№13 როგორ ემზადება ლაშა ჯოხაძე კესარია აბრამიძის ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის და რატომ დაკარგა მან ქალების ნდობა
გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებზე ყველაზე მოთხოვნად ქართველ დიზაინერს, ლაშა ჯოხაძეს ვესაუბრეთ. ლაშა კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტშია ჩართული, სწორედ ის იზრუნებს კესარია აბრამიძის კოსტიუმზე, რომელიც საერთაშორისო ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსში იღებს მონაწილეობას.
ლაშა ჯოხაძე: ცოტა ხნის წინ, კესარიამ მახარა ტრანსგენდერების მსოფლიო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის შესახებ და მითხრა, რომ მის ჩაცმულობაზე მე უნდა ვიზრუნო. სიამოვნებით გავუკეთებ ამ კონკურსისთვის კოსტიუმს, მისი გარეგნობა ყველანაირად ხელს მიწყობს, რომ საინტერესო და მასავით ეპატაჟური კოსტიუმი შევუქმნა. თუმცა ეპატაჟურობა არ ნიშნავს ვულგარულობას. იმედი მაქვს, რომ კარგ პოზიციას დაიკავებს – კესარიას ნამდვილად აქვს ამის მონაცემი. მიხარია, რომ ჩემი და მისი აზრები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს.
– ალბათ, სკანდალურიც იქნება.
– იქნება იმიტომ, რომ კესარია თავად არის ასეთი. პირველი ქართველია, რომელიც ასეთ კონკურსში იღებს მონაწილეობას. მადლობა მას ამხელა ნდობისთვის. როცა ასეთ ადგილას მიდიხარ, უამრავ ნიუანსზე გიწევს ფიქრი. ეს ხომ არაა ქუჩის ყოველდღიური სამოსი. მის იქ გამოსვლას, მოწონებასთან ერთად, ბევრი კრიტიკა მოჰყვება და გარეგნულ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კესარია იმისთვის მიდის, რომ უკან გამარჯვებული დაბრუნდეს და ჩვენც ამ განწყობის შესაბამისად ვმუშაობთ.
– ამ მასშტაბის კონკურსებს ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. გავიხსენოთ „ევროვიზიაზე“ თაკო გაჩეჩილაძის კაბა და კარგთან ერთად ბევრი კრიტიკული კომენტარი. ახლა, როცა საქმე ეხება ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსს, ალბათ, უფრო დიდი სკანდალები და ვნებათაღელვა გველოდება.
– თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ რამე ცუდს ვაკეთებ, მაშინ მზად ვარ, ვუპასუხო. „ევროვიზიის“ შემთხვევაშიც ვერ მივხვდი, რის გამო ატყდა ის ამბავი. ბევრი დამიდასტურებს, რომ „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელს ასეთი კოსტიუმი, როგორიც თაკო გაჩეჩილაძეს ეცვა, მანამდე არ სცმია – ამას თამამად ვამბობ. მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში პროფესორები ვართ და სხედან კლავიატურასთან, როგორც გია ჯაჯანიძემ მითხრა, ინტერნეტის ჭიები და საკუთარ ჭიას ახარებენ, რადგან მეტი საქმე არ აქვთ.
– არ გიფიქრია, რომ ვიღაც სპეციალურად ცდილობს, ინტრიგების აგორებას შენ გარშემო, ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი გენდობა?
– არ ვიცი, სპეციალურად რა უნდა გამიკეთონ, ერთადერთი, თუ მოეწონებათ და იტყვიან, – „ვაიმე, რა ცუდიაო“. შეიძლება, რაღაც მომენტში, შურის თემაცაა. ადამიანებს რაღაცები „გრუზავთ“.
– როცა საქმე სადღესასწაულო ჩაცმულობას ეხება, ძალიან ბევრ ცნობილ და წარმატებულ ქალს პირველი შენ ახსენდები. საინტერესოა, ამ დროს შენს ჩაცმულობაზე რამდენად ზრუნავ?
– არაფერი განსაკუთრებული. საკმაოდ იაფფასიან მაღაზიებში დავდივარ. ვფიქრობ, რომ ყოველდღიურ ჯინსში დიდი თანხის გადახდა საჭირო არაა და არც სხვა სამოსზე ვარ ჩაციკლული. შეიძლება, ჩემთან შეკერილი მხოლოდ სამი-ოთხი რაღაც მქონდეს. როცა სულ ამ საქმეში ტრიალებ, ყველაფერი იმდენად გბეზრდება, რომ საკუთარი თავისთვის აღარ იხარჯები. არ ვიცი, ამას სხვა რა დავარქვა. თუ რამე მნიშვნელოვან ღონისძიებას ეხება საქმე, ამისთვისაც მაქვს ერთი კლასიკური, ხავერდის ძალიან ლამაზი პიჯაკი, თეთრი პერანგით, ბაფთით, შარვლით და ფეხსაცმლით (იცინის).
– თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ წონას და ძალიან ბევრი დაიკელი.
– 28 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ ახლა ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა ვიმატებ და განგაშის ზარი შემოვკარი (იცინის). ცხრა თვეა, ამ წონას ვინარჩუნებ და უკვე წიკები გამიჩნდა. ყოველ წამს ხელებს, ფეხებს და მუცელს ვიმოწმებ (იცინის). თუმცა, დიეტა მაინც ბევრჯერ დავარღვიე – ძალიან მიჭირს ტკბილეულზე უარის თქმა. მაგრამ ერთ დღეს თუ დავარღვევ, მეორე დღეს ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები და ასე უპრობლემოდ ვინარჩუნებ წონას.
– რაც შეეხება მოდის ტენდენციებს, რა უნდა გავითვალისწინოთ გაზაფხული-ზაფხულისთვის?
– ახალი წლიდან მოყოლებული, უკვე ვიცით, რა ფერებიც დაგვიწესეს – იასამნისფერი, ყვითელი და ასე შემდეგ. დიზაინერების ახალ ნამუშევრებს რომ გადავხედე, დავინახე, რომ ძალიან ბევრი სიბრჭყვიალეა. „კონკრეტიკები“ აღარაა მოდაში, ახლა ყველაფერი არეულია მოდური. მსოფლიო დონის დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც მოდის ტენდენციებს გვკარნახობენ, ძალიან მრავალფეროვანია და ნელ-ნელა ჩვენთანაც უფრო და უფრო მეტი ფერადი და ბრჭყვიალა ტანსაცმელი მხვდება, რაც ძალიან მომწონს. ყოველდღიურად უფრო აქტუალური კვლავ სპორტული სტილია. ახლა უფრო მომდგარი და სწორი სილუეტია მოდური, რომელიც ჩემს ახალ კოლექციაშიც აისახება.
– ჩვენი ქუჩის სტილზე რას ფიქრობ?
– ძალიან ბევრს გაუვლია და მიფიქრია, რატომ მოუნდა ამის ჩაცმა-მეთქი, მაგრამ ზოგის ჩაცმულობა მართლა ძალიან მომწონს. ბოლო დროს, ბიჭები უფრო მეტად ნარცისები გახდნენ და განსაკუთრებით ზრუნავენ ჩაცმულობაზე. თუმცა, მასა მაინც ძალიან სტანდარტულია. რამდენიმე საოცრად გემოვნებიანი ლუქიც მინახავს, მაგრამ ასეთები ბევრნი არ არიან. ყველაზე მასობრივია ჯინსი, მაისური და შეხსნილი პერანგი, რაც ძალიან მაღიზიანებს (იცინის). ბოლო დროს ხშირად ვმგზავრობ მეტროთი. ცოტა ხნის წინ ჩავედი ძალიან ჩვეულებრივად ჩაცმული: გრძელი პლაშოვკის მოსაცმელი და ჩემთან შეკერილი ოდნავ განსხვავებული შარვალი მეცვა და მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს მივეჩვიეთ, სტანდარტიდან ოდნავ ამოვარდნილი შარვალიც კი უდიდეს ყურადღებას იქცევს. გულწრფელად გამიხარდა, რომ სათვალე მეკეთა, იმიტომ რომ ყველა მე მიყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფერი მეცვა (იცინის).
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ურთიერთობების ცვლა – ერთი წავიდა და მეორე მოვიდა, არ მიყვარს, მაგრამ ხდება ხოლმე. ჩემთვის აუცილებელია, რომ ვისთან ერთადაც ვარ, ბევრი კარგი ადამიანური თვისება ჰქონდეს. ხელოვანი ვარ და ვიზუალიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც პიროვნული თვისებებია. სერიოზულად შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ ოჯახი შემექმნა. როცა ურთიერთობა მთავრდება, პირველი ემოცია ისეთია, რომ მართლა მანგრევს. მერე არის ნოსტალგიური პერიოდები, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემს თავს ვაიძულებ, რომ მელანქოლიური განწყობები დავამთავრო.
– დრომ თუ შეგიცვალა კრიტერიუმები?
– დროსთან ერთად, ნდობა დავკარგე – ახლა არავის ვენდობი. როცა ადამიანთან ვარ, მაშინ უკვე ვენდობი, მაგრამ ხშირად მქონია მომენტები, როცა მუდმივ რეჟიმში ვუხსნი, ეს არ გააკეთო-მეთქი. ასეთ ურთიერთობაში ძალიან გულწრფელი ვარ და არ მერიდება ისეთ თემებზე საუბარი, რაც მე ზიანს მაყენებს. ამიტომაც ვეუბნები ხოლმე, ასე არ მოიქცე-მეთქი, მაგრამ მაინც ყოველთვის ასე იქცეოდნენ.
– სექსიზმად ჩაგითვლიან ამ განცხადებას, რას ნიშნავს – ეს არ გააკეთო?
– არა, მსგავსი არაფერი. უბრალოდ, მაგალითად, თუ სადმე მიდიხარ, მთავარია, მე ამის შესახებ ვიცოდე და პრობლემა არ არის. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივად, ტყუილებისა და აფერისტობების გარეშე უნდა მოხდეს. არავინ იცის, შეიძლება, ხვალ რომ გავიღვიძო მივხვდე, რომ ეს ადამიანი აღარ მიყვარს. ეს შეიძლება, ყველას დაემართოს. მაგრამ თუ ასე მოხდება, რაღაცების კეთებას ნუ დაიწყებ, ჯობს, პირდაპირ მითხრა ამის შესახებ. ეს ადამიანი ასე უფრო „დასტოინი“ ხდება ჩემს თვალში.
– ვინ დაგაკარგვინა ქალების ნდობა?
– იყო რამდენიმე ადამიანი, ყოფილა ღალატის მომენტიც. მე, საერთოდ, ძალიან რთულად მიყვარდება და ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, დღეს რომ ერთი უყვართ და ხვალ – მეორე. მაგრამ, თუ ასე მოხდება, მირჩევნია, ამის შესახებ პირდაპირ და გულახდილად მითხრან. არც ის მომწონს, ძალით რომ აეჭვიანებენ ერთმანეთს. ამიტომ, ყველას ვეუბნები, არ გინდა ზედმეტი ტიპობა-მეთქი. მაგ მომენტში შეიძლება, მართლა ვიეჭვიანო, მაგრამ რომ მოვკვდე, ამას არ შევიმჩნევ. სულ იმას ვამბობ, ხელოვნურად ნუ მაღიზიანებ-მეთქი (იცინის). ჩემს ოჯახში უკვე ძალიან ხშირად მესმის: როდის, ლაშა, როდის უნდა მოიყვანო ცოლი? მაგრამ, ამ ნაბიჯს ასე უბრალოდ ვერ გადავდგამ. ძალიან მაგრად უყვართ ხოლმე ერთმანეთი, მაგრამ მეორე დღეს შორდებიან და რატომ – ვერ ვიგებ. არ მინდა, რომ მეც ასე დამემართოს.