№14 დიპსაბაბი
შენ რომ ჩემი დიპლომატი არ გამოგიძევებიაო
დასავლეთსა და რუსეთს შორის დიპლომატების გაყრა-გამოყრა გრძელდება (მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიომ ახალი საქმე იშოვა). ცხადია, დიდი ბრიტანეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება (ან კი როგორ არ გააძევებდა, როდესაც ბოლო წლებში რუსეთის სპეცსამსახურებმა იმდენი სპეცოპერაცია ჩაატარეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, როგორც იტყვიან, ჩიტის გულიც ვერ მოითმენდა) სრულიად დასავლეთმა აიტაცა.
სავსებით ბუნებრივია, ოპონენტებს არც რუსეთი ჩამორჩება და საპასუხოდ იმდენივეს გააძევებს.
თუმცა ამ საკითხის გამო დიდი ალიაქოთია ამტყდარი (განსაკუთრებით, ჩვენს სამშობლოში), არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, იმიტომ რომ ცოტა ხნის შემდეგ დიპლომატების ახალ შემადგენლობებს ვიხილავთ.
მეორე მხრივ, რაკი საქმე დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებას ეხება, მარაქაში ჩვენც გავერიეთ (ან კი როგორ არ გავერეოდით, როდესაც დასავლეთი გვაღიარებს ერთიან სახელმწიფოდ სოხუმსა და ცხინვალთან ერთად, რუსეთი კი – სამად, ცხინვალისა და სოხუმის გარეშე?!) და ერთი რუსი დიპლომატი ჩვენც გავაძევეთ.
ამ ფაქტმაც აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია: ერთნი ამართლებენ, მეორენი – იწუნებენ. აი, დაწუნების მიზეზი ორგვარია, რადგან გადაწყვეტილების დამწუნებელთა შორის რუსთმოტრფიალენიც არიან და რუსთმოშიშებიც (არ გავაბრაზოთო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რუსულ ქმედებას ლოგიკა არ აქვს (დიახ, თუნდაც, თავით მარილი დაგინაყავს), დამწუნებლების შეგონებები იმ ანეკდოტის გმირისეულია, საკანში ამტყდარი ჩხუბისას, დანარჩენებს რომ ეხვეწებოდა, გაჩუმდით, თქვენი ჭირიმე, თორემ გაგვყრიან აქედანო.