№13 რის სანაცვლოდ მიიღო სტალინმა 500 ათასი საბჭოთა ემიგრანტი ევროპიდან
სტალინი რომ ეშმაკი პოლიტიკოსი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თუმცა, მისი თანამედროვე ჟურნალისტები თუ პუბლიცისტები მას უპირო პოლიტიკოსადაც მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, – საბჭოთა ლიდერი ხშირად არ ასრულებს კოლეგებისთვის მიცემულ სიტყვასო. თავად საბჭოთა ბელადს კი ამის თაობაზე განსხვავებული აზრი ჰქონდა და ხშირად იმეორებდა: „მე ვლავირებ, მოლავირეებს შორისო“. ანუ, სტალინმა მშვენივრად უწყოდა და ეს ისტორიამაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი „პირიანი“ მოკავშირე კოლეგები თავად იყვნენ სიტყვის დამრღვევნი. ყველაფერს საკუთარ პოლიტიკურ თარგზე ჭრიდნენ და სტალინი რატომ უნდა ყოფილიყო დოყლაპია? მარტო ის რად ღირს, რომ მოკავშირეებმა არაერთხელ დაარღვიეს მეორე ფრონტის გახსნის პირობა და სტალინი მარტო აომეს ჰიტლერის წინააღმდეგ. ხოლო პირობა კი მხოლოდ მაშინ „შეასრულეს“ და მაშინ გახსნეს მეორე ფრონტი, როცა თვალნათლივ დაინახეს, რომ ცოტაც და, სტალინი მთელ ევროპას ჩაიგდებდა ხელში. ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „ომის წლებში და კიდევ ცოტა ხანი მისი დამთავრების შემდეგ, მთელი ბურჟუაზიული პრესა, რომ არაფერი ვთქვათ სოციალისტურზე, აღმერთებდა მას. ყველაფერი კი „ცივ ომთან“ ერთად დაიწყო. სტალინის „უპირობაზე“ კი მას მერე ალაპარაკდნენ, როცა სტალინმა თითქმის მთელი ევროპა გაასოციალისტურა და უფლება არ მისცა ანგლო-ამერიკელებს, რომ ევროპაში, საბჭოეთის საზღვრებთან, კვლავ ბურჟუაზიული სახელმწიფოები ჩამოყალიბებულიყო“.
საქმე კი ის იყო, რომ ყირიმისა და განსაკუთრებით კი, პოტსდამის კონფერენციებზე საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ომის შემდგომ ევროპაში გათავისუფლებულ სახელმწიფოებში თავისუფალი არჩევნები ჩატარდებოდა და მათზე არანაირი ზეწოლა არ მოხდებოდა. სტალინი, რა თქმა უნდა, დაეთანხმა კოლეგებს, თან, მათგან ითხოვა, რომ საბჭოეთისთვის გადმოეცათ ის 500 ათასი ემიგრანტი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზით არ აპირებდნენ. მათ შორის იყვნენ ძველი თეთრი ემიგრანტები, სამშობლოს მოღალატეები და უბრალოდ, ის ადამიანები, ვისაც დასავლეთის თავისუფალი სამყარო საბჭოეთზე მეტად იზიდავდა. მოლოტოვი წერდა: „პოლიტიკური სარგებლიდან გამომდინარე, ეტლი და ტრუმენი უპირობოდ დაეთანხმნენ სტალინს და 500 ათასი ადამიანი ძალიან სწრაფად დააბრუნეს უკან. მათ შორის იყვნენ მოღალატე გენერალი ვლასოვი, თეთრი გენერლები კრასნოვი და შკური. ყველა მათგანი სიკვდილით დაისაჯა. ხოლო „ტკბილი ცხოვრების“ მოყვარულ მასას ციმბირის ბანაკები და გრანდიოზული მშენებლობები ელოდა“.
დასავლელი კოლეგების „კეთილი ნების“ ჟესტის შემდეგ ჯერი საბჭოთა ბელადზე იყო – გათავისუფლებულ ევროპაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, დასავლეთი ფარულ ხრიკებს მიმართავდა, თავისუფალი არჩევნების გასაყალბებლად ემზადებოდა და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სტალინმა სიტყვა „გატეხა“. მართალია, ევროპაში არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ყველგან პროსაბჭოურმა ძალებმა გაიმარჯვეს და როგორც ეს დასავლურმა პრესამ მონათლა – იოსებ სტალინმა ევროპა გააწითლა... მარშალი როკოსოვსკი იხსენებდა: „ძნელი დასაჯერებელია, რომ სტალინი ასე იოლად, ერთი ხელის მოსმით დათმობდა იმას, რასაც მილიონობით საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მე ვგულისხმობ ევროპას. ალბათ, ანგლო-ამერიკელებს რომ არ ეაქტიურათ, პირველებს არ დაერღვიათ პირობა და არჩევნების გაყალბების თადარიგი არ დაეჭირათ, თავად სტალინი მოძებნიდა სხვა გზას. თუმცა, ფაქტია, მას ამის მიზეზი მისცეს და შედეგმაც არ დააყოვნა“.
სტალინმა ორი კურდღელი ერთად დაიჭირა. სრულიად იოლად მიიღო ნახევარი მილიონი მუქთა, ცოცხალი სამუშაო ძალა ევროპიდან და ეს ძალა ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენა. დასაჯა მოღალატეები და კიდევ ერთხელ შეახსენა საბჭოთა ხალხს, რომ მოდუნება სიკვდილის ტოლფასი იყო. მეორე მხრივ კი, სრულიად ლეგიტიმურად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაამყარა ევროპის უდიდეს ნაწილში პროსაბჭოური რეჟიმები და სოციალისტური ბლოკი გააფართოვა. მეტიც, არასაიმედო და ისტორიულად საშიშ პოლონეთს პროსაბჭოური ორიენტაციის ლიდერი არ აკმარა და თავდაცვის მინისტრად საბჭოთა მარშალი როკოსოვსკი დაუნიშნა. მართალია, როკოსოვსკი ეროვნებით პოლონელი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა.
მოლოტოვი იხსენებდა: „ახალი დაწყებული იყო „ცივი ომი“ და ანტისტალინური კამპანია ჯერ კიდევ ტემპს იკრებდა. ერთ დღეს სტალინმა მიხმო და მითხრა:
– ეს სულელი, უსუსური კაპიტალისტები. გულს იმით იოხებენ, რომ ჩემზე ათასგვარ პასკვილს წერენ გაზეთებში და ესაა და ეს, ერთ ადგილს ტკეპნიან. ვერ მოუნელებიათ, რომ თავი არ მოვატყუებინეთ და ევროპა არ გავაკაპიტალისტურეთ.
– წერონ და იკითხონ. ჩვენ კი ჩვენსას მივაღწიეთ, – მივუგე სტალინს.
– ამ პოლიტიკურ ონანისტ ვაჟბატონებს ეგონათ, რომ თუკი მოღალატეებს სამართლიანად გადმოგვცემდნენ, ჩვენ მათ ევროპას მივუგდებდით საჯიჯგნად? ნურას უკაცრავად, სიტყვის გამტეხნი თავისთან მოიკითხონ. განა ეგენი არ იყვნენ, რომ მეორე ფრონტი მხოლოდ მაშინ გახსნეს, როცა ეს აღარ გვჭირდებოდა?
სტალინი აბსოლუტურად მართალი იყო და მის მსჯელობაში ტენდენციურობის ნატამალიც კი არ ერია.“
„ცივი ომი“ იყო შედეგი იმისა, რომ საბჭოთა ბელადმა თავის მოკავშირეებს იდეოლოგიურ ჭიდილში იოტისოდენადაც არ დაუთმო და ყველაფერი გააკეთა ისე, როგორც მის პოლიტიკასა და საბჭოთა კავშირის ეროვნულ ინტერესებს სჭირდებოდა. სტალინი არც გულჩვილი იყო და არც „რქიანი“ „სიტყვის კაცი“, არამედ მოქმედებდა წინასწარ, კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით და არც თავს იტყუებდა ილუზიებით და არც სხვებს აძლევდა მისი გასულელების საშუალებას.