№13 როგორ „გამოიჭირა“ ტყუილში ცოლმა თავისი მილიციელი ქმარი
გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ვიყავი გაგზავნილი სამი თვით. იქ გავიცანი კოკა რუსაძე, რომელიც „მურის“ ახალგაზრდა ოპერი იყო და დავმეგობრდით. ჩვენი კურსის უფროსი, გვარს არ დავასახელებ, ერთი ლოთი, წუწკი და ახლა რომ იტყვიან, კორუმპირებული კაცი იყო. რაც უნდა კარგად ჩაგებარებინა გამოცდა, მაინც „გრევს“ ითხოვდა. ერთ დღეს მე და კოკას გვითხრა:
– ქართველებო, თუ გინდათ, წარმატებული ჩათვლები მოგცეთ, რესტორანში დამპატიჟეთ და კარგი რუსი ბოზი ქალებიც მოაყოლეთო.
კოკა ბოზი ქალების მეტს რას იცნობდა და ჩვენს კურატორს უთხრა, – ყველაფერი რიგზე იქნება. რესტორანში ამ საღამოსვე წავიდეთ. ბოზებსაც მოვიყვან და შემდეგ კი რესტორნიდან სასტუმროშიც ავიყვანთო. ჩვენმა უფროსმა ცოლს დაურეკა, ამაღამ ოპერაციაზე მივდივარ და სახლში ვერ მოვალო.
ერთი სიტყვით, რესტორან „არაგვში“ წავედით. ზღაპრული სუფრა გავაშლევინეთ და კოკას მიერ გამოძახებული რუსი ქალების მოლოდინში ვართ. ჩვენმა ლოთმა კურატორმა კი ვერ მოითმინა და სანამ ქალები მოვიდოდნენ, არყით გამოილეშა, რომელიც სპეციალურად კურსის უფროსისთვის მოვატანინეთ. მას კი სუფრაზე ჩაეძინა. ამ დროს ბოზებიც გამოჩნდნენ. სუფრას რომ მიუახლოვდნენ, სწორედ ამ დროს ასწია თავი ჩვენმა გალეშილმა კურატორმა. ერთ-ერთმა ქალმა კი, მას რომ შეხედა, უცებ ქეჩოში სტაცა ხელი, ორი სილა გააწნა და უღრიალა:
– შე ლოთო, შენა, გეგონა, გამაცურებდი? აკი სპეცოპერაციაზე მივდივარო. მაინც ხომ მოგაგენი. ახლავე აეთრიე და სახლში წამოეთრიეო.
ჩვენი კურატორი მორჩილად გაჰყვა სახლში მრისხანე ცოლს, რომელიც რესტორანში მეძავად ჰყავდა კოკას დაბარებული, მაგრამ ქალი არ დაიბნა და გაღმა შეედავა, რომ გამოღმა შერჩენოდა. ჩვენ კი გავისუსეთ.“