კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ვინ დაუზიანა მარჯვენა თვალი ლაშა-გიორგის და იყო თუ არა ის რინდების, ბოჰემური ცხოვრების მიმდევრების, მეგობარი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ჟამთააღმწერელი გვიამბობს: განძის დალაშქვრის მერე „მეფე მივიდა თბილისში და საბოძვარით აავსო საქართველო, რადგან იყო ყველა მეფეზე უმეტესად უხვი და არავის მოშურნე, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი და მოწყალე. მაგრამ ბოლოს, უწესო კაცთა მიბაძვით, ცუდ გზას დაადგა. როგორც სოლომონის შესახებ წერია, რომ აცთუნეს იგი ქალებმა, ესეც აცთუნეს უწესო კაცებმა. ამას ცხადყოფს ქვემოთ მოთხრობილი. ერთობოდა ნადირობით და მოქეიფეებთან ერთად უკეთურ გზაზე შედგა ისე, როგორც წერია ისრაელის შესახებ: „დასხდა ერი ჭამად და სმად და აღდგეს სიმღერად”. ხოლო სმამ სიმღერასა და ღრეობაზე და უზომო ჭამაზე და სიბილწეზე უფრო მეტად გადარია. მოიშორა ის ვეზირები, ვინც სანატრელი დედოფლისა და მისი დედის მიერ დადგენილი წესების დაცვას ურჩევდნენ, შეიყვარა ქეიფობასა და უწესო ქალებთან დროსტარებას აყოლილი თანატოლები, ისეთი უმსგავსობა ჩაიდინა, რომ ერთხელაც, ტფილისში ყოფნისას, თაფლუჭის ღვინით სასტიკად მთვრალი რინდებთან წაიყვანეს, რომ იქ უფრო მეტად ჩაფლულიყო სიბილწეში. ღვინისგან უგონოდ მთვრალი რინდები, რომელთაც არ იცოდნენ, რომ მოსული მეფე იყო, მიესივნენ და სასტიკად სცემეს, ისე, რომ მარჯვენა თვალი დაუბრმავეს („თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს“)“.
ამის გამგონე საქართველოს თავადებმა, ფრიად შეწუხებულებმა, განსაკუთრებით ივანე ათაბაგმა და ვარამ გაგელმა, ზაქარიას ძემ, დატოვეს სამეფო დარბაზი. „არ ვცნობთო, ეუბნებოდნენ, შენს მეფედ ყოფნას, თუ არ მოშორდები ბოროტ კაცებთან სიახლოვეს და ავ ჩვეულებას, რომელსაც მისდევ”. ხოლო მეფემ მოინანია და ფიცით აღუთქვა, რომ არაფერს გააკეთებდა მათი დასტურის გარეშე. ასრულებდა ნათქვამს, მაგრამ ძლიერი იყო უჩინო მტერი” („ქართლის ცხოვრება“ თანამედროვე ქართულად თარგმნა ნიკო ნიკოლოზიშვილმა).
რინდი სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, მსმელს, დროსტარების მოყვარულს. რინდების გაგებით კი, რინდი ნიშნავდა ვაჟკაცს, დარდიმანდს, კეთილშობილსა და პატიოსან ადამიანს. რინდები არ ცნობდნენ გაბატონებულ ისლამს და უპირისპირდებოდნენ მის დოგმებსა და ასკეტიზმს. მეთოთხმეტე საუკუნეში მოღვაწე დიდი სპარსი პოეტის, ჰაფეზისთვის (შამს ედ-დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი) რინდი ეთიკური და ლირიკული იდეალი იყო. მისთვის რინდის სახე უპირისპირდებოდა ყველანაირ მოწყენილობას, ბოროტს,  ეგოიზმს. ჰაფეზისთვის რინდი არის ლაღი, თავისუფალი პიროვნება, არ ემორჩილება დოგმებს, ილაშქრებს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. ჰაფეზის თქმით, „რინდები არიან მხიარული ადამიანები, გულით ღვთის ერთგულნი, მაგრამ ასკეტიზმზე უარის მთქმელნი, ღვინის მსმელნი, ქალების მოყვარულნი“. ღვინის სმა მაჰმადიანურ სამყაროში აკრძალული იყო, ხოლო რინდებისთვის კი ასეთი აკრძალვა – მიუღებელი.
ჰაფეზი ითვლება ყველა დროისა და ერის ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკოსად. მისი პოეზიის შესახებ არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება:
პირველის მიხედვით, ჰაფეზის პოეზია მისტიკური ნააზრევია, იმდროინდელ აღმოსავლეთში გავრცელებული სუფიური მოძღვრების შესაბამისად,
მეორის მიხედვით, ჰაფეზი არის ადამიანური, რეალური ცხოვრების მომღერალი.
თუმცა, ალბათ, ორივეა ერთად.
ჰაფეზს არაერთი მთავარი იწვევდა თავისი სასახლის კარზე. მაგრამ პოეტს არ აინტერესებდა სიმდიდრე და ფუფუნება. ის ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.
ჰაფეზმა დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთის პოეტებზე, უახლოეს ხანებამდეც კი, ასევე, სხვებზე, მათ შორის გოეთეზე და მერე გოეთეს გავლენით – გერმანულ პოეზიაზე.
რინდის წინარე სახეს ხედავენ  ჯერ კიდევ  მეათე საუკუნის არაბულ პოეზიაში.
როგორც ამბობენ, რინდების მსოფლმხედველობით გატაცებული იყო მეთხუთმეტე საუკუნის დიდი აღმოსავლელი პოეტი, სუფისტური ფოლოსოფიის მიმდევარი, მხატვარი, თურქული, უზბეკური და სხვა ხალხების ლიტერატურისთვის ბიძგის მიმცემი ალიშერ ნავოი (ნიზამადდინ მირ ალიშერი). ასევე, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოღვაწე, უზბეკური წარმოშობის სპარსულენოვანი პოეტი და მოაზროვნე – ბედილი (აბუ ლ-მაალი მირზა აბდ ალ-ყადირი).
ჟამთააღმწერლის კრიტიკული მონათხრობით, ლაშა-გიორგის ხასიათსა და მისი ცხოვრების წესში, შესაძლოა, დავინახოთ აღმოსავლური და ქართული რენესანსის ნიშნები. დოგმებისგან გათავისუფლებისა და სიცოცხლით ტკბობის სურვილი, ადამიანურობა. მაგრამ, ლაშა-გიორგი რომ პოეტი ან ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო, მისი თავისუფლებისმოყვარეობა და რინდებთან ერთად მისი მოლხენა უცნაური არ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ჩვენ უკვე ვიცნობდით საერო ლიტერატურას და ამ ჟანრის შესანიშნავი ნაწარმოებებიც გვქონდა. თუმცა, მეფისთვის ადამიანური სისუსტეების აყოლა მიუღებელი გახლდათ და ჟამთააღმწერელი, ამიტომ აკრიტიკებდა ლაშას. მეფის დანიშნულება სახელმწიფოს სიძლიერეზე ზრუნვაა, ასეთი იყო მისი ტკბილი დედა და ასეთი იყო მისი პაპის პაპა, დავით აღმაშენებელი.
იოანე ბაგრატიონი ლაშას თვალის დაზიანების ამბავს სულ სხვაგვარად გადმოგვცემს: „იყო მეფე შვიდობასა შინა, განცხრომასა და ნადირობასა, სწყალობდა თანაშეზრდილთა და ერთასაკოვანთა თავადთა ძეთა და მათის თხოვნითაცა აღუსრულებდა სათხოვართა სხუათა. და ამას ზედა არამცირედი შური აქუნდათ კარისკაცთა მეფისათა ყრმათა მათზედა და ამხილებდენ მეფესა.
ხოლო დღესა ერთსა, ვითარცა არს ჩვეულება ბურთაობისა და ჩოგანისა თამაშობისა მოედანსა ზედა, ოდეს არბევდეს ცხენთა და ენებათ ბურთისა გატანა, მაშინ ბარათიანთაგანი ვინმე ჭაბუკი, კარგი ცხენოსანი, მეცადინეობდა გატანად ბურთისა. ხოლო მეფეცა მეცადინეობდა არა დანებებად, და ამასობასა შინა მოახვედრა ბარათაშვილმან მეფესა უცებად ჩოგანი იგი თვალსა შინა და დიდად განუტეხა, ესრეთ რომელ თითქმის თვე ერთი ძვილ-სადამე განუმთელეს მეფესა და ამის გამო მცირედ ხედვისაგან მოკლებულ იქმნა ცალის თვალითა, ხოლო მეფემან არცაღა თუ ერთი ურიგო სიტყუაè ჰკადრა ყრმასა მას“.
რა თქმა უნდა, ბატონიშვილმა იოანემ კარგად იცოდა ვერსია, რომლის მიხედვითაც ლაშა-გიორგის სიმთვრალეში ჩხუბში დაუზიანეს თვალი, მაგრამ ის წერს: „გარნა პატიოსანსა მას მღუდელმონაზონსა უფრორე დაეჯერება, ვიდრეღა ამას, ვითარცა აქებს მეფისა ამის მოთმინებასა მღუდელმონაზონი გამრეკელისძე იოსებ წერილსა შინა თვისსა“. ვინ იყო იოსებ გამრეკელისძე დღეისათვის ცნობილი არ არის, მისი თხზულება დაკარგულია.
კორნელი კეკელიძე, რომელიც გადმოგვცემს ნაწყვეტებს იოანე ბაგრატიონის ნაშრომიდან – „ისტორია ქართლისა“, სადაც მოთხრობილია განსხვავებული ვერსიები ლაშა-გიორგის ცხოვრების ზოგიერთი ამბის შესახებ, შენიშვნებში ბარათაშვილებზე წერს: „იოანე ბატონიშვილი ამ გვარის ისტორიას ვახტანგ გორგასლანის დროიდან იწყებს მისი წარმომადგენელი მას თითქოს აბაშეთიდან გამოუყვანია: „მოთხრობისაებრ ძველთა იტყვიან, რომელ აბაშეთს შინა ბარათამ ვინმე აბაშმან ძლიერად ემსახურა ვახტანგს და თანაგამოჰყვა მუნ დედაწულითურთ თვისით... ვახტანგმა უბოძა მამული სომხითსა შინა (იგულისხმება ქვემო ქართლი - ავტორი) და დაასახლა მუნ. და აგრეთვე თავადობა, და მუნიდან ჩამოდიან ბარათიანნი“. ვახუშტის ცნობით, მათ თავიანთი თავი გამოჰყავთ ქაჩიბაძეთაგან. მართლაც, ქაჩაბიძე ბარათა, რომლისაგან თითქოს შთამომავლობენ, მოხსენებულია 1428 წლის ახლო ხანებში. იოანეს ცნობით, ბარათიანთა გვარის იყო თვით ბანელი ეპისკოპოზი იოანე, რომელიც ვაჩე კარიჭისძესთან ერთად კონსტანტინეპოლს გადასახლდა ბაგრატ მეოთხის გამეფებისას.  
იოანე ბატონიშვილის ვერსიით, რინდებთან ლაშას კავშირი ან ჩხუბი არ დასტურდება. თუმცა, იოანე ბატონიშვილის მიერ მოთხრობილშიც ჩანს კრიზისი. მეფეს თანატოლები დაუყენებია გვერდით, გამოუცდელი და ლხინის მოყვარული ახალგაზრდები, რაც იწვევდა ძველი სარდლებისა და პოლიტიკოსების უმაყოფილებას.
არ ვიცით, რომელი ვერსიაა მართალი, თუმცა, ორივე გვიდასტურებს, რომ კრიზისი იყო.
скачать dle 11.3