კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ვინ გამოაგზავნეს წყალქვეშა ნავით გერმანელებმა სპირიდონ კედიას საქართველოდან წასაყვანად და როგორ ვერ ათქმევინეს მას, რომ გვარად კედია იყო და არა დემეტრაშვილი

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

სპირიდონ კედია გარეგნობით საშუალოზე ცოტათი მაღალი, მაგრამ ბრგე და ჩასხმული კაცი იყო. სახე შავგვრემანი ჰქონდა და ცხვირი – კეხიანი. ურჩი შავი თმის კონა ხანდახან შუბლზე უვარდებოდა. დიდი ორატორული ნიჭის პატრონს მრავალჯერ საქართველოს ოქროპირი უწოდეს... ივანე ჯავახიშვილს, რომელიც მის გამოსვლებს დაძაბული ყურადღებით უსმენდა ხოლმე, თურმე ერთხელ უთქვამს: „ასეთი სიტყვა ევროპულ დიდ პარლამენტში მოსმენის ღირსიაო“. პირველი დაახლოებისთანავე კაცს აჯადოებდა. მდიდარი და დახვეწილი ქართულით მოუბარი, შთაბეჭდილებას ახდენდა, თითქოს წიგნი ლაპარაკობსო.  
…პატარა სპირიდონს, მის ოჯახში გამეფებული განწყობილების გავლენით, თავში ჩადებული ჰქონდა რუსული ჯარების მიმართ სიძულვილის გამოხატვის სურვილი. მას მოუნდომებია, რაიმე ისეთი მოემოქმედა, რაც გაახარებდა მის საყვარელ დედას. ერთ მშვენიერ დღეს, ხეზე ამძვრალა და როდესაც რუსმა ცხენოსნებმა მის ახლოს გაიარეს მაღლიდან გადმოუძახია: „პაშოლ ვონ“. რუსები შეჩერებულან. ერთი მათგანი ჩამოქვეითებულა და იმ ხისკენ წამოსულა, რომელზედაც სპირიდონი იყო ამძვრალი. გულგახეთქილი ბავშვი ხიდან ჩამომხტარა და სახლისკენ გაქცეულა, რუსი მას მიჰყოლია და სადაც სპირიდონი შევიდა, თან შეჰყვა, დაუნახავს, რომ შეშინებული ბავშვი დედის კალთაში იყო შეფარებული. რუსს სპირიდონის დედისათვის უთქვამს: ამგვარი რამ არ განმეორდეს, თორემ პასუხს თქვენ გაგებინებთ და ცუდი დღე დაგადგებათო… (მ. ქავთარაძე) რვა წლის სპირიდონი დედამ ზუგდიდის რუსულ სკოლაში შეიყვანა, რადგან მაშინ ზუგდიდში ქართული სკოლა არ არსებობდა. ეს სკოლა ხუთწლიანი
იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მზრუნველმა დედამ თავისი ვაჟი ცნობილი პატრიოტის, იოსებ ოცხელის ოჯახში დააბინავა…  სპირიდონ კედია, ისე როგორც მაშინდელი ყველა ახალგაზრდა პატრიოტი, ფედერალისტებთან იყო დაკავშირებული. ეს იყო
ერთადერთი მიმართულება, რომელიც მაშინ საქართველოს ავტონომიას მოითხოვდა. ის ამ პარტიის საიდუმლო მოქმედების მონაწილე იყო. ამგვარად, სპირიდონ კედია რუსეთ-იაპონიის ომის დროს დეკანოზიშვილის მიერ გამოგზავნილი იარაღის მიღების უშუალო ორგანიზატორი იყო. მან რამდენიმე ღამე გაათია ზღვის ნაპირას შეთქმულ ადგილზე, იარაღი მიიღო და საიმედო ადგილამდე  მიიტანა… იმ ხანებში, ერთ დღეს, კლასში მოცემული იყო თემა; „რუსეთის მოხელეების დახასიათება“… სპირიდონს ეს თემა დიდი გულმოდგინებით დაუმუშავებია და გადაუჭარბებია კიდეც, რადგან მიწასთან გაუსწორებია თვით რუსული რეჟიმი. მასწავლებელი ამ თემის კლასში გარჩევას მორიდებია და საეჭვო ღიმილით უთქვამს მოწაფე კედიასთვის: შენ დირექტორი გიბარებს და ნიშანსაც ის დაგიწერსო. დირექტორი, თურმე, ძლიერ გაჯავრებული დახვედრია, სულ ფეხებს უბრახუნებდა იატაკზე. როგორ გაჰბედე შენ ასეთი რამის დაწერა, იცოდე, დღეიდან რუსეთის უნივერსიტეტის კარები შენთვის დახშული იქნებაო. არც ვაპირებ რუსულ უნივერსიტეტში შესვლასო, უპასუხია მოწაფეს სრულიად მშვიდად. საგანგებოდ შემდგარ პედაგოგიურ საბჭოს ამ მოწაფის თავიდან მოშორება გადაუწყვეტია, მაგრამ იმჟამად მაინც ერიდებოდნენ ასეთი უკიდურესი ზომების მიღებას… ცხრაას ხუთი წლის რევოლუცია მთელს საქართველოს მოედო, განსაკუთრებით, გურიასა და სამეგრელოს. დამსჯელი რაზმები სასტიკად მოქმედებდნენ. სპირიდონ კედიას ძებნაში მის სახლ-კარს კინაღამ ცეცხლი წაუკიდეს… სპირიდონს აღარსად ედგომებოდა და გადაწყვიტა, სვანეთში გადასულიყო. ის და რამდენიმე მისი მეგობარი სვანეთში გადავიდნენ და გელოვანის ოჯახში იპოვეს თავშესაფარი, მაგრამ დიდხანს იქ ვერ გაჩერდნენ, რადგან მასპინძლისათვის საშიში და შეუძლებელი იყო მათი დიდი ხნით შენახვა, ამიტომ ეს ახალგაზრდა რევოლუციონერები სვანეთის თოვლიანი ხეობით,
გაყინული ბილიკებით, ქვემოთკენ წამოვიდნენ. გზაში სპირიდონი კინაღამ დაიღუპა. მას ფეხები დამძრალი ჰქონდა და კარგად ვერ დადიოდა. ერთ ადგილას ფეხი დაუსხლტა და ნაპრალში ჩავარდა, საიდანაც მისმა თანამგზავრებმა გულწასული ამოიყვანეს. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს ქუთაისს. სპირიდონი სიარულის დროს კარგა ხანს ჯოხს ხმარობდა. მას ქუთაისშიც დიდხანს არ დაედგომებოდა და გადაწყვიტა, უცხოეთს გახიზნულიყო. ამგვარად ერთ დღეს ის თავის დედას ცხენიდან ჩამოუსვლელად, მხოლოდ ხელის ნიშნებით გამოეთხოვა. ზღვაზე მას პატარა იალქნიანი ნავი ელოდებოდა. ასეთ სახიფათო მოგზაურობაში მას მრავალი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ პარიზამდე მაინც მიაღწია. ეს იყო 1906 წელს. საფრანგეთში ყოფნის პირველი წელიწადი სპირიდონ კედიამ ენის შესწავლას მოანდომა ამავე დროს კოლეჯ „დე ფრანსის“ ლექციებს ისმენდა. ბოლოს „სორბონაში“ ჩაირიცხა, ბუნებისმეტყველების დარგზე… სამი სერტიფიკატის მიღების შემდეგ დიპლომი მიიღო … ამის შემდეგ მან დაიწყო დოქტორანტისათვის მუშაობა, მაგრამ მსოფლიო ომიც ატყდა, რაც საქართველოს დიდ ცვლილებებს უქადდა და მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. იგი საფრანგეთიდან გაემგზავრა სხვისი პასპორტით – გვარად დემეტრაშვილი იყო. ჯიბეში ედო საფრანგეთის ელჩისადმი თავისი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი. პეტერბურგში ჩასვლის მეორე დღეს იგი დაატუსაღეს და ციხეშიც ჩასვეს, არა როგორც დემეტრაშვილი, არამედ, როგორც სპირიდონ კედია. ორ თვეზე მეტი იჯდა იგი ციხეში, მაგრამ ვერ გამოტეხეს, რომ სპირიდონ კედია იყო და არა დემეტრაშვილი. პეტერბურგის ქართველობამ ამ საქმეში, ცნობილი გენერალი ნაკაშიძე ჩარია და გაათავისუფლეს. ამგვარად სპირიდონი საქართველოში 1914 წელს ჩამოვიდა და რევოლუციამდე ნახევრად არალეგალურად ცხოვრობდა. ადგილობრივი პოლიცია მაშინ ძლიერ დასუსტებული იყო და თვალს ხუჭავდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ხშირად იცვლიდა ხოლმე ბინას. ახალგაზრდობაში სოციალისტური აზრების მქონე სპირიდონ კედია, ახლა ახალი იდეებით ბრუნდებოდა ევროპიდან. იგი უკვე ის გულუბრყვილო ახალგაზრდა აღარ იყო. სპირიდონ კედიას მსოფლმხედველობა ევროპაში გატარებულმა წლებმა გაამდიდრა, განამტკიცა და მყარ ფორმაში ჩამოაყალიბა… ფრანგულ უნივერსიტეტებში, სანთლით საძებარი იყო კოლონიიდან ჩამოსული სტუდენტი და თუ სადმე ერთი-ორი მოიძებნებოდა, უთუოდ რომელიმე პრინცის ან მდიდარი ბობოლას შვილი იყო. მაშასადამე, არავითარი
გარანტია არ არსებობდა, რომ მხოლოდ რეჟიმის შეცვლა საქართველოს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას მოუტანდა. ყოველივე ამისა გამო სპირიდონ კედიამ გადაწყვიტა, რომ სხვანაირად ემოქმედა, სხვა გზა გამოენახა და ეს გზა ბოლოს და ბოლოს ილიას გზაზე დადგომა აღმოჩნდა…  მისი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ მიმართა გიორგი ლასხიშვილს, საქმე ეხებოდა ფედერალისტების მიერ სოციალისტური ტვირთის საგრძნობლად შემსუბუქებას… დიდი ცდისა და ჯაფის მიუხედავად, კედიამ ამ წინადადებაზე გიორგი ლასხიშვილი ვერ დაიყოლია… ფედერალისტებთან სასურველი ერთობის შეუძლებლობის გამოაშკარავების შემდეგ, სპირიდონ კედიამ გადაჭრით ახალი გეზი აიღო. იგი ბაქოში მიდის. იქაური შეძლებული ქართველობა იზიარებს მის აზრებს და მისდამი ნდობის გამოცხადებასთან ერთად, გაზეთის გამოსაცემ თანხასაც უყოყმანოდ აძლევენ. ტფილისში დაბრუნებული სპირიდონი, კონტაქტში შედის ჯგუფთან, რომელიც გამოსცემდა, გაზეთ „კლდეს“… მოიხმობს მათ და საერთო ძალით უშვებენ გაზეთ „საქართველოს“. მაგრამ სპირიდონ კედია ამით არ კმაყოფილდება, იწყებს მოგზაურობას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და ყველგან აარსებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს… გვიან დაიწყო საძირკვლის ჩაყრა იმ საქმისა, რომელიც ილიას სიცოცხლეშივე უნდა დაწყებულიყო… ჩვენში არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად სარევოლუციო არაფერი იყო. ქარხნებიც და მეფის მთავრობაც რუსეთში იმყოფებოდა, მაგრამ საქართველოში იყო რაღაც, რომელიც ქართული მთავრობის ზოგიერთ ფუნქციას ასრულებდა. ეს იყო სამოციანელთა კულტურულ-ეროვნული დაწესებულებები და მათი ბიუჯეტის წყარო – ბანკი. და აი, ამ მთავრობას დაესხნენ თავს მესამე დასელები და იგი დაუსახეს ხალხს ქვეყნის მტრებად. სპირიდონ კედიას მიერ წამოწყებული საქმის შედეგი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საერთო კონფერენცია, რომელზედაც იგი ერთხმად იქნა არჩეული თავჯდომარედ. ასეთივე ყრილობა შედგა მეორედაც, ამჯერად მის დაუსწრებლად, რადგან იგი უცხოეთს იმყოფებოდა და მაშინაც, აირჩიეს თავმჯდომარედ, უკვე ხელმეორედ. სპირიდონ კედიას ევროპაში გამგზავრება იმან გამოიწვია, რომ გერმანელებმა, რომელთანაც უცხოეთში არსებული საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის წევრები მოლაპარაკებაში იმყოფებოდნენ, მოითხოვეს ჩამოსულიყო ქვეყნის მიერ ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. ასეთი კაცის წასაყვანად წყალქვეშა ნავით გამოემგზავრნენ მიხაკო წერეთელი და ქარცივაძე, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა მათ არ
დასჭირდათ, რადგან ისინი სევასტოპოლში შეხვდნენ სპირიდონ კედიას, რომელიც ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის მანდატით მიემგზავრებოდა ბერლინში, სოფიის გავლით, ქართული კომიტეტისათვის საჭირო ავტორიტეტის მოსაპოვებლად და საქართველოს სახელით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად… აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ჩასვლიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ სპირიდონ კედია საქართველოში დაბრუნდა, რადგან ნამდვილი საზრუნავი მას აქ ელოდებოდა. შენდებოდა ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფო… სპირიდონ კედიასა და მის თანამოაზრეთა განკარგულებაში მხოლოდ ორი საშუალება იყო: მოქმედება პრესით და მოქმედება პარლამენტში. იგი გაზეთის რედაქციაში ბევრს მუშაობდა. „საქართველო“ ევროპულ დონეზე მდგომი გაზეთი იყო, რომლის ბადალი გამოცემა არც მანამდე და ცხადია, არც შემდეგ, საქართველოში მკითხველს ხელთ არ ჰქონია. გაზეთისა და პარლამენტში მუშაობის გარდა სპირიდონ კედიას პარტიისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა. საქართველოს ცაზე შავი ღრუბლები იკრიბებოდნენ. მოსალოდნელი მოხდა. კედია, როგორც მთელი ოპოზიცია, მთავრობას ამოუდგა გვერდით. თავის დროზე მოუვლელობით წამხდარ საქმეს ეს ვერ უშველიდა და საქართველომ ისეთი არასასახელო მარცხი განიცადა. თბილისიდან გახიზნულმა მთავრობამ და პარლამენტმა რამდენიმე დღე ქუთაისში დაჰყო. სპირიდან კედია ქუთაისიდან ფრონტზე წავიდა, მაგრამ ფრონტის ნაცვლად, მან რამდენიმე მიტინგი ნახა, სადაც მაშინ ცნობილი ყაიდის ორატორები „თანამებრძოლთ“ აიმედებდნენ: ამხანაგებო! გული არ გაიტეხოთ მეორე ინტერნაციონალი და ევროპის პროლეტარიატი ბოლშევიკებს ჩვენი დემოკრატიის შეურაცხყოფას არ შეარჩენსო. იქიდან დაბრუნებული სპირიდონ კედია, თურმე, გულამღვერული, სიმწრით ამბობდა, ეს ხალხი დახვრეტის ღირსიაო. ქუთაისში პარლამენტის უკანასკნელი სხდომა შედგა, ამ კრებაზე გამოსულ ნოე რამიშვილის სიტყვა ზემოთ  მოტანილი მიტინგის სიტყვებს არ ჩამოუვარდებოდა. თურმე, იგი, ირწმუნებოდა, ორ-სამ თვეში ისევ თბილისში ვიქნებითო. ახლა კი კედიას უკუუგდია მისთვის ჩვეული და ზომიერი ტონი. მას რამიშვილისთვის უპასუხია: ბატონო მინისტრო, ორ-სამ თვეში კი არა, იქნებ ორ-სამ ათეულ წელსაც ვერ დაადგათ ფეხი ქართულ მიწაზეო. სპირიდონ კედიას აქ მთავრობა აღარ დაუნდვია… გომართელს უთქვამს: „სპირიდონ, თუ ოდესმე ქვეყანას ისევ აღდგენა ეღირსა, ისე უნდა დავანგრიოთ ესენი, რომ ფეხზე ვერ დადგნენო“. სწორედ მაშინ დაუპირებიათ მხედრებს და ზოგ გვარდიელსაც მთავრობის დატუსაღება და ზოგს მოსპობაც კი. სპირიდონ კედიამ ეს გეგმა ჩაშალა და შეთქმულები შემდეგი სიტყვებით გაისტუმრა: ყოველგვარი ტერორი და შურისძიება მიუღებელია, დაე, წავიდნენ ცოცხლები თავისი ცოდვებითო… ჟორდანია, კვინიტაძე და გოგუაძეც საზღვარგარეთ მიდიოდნენ. „შეთქმულების“ ავტორები კი იყვნენ ისინი, ვინც საქართველოში რჩებოდა. ასე რომ, თუ არა ვეტო სპირიდონ კედიასი, ვინც აგრეთვე რჩებოდა, ვინ იცის, საქმე როგორ დატრიალდებოდა. გასაკვირია, კაცს სთავაზობენ სამხედრო მინისტრის პოსტს, კაცს, რომლის სწორედ სამხედრო დარგის ხან რჩევა, ხან ვედრება ყურად არ იღეს, ამის შედეგად ქვეყანა წააგეს და ახლა იმავე კაცს ტვირთად უნდა აეღო სხვათა ცოდვები და შერცხვენა. არ სჯეროდათ, რომ მას საქართველოში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის შემდეგ გრიგოლ რცხილაძემ მას მოუტანა ჟორდანიას მიერ გემიდან გამოგზავნილი წერილი. ნოე ჟორდანია წერდა: ბატონო სპირიდონ, თქვენ არ წამოხვედით ჩვენთან, როგორც ოფიციალური პირი, გთხოვთ, წამოხვიდეთ პიროვნულად. გემი ჯერ კიდევ იცდისო. კედიამ წერილი უპასუხოდ დატოვა და დახია. „ეს ის დრო იყო, როცა ყველა თავის თავის შველაზე ფიქრობდა. ამიტომ ეგონათ, რომ სპირიდონიც თავის კერძო ცხოვრებაზე იზრუნებდა და ოჯახს მომავალს მოუმზადებდა“, – წერს ქალბატონი კედია. ახლა ბევრმა გაიგონა და დაინახა ის, რაც არავის დაუნახავს და გაუგონია იმ დღეს, რომ ვლასა მგელაძე მამადავითზე ავარდა და ილიასა და აკაკის ახარა – საქართველო აღდგაო… უცხოეთში ჩასულმა სპირიდონ კედიამ ყოფილ მთავრობისაგან გამიჯნულად ყოფნა არჩია. სპირიდონ კედია პოლიტიკის გარეშე მაინც არ დარჩენილა იგი გამოსცემდა გაზეთ „ერის გუშაგს“. მას ფართო ნაცნობობა და კავშირები ჰქონდა ევროპის, კერძოდ, საფრანგეთის და გერმანიის, პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ არასოდეს უცდია, ეს კავშირები „მოჩვენებითი საქმიანობისათვის“ გამოეყენებინა. სპირიდონ კედიას საარსებო ნივთიერი წყარო საპკურებელ სურნელებათა პატარა ლაბორატორიის გაძღოლა იყო. იგი ამ ლაბორატორიაში საპარფიუმერიო ფირმისთვის ამზადებდა სურნელოვან ესენციებს. ეს ფირმა მისმა ძველმა უახლოესმა მეგობარმა და თანამებრძოლმა გიორგი მაჩაბელმა დააარსა ამერიკაში. თვითონაც ამ ფირმის მონაწილე აქციონერი იყო, თავისი ცოლ-შვილით ფირმის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა და ლაბორატორიაც იმავე შენობას იყო მიშენებული.  

скачать dle 11.3