კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ გააცურა ლავრენტი ბერიამ ფაშისტური დაზვერვა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას სადაზვერვო გენიას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში აღნიშნავდნენ მისი მოწინაამდეგეები, რადგან 1938 წლის მიწურულიდან, როდესაც ბერია „ენკავედეს“ საკავშირო შეფი გახდა, საბჭოთა უშიშროება ერთიორად გაძლიერდა. ბერიას პატრონაჟი განსაკუთრებით დაეტყო საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობას, რადგან ის პირადად ჩაერთო ამ განყოფილებების საქმიანობაში. გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „აშკარა იყო, რომ ბერიას დანიშვნა „ენკავედეს“ უფროსად იმას ნიშნავდა, რომ სტალინს უშიშროების სამსახურის თანამედროვე რელსებზე გადაყვანა უნდოდა. პარტიისა და სხვა უწყებების (მათ შორის „ენკავედეს“) წმენდა უკვე დასრულებული იყო. რომ იტყვიან – „მავრს უკვე შესრულებული ჰქონდა თავისი მისია“ და წავიდნენ კიდეც (იაგოდა, ეჟოვი). ახლად დანიშნულ ბერიას კი ახალი ფუნქციები ეკისრებოდა ბელადისგან და დიდი წარმატებითაც გაართვა თავი ამ ამოცანას“.
საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი პავლე ფიტინი აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრავს ბერიას ღვაწლს საბჭოთა უშიშროების გაძლიერების საქმეში, რადგან სწორედ ბერიას კრეატიულმა მიდგომამ თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა ძველი „ჩეკა“ და მსოფლიოს მოწინავე სპეცსამსახურად აქცია. კრეატიული ლავრენტი პავლოვიჩი საქმისადმი ასეთივე მიდგომას ითხოვდა ხელქვეითებისგან და ყველაზე მეტად ასეთი კატეგორიის თანამშრომლებს სწყალობდა და აწინაურებდა. ბერიამ ძველ „ჩეკაში“ აპრობირებული ოპერატიული სამსახურის ძირეული რეორგანიზაცია განახორციელა და მისგან შექმნა სპეცოპერაციების განყოფილება. კადრებს ამ განყოფილებისთვის პირადად არჩევდა. უტარებდა მათ ტესტირებას და მხოლოდ ბერიას პირადი ვიზირების შემდეგ ხვდებოდნენ თანამშრომლები ამ განყოფილებაში. ბერია უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ოპერაციების დაგეგმვაში და დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მათ განხორციელებას. პირველივე დაგეგმილი ოპერაცია დიდი წარმატებით დასრულდა (მართალია, წლების შემდეგ) და ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „გამჭრიახ გონებასთან ერთად, ლავრენტი ბერიას საოცარი, უშრეტი ენერგია ჰქონდა. მას მრავალი საათის განმავლობაში გადაბმული, ნაყოფიერი მუშაობა შეეძლო და თავად სტალინიც კი აღმნიშნავდა ბერიას ამ უნარს. გახდა რა „ენკავედეს“ უფროსი, მას მერე, რაც სპეცოპერაციების განყოფილება ჩამოაყალიბა, პირველივე ხანგრძლივ, ნაყოფიერ ოპერაციაზე დაიწყო მუშაობა, რომელშიც ჩართული იყო როგორც კონტრდაზვერვა, ასევე ჩვენი უწყება – საგარეო დაზვერვა. ამ ოპერაციასაც თავად ბერიამ მოუგონა სახელი და „მეხუთე კოლონა“ უწოდა“.
ოპერაცია „მეხუთე კოლონა“, ცნობილ „ტრესტთან“, „ორეულთან“ და სხვა ცნობილ წარმატებულ ოპერაციებთან ერთად, სამართლიანად იკავებს მოწინავე პოზიციებს საბჭოთა უშიშროების ისტორიაში. სერგო გოგლიძე (გენერალი) იხსენებდა: „როგორც უშუალოდ ბერიასგან ვიცოდი, მისი დანიშვნით სტალინმა ძლიერი, საიმედო მხარდაჭერა მიიღო იმ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც საბჭოთა ბელადმა 1937 წლის შემდეგ დაიწყო. ეს თამაში იყო ჰიტლერთან დიდი, სისხლისმღვრელი ომისთვის საფუძვლიანად მომზადება და ამაში დაზვერვას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა სამხედროებთან ერთად. ბერიაში სტალინმა ახალი ტიპის ნოვატორი ხელმძღვანელი შეიცნო და სწორედ ამიტომ დანიშნა ის უშიშროების სამსახურის მეთაურად. ხოლო, რაც შეეხება ოპერაცია „მეხუთე კოლონას“, ის თავიდან ბოლომდე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული და დიდი ნაყოფიც გამოიღო“.
1938 წლის 25 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, მოსკოვში, საშობაო კარნავალი ჩატარდა. მიწვეული იყო ყველა მოწინავე ქვეყნის ელჩი. აგრეთვე,  საბჭოთა დიპლომატიური უწყების მაღალჩინოსნებიც. საბჭოეთს ამ ღონისძიებაზე 34 წლის ვლადიმირ გურინი წარმოადგენდა. ის პრეს-სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ეს უზადო გარეგნობის უცოლო ახალგაზრდა, სინამდვილეში, გრაფი ორლოვების შთამომავალი იყო და გვარი იდეოლოგიური მოსაზრებით ჰქონდა შეცვლილი. კარნავალის მიმდინარეობის დროს გურინს (ორლოვს) სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშეს თანაშემწესთან, 26 წლის ლინა კოქსთან. ეს პროცესი ფარული კინოკამერით გადაიღო ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომელმა ბრიუს პირსმა, რომელიც ფაშისტური გერმანიის დაზვერვის აგენტი იყო და სპეციალური დავალება ჰქონდა მიღებული თავისი შეფისგან, ვალტერ შელენბერგისგან. ამ დავალების მიზანი იყო, მოსკოვში მოეძებნათ ისეთი ადამიანი, რომელიც შესაბამისი მხარდაჭერის შედეგად, შექმნიდა, ეგრეთ წოდებულ, „მეხუთე კოლონას“ – მოღალატე ძალას, რომელიც სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, ზურგში ლახვარს ჩასცემდა თავის სამშობლოს. იცოდა რა, საბჭოთა დაზვერვამ ბრიუს პირსის მისიის შესახებ, სწორედ მან (დაზვერვამ, ბერიას ბრძანებით) შეაჩერა გურინი (ორლოვი), რომელიც მართალია, ყოფილი გრაფი იყო, მაგრამ კონტრდაზვერვაში მუშაობდა და „მოღალატის“ როლზე ის  ბერიამ შეარჩია. გურინი 1939 წლის 10 იანვარს პირადად პირსმა „გადაიბირა“ – დამალული გვარისა და პორნოკადრების გამჟღავნებით „შეაშინა“. „გადაბირებულ“ გურინ-ორლოვს დაევალა ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანების მოძიება და ასე შეაჩეჩეს ფაშისტებს „იატაკქვეშა“ ორგანიზაცია „კერა“, რომელიც 1939-1941 წლებში ფუნქციონირებდა და სამი წლის განმავლობაში „ტყუილებით ბერავდა“ ფაშისტურ დაზვერვას. გერმანელებს ეგონათ, რომ საბჭოეთში მძლავრი დასაყრდენი ჰქონდათ. თუმცა, „კერა“ ისე დაინგრა, როგორც ფაშისტური ოცნება მსოფლიო ბატონობის შესახებ. ხოლო თავის ცნობილ მემუარებში ვალტერ შელენბერგი წერდა: „ბერიამ ისე გაგვაცურა, როგორც ცხვირმოუხოცავი ბავშვებიო“... ფაშისტი მზვერავის ეს სიტყვები უკვე თავისთავად მეტყველებს ლავრენტი ბერიას მაღალ კვალიფიკაციაზე.
скачать dle 11.3