კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-12(899)



ისტორია ოცდამეთექვსმეტე
ის, რაც ძალ-ღონეს აღემატება
(მოქმედი პირები:
ეკა, ლაშა, ვაჟა და გელა)
– არა, იწექი. გთხოვ, ჩემი ბრალია. მაპატიე. უნდა მაპატიო. არა, კი არ უნდა მაპატიო… მაპატიე...
– არაფერი გაქვს საპატიებელი, შენ ზუსტად ისე მომექეცი, როგორც დავიმსახურე. ასე რომ, ნაპატიები ხარ.
– ამას ნუ მეუბნები. გთხოვ… რატომ წახვედი? რამე რომ მოგსვლოდა, მე რა უნდა მექნა?!
– ჰო, მთავარია, შენ რა უნდა გექნა, თორემ…
– მასე არ მითქვამს.
– რა გადარდებს?! თუ შენთვის შეიძლება და სხვისთვის – არა?! რატომ არ შეიძლება, სხვამაც მიხმაროს?! იქნებ ისიც მიხდის ბოდიშს?! – ცრემლები მომერია, მაგრამ უკან ჩავაბრუნე: არ გამოიკვლევ, ვინ სად შემეხო?! გადაიტან ამას თუ შენც დაამატებ?! არ გაინტერესებს, იმ ტიპმა მომტ…
ლაშამ ტუჩებზე ფრთხილად მომადო ხელი: ჩუ, ნუ ამბობ ასე. გაბრაზებული ხარ ჩემზე. დავიმსახურე. შემეშალა. ძალიან შემეშალა. ისე მოგექეცი, როგორ ქალებთანაც მქონდა ურთიერთობა. შემეშალა. ავირიე. არავისზე არასდროს მიეჭვიანია. ჩემს ამ მხარეს მეც არ ვიცნობდი და შეცდომა დავუშვი. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მართლა არ ვიცოდი… მაპატიე. ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის. ძალიან… – ლაშა გულწრფელი იყო: რომ არ გამღვიძებოდა?! რატომ არ დაიყვირე?! რატომ?!
– რა ვიცი, ასე სერიალებშიც კი არ ხდება, რომ ერთ ღამეში ორჯერ… შარვალი შენ ჩამაცვი? – მე ჩემსას ვარკვევდი.
– არა, გეცვა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? – ლაშა ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, რომ ცხადი იყო, ამას მნიშვნელობა ვერ ექნებოდა.
– სად არის? – არ დამიკონკრეტებია, მაგრამ ადვილი მისახვედრი იყო, ვისზე ვამბობდი.
– სადაც დაიმსახურა, იქ.
– ვისი ხმები მესმოდა?
– ჩემი უსაფრთხოების სამსახურის ბიჭები არიან… შენ ხომ მაპატიებ?
– შენ აპატიე იმ ტიპს? – ვკითხე გესლიანად. ლაშამ არაფერი მიპასუხა, მაგრამ თვალი ამარიდა.
საიდანღაც ხმა მომესმა: ბატონო ლაშა, ვიღაც კაცია, ამბობს, რომ თქვენი ნაცნობია, ვაჟა მქვიაო, – ხმა რაციიდან მოდიოდა, რომელიც მაგიდაზე იდო და მანამდე არც შემიმჩნევია. ლაშას კისრის ძარღვები დაებერა: ათ წუთში შემოუშვი. დაგირეკავ.
– ჩემი პარტნიორია, რაღაც საქმე აქვს და უცხოსთან არ ილაპარაკებს. ზემოთ აგიყვან, საძინებელში, კარგი? – მითხრა და დაიხარა, რომ ხელში ავეყვანე.
– მე თვითონ ავალ, – უხეშად გავწიე მისი ხელები.
– კარგი, როგორც იტყვი. მე, უბრალოდ, მოგეხმარები.
– არ მინდა, – რის ვაი-ვაგლახით წამოვჯექი, მაგრამ თავბრუ მეხვეოდა. შევამჩნიე, რომ ლაშას ხელები დაჟეჟილივით ჰქონდა: სად იტკინე?
– არაფერია… მოდი, აგიყვან, გთხოვ. შენ ხომ მოგწონს, ხელში რომ ამყავხარ?
– მომწონდა.
– კარგი. ხომ მოგწონდა?
– ახლა აღარ მომწონს!
არ დაუძალებია. რომ წამოვდექი, თავბრუხვევამ თითქოს გამიარა. სიარული შემეძლო, უბრალოდ, ნაცემივით მიბჟუოდა სხეული, თუმცა, რაღა ნაცემივით?!
– ჩადი, მე თვითონ დავწვები. ავადმყოფი არ ვარ.
– კარგი.
– მეც მინდა, მოვისმინო, რას ილაპარაკებთ.
– ვისთან?
– იცი, ვისთანაც.
– არაფერიც არ იცი. ნუ დეტექტივობ.
– იმ ტიპმა მითხრა, რომ გადაიღო, აი, იქ, რაც შენ… და გავრიგდეთო, მე იმას არ ვაჩვენებ ამ ჩანაწერს, როგორ წამოგაქციაო – შენზე მითხრა, თუ აი, აქ მანქანაში, სამაგიეროდ, მეო... აი, სულ ეს იყო. წაშალე ის ჩანაწერი იმ ტელეფონიდან.
– დამპირდი, რომ იწვები.
– ანუ, რომ არ მოგისმენ ჩუმად?
– უბრალოდ, დაისვენებ, მხოლოდ ამის თქმა მინდოდა.
– არ ვიცი, რას ვიზამ. შხაპის მიღება მინდა, ის სუნი უნდა მოვიშორო.
– კარგი, ოღონდ მარტო არ შეხვიდე. მე დამელოდე. მალე ამოვალ.
ლაშა ოთახიდან გავიდა. კიბეებზე მისი ფეხის ხმა მიწყდა თუ არა, ავდექი. კარი ფრთხილად გამოვაღე და სმენად ვიქეცი.

ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლაშა იდგა, ვაჟა კი იჯდა.
– რატომ მოხვედი? გუშინ გასაგებად არ გითხარი, რაც უნდა გექნა?
– ეკა სად არის?
– ეგ შენ არ გეხება.
– მეხება.
– არა-მეთქი! ის ნაბიჭვარი ვინ იყო? ასე გინდოდა შურისძიება? ქალს რას ეცი, აქ ვარ მე და თუ რამე პრეტენზია გაქვს, გისმენ! შენც ისევე დაგინაყავ ცხვირ-პირს, როგორც იმ შენს ლეკვს დავუნაყე! ეგ კაბიანისკენ ვეღარ გაიხედავს ვერასდროს.
– არავისთვის არაფერი დამივალებია. ვინმეში ხომ არ გეშლები?! მე ეკას არასდროს არაფერს ვავნებ! მოყევი, რა მოხდა.
– მე შენი ხელის ბიჭი არ ვარ. იმას მოაყოლე, ვინც გამოგზავნე. ჰო, შენ არაფერს ავნებ, იმის გარდა, რომ დედაკაცივით იჭორავებ.
– არ მინდა შენთან გართულება, მაინც ეკას მეგობარი ხარ. ეკა სად არის, მიმყავს.
– ნივთია, რომ წაიღო?! არ ეკითხები, მოდის თუ არა?!
– მოდის, მოდის. ყოველთვის ჩემთან ბრუნდება.
– ისევ ჭორაობ?! ყოველთვის, მაგრამ ახლა აღარ დაბრუნდება.
– ნუ იქნები ასე დარწმუნებული, მე შენზე უკეთ ვიცნობ.
– თვითონ გადაწყვეტს და პასუხს გაცნობებს ან მოვა, რაკი ყოველთვის შენთან ბრუნდება.
– გონიერი კაცი ჩანხარ, ბევრისთვის მიგიღწევია. მშვენიერი ცოლიც გყავს. ჰოდა, შეირგე და რაც შენ არ გეკუთვნის, იმას თავი დაანებე.
– ცოლი შენც მშვენიერი გეყოლება და მეტისთვისაც მიგიღწევია. მაგრამ უფრო მეტი მოგდომებია.
– ცხოვრება უცნაურია, ერთი უნებლიე შეცდომა და ერთ წამში გენგრევა ყველაფერი.
– კარგია, რომ გცოდნია. თუ… მემუქრები? – ლაშამ ჩაიცინა.
– გაფრთხილებ, როგორც უკვე გამოცდილი.
– მოაყოლე იმ შენს შნირს, რაც ქნა და მერე ვილაპარაკოთ გამოცდილებაზე. ახლა დაახვიე, თორემ მაგრად მკიდია მე შენი მიღწევები. – ლაშას ინტონაციით ვგრძნობდი, მიხვდა, რომ ვაჟამ არაფერი იცოდა, – და არ დაგინახო ეკას სიახლოვეს. აღარასდროს! თუ მოუნდება, თვითონ მოვა. და ვინმესთან იმის მსგავსს რომ გაიმეორებ, რაც ჩემთან თქვი: მაგ ენას ამოგაგლეჯ!
– ძალიან თავდაჯერებული ხარ. ასეთები, როგორც წესი, ცუდად ამთავრებენ. იმედი ვიქონიოთ, რომ შენ გამონაკლისი იქნები, – ვაჟა მძიმედ ადგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოტრიალდა და ლაშას ბოლო სიტყვაც დაუტოვა, – ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს!
ლაშა რომ ამოვიდა, ისევ კართან ვიდექი.
– არ მიმატოვო… გთხოვ. არ წახვიდე. მაპატიე, – ისე მთხოვა, თითქოს გული ამოაყოლა.
– ხაფანგს მოგიწყობს. ვიცნობ მე მაგას. არ ვღირვარ ამდენად.
– მე ყველაფრად მიღირხარ, – ლაშამ ორივე ხელი მომხვია, მე წელზე შევუცურე ხელები და თავი გულზე დავადე, რომელიც მშვიდად და თანაბრად უცემდა.

ისტორია ოცდამეჩვიდმეტე

ყველა დარდი ერთ ჭერქვეშეთში, ანუ გაჭირვებულ კაცს ქვა სად დაეწევაო
(მოქმედი პირები: თეო და ზურა)

თეოს რთული და გადატვირთული დღეები დაუდგა. არასდროს ჰქონია, ალბათ, მაინცდამაინც დალხინება-ნეტარების ჟამი, მაგრამ ასეთი, ყოველი მხრიდან საფიქრალ-სადარდელი, ბოლოს არც ახსენდება, როდის გაიარა. ცალკე ბაბუა –  მის გამო მერამდენე დღეა, საავადმყოფოშია და არავინ იძლევა წესიერად პასუხს, რა მოუვიდა და ან რა მოუვა. მოხუცებულია და ვერ დავდებთ თავს, გაუძლებს თუ არა ორგანიზმიო. მკითხავები არიან ეს ექიმები! და, რა თქმა უნდა, დღიური სარჩო კლინიკას არ ავიწყდება. უწევთ და იწერება ანგარიშზეც. ამას რას დაეძებ, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, მაგრამ ესეც ტვირთად აწევს ახლა თეოს. რადგან სინდისის ქენჯნამ ჩაადენინა – საკუთარ თავზე აიღო ბაგრატიჩის მკურნალობის ხარჯი და დიდად არც არავის გაუპროტესტებია.
მეორე და მთავარი სადარდებელი ზურასთან არეული და სრულად გადარეული ურთიერთობაა. იმ დღის შემდეგ აღარ ულაპარაკიათ. იშვიათად თუ გადაიკვეთებოდნენ სამსახურეობრივი საქმის ფონზე და ეგ არის. ერთმანეთს დამნაშავეებივით არიდებდნენ მზერას. თუმცა, რაღა  - ვით!? ორივეს საკმარისზე მეტი აქვს მიქარული. მაგრამ ახლა თეო გაცილებით მეტ ბრალეულობას საკუთარ თავზე იღებდა, რადგან ლანას გარდა, მის ზურგს უკან უკვე დუდუც დადგა.
ჰო, კიდევ ერთი პრობლემა! დუდუ და მისი სიყვარული. მასთან გატარებული ღამე, საუზმე და მერე ბაბუას გულყრა. ვახ, ბაგრატიჩ, რა გინდოდა იმ უთენია ჩემს კართან?! მაინცადამაინც, იმ დღეს რად მოიყარა თავი ყველა ჩემმა მამაკაცმა ერთად. რა წესია ეს?! მე რატომ „მიმართლებს“ ასე ერთბაშად და გლობალურად?!
აქეთ – ირა... ღმერთო, რას გადავრჩით! იმ არაკაცმა როგორ გაუბედა ან ეს გოგო რამ გაასულელა?! მაგრამ ესეც ჩემ გამო გააკეთა და ესეც ჩემი ბრალია...
თეოს საქმეზე ფიქრისა და ზრუნვის უნარი, ფაქტობრივად, წაერთვა. მთელი დღეები პირადული პრობლემები უტრიალებდა თავში და მოსვენებას აკარგვინებდა. გრძნობდა თეო, რომ ახლა გზაგასაყარზე იდგა. რომ ზუსტად ახლა ირჩევდა მომავალს – საკუთარსაც და საყვარელი ადამიანებისთვისაც. აქამდე, სანამ ზურას სინდისსა და გადაწყვეტილებაზე ეკიდა მათი მომავალიც და აწმყოც, თეო ასე არ განიცდიდა. თითქოს შეგუებული იყო, რომ მისი როლი აქ უბრალოა და ეს ზურამ უნდა დაალაგოს, ვინ უნდა და სად უნდა. და აი, ახლა, როცა ზურამ განაცხადა, შენთან მინდა და ლანას ვტოვებო, თეოს ამ პასუხისმგებლობის გააზრება და გასიგრძეგანება აშინებდა. სასტიკად აფრთხობდა და იძულებულს ხდიდა, გამოტყდომოდა საკუთარ თავს, რომ არ სურდა! დიახ, თეოს არ უნდოდა ზურასთან მარტო დარჩენა. ლანას გარეშე ზურა აშინებდა.
ღმერთო, ეს რა მჭირს?! რატომ? მე ხომ ამდენი წელია, ვოცნებობ ზურას სიყვარულსა და ოჯახზე... მაგრამ ახლა... ახლა ეს სრულად მაოცებს, მაშინებს, მაცარიელებს და ნებელობას მართმევს.
ვითომ ეს მხოლოდ დუდუს გამო ხდება? ან იქნებ ლანასთან შეხვედრამ იმოქმედა? ამას ბაგრატიჩის ჩარევაც დაემატა?! მაგრამ თეო  სულაც არ იყო მიამიტი და მშიშარა პატარა გოგონა. ცხოვრების გზამ საკმაოდ გამოწრთო და გააუხეშა კიდეც. თეო ხვდებოდა, რომ სხვის გამო არ დათმობდა იმას, რაც გულით სურდა. მაშინ რა ხდებოდა? რატომ აიცრუა გული ზურაზე? აიცრუა?! არა, არც ასეა საქმე. როგორც კი წარმოიდგენს ზურას და ლანას ერთად – და ახლა ეს წარმოსახვითი სცენები გაცილებით მკაფიო გახდა – ლანას ატმისფერი ლაბადა და ზედ ჩინური ჩაის გადაშლილი ყვავილები...
თეო ამ სცენიდან მაინც აძევებდა ლანას! მაინც ვერ ეგუებოდა, რომ ზურა ამ დახვეწილი და ძვირფასი თექის სივრცეში ჩახუტებული დაეხატა... მაგრამ ვერც საკუთარ საწოლში უშვებდა. წარმოსახვაშიც კი. თორემ მას შემდეგ, რაც დუდუსთან იწვა, არც ერთს არ გაჰკარებია სათოფეზე.
მაგრამ სადამდე გაგრძელდება ასეთი ორმაგი სამკუთხედი?! ისე, მოუხდება ზურიკელას! დახატავს რქები! აი, ახლა ლანამ უნდა დაადგას და ეგ არის!
თეო გამუდმებით ფიქრობდა ზურასა და ლანაზე. ბოლოს მიხვდა – ის ფიქრობს ზურასა და ლანაზე და არა თეოსა და ზურაზე! არც დუდუ და თეო ჰყავდა განებივრებული. მხოლოდ ლანა და ზურა! სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა, როცა წარმოიდგენდა, ამდენი წელი როგორ ეფერებოდა სახლში დაბრუნებული ზურა ცოლს. რამდენ ტყუილს ასმენინებდა თეოს და საერთოდაც, როგორი მოტყუებული და გაბანძებულია ქალი, სხვისი ნასუფრალის მომლოდინე... თეოს სიმწრის ოფლს ასხამდა იმის წარმოდგენა, ვინ იცის და, დასცინის კიდეც ლანა საკუთარ დაქალებთან ქმრის საყვარელს... და ზურა უარობს, რომ არც არავინ უყვარს ცოლის გარდა... მაგრამ ზურა არ იყო, მოვდივარ სახლიდან და შენთან მინდაო?! შენთან მინდაო, ისე თქვა, პატარა დედას რომ სთხოვს, მეშინია ჭექა-ქუხილის და შენთან დამაწვინეო... და სად იყო ამდენ ხანს?! აქამდე არ უნდოდა ჩემთან?! ახლა რატომ? ნეტა დუდუს ჩამოსვლის გამო? მაგრამ რა იცის ზურამ დუდუზე და საერთოდაც, მის ჩამოსვლაზე...
ფიქრები ერეოდა, ეხლართებოდა, ეკარგებოდა და ისევ თავიდან იწყებოდა – ლანა, დუდუ, ზურა, ბაბუ, ირა...
და ლაშა. ჰო, მისი კომპანიის მფლობელი და ლანას ძმა. აშკარად გამომცდელი მზერით შეათვალიერა, ბოლოს რომ კაბინეტში დაიბარა. არაფერი უთქვამს განსაკუთრებული. იკითხა, ხომ არ იცი, ზურა  ანგარიშებს როდის დაასრულებსო და საერთოდაც, სად არის, დღეს არ მომიკრავს თვალიო... სხვა დროს ამას ჩვეულებრივ სამსახურებრივ საუბრად აღიქვამდა, მაგრამ ახლა... ახლა მოეჩვენა, რომ ლაშამ სპეციალურად დაიბარა, ზურაზე სიტყვაც განგებ ჩამოუგდო და თეოს რეაქციას აკვირდებოდა... ალბათ, დაძაბული ნერვების ბრალია. მაგრამ. იქნებ უკვე უამბო ლანამ ძმას ყველაფერი. მაშინ იმასაც მოსთხოვდა, თეო გაეპანღურებინა სამსახურიდან. დავიჯერო, გამოცდილი კადრის დაკარგვას მოერიდება ლაშა?! არა. როგორც კი ლანა მოუყვება, ეგრევე მომისვრის... ესე იგი, ჯერ არაფერი იცის და მეც დროა, სამსახური ვეძებო. თორემ ბაგრატიჩი წაიყოლებს ჩემს მწირ დანაზოგს და დავრჩები ჰაერში გამოკიდებული. და რატომ დავრჩები? ზურა... მოიცადე რა, თუ შენ მოგისვრიან აქედან, არც ზურას დაადგება ხეირი – ან კიდევ, ზურაც მოგისვრის. მოკლედ, სასწრაფოდ მისახედია საქმე.
და საამისოდ არც ენერგია და არც სურვილი მოეპოვებოდა. თეო უსასრულო დაღლას გრძნობდა და ერთი სურვილი ჰქონდა მხოლოდ – გამქრალიყო სადმე, სიმწვანესა და სიჩუმეში, სადაც არავინ შეაწუხებდა. არც ბაგრატიჩზე ზრუნვით, არც სამკუთხედებით. ცოტა ხნით სურდა, გარიდებოდა ჩვეული ცხოვრების ორომტრიალს და დაფიქრებულიყო. საფიქრალი კი აშკარად დაუგროვდა: ვის აირჩევს, როგორ გზაზე დადგება და რა მოჰყვება ამ არჩევანს?! რამდენად სწორია სხვისი ოჯახის დანგრევა და მერე საკუთარის აშენება!? ჰოი, საოცრებავ – თეომ ეს კითხვა პირველად დაუსვა საკუთარ თავს ასე პირდაპირ! თითქოს სულაც არ დაუგეგმავს ზურას დაშანტაჟება და ცოლად მოყვანის იძულება, თითქოს ამ წლების განმავლობაში ახლაღა გაეგოს, რომ ზურას ლანა ჰყავს და ლანას ზურა უყვარს. რომ მის საყვარელს შვილებიც ჰყავს და პასუხისმგებლობებიც აქვს. თეო მხოლოდ ახლა აანალიზებდა შექმნილ სიტუაციას სრულად და დაუფარავად. რადგან ახლა ყველაფერი ერთბაშად შეირყა, აირია და აიშალა. ახლა ყველა დეტალი ჰაერში დაეკიდა და მხოლოდ თეოს გადაწყვეტილებას ელოდა. როგორ არჩევანსაც გააკეთებდა, ისე დალაგდებოდა ბევრი ადამიანის ცხოვრების პასიანსი. მათ შორის, ბაგრატიჩის სიცოცხლეც ამაზე ეკიდა. თეოს ასე სჯეროდა. და ეშინოდა, ვაითუ, ბაბუ შევიწიროოო. ეშინოდა იმისიც, რომ იქნებ ზურა არც კი უღირდა იმდენად, რომ დუდუ დაეთმო... ან დუდუ არის კი ისეთივე დუდუ, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა? მთავარი აქ იყო თვითონ თეოს გული, დაღლილი და გადარეული. ახლა ეს გული გამალებით ეძებდა სწორ გზას და ეხეთქებოდა სამკუთხედების კუთხეებს დამწყვდეული ავაზასავით...
გამოსავალი კი, არ ჩანდა.
გამოსავალს ისევ, როგორც ყოველთვის, თვითონ ცხოვრება იპოვის და თეოსაც მოუწევს, დაემორჩილოს. და თუ ასეთი მზა პასუხი ხელს არ აძლევს, დროა, იმოქმედოს!
დიახ, უნდა თუ არა უნდა, უნდა შეხვდეს და საბოლოოდ გაარკვიოს ზურასთან ყველაფერი. როცა დაილაპარაკებენ, როცა ზურას სიახლოვეს აღმოჩნდება, უსათუოდ მიხვდება, როგორ და რა ურჩევნია.
თეომ, როგორც იქნა, მოიფიქრა! როგორც იქნა, გამოერკვა ამ დღეების ბანგიდან და პირველი ნაბიჯიც გადადგა – ტელეფონს დასწვდა და ზურასკენ მესიჯი აფრინა: დღეს სამსახურის მერე გელოდები. ჩვენს კაფეში. უნდა დავილაპარაკოთ. აუცილებლად.
საღამოს, არადა არ უნდოდა, ექვსისკენ გადახრილიყო. საქმე დიდი ხნის წინათ დაასრულა, მაგრამ დროზე ადრე ოფისიდან გასვლას მოერიდა. ან სად უნდა ეხეტიალა, არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა. ამიტომ ზუსტად დაელოდა შვიდის წუთებს. მერე ადგა და ფანჯარას მიეყრდნო გავარვარებული ღაწვებით და შუბლით. დაელოდა ზურას მანქანის გაყვანას შიდა ეზოდან, ცოტა კიდევ შეყოვნდა, იქნებ ლაშაც გასულიყო, მაგრამ შეფი დღეს საერთოდ არ ჩანდა, არც დღეს და არც უკვე რამდენიმე დღეა. ან იქნებ კაბინეტშია და საქმეებშია თავჩარგული?! ლაშა, როგორც წესი, გვიანობამდე მარტოა ან ზურასთან ერთად რჩება საკუთარ კაბინეტში... თეომ საქაღალდე აიღო და სამსახურებრივი დოკუმენტაცია იღლიაში ამოიჩარა. მერე უცბად გაჩერდა და მიხვდა, რომ ამ თამაშს აზრი აღარ ჰქონდა – ვინც უნდა დაადგეთ თავზე, უკვე ყველამ ყველაფერი იცის! დასამალი არც არაფერია. ახლა მხოლოდ ის დარჩათ გასარკვევი, რა იციან ერთმანეთის გადაწყვეტილებებსა და სურვილებზე თვითონ თეომ და ზურამ.
თეოს მწარედ დაებრიცა ლამაზი ტუჩები. საქაღალდე მაგიდაზე დააგდო და უკანმოუხედავად გაიკეტა კაბინეტის კარი...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3