№15 გენგეგმის პროექტის რუსული ხიბლი
ანუ როცა დუმილი კლავს
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს ვერც იღებს (იმიტომ რომ იცის, არაა მისაღები და დედაქალაქს ვერაფერში გამოადგება ან კი როგორ შეიძლება, გამოგადგეს ის, რაც არც გათვლებს ეფუძნება და არც კვლევებს და არც ერთიან ლოგიკას?!) და ვერც ვერ იღებს (იმიტომ რომ პროექტს, სავარაუდოდ, ბევრი ლობისტიც ჰყავს და „სითი ინსტიტუტი საქართველოც“ ფრიად გააფრთებით იბრძვის, მათ შორის, მიუღებელი ხერხებითაც, ოღონდაც თავისი პროექტი გაიტანოს).
ოპოზიციური პარტიები კი ხან მწვადს წვავენ, ხანაც – შამფურს, მართალია, აკრიტიკებენ მერიას, რას მიქვიან, პროექტს არ ამტკიცებსო, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერც გენგეგმის პროექტს აქებენ.
მეტად გააფრთებულ დამცველთა რიგში არიან ალექსანდრე ელისაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ზაალ უდუმაშვილი, მათი განაყარი „ევროპული საქართველო“ უფრო პოლიტიკურ ქულებს იწერს, „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე) კი პროექტს აკრიტიკებს (მეოცე საუკუნის ქალაქის გენგეგმააო), ანუ პოლიტიკოსები მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვებაზე არიან გამეცადინებული, რაც ჩვეული ტრაგედიაა ქართული პოლიტიკისთვის.
გენგეგმის პროექტის პათოსზე რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, მოვიტან ციტატას, თუ როგორ ხედავენ მისი შემქმნელები საქართველოს რკინიგზის როლს: „ამჟამად, ქალაქის მკვეთი სარკინიგზო დერეფნის ძირითად ფუნქციას აღმოსავლეთიდან (ძირითადად, აზერბაიჯანული ნავთობი) და დასავლეთიდან (სხვადასხვა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია) საფრახტო გადაზიდვა წარმოადგენს.“ ამიტომაც რკინიგზის გადატანის ვერსიას დაჟინებით სთავაზობენ დედაქალაქს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის სადერეფნო ფუნქცია, რაც მთლიანად სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიაა, უბრალოდ სუსტდება (ოღონდ ამ სახიფათო პერსპექტივაზე ზემოხსენებული პოლიტიკოსები, რატომღაც, არაფერს ამბობენ), იმიტომ რომ გადაზიდვის ტარიფებიც იზრდება და დროც.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს სარკინიგზო დერეფნის კონკურენტი რუსეთის რკინიგზაა, მეტად უსიამოვნო ეჭვები ჩნდება (იმას გარდა, რომ გენგეგმის ჯგუფს, როგორც ციტატა მოწმობს, იოტისოდენა წარმოდგენაც არ ჰქონია (საუბედუროდ) საქართველოს და მათ შორის, თბილისის რკინიგზის ფუნქციაზე). და თუ ამას ოპოზიციის დუმილსაც დავუმატებთ, ეჭვები ტრაგიკულ ელფერს იძენს.