№13 ფითრი სამკურნალოა
ფითრი ეფექტურია კრუნჩხვების, ჰიპერტონიის, ნერვული სისტემის აშლილობების შემთხვევებში, წარმატებით იყენებენ ონკოლოგიური დაავადებების დროს.
ფითრის შემადგენლობაშია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, ძლიერი სამკურნალო თვისებებით. მათ შორისაა: აზოტის შემცველი ნაერთება-აცეტილქოლინი, ქოლინი; ტერპენოიდები, ბეტულინის მჟავა, ურსულინის მჟავა; ფლავონოიდები – იზორამნეტინი, კვერცეტინი, რამნეტინი; ჰისტამინები, ორგანული მჟავები – ყავის, ქლოროგენული, მანიტი; ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. ალკალოიდი ვისკოტოქსინი აქტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ტრიტერპენულ საპონინებს ჰემოლიტური ქმედებები ახასიათებს, ზრდის ჰემოგლობინს. ქოლინი, ვიტამინი B4 კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო აცეტილქოლინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ფითრი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.
მცენარე საქართველოში ყველაზე ხშირად სოჭზე, აკაციაზე, ტირიფზე, ვერხვზე, ცაცხვზე, თელაზე, ვაშლსა და მსხალზე გვხვდება.
ფითრი ცნობილია არა მხოლოდ პარაზიტობით, არამედ ფართო სპექტრის სამკურნალო თვისებებით. სამკურნალოდ გამოიყენება მისი თეთრი ფერის კენკრა, ახალგაზრდა ყლორტები და ამონაყარი. ფითრის ყლორტებში, ასევე, აღმოჩენილია ოლეინისა და ურსულის მჟავები, რომელთა წყალობითაც, ორგანიზმში უჯრედების აღდგენა და ცილოვანი ცვლა ძლიერდება. კოლაგენის სინთეზს, რომელიც კანს აახალგაზრდავებს, ურსულის მჟავა უწყობს ხელს.
ფითრს ადამიანის ორგანიზმზე ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მოხდენა შეუძლია. ამ შემთხვევაში, ყველაზე სასარგებლოა ფიჭვის, არყისა და მუხის ხეებზე მკვიდრი ფითრი. ყველაზე ნაკლები სასარგებლო თვისებები ვაშლისა და მსხლის ხეების ფითრს აქვს.
ფითრი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კრუნჩხვების, ჰიპერტონიის, ნერვული სისტემის აშლილობების გარდა. მისი ნაყენი ფართოდ გამოიყენება ნეფრიტის, ათეროსკლეროზის, ქალური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევების, ჰემოროის, რევმატიზმების, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენის დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრამი ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში.
ნახარშის მისაღებად 6-8 ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
ჰიპერტონიის დროს 1 ჩაის კოვზ ფითრის ფოთლებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. გაწურეთ და დალიეთ 1 სადილის კოვზი ნაყენი, დღეში 2-3-ჯერ.
ჭიების დროს შეურიეთ ერთმანეთს 5 გრამი თეთრი ფითრისა და 1 გრამი კატაბალახას ფხვნილი. ზედიზედ 3 დღე, საღამოობით, ეს ნარევი მიიღეთ წყალთან ერთად და შეჭამეთ 1 ცალი გახეხილი სტაფილო.
წყლულების, ჩირქოვანი იარების დროს: 60 გრამ თეთრი ფითრის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 5 წუთი, 20 წუთი გააჩერეთ და შემდეგ გაწურეთ.
ფითრის ნახარშის საფენები შეუცვლელია ჭრილობების, წყლულების, დერმატოლოგიური პრობლემების დროს. ფითრის ყლორტების ნახარშს წარმატებით იყენებენ ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების დროს. ფითრის გავლენა კიბოს უჯრედებზე ბოლომდე შესწავლილი არაა. მაგრამ, მიიჩნევა, რომ ის ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების ზრდას და მეტასტაზების წარმოქმნას.
თეთრი ფითრის ნაყენი გამოიყენება ასთმის, ნევრალგიის, შარდის შეუკავებლობის, კრუნჩხვების, ვარიკოზის დროს. ზოგიერთ ქვეყანაში მცენარის ცოცხალი წვენითაც კი მკურნალობენ: მას წარმატებით იყენებენ ჰელმინთოზის (ნაწლავური ჭიების), უნაყოფობის, მიოზიტების, სწორი ნაწლავის გამოვარდნის, რადიკულიტის სამკურნალოდ. ფითრის წყლიანი ნაყენი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ებრძვის თავის ტკივილს. ნაყენის გამოყენებით შესაძლებელია ეპილეფსიის შეტევის თავიდან აცილებაც.
ეპილეფსიის, ჰემოროიდული სისხლდენების, მუცლის არეში ტკივილის დროს, ფითრის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება. ქალური დაავადებებისას სასარგებლოა ფითრის აბაზანები ან გამორეცხვები.
იმის გამო, რომ ფითრი უამრავი სახის ნივთიერებას შეიცავს, ადამიანის ორგანიზმზე ყველა მათგანი თავისებურად მოქმედებს. შესაბამისად, ძალზე ფრთხილად უნდა იყოთ ფითრის ან მასზე დამზადებული პრეპარატების მიღებისას, რადგან სხვა მცენარეებთან და პრეპარატებთან რეაქციაში შედის. ამის დასაზუსტებლად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, რეკომენდებული არ გახლავთ, რომ ზედმეტად ხანგრძლივი დროის (ზედიზედ 3 კვირაზე მეტი ხნის) განმავლობაში მიიღოთ. მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში გროვდება და გარკვეულ მომენტში, შესაძლოა, მოგწამლოთ კიდეც. ფითრისგან დამზადებული ნაყენისა და ჩაის დალევა ყველასთვის დასაშვები არ არის.
ორსულებმა, ასთენიკებმა, დაბალწნევიანებმა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და ინდივიდუალური აუტანლობის მქონეებმა ფითრისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე, თუ მწვავე ტკივილები გაქვთ მუცელში, თირკმელებში, გულის არეში, ფითრით მკურნალობაზე უარი უნდა თქვათ.
სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები, რაც შეიცავს ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტებს, ქოლინს, ამინომჟავებს და სხვა. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც სისხლის აღმდგენ, ასევე, ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებად. ეფექტურია ეპილეფსიის სამკურნალოდაც. დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და მისი გამოყენება შესაძლებელია ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაში. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.
სახსრების, მეჭეჭებისა და ცხიმგროვების მკურნალობა
ფიკუსი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ამასთან, ადვილად მოსავლელი ოთახის მცენარეა. ის კარგად ასუფთავებს ჰაერს და დადებით გავლენას
ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ადრე სჯეროდათ, რომ ფიკუსი ნეგატიურ ენერგიას ისრუტავდა და სახლში აურას ასუფთავებდა. თუკი გსურთ, მიიზიდოთ იღბალი და ბარაქა, ღირს, შინ იქონიოთ ბენჯამინის ფიკუსი. ფიკუსს იყენებენ ხველისა და გაციების სამკურნალოდ.
მისი ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი, ასევე, ეფექტურად კურნავს რევმატიზმს, ართრიტსა და ართროზს. ეს მცენარე ჰემოროისაც კი განკურნავს.
ფიკუსი სახსრების სამკურნალოდ – გარეცხეთ, შემდეგ კი გაატარეთ ფიკუსის ფოთლები. დაასხით მიღებულ მასას არაყი, დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას, მინიმუმ, 14 დღე. გაწურეთ ნაყენი მარლაში, ჩაასხით მუქ მინის ბოთლში და შეინახეთ ცივ ადგილას. ძილის წინ მიიღეთ ოდნავ ცხელი მარილის აბაზანა, შემდეგ კი შეიზილეთ სახსრებში ნაყენი. ზემოდან შემოიხვიეთ შალის შარფი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა მხოლოდ 7 დღე.
ფიკუსის წვენისგან ძალიან ეფექტური სანთლები მზადდება ბუასილის სამკურნალოდ. წყალში გაზავებული წვენი ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 1-2 კვირას მოიცავს. ფიკუსის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები შესანიშნავია ფურუნკულების სამკურნალოდ, აყუჩებს კბილის ტკივილს, აცხრობს შეშუპებას პირის ღრუში.
მეჭეჭებისა და ცხიმგროვების მოსაშორებელი ეფექტური საშუალება – გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ფიკუსის მსხვილი ფოთლები. გაწურეთ მარლაში. წვენს დაუმატეთ ძმრის ესენცია. მიღებული ნაყენი ჩაასხით მუქ მინის ბოთლში და დაახურეთ საცობი. 2 წვეთი ფიკუსის ნაყენი დაიწვეთეთ მეჭეჭიან ან ცხიმგროვიან ადგილას. ეცადეთ, ირგვლივ კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ, მაქსიმუმ, 10 წამი და ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, იქამდე, სანამ მეჭეჭი არ გაქრება.
კბილის ტკივილის შესაჩერებლად: ჩაასხით ჭიქაში ფიკუსის წვენი და დაუმატეთ სპირტი. გააჩერეთ ბნელ ადგილას 2 დღე. დაასველეთ ბამბა ნაყენში და დაიდეთ მტკივან კბილზე ცოტა ხნით. შემდეგ გამოიღეთ ბამბა და გამოივლეთ გვირილის ჩაი.
კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ართრიტისა და სხვა დაავადებების მკურნალობაში კრაზანა დაგეხმარებათ
კრაზანა შეიცავს ტოკოფეროლებს (E ვიტამინი, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს), ჰიპერიცინსა და ჰიპერფორინს (ამ ნივთიერებებს ანტიდეპრესიული მოქმედება ახასიათებს), მთრიმლავ ნივთიერებებს (ეხმარება ჭრილობების ინფექციებისგან გაწმენდაში, ხსნის ანთებით პროცესებს), კაროტინს (A პროვიტამინის წინამორბედი, აუცილებელია თვალის სწორად მუშაობისთვის, კანის უჯრედების განახლების, ორგანიზმის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დასაცავად), ნიკოტინის მჟავას (აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის), ჰიპეროზიდსა და რუტინს (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს), ფიტონციდებს (მცენარეული „ანტიბიოტიკი“, აქვს მძლავრი ანტიმიკრობული ზემოქმედება), საპონინებს, P, PP, C ვიტამინებს, ფლავანოიდებს, აზულენს, ინვერტულ შაქარს და სხვა.
კრაზანას ხალხურ მედიცინაში იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის – ვირუსული; ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.
კრაზანის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი ახლად მოკრეფილი, დაქუცმაცებული მცენარე ან 1 სადილის კოვზი – გამომშრალი, დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3-4 საათი ბნელ ადგილზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ, მიიღოთ 15 მილიგრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. ეს რეცეპტი გამოიყენება გასტრიტის, კუჭის წვენის ნორმალიზების, კოლიტის, ცისტიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების, თავის ტკივილის დროს, არტერიული წნევის მოსამატებლად. პირის ღრუს დაავადებებისას ეს ნაყენი გამოივლეთ, კანის ანთებითი პროცესების დროს კი დაიდეთ ამ ნაყენის კომპრესი. ბავშვებში კანის არაინფექციური დაავადებებისას აბაზანაში კრაზანის ნაყენს უმატებენ.
კრაზანას იყენებენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყრისა და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეს ხელში სრესენ და იდებენ გარედან დაჟეჟილობის დროს და სისხლდენის შესაჩერებლად.
კრაზანის ნახარშსაც ისევე იყენებენ, როგორც ნაყენს. ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 1,5 სადილის კოვზი მცენარე და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გამოიყენეთ მხოლოდ მომინანქრებული ან მინის ჭურჭელი. ამის შემდეგ წყლის აბაზანაზე გააცხელეთ 20-30 წუთის განმავლობაში, მაგრამ არ აადუღოთ. ნახარში გამოიყენეთ გარეგანად დაბანის დროს, კანის გასაწმენდად. გადაივლეთ თმაზე, ხოლო შინაგანად, მიიღეთ ნაწლავური ინფექციების, ფაღარათის დროს.
კრაზანის ნახარში: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი. ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ.
კრაზანას, ასევე, აყენებენ არაყზე ან სპირტზე თანაფარდობით 1:7 ან 1:10. გააჩერეთ ის ბნელ ადგილზე სამი ან მეტი დღით. ნაყენი უნდა გამოიყენოთ წყალში გაზავებული: ერთი ჩაის კოვზი გააზავეთ 50 მილილიტრ წყალში. გამოიყენება, ასევე, პირის ღრუში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის. სპირტზე დამზადებული ნაყენი ძალზე ეფექტურია კუნთებისა და სახსრების ტკივილისას, კომპრესის სახით.
კრაზანის ნაყენს იყენებენ, როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტებისა და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით – ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე, პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.
სამედიცინო თვალსაზრისით, ძირითადად, გამოიყენება კრაზანის ფოთლები და ნორჩი ყლორტები; ფესვები კი – ტუბერკულოზისა და დიზინტერიის დროს.
კრაზანის მიღება არ შეიძლება ორსულებისა და ჰოპერტონიით დაავადებულებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში, რადგან ის მცირედ ტოქსიკურია (ძველად პირში ცუდი სუნის დროს კრაზანას ღეჭავდნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში). ასევე, კრაზანის დიდი ხნით მიღება მამაკაცებში დროებით იმპოტენციას იწვევს, რომელიც მისი შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში აღდგება.