№15 რატომ ურთულებს ზოგიერთ ქალს ქმართან ცხოვრებას დედამთილი და მული
სასიყვარულო სამკუთხედი ყოველთვის წარმოქმნის პრობლემას, მაშინაც, როცა ამ სამკუთხედის ერთი წახნაგი სხვა ქალი კი არა, დედამთილია... ან მული. ზოგჯერ ეს ორი ქალი ერთად დგება რძლის წინააღმდეგ და თითქოს სიყვარულის სახელით, ხელს უშლის ნორმალურად ცხოვრებაში. ორი ადამიანის ურთიერთობა პრივატული სივრცეა. იმდენად ინტიმურია, რომ ნებისმიერი უხეში ჩარევა სერიოზულ ზიანს აყენებს.
მაკა (35 წლის): დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი. სწორედ, მისმა სიყვარულმა გამაძლებინა ათი წელი იმ სიტუაციაში, რომელსაც ბევრი გაექცეოდა. თავიდან ვერ ვამჩნევდი, რა პრობლემის წინაშე ვიყავი. როცა თხოვდები, რაღაც პერიოდი, ისეთ ეიფორიაში ხარ, რომ მნიშვნელოვან დეტალებს ვერ ამჩნევ.
– რა დეტალებზე ლაპარაკობთ?
– ვეცდები, აგიხსნათ, – მაგალითად, ის, რაც თავიდან ძალიან კარგი გგონია, რეალურად, პრობლემაა. მაგალითად, ქმრის ნათესავების დამოკიდებულება შენ მიმართ, ვგულისხმობ დედასა და დას, ანუ, დედამთილსა და მულს. ჩვენ შესახებ იცოდნენ, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა მათთვის უცხო არ ყოფილა. მეც მომწონდნენ ისინი. ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ, მეფერებოდნენ, რაღაცებს მჩუქნიდნენ. ვერ მივხვდი, რომ დაახლოების ასეთი მცდელობა მომავალში ძალიან სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდა.
– რატომ?
– ერთი შეხედვით, თითქოს არც არაფერია საგანგაშო. რა არის იმაში ცუდი, თუკი ქმრის ნათესავები გეფერებიან და ყურადღებას არ გაკლებენ? მაგრამ, როცა ამით შენი პირადი სივრცე ირღვევა, დიდ პრობლემად იქცევა.
– როდის იქცევა პრობლემად?!
– როცა ზედმეტი ყურადღება მათთვის საშუალებაა, გაგაკონტროლონ, როცა ამ ყურადღებით ხელ-ფეხს გიკრავენ და ინიციატივას არ გიტოვებენ, როცა ქმართან არარაობად წარმოგაჩენენ; როცა მიგახვედრებენ, რომ მათ გარეშე ქვეყანა თავზე დაგემხობა.
– ამ ყველაფერს როგორ ახერხებენ, მხოლოდ ყურადღებით?
– ყურადღებასაც გააჩნია. შეიძლება, კარგად ვერ ვხსნი, მაგრამ არსებობს ყურადღების აგრესიული ფორმა. თურმე, არსებულა, აქამდე არ ვიცოდი. ძალიან საშიში რამე ყოფილა. ჰიპნოზს რომ უკეთებენ ადამიანს და აბრუებენ, ასეთი რაღაც დამემართა, ზუსტად მათ დამმართეს. წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი აღარ მქონდა, ისე დამიჩლუნგეს რეაქციები. ან რა წინააღმდეგობა უნდა გამეწია, როცა საკუთარი თავის მრცხვენოდა, თუკი მათზე ცუდს გავიფიქრებდი. თავიანთი ამბიციებით ლამის სიცოცხლე მომაბეზრეს. რეალურად, მე არც დედამთილის მხარდაჭერა მქონდა, არც მულის. მათ საერთოდ არ ვაინტერესებდი. ჰქონდათ მიზანი და ამ მიზანს მიჰყვებოდნენ.
– რა მიზანი, უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ ახსნათ?
– მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა არ შემიძლია. ეს უფრო სპეციალისტების საქმეა. ვიტყვი იმას, რომ იდეა-ფიქსით იყვნენ შეპყრობილები, ჩემთვის სუნთქვის საშუალება შეეზღუდათ. შეიძლება, გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყურადღებაც საშინელებაა, თუკი ზღვარს გასცდება. თავიდან მეც ვერ ვხვდებოდი, რა უბედურება მჭირდა. მიხაროდა, როგორი კარგი დედამთილი და მული შემხვდნენ-მეთქი. გულგახსნილი და გახარებული ვიყავი. მათ არაფერს ვუმალავდი და ფაქტობრივად, ცხოვრება გავირთულე, ის „იარაღი“ მივეცი, რომელიც ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნეს. დამჩაგრეს და გამანადგურეს თავიანთი ზედმეტი ყურადღებით.
– ზედმეტი ყურადღება რას ნიშნავს?
– ზედმეტი ყურადღება არის ადამიანის შევიწროება, მისი თავისუფალი სივრცის ბოლომდე შთანთქმა, მისი ინტერესების სრულად უგულვებელყოფა. იმ მოტივით, რომ ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენდნენ, ყველაზე ინტიმურ წვრილმანებშიც იქექებოდნენ, ყველაფერში ცხვირს ჰყოფდნენ. ჩემი ქმარი ამას არ აპროტესტებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მარტონი აღარსად ვიყავით, ლამის ლოგინშიც გვიწვებოდნენ. ნელ-ნელა შევამჩნიე ეს პათოლოგიური სიახლოვე და ყურადღება. ცოტა გვიან მივხვდი, რომ ეს ნორმალური არ იყო. სანამ ქმარს ყველაფერს გავუმხელდი, ბევრი ვიფიქრე. ზოგჯერ საკუთარ თავზე მომდიოდა ბრაზი, ასეთ კარგ ადამიანებზე რა აზრები მომდის-მეთქი. მერე ისე მომიშლიდნენ ნერვებს, ორივეს გაგლეჯა მინდებოდა, სკანდალის მოწყობა და მათი სახლიდან გაყრა. როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი ჩემი ქმრისთვის? რა მეთქვა – შენი დედისა და დის ზედმეტი ყურადღება ოჯახს მინგრევს-მეთქი?!
– ალბათ, მაინც უნდა დალაპარაკებოდით.
– დაველაპარაკე. საკმაოდ ფრთხილად ავუხსენი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი მისი და და დედა ნაკლებად ჩაერეოდნენ ჩვენს ოჯახურ საქმეებში, არ იქნებოდნენ ასეთი აქტიურები და ცნობისმოყვარეები. ძალიან გაუკვირდა და რა თქმა უნდა, გაბრაზდა. რატომ ხარ დაუნახავი. შენზე ასე ზრუნავენ, ზედ გყვებიან და მაინც უკმაყოფილო ხარო. მივხვდი, რომ ამ პრობლემასთან მარტო აღმოვჩნდი. ქმრის მხარდაჭერის იმედი არ უნდა მქონოდა. ჩემი ოჯახი დანგრევის პირას იყო და ვერაფერს ვშველოდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბოლო წუთს თავდაცვის ინსტინქტი ჩამერთო. ვფიქრობდი, ერთადერთი, რაც შემეძლო, მათი სრული იგნორირება იყო. მაგრამ მერე გადავწყვიტე, მეც მესწავლა თამაში. არ იყო ადვილი, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. თითქმის გამომივიდა კიდეც. ვერიდებოდი ორივეს, როგორც კი შემეძლო. ქმართან კი ვთამაშობდი, რომ ვგიჟდებოდი მათზე. მერე უკეთესი იდეა გამიჩნდა – მეც გავაქტიურდი, პირადულში დავუწყე ჩაძიება და შევაწუხე. განსაკუთრებით მული შევავიწროვე. ისეთ დღეში ჩავაგდე, როგორშიც მე ვყავდი ორივეს და ჩამომშორდნენ. ერთბაშად არა, მაგრამ... მოკლედ, ყველა ქალს ვურჩევ, გაფრთხილდეს, როცა დედამთილი ან მული ზედმეტ სიყვარულს გამოიჩენს მის მიმართ. არ ვამბობ, რომ ყველა ასეთი სიტუაცია საშიშია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.