კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რას აკეთებს ყოველი თამაშის წინ კოკი თხილაიშვილი და რა სირთულეების გავლა მოუწია მას წლების განმავლობაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ რაგბიში რუმინეთთან მოგებული თამაშის შემდეგ, კოკი (გიორგი) თხილაიშვილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კოკის რაგბიში წარმატებების მისაღწევად არაერთი სირთულის გავლა მოუწია. მაგრამ მისმა შრომისმოყვარეობამ, რაგბისადმი სიყვარულმა გაამართლა და დღეს ის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა.
კოკი თხილაიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, ფინალი იყო. კარგად ვემზადებოდით და დასახული მიზანი განვახორციელეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ, თამაშით – იმდენად არა, რადგან რაც დავალებული გვქონდა, ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. რაც შეეხება იმას, რომ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, ძალიან გამიხარდა, რომ შრომა დამიფასდა. საერთოდ არ მიფიქრია ამაზე. რომ გამოაცხადეს, არც ეგ გამიგია. მერე ჩვენმა მასაჟისტმა მითხრა, შენ დაგასახელესო და ძალიან გამიხარდა. ვისაც ვიცნობდი, არ ვიცნობდი, ყველამ დამირეკა, მომილოცეს, გაუხარდათ.
– სერიოზული ტრავმა მიგიღია?
– სერიოზული – არა, კუნთები გამწყვეტია. თუმცა, რეაბილიტაცია 4 თვეზე დიდხანს არ გაგრძელებულა.
– ასეთ დროს, ალბათ, ძალიან ნერვიულობ.
– ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. თან, ისე მტვირთავენ, ისეთ რეაბილიტაციას გავდივარ, ჯობია, ვითამაშო. თან, ითრგუნები – ბიჭები ვარჯიშობენ და შენ არ შეგიძლია თამაში, ვარჯიში. ერთი სული მაქვს, გავიდე ხოლმე მოედანზე.
– თამაშის წინ, მოედანზე გასვლისას, გაქვს რამე განსაკუთრებული რიტუალი?
– თამაშის დღეს, თუ საქართველოში ვარ, აუცილებლად მივდივარ ეკლესიაში. თამაშზე გასვლის წინ კი, მთელი გუნდი „მამაო ჩვენოს“ ვამბობთ და ასე გავდივართ. ვცდილობ, თამაშის წინ სასტუმროში ვიყო ხოლმე. ყველა საქმეს ვდებ, ეკლესიაში წასვლის გარდა.
– ცოტა წარსულში რომ გადავინაცვლოთ – მომიყევი, როგორ დაიწყე რაგბის თამაში?
– 1998 წელს დავიწყე რაგბის თამაში. პატარა ვიყავი, 7 წლის. ჩვენ დროს არაფერი იყო: არც ფეხბურთი და არც არაფერი. ერთადერთი გასართობი სკოლაში წასვლა იყო და რამეს თუ ვითამაშებდით ფიზკულტურის გაკვეთილზე ეზოში. შუქიც არ გვქონდა, არაფერი იყო. ერთ დღესაც, ჩვენი მწვრთნელი მოვიდა რაგბის ბურთით. თავიდან ბურთი მომეწონა, მერე სპორტის ეს სახეობა. მაგრამ ჩემები არ მიშვებდნენ, ხშირად ვცივდებოდი. დასავლეთში ნესტია და პრობლემები მქონდა ხოლმე ფილტვებზე. რამდენჯერ გავპარულვარ სავარჯიშოდ და მამას წამოვუყვანივარ ტირილ-ტირილით. მაგრამ არ ვნებდებოდი და ბოლოს, რომ მიხვდნენ, აზრი არ ჰქონდა, დამანებეს თავი. იმის მერე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ.
– რთულ პირობებში გიწევდათ ვარჯიში?
– ძალიან რთული პერიოდი იყო: არც ფორმა გვქონდა წესიერი და არც ბუცები. მშობლები იჭირვებდნენ და ყიდულობდნენ – ბუცის გარეშე ტალახში ვერ გაიქცევი. მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ, გვერდში დამიდგნენ, თვითონ იკლებდნენ ყველაფერს. ვარჯიშის მერე წყლის გადავლება, ხომ, ზედმეტი იყო. ერთი წელია, რაც ჩვენს სტადიონზე გაკეთდა დუში. მდინარე ჩამოდის და თამაშის შემდეგ, სანამ სახლში წავიდოდით, იქ ვბანაობდით ხოლმე, თან, ნოემბერში.
– არ ცივდებოდი?
– რაც თამაში დავიწყე, იმის მერე იშვიათად თუ გავცივდებოდი. წამლებიც აღარ მიმიღია. ჯანზე ვარ, ღვთის წყალობით.
– მაშინ რა გაძლევდა სტიმულს?
– მაგ დროს უფრო ვერთობოდი, სტიმულზე არც ვფიქრობდი. დაახლოებით, 5 წელია, რაც  დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი. არც ის მქონდა წარმოდგენილი, რომ ამ საქმეში ხელფასი მექნებოდა, ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდი. უბრალოდ, მთელი სოფელი ვთამაშობდით და უფრო ვერთობოდით.
– როდის მიხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ გართობა?
– როცა ყველაფერი აირია, რევოლუცია და მოკლედ, დაიშალა გუნდი. ქუთაისელი მწვრთნელი მყავდა, ემზარ გეგუჩაძე და მან წამიყვანა ქუთაისში. 4 წელი ჭაბუკთა ლიგაში ვთამაშობდი, შემდეგ 17 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი, მერე ბათუმში გადმოვედი სათამაშოდ, ნაკრებში დამიძახეს. 12 წლის ვიყავი, ქუთაისში რომ დავდიოდი ხოლმე. შაბათს რომ იყო თამაში, ხუთშაბათს მივდიოდი, ვემატებოდი გუნდს. „მარშრუტკაზე“ დამსვამდა მამაჩემი და ქუთაისში მხვდებოდნენ. თავიდანვე დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი და, ოღონდ რაგბი მეთამაშა, გავრისკე და ქუთაისში წავედი. ზოგჯერ, რომ ჩავდიოდი, აგვიანებდნენ და სადგურზე ველოდებოდი.
– როგორი ემოცია გქონდა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში დაგიძახეს?
– როდესაც ბავშვი ვიყავი, მაშინ არც ვიცოდი ნაკრები რომ არსებობდა. მერე, რომ გავიზარდე, ბევრი რამ გავიგე, ვუყურებდი სხვადასხვა თამაშებს, ჩემპიონატებს. მინდოდა ნაკრებში მეთამაშა, ვოცნებობდი ამაზე, უბრალოდ, ჩემი თავის არ მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი. პირველად უკრაინასთან ვითამაშე, ალბათ, მოვეწონე „ტრენერს“ და შემდეგ წამიყვანა: ამერიკასთან, კანადასთან ვითამაშე.
– რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თამაში? მახსოვს, ტონგასთან თამაშისას შენი ლელო იყო გადამწყვეტი.
– ტონგასთან თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი იყო. 3 წელი ვემზადებოდით  მაგ შეხვედრისთვის. ძალიან კარგად მახსოვს, სამოას რომ მოვუგეთ, ჯერ კიდევ არ მქოდა ნაკრებში თავი დამკვიდრებული. ტონგასთან რომ დავდე ლელო, ძალიან გამიხარდა. მაშინ, ბიჭები რომ მეხუტებოდნენ, ვერაფერს ვგრძნობდი. მერე, საქართველოში რომ ჩამოვედი, ხალხი მილოცავდა, რეკლამები იყო ჩემი... ნელ-ნელა მივხვდი: ეს რა მიქნია-მეთქი.
– გარკვეული პერიოდი, ინგლისშიც თამაშობდი.
– ორი წლის წინ იყო შემოთავაზება, თუმცა, ენის გამო პრობლემა შემექმნა: ძალიან რთული სისტემა აქვთ და ენა კარგად უნდა იცოდე, საშუალო ცოდნა არ აკმაყოფილებთ. რამდენიმე ხანი ვიყავი საუკეთესო გუნდებში, მაგრამ ენის გამო მომიწია წამოსვლა. სადაც მე ვიყავი, იქ მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობდნენ, ნაკრების წევრები, ბევრი ვარსკვლავი გავიცანი და დიდი გამოცდილება მივიღე. უბრალოდ, ცოტა ხანი ვითამაშე.
– შენი ოჯახიც გამაცანი.
– ჩემი მეუღლეა: ნუცა ლომთაძე და მყავს შვილი: ნიცა თხილაიშვილი, რომელიც წლისა და ორი თვის არის.
– როგორ შეაყვარე თავი?
– არ ვარ ისეთი ტიპი, რაღაცები რომ მეკეთებინა, თან, არც მქონდა მაგის დრო: სულ შეკრებაზე ვარ ხოლმე. ახლაც, ძლივს წესიერად ვნახე ჩემი შვილი. რომანტიკული ტიპიც არ ვარ: გულებს რომ ხატავენ. სიმართლეს ვამბობ ხოლმე და სჯეროდა ჩემი. ნუცა ძალიან მიდგას გვერდში. როცა დაღლილი ვარ, სადმე მივდივარ, თვითონ მილაგებს ჩანთას. ვწევარ, ვისვენებ და ვეუბნები: გთხოვ, ეს ჩამილაგე, ეს და ისიც მეხმარება. ორივე მიწყობს ხელს – მეუღლეც და შვილიც.
– ბავშვი რომ დაიბადა, თბილისში იყავი?
– რომ დაიბადა თბილისში ვიყავი, მაგრამ ვერ გამოვიყვანე და დამწყდა გული. ბაბუამ გამოიყვანა, მე არ ვიყავი აქ. თავიდან, ცოტა ხანი, ვერ გავიგე შვილი რომ მყავდა. „ერთა თასი“ იყო და გადაბმულად, თვე-ნახევარი, ვერ მივედი სახლში. ჩემი მეუღლე მეუბნებოდა: ბავშვმა გაგვათენებინა ღამეო და მერე რა მოხდა-მეთქი. პირველად რომ დავრჩი, მეც მივხვდი, რა მოხდა. ნელ-ნელა შევიგრძენი, რომ შვილი გვყავს. თუ ძალიან არ ვარ დაღლილი, მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები. ჩემი მეუღლე დაქალებთან რომ მიდის, ნიცას მე ვიტოვებ ხოლმე – ერთად კარგად ვგრძნობთ თავს.
– უყვარს შენს მეუღლეს რაგბი?
– კი. როცა აქ ვთამაშობ, მოდის თამაშზე და როცა უცხოეთში ვარ, ნერვიულობს, არ უყურებს და რომ დამთავრდება, მერე ვურეკავ ხოლმე: კარგად ვარ-მეთქი. გადაახვევს და უყურებს. ერთ თამაშზე ჩემი შვილიც დაესწრო და რომ ვხედავდი ტრიბუნაზე, სტიმულს მაძლევდა და კარგი თამაში გამომივიდა.

скачать dle 11.3