კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ნინო ქანთარია: თითოეული პაციენტი ჩემი სულის ნაწილია

თათია ფარესაშვილი ნინო კიკვაძე

მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, დავით გაგუას კლინიკის რეპროდუქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი – ქალბატონი ნინო ქანთარია  პაციენტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა, მათი პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს და 24-საათიან რეჟიმში, მზადაა თითოეული მათგანის  მოსასმენად და დასახმარებლად. თუ ერთხელ მოხვდით მის კაბინეტში, არასდროს დაავიწყდებით, ამ თვისებებისა და თავისი პროფესიონალიზმის გამო მოიპოვა უამრავი პაციენტის სიყვარული და კეთილგანწყობა. ბევრ ქალბატონს დაეხმარა ოცნების ასრულებაში, თავად ექიმის აუხდენელ ოცნებად კი, ჟურნალისტობა დარჩა. წერს ლექსებსა და ნოველებს, თუმცა, ამის აფიშირება არ უყვარს. პროფესიულ სირთულეებზე, უშვილობასთან ბრძოლის გზებზე და არაერთ საინტერესო კითხვაზე თავად ნინო ქანთარიამ გვიპასუხა.
ნინო ქანთარია: სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, მაშინ ისეთი ტენდენცია იყო, რომ თუ კარგად სწავლობდი  და ოქროს მედალოსანი იყავი, აუცილებლად სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტიც უნდა გამხდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საოცნებო პროფესია ჟურნალისტობა იყო, ეს უკანასკნელი მეორე პროფესიად ავირჩიე და შესაბამისად, მაქვს ჟურნალისტის დიპლომიც, რომელიც სამწუხაროდ, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე. დედა ძალიან ადრეულ ასაკში გავხდი.   შვილების გაზრდამ, სწავლამ და შემდგომში ექიმად ჩამოყალიბებამ, შესაბამისად, დიდი დრო და ენერგია წაიღო. ჟურნალისტობაზე ოცნება გვერდით დარჩა.
– სად და როგორ დაიწყო თქვენი პრაქტიკული საქმიანობა?
– ინსტიტუტის დასრულებისთანავე იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. შემდეგ, ჩემს მეგობრებთან ერთად, „ინ ვიტრო განაყოფიერების“ კლინიკაში განვაგრძე მუშაობა. დღემდე  „გაგუას კლინიკაში“ ვმუშაობ.   
– თქვენი პაციენტები ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ და ყურადღებიან ექიმად გაღიარებენ, რთული არ არის ყოველდღიურად ამდენ ადამიანთან ურთიერთობა და მათი პრობლემების გათავისება?
– თუ პაციენტი გიყვარს, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, არ ჩაუღრმავდე მათ გასაჭირს და გულგრილად მიიღო ის ტკივილი, რაც მას აწუხებს.  თითოეული პაციენტი ჩემი სულის ნაწილია. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის მისაღები და შესაფერისი მიდგომა და მოფრთხილება სჭირდება. და თუ ექიმი გქვია, ეს უნდა შეძლო. მართალია, ზოგჯერ ეს ძალზე ძნელია და აღემატება შენს მორალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. როცა ადამიანს არ უჭირს, ის შენთან არ მოვა. და თუ შენი იმედი აქვს და რწმენა, რომ შენ მას უშველი, დაეხმარები, უფლება არ გაქვს მის ტყავში არ შეძვრე, მისი ტკივილი არ გაიზიარო.  მადლობელი ვარ ასეთი შეფასებისთვის. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და პასუხისმგებლობის უდიდესი განცდა მაქვს ჩემი საქმისა და თითოეული პაციენტის მიმართ. მე ისინი მიყვარს და დღე და ღამე მზად ვარ  მათ მოსასმენად და დასახმარებლად.  ალბათ, ეს არის მათი ჩემდამი სიყვარულის მიზეზი.
– ამბობენ, რომ თქვენი განსაკუთრებული ინტუიცია ხშირად გეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში და ამის დახმარებით ბევრი პაციენტი გიხსნიათ ფატალური შედეგისგან...
– მაინც მგონია, რომ ყველანაირი ინტუიცია პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ეყრდნობა. ჩემს შემთხვევაში კიდევ არის შიშისა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა, რომელიც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ პატარა ნიუანსიც კი გამომეპაროს. ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტი მეუბნება, რომ მშვენივრად გრძნობს თავს, მაგრამ ჩემი ეჭვებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე დამირეკავს დღის განმავლობაში და გადამიმოწმებია მდგომარეობა. შემდეგ აღმოჩენილა, რომ თუ ასე არ მოვიქცეოდი, დედის და, ზოგ შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგებოდა.  ჩვენ ხომ ერთდროულად ორი ადამიანის სიცოცხლე გვაბარია, ამიტომ ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს.
– თქვენთან დიდი ხნის უშვილო წყვილები მოდიან. უპირატესობას ბუნებრივი გზით დაორსულებას ანიჭებთ?
– რა თქმა უნდა, ყველა რეპროდუქტოლოგი ბუნებრივი გზით დაორსულებას ანიჭებს უპირატესობას. შედეგი, რომელიც ნაკლები ფსიქოლოგიური და მატერიალური დანახარჯებით მიიღება, ბევრად სასურველი და მისაღებია. მაგრამ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც აუცილებელია ხელოვნური
განაყოფიერების ტექნოლოგიების გამოყენება. რეპროდუქტოლოგისთვის მთავარია, დროულად და თანმიმდევრულად აირჩიოს დადებით შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის ტაქტიკა, ხელოვნური განაყოფიერებაც არ არის აუცილებელი, გარდაუვალი დაორსულების გარანტი.
– რამდენხნიანი თანაცხოვრების შემდეგ ითვლება წყვილი უშვილოდ და როდის უნდა მიმართონ მათ ექიმს?
– მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის და ამ კითხვაზეც ზუსტი და მარტივი პასუხი არ არსებობს. ზოგადად, ვამბობთ, რომ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან ერთი წლის განმავლობაში თუ არ დადგა ორსულობა, წყვილმა აღარ უნდა დააყოვნოს და უნდა მიმართოს ექიმს. მაგრამ თუ იქამდეც გამოიკვეთა ქალის ან მამაკაცის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან ესა თუ ის გადახრა, მაშინ წყვილმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
– რა არის ფეხმძიმობის ასაკის ზედა ზღვარი?
– ზედა ზღვრად ითვლება დაახლოებით 44-45 წელი, სანამ საკვერცხეები დაიწყებენ თავიანთი ფუნქციის განლევას. ზედა ზღვართან ერთად არსებობს ქვედა ზღვარიც, რაც არანაკლებ საყურადღებოა. კარგია, რომ ბოლო წლებია, გოგონები ადრეულ ასაკში ნაკლებად ქმნიან ოჯახებს, 20 წლამდე ქალის ორგანიზმი მოუმწიფებელია და მისი ჰორმონული სტატუსი არ არის დედობისთვის მზად.
– მკურნალობის ან განაყოფიერების შედეგად როგორია  დაორსულების სტატისტიკა?
– თუ ქალბატონებმა გარკვეულ დროში არ მიიღეს სასურველი შედეგი, ხშირად გული უცრუვდებათ ექიმზე და მიდიან სხვასთან, იქიდან კიდევ სხვასთან და ასე შემდეგ. ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს და თუ პაციენტი გაუძლებს ამ გამოწვევას, ექიმს არ შეიცვლის და ბოლომდე მოგვყვება, ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად დადგება. მიმაჩნია, რომ რა ასაკისაც არ უნდა იყოს ქალი, როცა მას აქვს დედობის სურვილი, აუცილებლად უნდა იბრძოლოს ამისთვის.
скачать dle 11.3