№15 ჯაზმენი
– ამ ბავშვს კარგი სმენა აქვსო! – შეაქო ბესო ნოდარი ძიამ, როცა მამის დაბადების დღეზე, ნუნუ გაბუნიას „ლეგენდა თბილისზე“ იმღერა. მანამდეც, ხელნაკეთი პირის გარმონის – პერგამენტის ქაღალდგადაკრული სავარცხლის ბზუილით აკლებული ჰყავდა ბებიამისი.
მშობლებმა ჯერ ფორტეპიანოზე შეიყვანეს, მაგრამ ოთხწლიანი წვალების შემდეგ იქიდან გამოვიდა და გიტარის წრეზე შევიდა. იქ გაიცნო თავისი მომავალი ანსამბლის წევრები: სოლო-გიტარისტი დათო, მისი ძმა – ბას-გიტარისტი სანდრო, ბიჭიკო – დასარტყამ ინსტრუმენტზე, ვოკალი – მედიკო, თვითონ კი, რითმ-გიტარაზე უკრავდა და მედიკოსთან დუეტში მღეროდა. „ბითლზის“ სიმღერებით დაიწყეს და ანსამბლსაც მათი ერთ-ერთი კონცერტის სახელი – „სერჟანტ პეპერსი“ დაარქვეს.
ნელ-ნელა იკვრებოდა, იხვეწებოდა „სერჟანტ პეპერსი“. ანსამბლის ხელმძღვანელობა დათომ ითავა. სიმღერებს, ძირითადად, „ბითლზის“, „როლინგ სთოუნის“, „სმოკისა“ და „აბბას“ რეპერტუარებიდან ასრულებდნენ. ჯერ თუ ახლობლებისა და მეგობრების წინაშე გამოდიოდნენ, შემდეგ წრე გაიზარდა და რამდენიმე კონცერტი რაიონის კლუბებშიც ჩაატარეს. ყოველდღიურმა რეპეტიციებმა, გასტროლებმა, მუდამ ერთად ყოფნამ ბესო და მედიკო ისე დაახლოვა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება ვეღარ წარმოედგინათ. მალე ერთმანეთს სიყვარული გაუმხილეს და შესაუღლებლად, შესაფერის დროს ელოდებოდნენ.
ერთ დღეს, დათომ სიხარულით აცნობა ანსამბლის წევრებს:
– რესტორნიდან გვაქვს მოწვევა, შვიდიდან თორმეტ საათამდე, ყოველ საღამოს უნდა გამოვიდეთო! – გაიხარეს ანსამბლის წევრებმა, განსაკუთრებით ბესომ და მედიკომ, მართალია, დატვირთვა დიდი იქნებოდა, სამაგიეროდ ჯიბის ფული გაუჩნდებოდათ და ოჯახის შექმნას შეძლებდნენ.
***
ბესო უკვე რესტორანში უკრავდა, მამიდაშვილმა ლუი არმსტრონგის ჩანაწერი ძალით რომ მოასმენინა. შავკანინი კაცი მღეროდა, ჩახლეჩილი ხმით. სიმღერას, დროდადრო, საყვირის გამყინავი ხმა ენაცვლებოდა. რას შეედრებოდა „ბითლზის“ მელოდიურ სიმღერებს, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, საყვირზე გენიალურად უკრავდა. შიგადაშიგ რომელიმე ნოტს „ჩააგდებდა“, რასაც მსმენელთა ტაში მოსდევდა, ეტყობა, მისი ხელწერა იყო. არ მოეწონა, ვერ მიხვდა, რა იყო ჯაზში ის „რაღაც“, რასაც მისი ყური ვერ სწვდებოდა. მაინც გამოართვა კასეტა, სახლში ორჯერ მოუსმინა და რადგან მაინც არ მოეწონა, გვერდზე გადადო.
ზაფხულში, ზღვაზე რომ ისვენებდა, იქ აეკვიატა ლუი არმსტრონგის სიმღერა, არ მოასვენა, ძილშიც კი ჩაესმოდა. რომ ჩამოვიდა, პირდაპირ მაგნიტოფონს ეცა და არმსტრონგს მოუსმინა, მოუსმინა და დაისვენა, აი, თურმე, რა აკლდა. ხედავ, ჯაზი რომ მოგეწონოს, მარტო მოსმენა არ კმარა, განწყობა და დრო გჭირდება – დრო მონატრებისა.
თუ მოსმენისას, შენდაუნებურად, ფეხზე გადადებული ფეხი ტაქტში აგაქანავებინა, თვალები დაგახუჭინა და ცერი შუათითზე გატკაცუნებინა, ესე იგი, ჯაზმა თავი უკვე შეგაყვარა. ლუი არმსტრონგი, კიდ ორი, დეივ ბრუბეკი, ელა ფიცჯერალდი, ბენი გუდმანი, ჯორჯ ბენსონი... თვალდახუჭული უსმენდა, უსმენდა და ნეტარებდა, ნეტარებდა და იქ იყო, ამ სულით ლამაზ ხალხთან. იქ იყო და თვითონაც მათ გვერდით უკრავდა, თითოეული კომპოზიცია უყვარდა, თითოეულ ნოტს ეალერსებოდა. გიტარა გვერდზე გადადო და საქსოფონზე დაკვრის სწავლა დაიწყო. როკს, ადრე თუ სიამოვნებას ჰგვრიდა, ახლა ძალდატანებით უკრავდა. რესტორანში მის გამოსვლებსაც შეეტყო ჯაზის გავლენა, რაზეც, ანსამბლის წევრები საყვედურობდნენ, მაგრამ ის მაინც თავის აზრზე იდგა
– ანსამბლის მომავალი ჯაზიაო! ვერ გაუგეს გუნდის წევრებმა ვერც ჯაზს და ვერც მას.
– შენ, ანსამბლს ისე სჭირდები, როგორც ავტომანქანას მეხუთე ბორბალიო! – ერთ მშვენიერ დღეს გამოუცხადა დათომ. რა უნდა ექნა, წამოვიდა და ჯაზ-ბენდის ჩამოყალიბებაზე დაიწყო ფიქრი. კონსერვატორიის ბიჭები გაიცნო – ჯაზმენები: კონტრაბასისტი თამაზი, ფორტეპიანისტი გიორგი და დასარტყამ ინსტრუმენტზე – კახა. თვითონ კი, საქსოფონზე უკრავდა. მედიკოსაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო:
– ჯერ შენ სცადე და თუ გაგიმართლებს, მეც გადმოვალო!
არ გაუმართლა – არცერთმა საკონცერტო დარბაზმა სცენა არ დაუთმო, რაიონებიდან მოწვევა ვერ მიიღეს, რესტორნებმაც, ჯაზის შესრულება არ მოინდომეს. გაუჭირდა ბესოს, ჯიბის ფულს მედიკოს ართმევდა. უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ახალგახსნილი, ამერიკული სტილის რესტორნიდან რომ მიიღეს მიწვევა. არავის გაუმხილა, სიურპრიზად შეინახა.
***
Hello Dolly – მღერის ლუი არმსტრონგის ჩახლეჩილი ხმით, თან სახიდან ოფლს იწმენდს. ძნელია, ამხელა შინაგანი ემოციის ერთად ამოხეთქვა. დროდადრო სიმღერას წყვეტს, საქსოფონს ტუჩებზე მიიდებს და მისი მოგუდული ყივილი აგრძელებს მელოდიას. ხალხი ჭამას თავს ანებებს, სცენისკენ მოუტრიალებიათ თავები, ტაში... ეს უკვე გამარჯვებაა! შინგ, შინგ, შინგ – დაიწყო ახალი მელოდია, ეს სვინგის მეფის – ბენი გუდმანის საყვარელი კომპოზიციაა, ის უკრავს კლარნეტზე ვირტუოზულად. დარბაზში წყვილი შემოდის, დათო და მედიკო? ნეტავ ვინ უთხრა, საიდან გაიგეს? როგორ უყვარს ორივე – შეყვარებული და მეგობარი – მაინც მოაგნეს, მოსალოცად მოვიდნენ. ამ სიმღერას დაასრულებს, მედიკოს სცენაზე აიყვანს და სახალხოდ ხელს სთხოვს... წყვილები საცეკვაოდ გამოდიან, ჩამოეფარნენ, ვეღარ ხედავს... რა, მოცეკვავეებს შორის მიიპარებიან, დარბაზიდან გადიან?!
Take Five – უკრავს ბენდი დეივ ბრუბეკის ცნობილ რეგტაიმს...