№14 საიდუმლო ორგანიზაცია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13(900)
– თქვენ, ასე ვთქვათ, საიდუმლო ორგანიზაციის შემსრულებელი ხართ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით. ხოლო, თუ ღმერთი გიწყალობებთ და ცოცხალი გადარჩებით, კოორდინატორი გახდებით. შემდეგ კი... – სერჟმა თავზემოთ სპირალისებური მოძრაობა გააკეთა და დაამატა, – გამორიცხული არაა, რომ უფრო ზემოთ აიწიოთ.
– უფრო ზემოთ რას ნიშნავს?
– არ ვიცი. ღმერთმანი, მართლა არ ვიცი. უბრალოდ, ზემოთ და, იქ რა ხდება, მხოლოდ შეიძლება იმარჩიელოთ. ხოლო, მარჩიელობა მაინცდამაინც ზუსტი მეცნიერება არაა და სჯობს, ხელი არ მოჰკიდოთ.
– გამოდის, რომ რუსეთის მთავრობაზე ვმუშაობთ?
– რაო, რა ბრძანეთ? – გაეღიმა სერჟს.
ნოდარმა გაიმეორა თავისი სიტყვები, სერჟს კი გაეცინა და უთხრა:
– არა. მასე არაა.
– მე რომ მითხრეს, მთავრობაზე მუშაობთო.
– სწორად უთქვამთ.
– ვერაფერი გავიგე.
– რა ვერ გაიგეთ?
– თუ რუსეთზე არ ვმუშაობთ, მაშინ მთავრობაზე როგორ ვმუშაობთ?
– მსოფლიო მთავრობაზე ვმუშაობთ.
– მსოფლიო მთავრობაზე?
– დიახ.
– ეგ რას ნიშნავს?
– მსოფლიო მთავრობას და მეტს არაფერს.
– მსოფლიო მთავრობა რას ნიშნავს?
– სტაბილურობას, წესრიგს მთელს მსოფლიოში.
– ანუ, გამოდის, რომ მსოფლიო მთავრობა ზესახელმწიფოებრივი ორგანოა და უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე თუნდაც ამერიკას, ინგლისს ან რუსეთს?
– სწორედ მასეა.
– მერე?
– რა მერე, მსოფლიო სტაბილურობაზე მუშაობს და ბალანსს ინარჩუნებს.
– რა ბალანსს?
სერჟმა ნოდარს გაოცებული მზერა ესროლა და უთხრა:
– ვერ ხვდებით?
– მინდა, ზუსტად ვიცოდე.
– ზუსტად რისი ცოდნა გინდა?
– იმის, თუ რას ვემსახურები.
– მსოფლიო მშვიდობას.
– კონკრეტულად?
– მესამე მსოფლიო ომი რას ნიშნავს ხვდებით?
– დაახლოებით.
– უფრო ზუსტად?
– ალბათ, ატომურ კატასტროფას.
– სწორია და, სწორედ ამის წინააღმდეგ ვიღწვით ძირითადად და, საერთოდ, რომ დედამიწა სხვაგვარადაც არ დაზარალდეს გლობალურად.
– თუ მასეა, მაშინ რატომაა რუსეთში ამ საიდუმლო ორგანიზაციის შტაბ-ბინა?
– მერე და, ვინ გითხრა, რომ რუსეთშია საიდუმლო ორგანიზაციის შტაბ-ბინა?
– აბა, სადაა?
– არ ვიცი.
– მაშინ, რუსეთში რატომ ვიმყოფებით?
– ჩვენ ყველგან ვართ, მთელ მსოფლიოში. თქვენ კი რუსეთში ხართ გამწესებული, ჯერჯერობით. ისევე, როგორც მე.
– გასაგებია, – თქვა გოგიჩამ და იკითხა, – რა მევალება მე აქ?
– ჯერჯერობით, აქ, ამ ვილაში უნდა იცხოვროთ და მშვიდად იყოთ. შემდგომ ინსტრუქციებს მომაწვდიან და შეგატყობინებთ.
– გოგიჩამ ყურადღებით მოუსმინა სერჟს და უთხრა:
– შეიძლება გკითხოთ?
– ბრძანეთ.
– რუსეთმა თუ იცის, რომ ჩვენ მის ტერიტორიაზე ვიმყოფებით?
– რუსეთში რას გულისხმობთ?
– მის მთავრობასა და სპეცსამსახურებს.
– მათ არაფერი იციან ჩვენი აქ ყოფნის თაობაზე. თუმცა, მთავარმა ძალამ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცის და ჩვენთან მუდმივ კომუნიკაციაშია.
– მთავარმა ძალამ?
– დიახ.
– ვინაა ეს მთავარი ძალა?
– მთავარი ძალა... – გაეცინა სერჟს.
– პრეზიდენტი?
– სულაც არა. რუსეთის მთავრობა არ არის მთავარი ძალა, ისევე, როგორც ამერიკის, ბრიტანეთის ან საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები. მათ ჩვენ წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და როგორც კი მსოფლიო მთავრობა ჩათვლის, რომ ისინი საწინააღმდეგოდ იქცევიან, მათი აღსასრული დგება.
– ეგ როგორ?
– ჩვეულებრივად. ალბათ, გსმენიათ ამერიკის პრეზიდენტის, კენედის შესახებ და შვედეთის პრემიერ პალმეზე?
– პალმეზე – არა. კენედიზე – კი.
– ისინი ერთნაირად დაიღუპნენ. მსოფლიო მთავრობას არ არგეს და სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს.
– გასაგებია, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი.
– რა არის ძნელად დასაჯერებელი?
– ის, რომ ამერიკის ცენტრალური დაზვერვა, ბრიტანეთის „მი 6“ და რუსული „ეფესბე“ საქმის კურსში არიან, თუ რა ხდება მათ ტერიტორიებზე.
– აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე.
– სხვაგვარად, როგორ?
– როგორ და, ეს ძლევამოსილი სამსახურები არ ინტერესდებიან ჩვენით. მათ იციან, რომ ეს უნაყოფო და რაც მთავარია, უსახიფათოესი საქმეა.
– ცოტა არ იყოს, თქვენი სიტყვები დაუჯერებლად მეჩვენება.
სერჟს გაეცინა და გოგიჩას უთხრა:
– და, მაინც, ეს აბსოლუტური სიმართლეა. თქვენ ყველაზე ძლევამოსილი სტრუქტურის წევრი ხართ და მას ვერც „ცეერუ“, „მი 6“ და „ეფესბე“ შეედრება, ერთად აღებული. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია.
– ჰო და, ძალიან კარგი. ახლა შეგიძლიათ, დაისვენოთ. თქვენი ოთახი დერეფნის ბოლოშია. ორი დღე შედარებით თავისუფალი გაქვთ. შემდეგ კი კვლავ შევხვდებით და დავილაპარაკოთ.
– შედარებით თავისუფალი დრო მაქვს, რას ნიშნავს?
– შეგიძლიათ, ხვალ მოსკოვში გაემგზავროთ და გაერთოთ. „მერსედესის ჯიპი“ თქვენს განკარგულებაშია. ფული სალონის საბარგულშია. მაგრამ გახსოვდეთ, არ გადაამეტოთ და არ გაიშიფროთ. გახსოვდეთ – თქვენ იური კოხოვსკი ხართ და არა ნოდარ გოგიჩაიშვილი.
– გასაგებია, – მიუგო გოგიჩამ სერჟს და თავისი ოთახისკენ გაემართა, მაგრამ სერჟმა შეაჩერა და უთხრა:
– და, კიდევ ერთი – არ ეცადოთ ვინმეს დაუკავშირდეთ, არც ნათესავებს, არც უბრალო ნაცნობებს. ხოლო, თუკი ვინმე ნაცნობი შემთხვევით სადმე შეგხვდებათ, მოერიდეთ და კონტაქტში არ შეხვიდეთ. კონტაქტის შემთხვევაში კი უარყავით თქვენი პიროვნება.
– გასაგებია, – გაიმეორა გოგიჩამ და სერჟის ოთახიდან გავიდა.
***
მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი ძალიან დაღლილი იყო და ეძინებოდა, ნახევარი ღამე სერჟის სიტყვების ანალიზში გაატარა. გოგიჩას ვერ წარმოედგინა, რომ რაღაც მითიური მსოფლიო მთავრობის ყოვლისშემძლე საიდუმლო ორგანიზაციაში მსახურობდა, რომელიც ყველა ცნობილ სპეცსამსახურზე მაღლა იდგა. ნოდარმა უამრავი ვერსია განიხილა, მაგრამ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ვერ მივიდა. ბოლოს დაღლილობა მოერია. ანალიზს თავი დაანება და დაიძინა.
მეორე დილით ნოდარს გრიგორი ეწვია. მიესალმა და სასაუზმოდ პირველ სართულზე იხმო. სასადილო ოთახში სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ არავინ ჩანდა. ნოდარმა ისაუზმა. ეზოში გავიდა და თეთრი ფერის საუცხოო „მერსედესს“ მოჰკრა თვალი, რომელიც ფიჭვის ქვეშ იდგა.
– შეგიძლია, ისარგებლო. ეს ის მანქანაა, რომელზეც გუშინ სერჟმა გითხრა, – მოესმა ნოდარს გრიგორის სიტყვები, რომელიც მას უკნიდან წამოადგა.
– როდის შემიძლია, გავემგზავრო?
– თუნდაც ახლავე. გასაღები მანქანაშია.
ნოდარმა მანქანა დაათვალიერა. შემდეგ კი გრიგორის უთხრა:
– ეზოდან როგორ უნდა გავიდე, კარს ვინ გამიღებს?
– გასვლას რომ დააპირებ, გაიღება.
– კეთილი. ჩემს ოთახში ავალ, გამოვიცვლი და მერე წავალ, – თქვა გოგიჩამ და შენობაში შევიდა.
კონსპირაციული კარმიდამოდან რომ გავიდა, ნოდარმა გზაზე არსებული წარწერებიდან გაარკვია, რომ მოსკოვიდან ორმოც კილომეტრში, ეგრეთ წოდებულ, „პოდმოსკოვიეში“ იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა უწყებების მაღალჩინოსანთა ფეშენებელური აგარაკები მდებარეობდა. გოგიჩამ „ბარდაჩოკი“ გამოაღო და შიგნით ათი ათასი ამერიკული დოლარი აღმოაჩინა. შემდეგ საათს დახედა – დილის თერთმეტი სრულდებოდა და ჩაილაპარაკა: „ვნახოთ, რა ხდება ჩემს თავს“.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მეთექვსმეტე „ცხედარი“, რომელიღაც ეგზოტიკურ კუნძულზე გაძლიერებულ, საგანგებო სწავლება-წვრთნას გადიოდა, მას წამითაც არ დავიწყებია თავისიანები და მათთან შეხვედრის იმედს არ კარგავდა. ხოლო, როდესაც ის სრულიად მოულოდნელად მოსკოვში აღმოჩნდა, ეს იმედი ერთიათად გაუძლიერდა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრი. ამასთანავე, მას ახსოვდა სერჟის გაფრთხილება – არავისთან დაკავშირებას არ ეცადოო და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოეხერხებინა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება.
გოგიჩამ გაიფიქრა, – ალბათ, მითვალთვალებენო და თავისი ეჭვების შემოწმება გადაწყვიტა. მან სისწრაფეს უმატა, თან, სარკეში აკვირდებოდა კუდს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შეამჩნია. რუსეთის დედაქალაქს რომ მიადგა, მართალია, პირველად იმყოფებოდა იქ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მდევრის შემოწმება და ეშმაკური მანევრი გააკეთა, სწორედ ისეთი, როგორსაც ის თბილისში აკეთებდა, როცა უნდოდა გაეგო, კრიმინალური პოლიცია ხომ არ აჯდა კუდზე, როდესაც ის საქმეზე მიდიოდა. საქმეები კი გოგიჩას თბილისში თავზე საყრელი ჰქონდა. მართალია, ყველა მათგანი წვრილმანი იყო, მაგრამ ახალგაზრდა კრიმინალისთვის კარგი შემოსავალი მოჰქონდა და ნოდარი ამგვარად არჩენდა ოჯახს. ნოდარ გოგიჩაიშვილის ოჯახი კი საკმაოდ დიდი იყო: მცირეწლოვანი ძმები, დედა, ცოლი და ორი პატარა ბავშვი, თანაც, მისი ცოლი მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და ძალიან მალე უნდა ემშობიარა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გოგიჩამ მსხვილ საქმეზე წასვლა. ნოდარი ვარაუდობდა, რომ ამ საქმეს წარმატებით გაართმევდა თავს. დიდ „მაყუთს“ იშოვიდა. ნაწილს ოჯახს მოახმარდა, ნაწილითაც ძმაკაცებთან ერთად სარფიან ბიზნესს დაიწყებდა და თავის კრიმინალურ წარსულს სამუდამოდ დაივიწყებდა. სწორედ ასეთი პათოსით აიყოლია მან ძმაკაცები და საქმეზე წაიყვანა. თუმცა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა და მართალია, თავად გადარჩა, მაგრამ ხუთი ადამიანი შეეწირა მის წამოწყებას. ძმაკაცების გახსენებაზე ნოდარს გული აუჩუყდა და თვალებზე ცრემლები მოადგა. ამ დროს ის მანევრს აკეთებდა და კინაღამ ტაქსის შეასკდა, რომელმაც მოულოდნელად დაამუხრუჭა ცხვირწინ. ნოდარმა სასწაულებრივად ააცილა მანქანა ტაქსის და გზა განაგრძო. შემდეგ კიდევ ორი მანევრი გააკეთა და როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ „სუფთა“ იყო, „მერსედესი“ პარკინგზე გააჩერა. ათი ათასი დოლარი და პასპორტი ჯიბეში ჩაიდო და მანქანიდან გადმოვიდა. გოგიჩამ კიდევ ერთხანს იარა ფეხით, თან კუდს ამოწმებდა, თუმცა, მას არც ფეხით მოსიარულე „კუდი“ მისდევდა და საბოლოოდ რომ დარწმუნდა ამაში, კიდევ სამასიოდე მეტრი გაიარა ფეხით. შემდეგ მობილური ტელეფონების მაღაზიაში შევიდა და ვიტრინების თვალიერებას შეუდგა. ნოდარს მობილურისა და სიმ-ბარათის ყიდვა უნდოდა, რომ თავის ერთ-ერთ მეგობართან დაერეკა თბილისში და გაეგო, თუ როგორ იყვნენ მისიანები. ის-ის იყო გამყიდველი გოგონა მიიხმო, რომ მას მობილური ტელეფონი ენახვებინა, უცებ ვიღაცამ მარჯვნიდან ხელკავი გამოსდო და ხმადაბლა უთხრა:
– კოხოვსკი, თუ შეიძლება, გარეთ გამოდით.
ნოდარს წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა, მაგრამ მას უკვე მარცხნიდანაც გამოსდეს ხელკავი და უთხრეს:
– მშვიდად, იური. ნუ ცქმუტავთ და გარეთ გამოგვყევით.
გოგიჩა დაემორჩილა უცხო მამაკაცებს და მაღაზიიდან გარეთ გაჰყვა. მათ ნოდარი „მერსედესის“ უკანა სავარძელზე, შუაში მოათავსეს და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ერთ-ერთმა, რომელიც გოგიჩას მარცხნიდან ეჯდა, უთხრა:
– კოხოვსკი, თქვენ ხომ გაგაფრთხილეს, რომ არავისთან გეცადათ დაკავშირება?
– თქვენ ვინ ბრძანდებით? მშვიდად ჰკითხა ნოდარმა უცხო მამაკაცს, თან, გულში საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ „დაიწვა“ და მოთვალთვალეები ვერ შენიშნა.
– ჩვენ თქვენ უსიამოვნებებისგან გიცავთ, – უთხრა გოგიჩას მამაკაცმა და დააყოლა, – მიპასუხეთ კითხვაზე:
– მერე და ვინ გითხრათ, რომ ვინმესთან დაკავშირებას ვაპირებდი? – კითხვა შეუბრუნა გოგიჩამ მამაკაცს.
– მაშინ, მობილური ტელეფონი რად გინდოდათ?
– სად მინახეთ მერე მობილური?
– ხომ ყიდულობდით?
– სულაც არა. უბრალოდ, ვათვალიერებდი. მიყვარს თანამედროვე ტექნიკის თვალიერება.
– ნუ თვალთმაქცობთ, კოხოვსკი. თქვენ მობილური ტელეფონის ყიდვა გსურდათ და ჩვენ შეგიშალეთ ხელი.
– გეშლებათ, ბატონებო. მე რომ ვინმესთან დაკავშირება მდომოდა, ძვირადღირებულ მობილურს რატომ ვიყიდდი? მით უმეტეს, რომ გაფრთხილებული ვარ, უბრალოდ, ფოსტიდან ან რომელიმე კიოსკიდან დავრეკავდი, ფულსაც დავზოგავდი და უფრო უსაფრთხოდაც ვიქნებოდი. ასე რომ, გეშლებათ რაღაც და სულ ტყუილად შემაწყვეტინეთ აქტიური დასვენება.
– კეთილი. განაგრძეთ აქტიური დასვენება, მაგრამ უკვე მეთვალყურეობის ქვეშ.
***
ნოდარი „მერსედესიდან“ გადმოუშვეს. მას ის მამაკაცი გადმოჰყვა, რომელიც მანქანაში მარჯვნიდან ეჯდა. კაცმა გოგიჩას გაუღიმა და უთხრა:
– მე ტარასი მქვია. წავიდეთ, გავერთოთ.
– ჩემი ზედამხედველი ხართ? – ირონიით ჰკითხა გოგიჩამ ტარასს.
– პარტნიორი, – ღიმილით მიუგო ტარასმა ნოდარს.
– ინდივიდუალისტი ვარ და პარტნიორი არ მჭირდება.
– უბრალოდ, კომპანიონობას გაგიწევთ.
– სექსის დროსაც თავზე უნდა მედგეთ?
– თავზე არა, მაგრამ შორიახლო ვიქნები.
– დიდი პატივია ჩემთვის ასეთი ყურადღება, – ირონიით თქვა გოგიჩამ და უხმოდ განაგრძო გზა ტვერის ბულვარისკენ, სადაც ნარჩევ-ნარჩევი, ძვირად ღირებული მეძავების ბირჟა იყო, რომელზეც ნოდარს ბევრი სმენოდა.
– თუ არ ვცდები, ექსტრაკლასის პუტანების ბირჟისკენ გიჭირავთ გეზი, – უთხრა ტარასმა გოგიჩას.
– არ ცდებით. სწორად მივდივარ?
– ჯერჯერობით კი, მაგრამ იმ კიოსკთან თუ მარცხნივ არ ჩაუხვევთ, გზას ასცდებით, – ღიმილით უთხრა ტარასმა.
გოგიჩამ არაფერი უპასუხა. კიოსკს რომ მიუახლოვდნენ, ნოდარმა ტარასს ხელი ჰკრა და მიწაზე დააგდო. შემდეგ ავაზასავით მოსწყდა ადგილს და ისე სწრაფად გაქუსლა და გაუჩინარდა, რომ ტარასმა თვალიც კი ვერ შეავლო მის ლანდს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში