კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ჭეშმარიტი რწმენა

ცხოვრებისეული საზრუნავის ზღვა
ჩვენი ცხოვრება, თითქოსდა, ცურვაა ცხოვრებისეული საზრუნავის ზღვაში, როგორც ზღვაზე მყოფს ემუქრება სიკვდილის საფრთხე – ცხოვრებისეული საზრუნავების ზღვაში სულის დაკარგვის განუწყვეტელი საშიშროებაა. ტალღები – ცოდვებია, ცდუნებები და განსაცდელები, რომელთანაც ქრისტიანი გამუდმებულ ომს უნდა აწარმოებდეს.
ყველაზე ვერაგი ტალღა, რომელიც დაღუპვით გვემუქრება – ესაა ურწმუნოება. იცის, რა ეს, ადამიანის მოდგმის მტერი – ეშმაკი – ყოველნაირად ცდილობს, აღმოფხვრას ჩვენი გულიდან სარწმუნოება და ყველგან ურწმუნოება აღაზევოს. ამიტომაც მტკიცედ უნდა ვიდგეთ ამ ვერაგი ტალღის წინააღმდეგ. ამიტომაც გვაფრთხილებდნენ მაცხოვარი და მისი მოწაფეები – მოციქულები – შეუდრეკელად ვმდგარიყავით რწმენაში.
მეორე ტალღა ცხოვრებისეული ზღვისა არანაკლებ ვერაგია – ეს არის მიწიერი საზრუნავები, ყოფაცხოვრებითი პრობლემები. „... ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან რა ვსვათ?...“ (მთ. 6,36), – ახსენებს უფალი თავის მიმდევრებს, ანუ ნუ დავიმძიმებთ თავს ცხოვრებისეული საზრუნავებით. უფრო მეტად უკვდავი სულისთვის უნდა ვიღვაწოთ. მიუხედავად ამისა, ადამიანს არაფერი ისე არ აკავებს, როგორც ყოფაცხოვრებითი ზრუნვა და ფიქრი – ისე რომ, ის ივიწყებს ღმერთს, მარადიულობას და საკუთარ უკვდავ სულსაც.
მესამე ტალღა – ჩვენი ცოდვილი ვნებები და ცუდი ჩვევებია, ვის არ გააჩნია ისინი? უთხარი, მაგალითად, მემთვრალეს, რომ მიატოვოს სმა – არაა საგონებელი, რომ მოგისმინოს. და ამის მსგავსი ჩვევები რამდენიმე აქვს თითოეულ ჩვენგანს? ეს ჩვევები უნდა დათრგუნოს და მოაკვდინოს.
არსებობს მხსნელი ხომალდი – ეს არის ტაძარი ღვთისა, სადაც ცხოვრებისეული ზღვით დაღლილნი სიმშვიდეს ვპოულობთ. აქ გველოდება წყნარი ნავსაყუდელი – მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომელთანაც უფრო ხშირად უნდა მივირბინოთ, რათა ცხოვრებისეული ზღვის ცოდვილ ტალღებს განვერიდოთ, ვძლიოთ მათ და ვეწიოთ ამგვარი ცურვის საბოლოო მიზანს – ცათა სასუფეველს. ამინ!

სიკვდილის შესახებ
სიკვდილზე ფიქრს ძალუძს, ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც ის და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით – როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარდგება იგი ღვთის სამსჯავროზე.
ცოდვილონო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძილისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისათვის. საშინელია ყველასთვის ის წამი – წმიდანები მისი გახსენებისას ტირიან, ცოდვილები კი – არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს.
უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე, ან უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი, რომლებმაც განცხრომაში, უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? განეშორნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი, იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც  საქმეთა მიხედვით განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მივიქცეთ წმიდა გულით ღვთისაკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს.
სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში! ამინ!скачать dle 11.3