№15 „საცობში“ დაკარგულები
ანუ „ავტობუსი კარგად რომ გაჩერდება, მაშინ ჩამოდი“
მართალია, შეუნიღბავი თვალითაც ვხედავთ, რომ თბილისური ქუჩები არასწორადაა დაგეგმარებული, მაგრამ ამასობაში აუდიტის სამსახურმა კვლევაც დაგვაწია „საცობში“.
კერძოდ, ხსენებული უწყების 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, თუმცა წლებია, მიიჩნეოდა გზის ფართო სავალი ზოლი უსაფრთხოდ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.
დასახლებულ ადგილებში მოძრაობის ფართო სავალი ზოლი ხელს უწყობს მაღალი სიჩქარით მოძრაობას, რაც ზრდის შეჯახებების შედეგად გამოწვეული ტრავმების რისკს და, რაც ვიწროა სავალი ზოლის სიგანე, მით ნაკლებია მასზე მოძრავი ავტომანქანის სიჩქარე.
ეს მოსაზრება არა მხოლოდ სხვა ქვეყნების ქალაქების, არამედ ადგილობრივი სტატისტიკითაცაა გამყარებული. მაგალითად, თბილისში თვით ყველაზე „ვიწრო“ სავალზოლიან გზებზეც კი მაღალია ქვეითთა ავარიაში მოხვედრის რაოდენობა.
ერთი სიტყვით, ქვეითებს 90-პროცენტიანი გადარჩენის შანსი აქვთ, როდესაც მანქანა მოძრაობს 30 კმ-მდე სიჩქარით, მაგრამ ეს შანსი 50 პროცენტზე ნაკლები ხდება, როდესაც მოძრაობის სისწრაფე 45 კმ/სთ-ს აღემატება.
აქედან გამომდინარე კი, აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ ჩვენი გადარჩენა ვიწრო ქუჩებია: ვინაიდან, რაც ვიწროა გზის სავალი ნაწილი, მით ნაკლებია მანქანის სიჩქარე, ხოლო, რაც ნაკლებია ავტომანქანის სიჩქარე, მით ნაკლებია მოქალაქეების დაღუპვის შესაძლებლობაც.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან ქვეითად მოსიარულეებიც და ავტოთი მოსიარულეებიც თანაბრად დარდიმანდები ვბრძანდებით, ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი გზების ისე დავიწროებაა, რომ მანქანები საერთოდ ვერ გაეტიონ.