კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 გამოიყენებს თუ არა რუსეთი დასავლეთთან დიპლომატიურ სკანდალს საქართველოზე ზეწოლისთვის და რატომ დაამთხვია პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდს აგენტის ლიკვიდაცია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ინგლისში ორმაგი აგენტის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობას შედეგად დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის 23 დიპლომატის გამოძევება მოჰყვა. ლონდონს მიჰბაძა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატის გამოძევების პირობა დადო და ევროპის 20-მდე ქვეყანამაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოემშვიდობონ რუს დიპლომატებს თავიანთ ქვეყნებში. საქართველომ მხარი დაუჭირა დიდ ბრიტანეთს, თუმცა, რაკი რუსეთთან დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, ცხადია, ვერავის ვერსად გავაძევებთ, იმიტომ რომ რუსი დიპლომატები, როგორც ასეთები, ჩვენს ქვეყანაში არ არიან.
არის თუ არა მოსალოდნელი დიდი დიპლომატიური ომი, რატომ მიმართა დასავლეთმა ასეთ ზომას, როგორიცაა დიპლომატიური ომებისა და აგენტების ლიკვიდაციის ისტორია და რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს ამ პროცესმა? – ამ საკითხებს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ლონდონის რეაქცია ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო?
– ასეთი ჟესტი დიპლომატიაში მიღებულია, მაგრამ მსგავსი მასობრივი გამოძევების შემთხვევა არასდროს ყოფილა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გასული საუკუნის 30-ან წლებში გერმანიის ოდიოზურ რეჟიმთან ურთიერთობას. ეს კონკრეტული ფაქტი ლოგიკურიცაა, რადგან სკრიპალების მოწამვლის უკან, ბუნებრივია, დგანან სპეცსამსახურები და, ალბათ, უკვე დადასტურებულია, რადგან ბრიტანელები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ჩაიდინეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და, როგორც წესი, სხვა ქვეყნებში რუსეთის, ისევე, როგორც წინათ საბჭოთა სპეცსამსახურები, ხშირად მოქმედებენ დიპლომატების საფარქვეშ. ასე რომ, ყველა საელჩოში, ჩვეულებისამებრ,  არის დიპლომატების შესაბამისი რანგები, რომლებსაც ყოველთვის იკავებენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები და ამას ჰქვია ლეგალური რეზიდენტურა. ყველამ იცის, რომ საელჩოში არიან რეზიდენტები.
– და ისიც იციან, ვინ არიან ეს რეზიდენტები?
– ალბათ… მაგრამ მათი გამოვლენაც ხშირია. ისინი ხშირად ინიღბებიან ჟურნალისტებად, ეკონომიკურ ან კულტურის ატაშეებად. მათი აქტივობა ისეთია, რომ გამოვლენა სწრაფად ხდება, მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებენ საელჩოში და ძირითადად, მოძრაობენ. სსრკ-ს პრაქტიკა ასეთი იყო: საბჭოთა დიპლომატებს ერთად მიუჩენდნენ ხოლმე საცხოვრებელ ადგილს, რომ ერთმანეთისთვის თვალ-ყური ედევნებინათ, მაგრამ რეზიდენტი ცალკე ცხოვრობდა, რომ ოპერატიული თავისუფლებით ესარგებლა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მანამდე საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდა და გაირკვა, რომ იმ ასზე მეტ ქვეყანაში, რომლებთანაც საბჭოთა კავშირს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა, ჰყავდა რეზიდენტურა. ამაში უამრავი ფული იხარჯებოდა, მოდიოდა ტონობით ქაღალდი, ინფორმაცია და არაეფექტიანი იყო. ელცინის დროს უმეტესობა დაიხურა და მხოლოდ რამდენიმე ათეული საელჩო დარჩა. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა გადააჭარბა საბჭოთა პერიოდს საელჩოებისა და საელჩოებში რეზიდენტების რაოდენობით. დიპლომატების 20-30 პროცენტი, ზოგჯერ მეტიც, არის სპეცსამსახურის თანამშრომელი. ეს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ხელწერაა. შესაბამისად, როდესაც დიპლომატებს აძევებენ, ზუსტად იციან, ვინ არის მათგან სპეცსამსახურის თანამშრომელი.
– გამოდის, რომ ასეთი ტიპის სკანდალებს იყენებენ აგენტების ქვეყნიდან გაყრის საბაბად?
– რა თქმა უნდა. ეს არის დიპლომატიური სანქციების მოდელი. რუსეთს უკვე აქვს დაწესებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციები და ამ ტიპის სანქციებს სჭირდება კოლექტიური გადაწყვეტილება, იქ კი არიან ქვეყნები, რომლებიც სანქციების მოხსნის მომხრეები არიან. ამდენად, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ, დიპლომატიური სანქციები დაუწესონ რუსეთს, უკვე დაუწესეს.
– ევროკავშირი აჰყვა ბრიტანეთს.
– ბუნებრივია, იმიტომ რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე ცდილობს, შეინარჩუნოს მკაცრი დამოკიდებულება რუსეთისადმი.
– თქვით, გასაგებია, რომ ამ ტიპის მკვლელობების უკან დგას სპეცსამსახურები, რატომ არის გასაგები, იმიტომ რომ ამ ტიპის იარაღს მხოლოდ სპეცსამსახური იყენებს?
– რა თქმა უნდა. თან, ასეთ დავალებას არ ატარებს რიგითი თანამშრომელი, რადგან ამ ტიპის მკვლელობის ჩასადენად აუცილებელია გამოცდილება. ის მომწამვლელი გაზი ძალიან საშიშია იმისთვისაც, ვინც იყენებს და ამდენად, თუ არ აქვს შესაბამისი ინსტრუქცია და გამოცილება, წარმოუდგენელია, შეძლოს მისი გამოყენება. ეს მკვლელობა არ უკავშირდებოდა არც ბიზნესინტერესებს და არც პირად მტრობას, ის იყო რუსეთის სახელმწიფოს მტერი, თუ შეიძლება, ასე ითქვას და პუტინმა, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო, იმ ყოფილი აგენტების ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, რომლებიც ახლა სხვა ქვეყნებზე მუშაობენ.
– სკრიპალის ორმაგი აგენტობა გავშიფროთ.
– ორმაგია აგენტი, რომელიც ერთდროულად ორ ქვეყანაზე მუშაობს. სკრიპალი ოფიციალურად მუშაობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე, ჩინით იყო პოლკოვნიკი და იმ პერიოდში ბრიტანელებთან დაამყარა საიდუმლო კავშირი, და რეალურად, უკვე ბრიტანელებზე მუშაობდა. ასევე, არსებობს სამმაგი აგენტის დეფინიციაც, როდესაც პიროვნება მოჩვენებითად მუშაობს სხვა ქვეყანაზე, სინამდვილეში კი მუშაობს თავის ქვეყანაზე.
– რატომ არ კლავენ სხვა იარაღით? სხვა მეთოდით ეჭვს ხომ აიცილებდნენ თავიდან, რომ სპეცსამსახურის ჩადენილია? თუ სხვა ორმაგი აგენტების საჩვენებლადაც?
– სკრიპალი თავისუფლად გაადადგილდებოდა ბრიტანეთში და თუ მისი ლიკვიდაციის ოპერაცია დაიგეგმებოდა, ათასი ვარიანტი იყო შესაძლებელი: დებოშის მოწყობა და ჩხუბი, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი შვილის ლიკვიდაციაც იყო გათვალისწინებული.
– შვილიც სპეცსამსახურის აგენტი ჰყავდა?
– შვილის კავშირი სპეცსამსახურთან დადგენილი არ არის, თუმცა, ის საკმაოდ ხშირად ჩადიოდა რუსეთში, შემდეგ რუსეთიდან – ბრიტანეთში.
– დიდი ბრიტანეთის ასეთი მკაცრი რეაქცია რას უკავშირდება? თავმოყვარეობაშელახულადაც იგრძნეს თავი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ამდენი მკვლელობა განახორციელეს მათ ტერიტორიაზე?
– ხშირად გამოითქმება ეს აზრი და მეც გავაანალიზე ვითარება: მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ბოლო წლებში, საეჭვო ვითარებაში, 14-15 ადამიანია დაღუპული. საკმაოდ ცნობილი გვარებია: ლიტვინენკო, ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, მეტიც, არის კურიოზული შემთხვევებიც. მე მიკვირს, რატომ ვერ ატარებს სრულყოფილ გამოძიებას ბრიტანეთის სახელგანთქმული პოლიცია?! ცხადია, ამას გარდა ქვეყნის პრესტიჟის საქმეცაა, როდესაც შენს ტერიტორიაზე ასეთ თავხედურ და არ მარტო თავხედურ, საფრთხის შემცველ ოპერაციას ატარებს სხვა ქვეყანა და შენ პასუხს ვერ სცემ, ეს დიდი სირცხვილია ქვეყნისთვის. მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკური სიტუაციაც გასათვალისწინებელია, ამ დროს პოლიტიკოსები ქულებს იწერენ, სხვა ქვეყნისადმი სიმკაცრე კი ყოველთვის აისახება ამომრჩევლის ხმებში, განსაკუთრებით, თუ ეს სხვა ქვეყანა რუსეთია. ერთი სიტყვით, მრავალი საკითხია გადაჯაჭვული.
– რუსი დიპლომატების გამოძევება დასავლეთის უმეტესი ქვეყნიდან არის რუსეთისთვის მძიმე დარტყმა?
– ამას რუსეთისთვის არანაირი სერიოზული მნიშვნელობა არ ექნება. მოსკოვი აპირებს სარკისებური ღონისძიების გატარებას და საპასუხოდ გააძევებს დასავლელ დიპლომატებს. ასეთი პატარა ჩხვლეტები რუსეთის რეჟიმის ხელმძღვანელობას საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, რუსეთისთვის ხელსაყრელიც კია.
– დიპლომატიური სანქციის დრო რუსეთისთვის მომგებიანი იყო, იმიტომ რომ რუსი ამომრჩევლის უმეტესობისთვის დასავლური კაპიტალიზმი ისევ ყარს და დასავლეთი რუსეთის დაუძინებელი მტერია. რუსი დიპლომატების გამოძევება, ვფიქრობ, პუტინის ირგვლივ ამომრჩევლის მობილიზებას უფრო შეუწყობდა ხელს.
– ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ვერსიაზე შეიძლება, ვისაუბროთ. მკვლელობა მოხდა  მარტში და ეს დრო შერჩეული იყო რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სიძლიერისთვის ხაზგასასმელად და მოღალატეების დასასჯელად არჩევნების წინ. სხვა საქმეა, რომ რუსეთის მასმედია უკვე იყენებს ამ ფაქტს დასავლეთის წინააღმდეგ და შიდა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღება გადააქვს გარე მტერზე.
– ჩვენთვის რა საფრთხის შემცველი შეიძლება, იყოს რფ-დასავლეთის ეს დაპირისპირება? ისინი ერთმანეთს უშუალოდ არასდროს უპირისპირდებიან, როგორც წესი.
– ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი რგოლი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რუსეთს შეუძლია, ჩვენი ძალიან ბევრი პრობლემა გაამწვავოს და ჩვენ საპასუხოდ ვერ ვიაქტიურებთ. ამდენად, ჩემი აზრით, ჩვენი აქტივობა საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა იყოს შეთანხმებული. არ უნდა გადავამლაშოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. მოზომილად უნდა ვიმოქმედოთ.
– არის რუსეთი ისეთი პარტნიორი, რომ მასთან მოზომილი და ფრთხილი მოქმედება მოიტანს შედეგს და შეაცვლევინებს მოქმედების გეგმას?
– ჩვენი ამოცანაა, უფრო არ გავაუარესოთ ვითარება, იმიტომ რომ რუსეთს ჩვენზე ზემოქმედების ბევრი ბერკეტი აქვს და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ზომიერი და გათვლილი.
– ფაქტია, რომ დიპლომატებს ისევ დააბრუნებენ, მაშინ რა აზრი აქვს გამოძევებას? ძველი რეზიდენტები ახალი რეზიდენტებით ჩანაცვლდება?
– ეს მუდმივი პროცესია. დიპლომატიური შეთანხმება გულისხმობს, რომ უნდა ჰყავდეთ თანაბარი რაოდენობის დიპლომატები, თუმცა იმ რაოდენობის რეზიდენტურა, რაც რუსეთს ჰყავს და საბჭოთა კავშირს ჰყავდა, არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია. ამ მხრივ, პარანოია აქვს პუტინს.
– როცა ბევრი აგენტი გყავს უცხო ქვეყანაში, ეს რატომ არის უკეთესი? რაოდენობა რამეს ცვლის?
– მთლად ასეთი პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არ არის, თან, რამდენი მზვერავიცაა, იმდენივე მოთვალთვალე ჰყავს მას. პუტინის იდეაფიქსია საბჭოთა კავშირის აღდგენა, ნოსტალგია აქვს. ის საბჭოთა სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მას ეს მიმართულება მიაჩნია უფრო აქტუალურად, იმიტომ რომ ამის გამოცდილება აქვს. მაგალითად, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩერნომირდინი იყო, მუდმივად გაზისა და ნავთობის მოპოვების საკითხებზე მუშაობდა, იმიტომ რომ ეს სფერო უკეთ იცოდა. ერთი სიტყვით, რაც იცის ხელმძღვანელმა, იმ მიმართულებას ავითარებს.
– ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს სპეცსამსახურის გამოცდილება. პარტნიორები, ცხადია, გვეხმარებიან, მაგრამ შესაძლებელია, რომ სხვა სახელმწიფომ, თუნდაც, უახლოესმა მეგობარმა, შეგიქმნას ამ ტიპის სტრუქტურა?
– მას შემდეგ, რაც საქართველოში შევარდნაძე ჩამოვიდა, გვეხმარებიან და ასეც იქნება მომავალში, მაგრამ ისინი ჩვენს საქმეს ხომ ვერ გააკეთებენ?! შეიძლება, კადრები მოგვიმზადონ, აღჭურვილობა მოგვცენ, რაღაცები გვასწავლონ, მაგრამ ბოლომდე არ გაიხსნებიან, მეგობრებიც კი, იმიტომ რომ მათაც ეშინიათ ინფორმაციის გაჟონვის. თუმცა, მე არ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი მასშტაბის ჩარევა, როგორიც იყო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის გაერთიანების საკითხზე. ჩვენმა მეგობრებმა გვირჩიეს, არ გაგვეერთიანებინა.
– ჩვენი ზომის ქვეყნები, როგორც წესი, ვერ ავლენენ უცხო ქვეყნის აგენტებს?
– თქვენც ხომ იცით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ არა მარტო რუსეთის სპეცსამსახურები, არამედ მეზობლების სპეცსამსახურებიც: ისინი ერთმანეთის წინააღმდეგაც მუშაობენ და ჩვენს წინააღმდეგაც. ჩვენი სპეცსამსახურის ეფექტიანობა დაბალია, ამიტომაც ისინი აშკარად მოქმედებენ. არადა, ხომ ვიცით, არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მოქმედებებში აშკარად ჩანს, ვის სასარგებლოდ მოქმედებენ. მე არ ვარ მათთვის მუშაობის შეზღუდვის მომხრე, მაგრამ აუცილებელი მგონია მათზე ისეთი ინფორმაციების გავრცელება, რაც მოქალაქეებს ნათელ და რეალურ წარმოდგენას შეუქმნიდა.

скачать dle 11.3