№14 ანუ „ძმა ძმისთვისაო“, თუნდაც, უფროსი
აშშ-ს პრეზიდენტმა, თუმცა ბევრი იმუქრა, რომ ვეტოს დაადებდა, მაგრამ ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა და აწ უკვე ბიუჯეტის კანონით, აშშ-ს შეიარაღებული ძალების დაფინანსებაც იზრდება და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 21 მილიარდი დოლარიც გამოიყოფა.
რაც ყველაზე მთავარია (ჩვენთვის, ცხადია), საქართველოს დასახმარებლად მომდევნო 9 თვის განმავლობაში აშშ არანაკლებ 105 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს (ოღონდ კონკრეტულად არაა მითითებული, რა ტიპის დამხარებას გაგვიწევენ).
უფრო მეტიც, აშშ-ური ფული სხვა მიმართულებებიდანაც შეგვხვდება: რუსეთის გავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის 250 მილიონი დოლარია გამოყოფილი (აქ ჩვენც ვიგულისხმებით) და აშშ-ს ბიუჯეტი თანხის გაცემას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) დასახმარებლადაც ითვალისწინებს (აქ ხომ ვიგულისხმებით და ვიგულისხმებით!).
გვერდ-ნახევრიანი თავი კი, საერთოდაც, მხოლოდ საქართველოს ეხება (სახელწოდებით: „საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“), რომელშიც განმარტებულია, რომ არც ერთი ცენტი არ უნდა მიეცეს იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და რომ აშშ-ს მთავრობა არ დააფინანსებს არც ერთ პროექტს, რომელიც „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას შეუწყობს ხელს.“
ერთი სიტყვით, ჯერჯერობით თავი მთლად ქუდშიც არ გვაქვს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც დონალდი (ტრამპი) აპირებს ჩვენს, მაინცდამაინც, ოკუპანტის პირში შეჩეჩებას!