№14 როგორ მოამტვრია თემო დადიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოწინააღმდეგეს ხელი და რატომ აღიარეს ის მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონად
თემო დადიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მან სპორტის არაერთ სახეობაში მოსინჯა ძალები და ყველაში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. წლების წინ, იმ მომენტიდან, რაც ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, თემო დადიანისთვის მეორე, ახალი ცხოვრება დაიწყო. მას შემდეგ მან ორჯერ დაამყარა გინესის რეკორდი აზიდვებში, მოიგო საქართველოს ჩემპიონატები ფარიკაობაში და თავისი შედეგებით, მსოფლიოს ოცეულშიც შევიდა. თემო ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში პიონჩანგის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა, სადაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და მიუხედავად მცირე გამოცდილებისა, ყველაზე პერსპექტიულ პარამოთხილამურედ და მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონად აღიარეს.
– როგორ ემზადებოდი ოლიმპიადისთვის?
– საერთოდ არ მოვმზადებულვარ. შარშან ერთი ბანაკი გვქონდა პოლონეთში, ისიც ერთკვირიანი და წელს, ერთი ბანაკი – გერმანიაში, შეჯიბრებამდე, ისიც ერთკვირიანი. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი კვირა მქონდა ნავარჯიშები, თანაც ერთწლიანი შუალედით. ეს ცოტა კი არა, სულ არაფერია. ფინიშამდე რომ მიხვიდე, ყოველდღიური ვარჯიში მაინც გჭირდება. ზაფხულშიც უნდა ივარჯიშო. ამ კუთხით, ჩვენ ჯერჯერობით არაფერი გვაქვს. პარაოლიმპიური კომიტეტი ცდილობს, სპორტის ეს სახეობა განავითაროს. სპორტის სამინისტროც გვერდში უდგას და ვნახოთ, რა იქნება. პირველად ციგაზე შარშან პოლონეთში დავჯექი. ბანაკი გვქონდა, შეჯიბრება არ ყოფილა. შიდა შეჯიბრებები ჩატარდა და მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი სპორტია. ზამთარი და თოვლი ძალიან მიყვარს, აქედან გამომდინარე, მომეწონა. თან „ჟილკიანი“ სპორტია, მამაკაცური, ძალისმიერი. ძალა სჭირდება, ძლიერი მოტივაცია და მომწონს.
– მომიყევი, ოლიმპიადის ამბები, სადაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზე.
– ძალიან დაღლილები ჩავედით, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია დაგვხვდა, ისე კარგად იყო ორგანიზებული, კარგად გაკეთებული, რომ სულ დაგვავიწყდა დაღლა. თან, ადაპტაცია ძალიან ადვილად გავიარეთ, გარემოს ადვილად შევეგუეთ. ჩემი ტურნირების შემდეგ, კიდევ, რამდენიმე დღე გვქონდა დარჩენილი. გავდიოდით ქალაქში, დავაგემოვნეთ კორეული სამზარეული, კორეული ლუდიც. მუზეუმებში ვიყავით.
– როგორი იყო ადგილობრივების დამოკიდებულება?
– გაბოროტებული ხალხია. ასეთი პროტოკოლის დამცველი, ასეთი წესრიგის მოყვარული არსად არავინ მინახავს. ერთ სიტყვას რომ ეტყოდი, სანამ არ შეცვლიდი, მანამდე სულ იმას აკეთებდნენ. რომ ვუყურებდით, გვეცინებოდა ხოლმე. როგორც დააყენებდნენ, ისე იდგნენ მთელი დღე. ემოციური ფაქტი იყო ჩრდილოეთ კორეელებისა და სამხრეთ კორეელების შეხვედრა, ერთმანეთის ჩუმი გულშემატკივრობა. ორი სპორტსმენი ჰყავდა ჩრდილოეთ კორეას და ალბათ, 50 კაცი დაცვა მოჰყვებოდა. სხვა სპორტსმენებთან კონტაქტი აკრძალული ჰქონდათ.
– საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში მოგიწია გამგზავრება, შენი „ბობის“ დამზადებაც.
– იანვარში, როდესაც გერმანიაში ვიყავით, ნათხოვარი „ბობით“ ვსრიალებდი, ვვარჯიშობდი და შეჯიბრზეც იმით გავედი. საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემს მეპროთეზეებს, ზურას, კახას, ირაკლის დავუკავშირდი, ვაჩვენე ფოტოები და იმით შეისწავლეს. ცხოვრებაში არ ჰქონდათ „ბობი“ ნანახი, ტელევიზორშიც კი არ ენახათ. დავეხმარეთ და დიდი მონდომებით დაამზადეს. შუაღამემდე მუშაობდნენ ხოლმე. თვე-ნახევრის საქმე, ორ კვირაში დაასრულეს. მართლაც, იდეალური გამოვიდა. იქაც რომ ნახეს, გაუკვირდათ: მცირე დროში ეს როგორ გააკეთეთო. შუადღეს მქონდა ფრენა და 1 საათზე მომიტანეს. მორგებაც ვერ მოვასწარი. იქ მოვირგე პირველად. საკმაოდ დიდი რისკი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ფეხსაცმელებივით უნდა მოირგო, ისე ვერ გასრიალდები, შეგაწუხებს ან წაგაქცევს. შეიძლება, დაიმტვრე. ჩვენ უფრო გრძელ მანძილზე სრიალზე ვიყავით ორიენტირებული – უფრო მეტ ძალას მოითხოვს და ნაკლებ ტექნიკას. ტექნიკაში იგულისხმება მოსახვევებში სწრაფად შესვლა. ეს ტექნიკა ნაკლებად მქონდა. პირველივე დღეს გვქონდა: 15 კილომეტრი უნდა გაგვევლო. შეჯახება მომივიდა, დავიმტვერი, ორი თხილამური დამემტვრა და გამოვეთიშე ასპარეზობას. შემდეგ გვქონდა მეორე შეჯიბრება მოკლე მანძილზე, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ტექნიკა, 30-ე ადგილზე გავედი. მესამე შეჯიბრზეც, 7-კილომეტრიან დისტანციაზე, 30-ე ადგილი დავიკავე. 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ფინალში კი 36 გავედით.
– ოლიმპიადაზე ყველაზე პერსპქტიულ მოთხილამურედ და მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონად გაღიარეს.
– კი. ეს იყო ჩემი მესამე დაჯდომა. გერმანელები, იაპონელები, ყველანი, ამბობდნენ, რომ მე რა დონეზეც ვიყავი, იმ დონემდე რომ მივიდეს, სპორტსმენს 3-4 წელი სჭირდებაო.
– მედროშე იყავი პარაოლიმპიადაზე. შენ მიუძღვოდი საქართველოს დროშით ქართულ დელეგაციას.
– ამ დროს ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი არაფერია, ადამიანი რასაც დაისახავს მიზნად, აუცილებლად მიაღწევს. ძალიან საამაყო და ემოციურია, რომ პირველად ზამთრის პარაოლიმპიადაზე აფრიალდა ჩვენი დროშა. პირველი მერცხლობა რომ მერგო, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ფარიკაობაშიც პირველი მერცხალი ვიყავი, გინესის რეკორდებშიც. რომ გამომქონდა დროშა, გამოაცხადეს: „მედროშე თემურ დადიანი“ და ასევე, აღნიშნეს, რომ გინესების რეკორდსმენი ვიყავი. იაპონელების, კორეელების, ინგლისელების, გერმანელების, ჟურნალისტების რიგი მედგა, ჩემ შესახებ ყველგან დაბეჭდეს. იაპონელები აეროპორტშიც მოვიდნენ გასაცილებლად.
– მკლავჭიდშიც ძალიან დიდი წარმატებები გაქვს. ამ კუთხითაც აგრძელებ ასპარეზობას?
– მაისში გვაქვს ევროპის ჩემპიონატი და ვემზადები. მიზანი მაქვს, რომ მოვიგო ყველაფერი: ევროპაც, მსოფლიოც და ოლიმპიადაც. ვფიქრობ, ზაფხულის ოლიმპიადისთვის რამე ახალ სპორტში მოვემზადო. ეს შეიძლება იყოს შაშხანიდან სროლა, ცურვა, ან ველოსიპედი.
– ერთ-ერთ შეჯიბრებაზე მოწინააღმდეგეს ხელიც კი მოსტეხე.
– შარშანწინ ბულგარეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში ბელორუს სპორტსმენს შევხვდი. ხელი ეჭირა არასწორ პოზიციაში. მსაჯებმაც არ გააჩერეს. მე კი, ან უნდა დამეთმო, ან ხელი უნდა მომეტეხა. შეჯიბრს ვერ დავთმობდი, ამიტომ მოვტეხე. მსაჯების ბრალია. წააგო, გადააფრინეს თავის ქვეყანაში და საავადმყოფოში დააწვინეს. შარშან იყო შეჯიბრებაზე გამოსული, ოღონდ მეორე ხელით. ჩემს წონაში აღარ ასპარეზობს.