№14 როგორ გახდა სულხან-საბა ორბელიანი სტალინის „საპოჟნიკი“
მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე მდებარე პატარა სკვერში სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი დგას, რომელზეც ის მჯდომარეა გამოსახული და მუხლებზე გაშლილი პერგამენტი უდევს.
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისში ფედერაციული გერმანიიდან მსახიობებისა და ჟურნალისტების დელეგაცია იყო ჩამოსული. ისინი დაძმობილებული ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს მსახიობი გია ფერაძე ახლდა, რომელსაც სტუმრები მთაწმინდის პანთეონზე უნდა აეყვანა. ბესიკის ქუჩის სკვერს რომ მიუახლოვდნენ, გერმანელი სტუმრები სულხან-საბას ძეგლით დაინტერესდნენ და იკითხეს, ვინ იყო.
– ეს სტალინის „საპოჟნიკია“ (მეწაღე), – უთხრა გია ფერაძემ გერმანელთა რუსულენოვან გიდს და მოუყვა, რომ ამ ძეგლზე გამოსახული კაცი ჩინებულ ჩექმებს უკერავდა საბჭოთა ბელადს და რომ სტალინმა, პატივისცემის ნიშნად, მას ძეგლი დაუდგაო.
ოხუნჯმა გია ფერაძემ გაშლილი პერგამენტი წაღების ტყავად გაასაღა.
გერმანელებმა სულხან-საბას უამრავი ფოტო გადაუღეს და გზა განაგრძეს.
ერთი თვის შემდეგ კი გია ფერაძე მოულოდნელად „კაგებეში“ დაიბარეს და ზაარბრიუკენის ფერადი ჟურნალი დაუდეს წინ, სადაც სულხან-საბას ძეგლის ფოტოები იყო დაბეჭდილი. ჟურნალისტი კი, მსახიობ გია ფერაძის ნაამბობზე დაყრდნობით, ყვებოდა, თუ როგორ დაუდგა მადლიერმა სტალინმა ძეგლი თავის „საპოჟნიკს“...
ამ ოხუნჯობისთვის გია ფერაძე პარტიულ კრებაზე „შეახურეს“, თუმცა პარტიის წევრი ის არასოდეს ყოფილა.