№14 რატომ იზიდავს ავთო აბესლამიძეს მასზე ასაკით უფროსი ქალები და როდის უნანია მას ქალთან ურთიერთობა
ავთო აბესლამიძის კარიერაში სიახლეებია: რუმინეთში მისთვის სიმღერას წერენ და ის თურქ პროდიუსერებთან თანამშრომლობს. გარდა ამისა, ავთო ახალ სიმღერებზე მუშაობს, რომლებსაც საქართველოში მალე მოვისმენთ.
ავთო აბესლამიძე: ძალიან კარგი სიახლეები მაქვს. თურქ პროდიუსერებთან უკვე დავიწყე სისტემატური ურთიერთობა. რუმინეთში ჩემთვის იქმნება სიმღერა, რომელსაც სტამბულში ჩავწერ. ეს არის რუმინელი კომპოზიტორი, რომელიც ჩემთვის თურქი პროდუსერების დაკვეთით მუშაობს. ასევე, ვგეგმავთ კლიპის გადაღებას. თურქულმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო ძალიან ბევრი რამ, რაც მახარებს. რაც შეეხება საქართველოს, ვაპირებ დუეტისა და სოლო სიმღერის ჩაწერას. თუ არაფერმა შემიშალა ხელი, მაისში უკვე მზად იქნება.
– რა ტიპის თანამშრომლობა გაქვთ შენ და თურქ პროდიუსერებს?
– კონტრაქტით არანაირად არ მზღუდავენ იმ კუთხით, რომ მათთან შედარებით, საქართველოში უფრო აქტიურად შემიძლია ვიმუშაო, საკუთარი პროდუქცია გავყიდი. უბრალოდ, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი მათთან შეთანხმებული უნდა იყოს. არანაირ პრობლემას არ შემიქმნიან – ნებისმიერ ბაზარზე შემიძლია გავყიდო საკუთარი თავი. უბრალოდ, ეს არ უნდა მოხდეს იმ ბაზარზე, სადაც ისინიც საქმიანობენ. მათთან გადაკვეთა არ მინდა, რადგან ისინი დიდ თანხებს დებენ და ჩემთვის უფრო მომგებიანია. რა შემოსავალიც უნდა მივიღო უცხოეთში, ამას მაინც საქართველოში შოუ-ბიზნესში ჩემს საქმიანობას მოვახმარ, ახალი სიმღერების ჩაწერას. რადგან მე ყოველთვის ქართულად მემღერება.
– თურქულადაც ხომ არ აპირებ ამღერებას?
– არც ეგ არის გამორიცხული. ის სიმღერა, რომელსაც მიწერენ, ინგლისურენოვანია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ თურქული სიმღერებიც ვიმღერო. თურქულის სწავლა უკვე დავიწყე.
– ცოტა ხნის წინ, ავტომობილი გაჩუქეს და ძალიან გახარებული იყავი.
– კი. ჩემმა მეგობარმა, ძმაკაცმა მაჩუქა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ „გელინო“ იყო ჩემთვის რაღაცის დასაწყისი. მისთვის ეს სიმღერაა ყველაფერი, ძალიან მოსწონს, სულ ამ სიმღერას უსმენდა და მაქებდა, ისეთი საჩუქარი გაგვიკეთე მთელ საქართველოს, ღირსი ხარ, ჩემგან მგარი საჩუქარი მიიღოო. ერთ დღესაც მითხრა, რომ ავტომობილი ჩემი იყო. შოკირებული ვარ დღემდე. თან, სახლში ვიყავი. დამირეკა: გამოდი გარეთო. გავედი და დავინახე ავტომობილი: შენია, იარე რამდენიც გინდაო. მეც დავდივარ, შესაბამისად.
– ასეთი ძვირფასი საჩუქრებით განებივრებული ხარ?
– არა. ეს ჩემი პირველი საჩუქარი იყო. რამდენად ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, პირველი საჩუქარი იყო ის, რაც „X ფაქტორში“ მოხდა. მსგავსი არაფერი მქონია. შეიძლება, რაღაც განსხვავებულად უჩუქებიათ, მეც გამიკეთებია ასე, მაგრამ ჩემთვის რაღაც ღირებული აქამდე არავის უჩუქებია და შესაბამისად, არც მე.
– ბოლო წლები განსაკუთრებით წარმატებულია შენთვის.
– შეიძლება, ადამიანს ხასიათი არ გამოუსწორდეს, მაგრამ ამ ცხოვრებაში მაინც სულ იზრდები. „X ფაქტორის“ ვიდეოებს რომ ვუყურებ, რადიკალური სხვაობა მაქვს, თუნდაც, ვიზუალის მხრივ. წარმატება მეტ თავდაჯერებულობას გმატებს, თუმცა ქედმაღალი არ უნდა იყო და ბოლოს მაინც ადამიანად უნდა დარჩე. ნებისმიერი წარმატება, რომელიც მოვა, თავისუფლად შეიძლება წავიდეს.
– შენს ცხოვრებაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც წარმატებას ან ურთიერთობებს არ გაფრთხილებიხარ სათანადოდ და მას მიუტოვებიხარ?
– ეს უფრო ურთიერთობას ეხებოდა. ის ურთიერთობა, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო, ვერ შევინარჩუნეთ, რადგან გარემო ფაქტორებმა შეგვიშალა ხელი. მაგრამ არ ვნანობ. თუნდაც ის 4 თვე, ხმა რომ არ მქონდა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ადამიანი უკეთესის მოლოდინში იყო. მერე სხვანაირი სტიმული გაქვს, სხვანაირად იბრძვი. ერთფეროვნებას ეჩვევა ადამიანი, აღარ იბრძვის და მერე მის ცხოვრებაში დგება ცუდი მომენტები: იმედის დაკარგვა, ხელის ჩაქნევა... ამიტომ, ზოგჯერ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, რომ გაძლიერდე, იბრძოლო.
– ანუ, თქვენი ურთიერთობა, დასრულდა?
– კი, დასრულდა. ჩვენ საერთო ოჯახი არ გვქონია, საერთო შვილი არ გვყოლია და უფრო მეტად შევძელით გვემეგობრა ერთმანეთთან. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ჩვენი მეგობრობა არ გამოსულიყო. შეიძლება, ცოტა გვიჭირს, აკრძალული ხილივით უფრო მეტი ლტოლვა გაქვს, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუება. არ გვინდა, მეგობრობაც გავაფუჭოთ, რითიც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. ახლა მთლიანად მუსიკაზე ვარ გადართული, მთელი ჩემი პირადი არის მუსიკა და მასთან მაქვს ისეთი ფლირტი, როგორიც არავისთან მქონია.
– სიყვარული და კარიერა ერთმანეთს უშლის ხელს?
– როგორ არ უშლის?! არ მგონია, ორივე ერთად იდეალურ დონეზე იყოს. მაშინ გამართლებაც საჭიროა. იდილიაში მაინც ვერ იქნებით ერთმანეთთან. ძალიან მიყვარს, როდესაც ყურადღებას მაქცევენ და მეც ვაქცევ დიდ ყურადღებას. როცა საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით იქნება, მაგრამ სათანადო ყურადღებას არ მომაქცევს და ვერ მივიღებ იმას, რაც ემოციურ დონეზე მენდომება, ეს ცუდად იმოქმედებს ჩემზე. ახლა ვინც უნდა იყოს ჩემ გვერდით, სათანადო ყურადღებას ვერ მივაქცევ. ბავშვური ურთიერთობები არ მიზიდავს. არ მინდა, თავს ვიტყუებდე, რომ ყველაფერი კარგად არის. როცა კარიერაში დაალაგებ ყველაფერს, მერე უკვე შეგიძლია დიდი ყურადღება დაუთმო და ბოლომდე გადაერთო მასზე. გაუგებრობები, ჩხუბი, ესემესების მიწერა – შე ისეთო, შე ასეთო, დავშორდეთ ერთმანეთს; ნერვების მოშლა, დეპრესიული სიმღერები ნამდვილად არ მინდა.
– გქონია ასეთი მომენტები ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით არ მქონია. ყოველთვის მიყვარდა ჩემზე უფროს ადამიანებთან მეგობრობა. ქალიც ჩემზე უფროსი მიზიდავს. იმხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, რომ ზოგჯერ ვფიქრობ: რაღაც საკითხებზე ისე ვაზროვნებ, როგორც ბაბუაჩემი იფიქრებდა-მეთქი. ყოველთვის მგონია, რომ ადამიანს უნდა შეხვდე, ცუდიც და კარგიც უნდა უთხრა, აუხსნა, თუნდაც, როცა აღარ გიყვარს, აღარ გიზიდავს, აღარ გაკმაყოფილებს, ესეც უნდა უთხრა და აუხსნა წესიერად. ესემესებით ჩხუბი და დავის თავი ნამდვილად არ მაქვს. თუ მქონია 2-3-თვიანი, გატაცებები, ორივე მხარეს სცოდნია, რომ ეს გატაცებაა და შესაბამისად, პრობლემაც არ გვქონია. ასაკით ჩემზე უფროსი ქალების აზროვნება უფრო მეტად მიზიდავს, უფრო ჩამოყალიბებულები არიან, საინტერესოები. ასაკით უფროსში, მაქსიმუმ, 15 წლით უფროსს ვგულისხმობ. ქალსა და კაცს შორის მიზიდულობა, ინტიმი უნდა არსებობდეს. წამიერი ფლირტით ყველას შეუძლია ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს ლოგინში. მხოლოდ სექსი არ არის მთავარი იმისთვის, რომ დაიკმაყოფილო შენი მოთხოვნები. ელემენტარული ლტოლვაც უნდა არსებობდეს ერთმანეთს შორის. მქონია მომენტი, როდესაც უცებ გადაწყდება ყველაფერი – ლოგინი, სექსი და მერე გინანია: რადგან წარმოდგენა დაგიკარგავს იმ ადამიანზე. ჩემთვის მხოლოდ სექსი არ არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერ ნაბიჯზე ნებისმიერი ქმედება შეგიძლია განახორციელო, რადგან არავინ არაფერშია შეზღუდული. ყველა თავისუფალია და ვისაც რა უნდა აკეთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთჯერადი იქნება ურთიერთობა, ორჯერადი, თუ სამჯერადი, გარკვეული ლტოლვა უნდა გქონდეს იმ ადამიანთან.
– გქონია მომენტი, როდესაც ქალთან ურთიერთობა გინანია?
– კი, როგორ არა და მინანია კიდეც. ანუ ისეთი არ ყოფილა, როგორსაც მოველოდი – იმედი რომ გაგიცრუვდება დასრულების მომენტისთანავე წამოვსულვარ, დილას აღარ დავლოდებივარ. სხეულია მაინც, შენს ჭკუაზე არ დადის და ამიტომ ეგრევე წამოვსულვარ.