№15 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მყავს შეყვარებული და მინდა, მასზე დავქორწინდე, მაგრამ ჩემს მშობლებს არ მოსწონთ ჩემი რჩეული, შეუფერებლად მიაჩნიათ, რადგან მისი ოჯახი არ არის მატერიალურად შეძლებული. ვიცი, რომ მშობლების სურვილს პატივი უნდა ვცე, მაგრამ არც საყვარელი ადამიანი მეთმობა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მშობლის მოსმენა და დაჯერება აუცილებელია ქრისტიანისთვის, მაგრამ ქორწინების საფუძველი სიყვარულია და არა ბრმა მორჩილება. წმიდა წერილი გვამცნობს: „დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივენი იგი ერთ ხორც“ (მათე 19,5). აქედან გამომდინარე, ადამიანს მეუღლესთან უფრო მეტი კავშირი აქვს, ვიდრე მშობლებთან. ქორწინება არ უნდა ხდებოდეს ანგარებით. მოუსმინეთ თქვენი სინდისის ხმას, რომელიც უფლის ხმაა და მოიქეცით ამის შესაბამისად.
კითხვა: როდესაც ხდება ყოფილი მეუღლეების ჯვრის აყრა, უნდა ესწრებოდნენ თუ არა ამ რიტუალს ორივე – ქალიც და მამაკაციც?
პასუხი: თუ ორივე მხარე თანახმაა, მაშინ არ არის აუცილებელი ორივეს დასწრება, ისინი ჯვარაყრილებად ჩაითვლებიან.
კითხვა: როგორ მივხვდეთ, არის თუ არა უფლის ნება, როდესაც კარიერაში წინსვლა გვაქვს ან მაღალ თანამდებობაზე გვირჩევენ?
პასუხი: თუ ადამიანი ამისკენ არ ილტვის, არ უსურვებს სხვას ბოროტებას და ფეხსაც არ უდებს, მაშინ მისი წინსვლა უფლის ნებაა და ღმერთი დაეხმარება. ზოგადად, ყველაფერი უფლის ნებით და დაშვებით ხდება.
კითხვა: როდესაც გავთხოვდი, ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც ყველა ურწმუნოა – მეუღლე, დედამთილი, მამამთილი. ახლა უკვე შვილები მყავს და ძალიან განვიცდი, ხომ არ გადავა მათზე ოჯახის წევრების ცოდვები?
პასუხი: მშვიდად იყავით. ბავშვებზე ოჯახის წევრების ცოდვები არ გადავა. შეეცადეთ, თქვენ იცხოვროთ ეკლესიურად და იყოთ მაგალითი შვილებისთვის, ამით დაეხმარებით მათ და გაუხსნით გზას უფლისკენ.
კითხვა: ძალიან მიჭირს წყენის დავიწყება. უსამართლოდ როცა მექცევიან, გული მტკივა და წყენას ვერ ვივიწყებ. ეს მამიმებს. თან, ვიცი, რომ ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია, მიუტევო ადამიანს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: როდესაც გაწყენინებენ, გაიხსენეთ, როგორ ტანჯავდნენ მაცხოვარს, როგორ მიიყვანეს სრულიად უდანაშაულო სიკვდილის პირას, ის კი ჯვარცმული ამბობდა: „უფალო, შეუნდვენ მათ, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან“.
კითხვა: როგორ ამოვიცნოთ ცოდვა?
პასუხი: ყველაფერი ცოდვაა, რაც შეურაცხყოფს სინდისს და ატკბობს ხორცს.