№14 იმკურნალეთ მოცვის დახმარებით
სამკურნალოდ მოცვის ნაყოფსა და ფოთლებს იყენებენ. ნაყოფმა სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში, 60-70 გრადუს ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.
მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები), კაროტინს, პექტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს. ფოთლები შეიცავს 7-20 პროცენტ სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა. ნაყოფი ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჰიპოქრომული ანემიის, საჭმლის მონელების მწვავე ქრონიკული დარღვევების დროს, ფაღარათიანობის, გაძლიერებული ჭიებისა და დუღილის პროცესებთან დაკავშირებული დისპეპსიის დროს. ენტეროკოლიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტროდუოდენიტების შემთხვევაში.
იმის გამო, რომ მოცვში ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა შედის, მისი გამოყენება ხელს უწყობს კარგი მეხსიერებისა და მახვილი მხედველობის შენარჩუნებას ღრმა სიბერემდე.
ის ამკვრივებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ებრძვის მიოკარდიუმის ინფარქტს, თრომბოზებს, ნაადრევ სიბერეს, ინფექციურ დაავადებებსა და ჭარბ წონას.
მოცვის რეგულარული გამოყენება აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. მოცვს ანტიანთებითი, ხრწნის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი და ფაღარათის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ანტიკოაგულანტების წყალობით, ის ხელს უშლის სისხლის შედედებას.
კუჭის ტკივილის დროს მოცვის სპირტიანი ნაყენის 10-12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სადილის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრამი ნაყოფი მოხარშეთ 200 მილილიტრ წყალში 20 წუთის განმავლობაში, დალიეთ 5-6 სადილის კოვზი დღეში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბუასილის დროს რეკომენდებულია მოცვის ფოთლების ნაყენის ოყნა. ეფექტურია ჰემოროიდულ კვანძებზე გასრესილი ნაყოფის სქლად დაფენა.
მოცვის წვენი გამოსავლებად გამოიყენება ბავშვებში საყლაპავისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების ნახარში და ნაყენი იხმარება შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი ფორმების დროს. ასეთ შემთხვევაში, ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. ეს რაოდენობა დალიეთ ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში.
ყველაზე სასარგებლო ანტიოქსიდანტი, ანტოციანინი მოცვში გაცილებით დიდი რაოდენობით შედის, ვიდრე სხვა პროდუქტებში. ასევე, ის მდიდარია გლიკოზიდი მირტილინით, რომელიც ინსულინის მსგავსად მოქმედებს: სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს და აღადგენს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას. კაროტინოიდები აუმჯობესებს მხედველობას, აახლებს თვალის ბადურის უჯრედებს, აუმჯობესებს თვალში სისხლის მიმოქცევას და ღამით მხედველობას. მოცვის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა რეკომენდებულია მათთვის, ვისი სამუშაოც მხედველობით დაძაბულობას უკავშირდება.
ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, მოცვი აუმჯობესებს მდგომარეობას გაციების დროს, ხსნის ზედა სასუნთქი გზების ანთებით პროცესს, თავის ტკივილს.
მოცვის ნაყოფის ნაყენის სმას ურჩევენ შარდკენჭოვანი პათოლოგიის დროს, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ასევე, ოპერაციის წინა პერიოდში, როცა კენჭების ტიპი არ არის დადგენილი. სასურველია, მისი მიღება დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად, ყოველ ჯერზე 60-100 მილილიტრის მოცულობით.
ნაყოფი ნებისმიერი სახით რგებს მხედველობას. თვალების ანთებითი პროცესების დროს მისი წვენის კომპრესებს იყენებენ. პოდაგრის დროს მტკივან სახსრებზე საკუთრივ მოცვის ნაყოფი უნდა დაიფინოთ. ამავე დროს, უნდა სვათ ნაყენი – დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით, თეთრად შლის დროს, გამორეცხვისთვის გამოიყენება მოცვის ფოთლების ნახარში: წვრილად დაკუწულ 3 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 3 ჭიქა წყალი, 15 წუთს ადუღეთ და გადაწურეთ.
მოცვის ერთ-ერთი, ყველაზე სასარგებლო თვისება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებაა. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, დადებითად მოქმედებს როგორც ფაღარათის, ასევე, ყაბზობის დროს.
მოცვის წვენს მძლავრი ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს. ის სპობს მუცლის ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაქტერიებს, ხსნის თირკმელებისა და შარდსასქესო გზების ანთებებს.
მოცვის გამოყენება რეკომენდებულია გულძმარვისა და კუჭის დაბალი მჟავიანობისას.
გარდა ამისა, მოცვი აუმჯობესებს თირკმელების მდგომარეობას და გვეხმარება ჰემოროის მკურნალობაში.
მოცვის უკუჩვენებები:
– დღეში არ მიიღოთ ხუთას გრამზე მეტი, თუ მოცვი არასოდეს მიგიღიათ, ის მცირე ულუფებით უნდა მიირთვათ, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული ზემოქმედება;
– მოცვი არ უნდა მიიღოთ ჟოლოსა და მარწყვთან ერთად;
– შაქრიანი მოცვი სასურველი არ არის დიაბეტით დაავადებულთათვის;
– მოცვს აქვს ერთი თვისება: ის გარემოში არსებულ ნივთიერებებს იგროვებს. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა მოკრეფილი ეკოლოგიურად სუფთა ზონებში. რადიოაქტიურად საშიშ ზონებში აღებული მოსავალი რადიაციით იქნება გაჯერებული;
– მოცვის გამოყენება უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ნაღველმდენი სისტემის პრობლემები, პანკრეატიტი, შარდკენჭოვანი სისტემის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს;
– დიდი რაოდენობით მოცვმა შესაძლოა, ყაბზობამდე მიგიყვანოთ.
დარიჩინის სამკურნალო თვისებები
დარიჩინი საუცხოოდ ახშობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. ჯანსაღი სუნთქვისა და პირ-ხახის გაგრილებისთვის წესად აქციეთ ყოველ დილით თაფლიან-
დარიჩინიანი ხსნარის ყელში გამოვლება – ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით თითო ჩაის კოვზი თაფლი და დარიჩინი. ეს ნარევი მეტად ეფექტურია გაციებისა და ქრონიკული ხველის დროსაც.
დარიჩინი დიდი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს, რკინას, კალციუმსა და ბოჭკოს. გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგალითად, კუჭის წყლულის, სიმსივნური უჯრედების განვითარების, ბაქტერიული ინფექციებისა და ასე შემდეგ. მასში შემავალი ნივთიერებების დახმარებით, ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების დაგროვების პროცესს. დარიჩინი ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას. ეს ყველაფერი აუცილებლად დაგეხმარებათ წონის დაკარგვაში.
ხველის ძლიერი შეტევისას ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი შეურიეთ ერთ სადილის კოვზ თაფლს და 4-5 დღის განმავლობაში მიიღეთ. შეგიძლიათ, ერთი ჩაის კოვზი სანელებელი გახსნათ ერთ ლიტრ მდუღარე წყალში, დაამატოთ ცოტაოდენი შავი პილპილი, გემოვნებით თაფლი და 4 საათში ერთხელ დალიოთ. გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო დარიჩინს რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. ეს სანელებელი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. გინეკოლოგები მის გამოყენებას გვირჩევენ მენსტრუალური ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად.
დარიჩინი მეტეორიზმთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა. ის აადვილებს მონელებას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ახშობს გულისრევას, ფაღარათს – მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი ყველა კერძს უნდა დაუმატოთ.
დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით, დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ, ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს – ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად „მუშაობს“.
ართრიტი – ყოველდღე, დილით და საღამოს, მიიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 2 ჩაის კოვზი თაფლითა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინით.
ცისტიტი – 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გავხსნათ თბილ წყალში და დავლიოთ. შველას 1 საათში იგრძნობთ. მხარდამჭერი თერაპიის სახით – გაანახევრეთ დოზა და მიიღეთ უზმოზე.
გულის დაავადებები – გააკეთეთ ჯემი თაფლისა და დარიჩინისგან, შეფარდებით – 1:1. მიიღეთ საუზმეზე ერთი სადილის კოვზი. ეს რეცეპტი კარგია, როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობის დროსაც.
მაღალი წნევა – არტერიულ წნევას მაშინვე დასწევს დაბლა, თუ მიიღებთ 1 სადილის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ნაზავს.
კანის დაავადებები და მწერის ნაკბენი – დარიჩინი თაფლთან ერთად ეფექტურია, როგორც აკნეს, ისე ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების დროს. უბრალოდ, წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე მალამო პროპორციით – 1:1. ამავე მალამოს იყენებენ მწერის ნაკბენის დროს.
გაციებისა და გრიპის დროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოამზადეთ ჯემი – 1 სადილის კოვზ შემთბარ თაფლს დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი. მიიღეთ თბილი 3-ჯერ დღეში, სამი დღის განმავლობაში.
მიუხედავად დარიჩინის მრავალმხრივ გამოხატული სამკურნალო თვისებებისა, არ შეიძლება მისი დიდი დოზით მიღება – კუჭს აღიზიანებს. ვისაც კუჭის წყლული ან ნაწლავთა მომატებული მგრძნობელობა აწუხებს, დარიჩინი ფრთხილად უნდა გამოიყენოს.
დარიჩინის ხშირად და დიდი დოზებით მიღება არ შეიძლება მათთვისაც, ვისაც მაღალი წნევა ან გულის დაავადება აქვს. სანელებელი გულისცემის გახშირებასა და არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
დარიჩინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის. ის საშვილოსნოს შეკუმშვას ასტიმულირებს და შესაძლოა, ნაყოფის გამოძევების პროვოცირება მოახდინოს.
დარიჩინი შეიცავს ტოქსიკურ კუმარინს, რომლის დიდი დოზებიც ნეგატიურად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე. არ შეიძლება დარიჩინის მიღება მედიკამენტებით მკურნალობის პერიოდში. ის ერთგვარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ცუდად ურთიერთქმედებს ბევრ სამკურნალო პრეპარატთან. დარიჩინი უკუნაჩვენებია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.