№15 ძარცვა ქართულად
ანუ თანამემამულის ფული სულ სხვაა
თუკი აქამდე მსოფლიო შედევრად „ძარცვა იტალიურად“ იყო აღიარებული, რაკი უმოწყალო კონკურენციაა და არც მჯობნის მჯობნი დაილევა, იტალიის ქალაქ ბარიში ქართველების კუთვნილი ფულადი გზავნილების ოფისი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველებმავე გაძარცვეს.
განხრაზ თუ უნებლიეთ, ეს ძარცვა პირველ აპრილს მოხდა და, რაც ყველაზე საინტერესოა (თუმცა ზემოთქმულზე საინტერესო, თითქოს, რაღა უნდა იყოს), ხსენებული ფულადი გზავნილების ოფისს შეუნიღბავი პირები დაესხნენ თავს.
ოფისის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწევიათ (ბარაქალა მათ), თუმცა მძარცველებს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება მაინც მოუხერხებიათ (ეტყობა, იმოქმედეს პრინციპით, ყვავს რომ კაკალი გააგდებინოო) და, ვინაიდან თავდამსხმელებს სახეც კი არ ჰქონდათ დაფარული, გაძარცვული ობიექტის თანამშრომლებმა მძარცველების ამოცნობა მოახერხეს.
აქედან გამომდინარე კი, სავარაუდოა, რომ იტალიელი სამართალდამცველები დამნაშავეებს იოლად დააკავებენ, ოღონდ, ვფიქრობ, ეს მაინც ვერ იქნება დიდი შეღავათი ჩვენთვის, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე აღარ მოქმედებს არსენას დევიზი (მდიდარს, ანუ ევროკავშირის მოქალაქეს ართმევს, ღარიბს, ანუ თავის თანამემამულეს აძლევს) და ამოსავალ პრინციპად, როცა „გშია ზაქარია” ქცეულა.