№15 რას სთხოვენ დღეს სასულიერო პირები იესო ქრისტეს, ამქვეყნად რომ მოვიდეს და რატომ აბრკოლებენ ისინი სხვა ადამიანებს
8 აპრილს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ის მოვლენები, რომელიც დიდმარხვის პერიოდში იხსენიება, ეკლესიამ სპეციალურად დაგვიდგინა და ყოველ წელს შეგვახსენებს, როგორ ვიღებთ დიდებით იესო ქრისტეს, რომელსაც ერთ კვირაში ჯვარზე ვაცვამთ. მაგრამ მაცხოვარი ადამიანების სიყვარულისთვის მკვდრეთით აღდგა და კიდევ ერთხელ მოგვცა გადარჩენის საშუალება. დღეს მიმდინარე მოვლენების შესახებ, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– დღესაც რომ შემოვიდეს ქრისტე საქართველოში, ვერ ნახავს ნორმალურად ჩაცმულ-დახურულ, ნორმალური გამომეტყველების მქონე ადამიანს. იესო ქრისტე ამ ყველაფრის დანახვისას იტირებს, ისევე როგორც ის ტიროდა იერუსალიმში შესვლისას. ჩვენ ყოველთვის სხვებზე ვამბობთ: რა ცუდები არიან, ეს როგორ გააკეთეს... იესო ქრისტე კი, უპირველეს ყოვლისა, ტირის ჩვენზე, რადგან ჩვენ ის არ გვიყვარს. არ გვიყვარს ისე, როგორც უნდა გვიყვარდეს. ის ადამიანი უფრო მეტად გვიყვარს, ვინც გვაქებს, გვადიდებს, ვიდრე მაცხოვარი. ეკლესიაში როცა იმყოფებით, დააკვირდით, როგორ იქცევით და მიხვდებით, რომ არ გიყვართ იესო ქრისტე. თქვენი მეუღლეები, მომავალი მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე მაცხოვარი. საქართველოში ილია მეორე უფრო მეტად უყვართ ვიდრე იესო ქრისტე. საქართველოში პატრიარქის, ილია მეორის რელიგიაა და ეს არ არის მისი ბრალი. ამიტომაც გვეუბნება პატრიარქი: არაფერი გეშველებათ, ისეთ მდგომარეობაში ხართო.
– რატომ ამბობს ამას საქართველოს პატრიარქი?
– იმიტომ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, იესო ქრისტეს შევაქციეთ ზურგი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი გვეუბნება: თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავითო. ვინმე იცავს მის მცნებებს? მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ: რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, როდის არის ესა თუ ის დღესასწაული. „ვაი ქრისტიანები“ ვართ და წარმოდგენა არ გვაქვს, სად მივდივართ, რისთვის მივდივართ ეკლესიაში. საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაციაა. როგორც საუზმეს, სადილს, ვახშამს, დღეს ისე გაწვდიან უარყოფით ინფორმაციას. გამორთეთ ტელევიზორი, რომ მერე არ თქვათ გაბრაზებულებმა: ეს რა თქვა, ეს რა ეცვა, ეს ვინ იყო. მტვერი გადაწმინდეთ ბიბლიაზე და წაიკითხეთ იოველ წინასწარმეტყველი, რომელიც ერთ-ერთი მცირე წინასწარმეტყველია. მეორე თავის მე-12 მუხლში წერია: როცა ზარი დაგეცემათ, შეიკრიბეთ, იმარხულეთ, ტანისამოსი კი არ დაიხიოთ, გულები დაიხიეთო. ამას გვეუბნება ჩვენც, ქართველებს. როცა მარხულობთ, გული უნდა განიწმინდოთ. რომ შეიკრიბებით, ნუკი განიკითხავთ ერთმანეთს, მოეფერეთ, ხელი ჩაჰკიდეთ და თვალებში ჩახედეთ. გული გაგისკდება, როდესაც ხედავ, ეკლესიაში როგორ დგანან ირანელები. ისინი ხმლით კი აღარ შემოდიან საქართველოში, არამედ ტურისტული საგზურებით. გვათვალიერებენ. ეზეკიელთან მიდიან ბაბილონის ელჩები და ეს უგუნური მეფე წაიყვანს მათ, აჩვენებს ყველა საგანძურს, იარაღები სად აქვს შენახული, ცხენების რემა... რომ წავიდნენ, ესაია ეუბნება მას: რა გააკეთე, ყველაფერი რომ აჩვენე, ისინი წავლენ, მოემზადებიან და დაგიპყობენ. შემდეგ, შენ რომ მოკვდები, შენს შვილს წაიყვანენ მოსამსახურედო. ასე მოგვივა ჩვენც. ვიღაც ჩამოვა, თან გადავყვებით: ნახეთ, რა სიმდიდრე გვაქვს, რა ჰაერი გვაქვს, ბუნება. მერე მოდიან, ყიდულობენ და სახლდებიან ჩვენს სოფლებში, ჩვენს ტერიტორიებზე. ჩვენ კი რუსეთში, ამერიკაში, ევროპაში მივდივართ, ისინი აქ მოდიან. მერე გვიკვირს, რატომ გვითხრა პატრიარქმა: ასე ნუ გააკეთებთ, ან ისე, თორემ თქვენ არაფერი გეშველებათო. გვეშველება, თუ კარგად ვიმარხულებთ, გულს დავიხევთ, სინანულში ვიქნებით.
– დღეს ეკლესიას ბევრი ებრძვის. შეიძლება ითქვას, რომ ამას ხშირად ზოგიერთი სასულიერო პირი, მრევლის გარკვეული ნაწილი უწყობს ხელს.
– სამწუხაროდ, ბევრი სასულიერო პირი იქცევა ცუდად. ხელს ურტყამენ, საფლავებს თხრიან, საშინელებებს აკეთებენ და ამით მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს. ხემ უთხრა ცულს: ჩემი ბიძაშვილი რომ არ გყავდეს ტარად, ვერ მომერეოდიო. მღვდელი რომ ხარ, სახარება მაინც წაიკითხე ან პატრიარქს ჰკითხე: როცა ბრაზდები, როგორ უნდა მოიქცე. უნდა მოითმინო, უნდა ილოცო, იმარხულო, სამაგალითო, წესიერი ადამიანი უნდა იყო. ნორმალურები თუ დავრჩებით, გვეტყვიან: თქვენ ნორმალურები ხართ, ასე რომ იქცევით, კაცი კაცზე რატომ არ ქორწინდებაო, ქალი ქალზე, რატომ არ ხარ საშინელი და ცუდი ადამიანიო. რომ მოვიდეს დღეს იესო ქრისტე საქართველოში, ერთი ეპისკოპოსი ეტყვის: დიდება, იესო ქრისტე, შეგვიძეხი „ნატოში“, მეორე ეპისკოპოსი: „ნატოში“ რა გვინდა, შეგვიძეხი ამერიკაში, მესამე: ამერიკაში რა გვინდა, რუსეთში და ასე შემდეგ. იესო ქრისტემ სასუფეველში უნდა შეგვიყვანოს: სასუფეველი კი არც „ნატოშია“, არც ამერიკაში და არც რუსეთში. ჩვენს გულებშია სასუფეველი. იერუსალიმი ჩვენი გულის სიმბოლოა. თითქმის ყველა შოუ, ყველა ტელევიზია, საინფორმაციო საშუალება იწყება სასულიერო პირზე საუბრით. ებრძვიან ეკლესიას? შენ თვითონ ებრძვი ეკლესიას. როდესაც ასე იქცევი, შენ თავად აბრკოლებ სხვა ადამიანებს. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ უნდა გავუღოთ იესო ქრისტეს კარი და შემოვუშვათ ის ჩვენს გულში. როცა იესო ქრისტე ამხილებს ფარისევლებს, მწიგნობრებს, ვაი ქრისტიანებს, მაშინვე იტყვიან ისინი: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! ასეა დღეს ჩვენთან: გინახავთ მაღალი სასულიერო პირები ეთქვათ რომელიმე რეჟიმზე, რომ არ ვარგოდა, ხმამაღლა უმხილებია ვინმე? ეს ეკლესიამ უნდა თქვას, რადგან ეკლესია სიმართლის სადარაჯოზეა. თუ ეკლესია სიმართლის მთქმელი არ არის, ის ირყვნება და ეძახიან „აპოკალიფსის მეძავს“. როდესაც ის მეძაობს ეკუმენიზმში, არ ამბობს სიმართლეს. ახლაც, თითქოს, ყველაფერი კარგად არის და არავინ არაფერს ამბობს იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თუ სიმართლე არ ვთქვით, ჩვენი ქვეყანა ისე გადაგვარდება, ვერაფერს მოვახერხებთ. ჩვენ ყველაფერზე მუდმივად თანახმა ვართ, რასაც გვთავაზობენ მაშინვე ვიღებთ. რუსებს რომ გადავყვებოდით, მერე ამბობდნენ: ესენი გიჟები არიან, ფული არ აქვთ და სხვას კი თავზე ყვებიანო. ახლაც ასე ვართ: თან ვყვებით ამერიკელებს, ევროპელებს. გაივსო ქვეყანა არაბებით, ირანელებით, თურქებით, რომლებიც გვითვალთვალებენ. მთელი სოფლები დაიცალა და ისინი აპირებენ დასახლებას. თუ ასე მოვიქცევით, აღვიგვებით პირისაგან მიწისა. მაცხოვარი, მხსნელი არის იესო ქრისტე და არა რომელიმე პიროვნება ან ამერიკა, ევროპა და რუსეთი. ებრაელი ხალხი იმიტომ განაბნია მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ, წარმართებმა, დავინახოთ: თუ ისინი არ დაინდო ღმერთმა, თქვენ რა დაგემართებათ. ერთადერთი ხალხი იყო ებრაელები, რომელთაც თავიანთი ტაძარი ჰქონდათ, სწორი ლიტურგია და მსხვერპლიც იწირებოდა. ახლა ტაძარიც არ აქვთ, აღარც მსხვერპლი იწირება. ებრაელები მძიმე მდგომარეობაში არიან, გოდებენ, რადგან სადაც სოლომონის ტაძარი იყო, იქ არის ფრთებიანი ალ-აქსას მეჩეთი. ებრაელები ითმენენ მესამე მსოფლიო ომამდე, ეს ბეჭედი დაიმსხვრევა, თქვენი თვალით ნახავთ, მოვა ანტიქტრისტე, რომელიც მთელ მსოფლიოში გაბატონდება. ეს თუ არ გვითხრა ვინმემ, არაფერი გვეცოდინება, თქვენით ვეღარ მიხვდებით, ისე დაგვიბნელდება გონება. თუმცა 24 საათი ინტერნეტში, ტელევიზიასთან ვიქნებით. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი არის სიყვარული და თუ ასე ვიცხოვრებთ, ჩვენს გულებში დაემკვიდრება სასუფეველი ცათა. ყველა ადამიანი დაიმკვიდრებს სასუფეველს, ვინც გულში იესო ქრისტეს შემოუშვებს.