№14 როგორ გადავდგათ სწორი ნაბიჯები ინტუიციაზე დაყრდნობით
არსებობს დღეები, როცა ინტუიცია გამძაფრებულია და თუ მას დაუჯერებთ, პრობლემებს ადვილად გადალახავთ, ცხოვრებაში სწორ ნაბიჯებს გადადგამთ და ამით წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ როგორც პირად, ასევე კარიერულ სარბიელზე. მეცნიერები ინტუიციას მეექვსე გრძნობას უწოდებენ, ადამიანები კი, მას უკავშირებენ ალღოს, გუმანს, შინაგან ხმას, მფარველ ანგელოზს, მოლაპარაკე სულს და ასე შემდეგ. ასტროლოგიურად კი, ინტუიცია რეალურ ჭვრეტას ნიშნავს და მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია.
ინტუიცია არ არის გრძნობა და არც შეგრძნება. ის სწორი აზროვნების საფუძველია, ყველა გრძნობის შეტყობინება, ოღონდ შეუმჩნეველი. ადამიანში ის მომავლის მოვლენების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარია, რომელიც ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს – შედარებით ნაკლებად, ზოგიც კი, საერთოდ არ აქცევს მის კარნახს ყურადღებას. მამაკაცები, უმეტეს შემთხვევაში, იშვიათად ენდობიან ინტუიციას, ქალები კი ხშირად უსმენენ მეექვსე გრძნობას და მას მიჰყვებიან. ამიტომაცაა, რომ ხშირად, სწორედ, სუსტი სქესის აზრი ამართლებს.
ზოგადად, ცხოვრების უკეთ შეცნობაში, ინტუიცია ძალიან ეხმარება ადამიანებს. მისი იგნორირება ცხოვრების 75 პროცენტის იგნორირებას ნიშნავს. ეს ჩვენი ქცევების ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალის, ჩვენი გრძნობების წყაროს, ჩვენი სურვილების უარყოფაა. მაგალითად, ვისაც ინტუიცია ძლიერად აქვს განვითარებული, ის შეძლებს სწორად აირჩიოს პროფესია, ცხოვრების თანამგზავრი; ჰყავდეს ერთგული მეგობრები, მოიწყოს წარმატებული კარიერა, დააგროვოს კაპიტალი, და გახდეს წარმატებული. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი შინაგანი ხმა თავადვე გაწვრთნას. ამისთვის, კი საჭიროა, ავარჯიშოს გრძნობის ორგანოები – მხედველობა, გემო, ხმა, შეხება და ყნოსვა. კარგად განვითარებული გრძნობათა ეს ხუთეული, თავისთავად, მეექვსე გრძნობას – ინტუიციას ბადებს.
არსებობს ინტუიციის გაწვრთნის მეთოდები. მაგალითად, წამოწექით კომფორტულად, რამდენიმეჯერ ჩაისუნთქეთ ჰაერი ღრმად და შემდეგ, ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ იღება თვალუწვდენელი სივრცე. ეს ვარჯიში არა მარტო ინტუიციას წვრთნის, არამედ, განტვირთვაში და სიმშვიდის მოპოვებაშიც გვეხმარება. გაღვიძებისას დააკვირდით საკუთარი სხეულს, ყოველ ჟესტსა და შეგრძნებას. დაძაბეთ გონება, შემდეგ კი, მოდუნდით და დააკვირდით, რა გრძნობა გაგიჩნდათ.
ძნელ ამოცანასთან ან გადაუჭრელ პრობლემასთან შეჯახების დროს, თავს ათასი ფიქრით ნუ დაიტანჯავთ, ნუ განმარტოვდებით და ჩაიკეტებით სახლში. გონება სხვა რამეზე გადართეთ – მოუსმინეთ მუსიკას, ხატეთ, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. ასე, პრობლემებს ადვილად დააღწევთ თავს და გამოსავალსაც აუცილებლად იპოვით. ასე რომ, მიუდექით ყველა საქმეს შემოქმედებითად და უსმინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია, რადგან ის ადამიანს არასდროს ღალატობს.