№15 როგორ აკონტროლებდა ომის შემდეგ გაქცეულ ბობოლა ფაშისტებს ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერიას სადაზვერვო გენია მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლებოდა, რომ მისი ქვემდებარე უწყება მიმდინარე საქმეებს დიდი წარმატებით ახორციელებდა, არამედ მას (ბერიას) გააჩნდა უნარი, რამდენიმე სვლით ადრე დაეგეგმა და განეხორციელებინა მოვლენები, რომელზეც მოცემულ მომენტში, ბერიას გარდა, არავის არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. ამის ნათელი დასტურია ის, რომ ჯერ კიდევ გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფაშისტური გერმანია საბჭოეთის ტერიტორიაზე იბრძოდა, ბერიამ დაიწყო დამარცხებული ჰიტლერელების კონტროლზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. გენერალი პავლე ფიტინი ყვებოდა: „ფაშისტებს ჩვენი ტერიტორიები ჰქონდათ ოკუპირებული და ჯერ კიდევ გააფთრებულები გვიტევდნენ, როდესაც ბერიამ დამიბარა და მითხრა:
– დაზვერვაში გამოცდილი კაცი ხარ და აბა, ერთი მითხარი, საზღვარგარეთ კონსპირაციული ორგანიზაციის მუშაობის აწყობას რა დრო სჭირდება?
– ორი. მაქსიმუმ, სამი წელი. ეს იმ შემთხვევაში, თუკი კონსპირატორებს სათანადო გამოცდილება აქვთ, – მივუგე ბერიას.
– მეც ასე ვივარაუდე. ამიტომ, ახლავე უნდა შევუდგეთ დამარცხებული ჰიტრელელებისთვის საიმედო „კრიშის“ შექმნას ბრაზილიასა და არგენტინაში, – მითხრა ბერიამ.
ლავრენტი პავლოვიჩისგან ასეთი ინიციატივები ჩემთვის სიახლე არ იყო და მივხვდი, რომ რაღაც გრანდიოზული ჰქონდა წინასწარ დაგეგმილი. ამიტომ უხმოდ მივაჩერდი, რათა თვითონვე განემარტა ყველაფერი.
– რატომ არაფერს მეკითხები? – გაეცინა ბერიას.
– ალბათ, თქვენ თვითონვე მეტყვით, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვთქვი მე.
– კი, გეტყვი. საქმე ისაა, რომ როგორც კი ფაშისტები დამარცხდებიან, ცოცხლად გადარჩენილი მათი ბობოლები ვირთხებივით გაიქცევიან, ვფიქრობ, შორს, სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიასა და არგენტინაში. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მათ საიმედო დახვედრა უნდა მოვუწყოთ. გასაგებია?
– საიმედო დახვედრაში მათ დაპატიმრებას გულისხმობთ?
– არავითარ შემთხვევაში. მათი დაპატიმრება დიდად ეფექტური არ იქნება და მხოლოდ სამხედრო დამნაშავეებს დავსჯით. მთავარი მათი კონტროლია. ისინი, აუცილებლად შექმნიან საიდუმლო კავშირ-ორგანიზაციებს და თავიანთი მოძრაობის აღორძინებას შეეცდებიან. ჩვენ კი მათ უკვე მზა ორგანიზაციები უნდა დავახვედროთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ.
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ.
– და კიდევ, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ამ ოპერაციისა ისაა, რომ ამ ადამიანების ხელში იქნება აურაცხელი ქონება, რომელსაც გადამალავენ. ამ ადამიანებზე თვალყურით ჩვენ მათ ქონებასაც გავაკონტროლებთ და ეტაპობრივად ხელში ჩავიგდებთ კიდეც. საბჭოთა კავშირს არ აწყენს ეს ქონება, რადგან ომის მერე ქვეყანა აღსადგენი და ფეხზე დასაყენებელი იქნება.
– გასაგებია, ამხანაგო ბერია. ჩვენ უწყებას რა ევალება?
– თქვენს უწყებას, ანუ საგარეო დაზვერვას ევალება, რომ უახლოეს მომავალში არგენტინასა და ბრაზილიაში საიმედო აგენტურული ქსელის მეშვეობით შექმნან იატაკქვეშა პროფაშისტური ორგანიზაციები. დაუკავშირდნენ ფაშისტებს და სოლიდარობის გამოცხადების პარალელურად, მეორე მსოფლიო ომში მათ სხვა სახის დახმარებებიც შესთავაზონ. ანუ, ნდობაში შევიდნენ მათთან, რაც ნაყოფს ომის შემდეგ მოიტანს. გასაგებია?
ბერიამ ყველაფრის ძალიან მკაფიოდ, გასაგებად ფორმულირება იცოდა. რომ იტყვიან, „დაღეჭილს მოგაწვდიდა“ და ერთი კვირის შემდეგ ბუენოს-აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში, ჩვენი რეზიდენტურები გაძლიერებულად ამოქმედდნენ“.
ბერიას მიერ შემუშავებულ ოპერაციას „კრახი“ ეწოდა და სიმბოლურადაც, რადგან როდესაც ის დაიწყო, ფაშისტები ჯერ კიდევ ძალიან ძლიერები იყვნენ. იდგა 1943 წლის მარტი და დიდი სამამულო ომის მთავარი ბრძოლები კიდევ წინ იყო. ბერიამ კი, რომელიც დარწმუნებული იყო ფაშისტების გარდაუვალ კრახში, წინასწარ დაიწყო მზადება მათ საკონტროლებლად და გამოსაყენებლად, რაც უმაღლეს დონეზე გამოუვიდა.
1943 წლის მარტის მიწურულს, საბჭოთა დაზვერვის აგენტებმა არგენტინასა და ბრაზილიაში შექმნეს კომერციული გადაზიდვის ფირმები. სინამდვილეში, ეს ფირმები იყო პროფაშისტურად განწყობილი ორგანიზაციები და დაკავშირებული იყო ვალტერ შელენბერგის, გერმანიის ფაშისტურ დაზვერვასთან. მთელი ორი წლის განმავლობაში ისინი თანამშრომლობდნენ ფაშისტებთან და პატარ-პატარა საოკეანო გადაზიდვებს ახორციელებდნენ. თანდანთან ნდობაში შედიოდნენ ჰიტლერელებთან და აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს „ფანატიკოსი ლათინელი ჰიტლერელები“ სინამდვილეში საბჭოთა მზვერავები იყვნენ, რომლებიც დიდი თამაშისთვის ამზადებდნენ ნიადაგს მაშინ, როდესაც ფაშისტებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ საბჭოთა კავშირთან ასე სასტიკად დამარცხდებოდნენ... გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ოპერაცია „კრახს“ ერთი სავალალო, ტრაგიკული ფურცელიც ახლავს თან, რის შესახებაც მინდა მოვუთხრო მკითხველს. საქმე ისაა, რომ როდესაც „კრახის“ ფინანსურ მხარეს ვიხილავდით, გენერალ-მაიორმა სერგეი ილარიონოვმა შეიტყო, რომ ამ ოპერაციის საწყისი ხარჯები ათ მილიონ დოლარს შეადგენდა (ეს თანხა 1943 წელს კოლოსალური იყო), ბერიას პირდაპირ უთხრა, – არ ღირს ამ ბუნდოვანი წამოწყებისთვის ასეთი კოლოსალური სახსრების გადაყრა. ეს ფული ომში გამოვიყენოთ, თანაც, ვფიქრობ, ამხანაგი სტალინი არ მოგვიწონებს ამ ავანტიურას...
ილარიონოვი „ენკავედეს“ ფინანსისტი იყო და თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, ყველა საიდუმლო ოპერაციაზე ჰქონდა ინფორმაცია. ის, აგრეთვე, ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი იყო „ენკავედეში“, ვისაც ბერიას გვერდის ავლით შეეძლო აუდიენცია სტალინთან. როგორც ეტყობა, ამან დააკარგვინა სიფრთხილე და ასე გაკადნიერდა. როგორც კი განხილვა დასრულდა, ილარიონოვი ბერიას მისაღებში დააპატიმრეს, ორ დღეში გაასამართლეს და მეორე დღეს დახვრიტეს კიდეც... სამწუხარო ფაქტია. თუმცა, ილარიონოვის პროგნოზი არ გამართლდა და „კრახმა“ მრავალჯერადი ეფექტი მოიტანა. მათ შორის, ფინანსურიც. როგორც შემდგომ გაირკვა, ფაშისტების გადამალული ქონება, რაც საბჭოეთში 1948 წლამდე გამოიზიდა, მილიარდ დოლარს აჭარბებდა...“
ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებული „კრახი“ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე გრძელდებოდა და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლამ მოუღო ბოლო.