინა ქალების მანიაკი მკვლელის შესახებ.
– კი მაგრამ, ზომებს თუ არ მიიღებთ, ამანდა მოკვდება.
– ამანდა ვინ არის? ქალბატონო, რა გინდათ, რომ გავაკეთოთ? მოვიდეთ და ადამიანი მარტო იმიტომ დავაპატიმროთ, რომ რაღაცას ყვება დანაშაულზე?
– თქვენ ხომ არ დაუშვებთ იმას, რომ უდანაშაულო ქალი მოკლან?
პოლიციელმა ამოიოხრა.
– დამშვიდდით, ქალბატონო. ემოციებს ნუ აჰყვებით...
ქალმა ტელეფონი დადო და უმწეოდ მიმოიხედა. გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო. იქვე მდგარ ბოთლს ხელი დაავლო, ერთი ნახტომით მაგიდასთან გაჩნდა და „მკვლელს“ მთელი ძალით ჩაარტყა თავში. მარტინი იატაკზე გაიშხლართა...
– მკვლელო, ურჩხულო, მიიღე... შენ ვეღარავის მოკლავ! – იწივლა ქალმა, – ახლა ამანდას ვეღარაფერს დაუშავებ!
პოლიცია რომ მოვიდა, ქალი საკუთარ ქმარსა და კაფეს ორ ოფიციანტს ჰყავდა გაკავებული. ექიმები ცოცხალ-მკვდარ მარტინს დასტრიალებდნენ.
– ის ამანდას მოკვლას აპირებდა, ერთი ცოლი უკვე მოკლა!
– ქალბატონო რას ამბობთ, მარტინ კორნერი დეტექტივებს, ბესტსელერებს წერს. მე მისი გამომცემელი ვარ და ამ მაგიდასთან ახალი დეტექტივის დეტალებს განვიხილავდით. გესმით, მაინც, რა ჩაიდინეთ? შეიძლება, თქვენ ის მოკალით კიდეც.