№13 რა უნდა გავითვალისწინოთ მოძღვრის არჩევისას და რატომ უბრუნდებიან ადამიანები მარხვის შემდეგ ცოდვილ მდგომარეობას
დიდმარხვა შედგება ორი არათანაბარი ნაწილისგან. პირველი ნაწილი არის წმიდა ორმეოცე, ანუ ბზობის ჩათვლით მთავრდება მარხვის პირველი ნაწილი და შემდეგ იწყება შვიდდღიანი მარხვა, რაც ნიშნავს ვნების შვიდეულის გახსენებას. დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ მხოლოდ ბზების კურთხევაზე არ არის დამოკიდებული ამ დღესასწაულის მთავარი სიდიადე. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მაცხოვარმა იერუსალიმში შებრძანება ინება ტრიუმფალურად, ხილულად, ისე, როგორც შედიოდნენ ალექსანდრე მაკედონელი და სხვა დიდი, გამარჯვებული მეფენი, ოღონდ მათ თან ახლდათ დაცვა, ტახტრევანი. მაცხოვარი ინებებს, რომ ამხედრდეს „კიცვსა ზედა კარაულისასა“, ანუ სახედრის შვილზე, როგორც ეს იყო ნაწინასწარმეტყველები მის შობამდე 400 წლით ადრე, ზაქარია წინასწარმეტყველის მიერ. სანამ მსვლელობა გაიმართება, უფალი მოდის ბეთანიიდან, გაგზავნის ორ მოციქულს, რომ მას მოჰგვარონ სახედრის შვილი. ორი მოციქულის გაგზავნა მიღმა სამყაროში, ნიშნავს, რომ ღმერთი კაცობრიობის გამოხსნისთვის აწესებს ორ აღთქმას – ძველსა და ახალს. მოპირდაპირე ქვეყანა კი არის დაცემული სამყარო, ანუ ეს სოფელი. დაბმულ სახედარში იგულისხმება ებრაელი ერი, რომელიც დაება საკუთარი ცოდვებით. ჩოჩორი არის სიმბოლო გაუხედნავი, წარმართი ერისა, რაზედაც მაცხოვარი ინებებს დაბრძანებას და მის შეყვანას იერუსალიმში. მოციქულები ინებებენ, მას ჩოჩორზე დაუფინონ საკუთარი შესამოსელი და ისინი იერუსალიმისკენ მიემართებიან უბრალო, მაგრამ დიადი მსვლელობით. სანამ მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდება, მანამდე გოდებს, ტირის და წარმოთქვამს სიტყვებს, რომელიც ნებისმიერმა ერმა საკუთარ თავზე შეიძლება მიიღოს. ეს გოდება 48 წლის შემდეგ გაახსენდებათ ებრაელებს, როცა მათ რომაელი ლეგიონერები მოადგებათ ტიტეს ხელმძღვანელობით და ქვა ქვაზე აღარ დარჩება. თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, კარგად იყოს, სახედრის შვილზე ამხედრებული მესია უნდა მივიღოთ მარხვით, ლოცვითა და ეკლესიური ცხოვრებით. ის ხალხი, რომელიც დიდებით ეგებება უფალს, რამდენიმე დღეში ჯვარს აცვამს და ბარაბას ამჯობინებს კაცობრიობის მხსნელს. ჩვენც ასე ვართ, დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, მუხლს ვიყრით, მაგრამ გავა დრო, დამთავრდება მარხვა და ისევ ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას დავუბრუნდებით. შეიძლება, ჩვენი ბაგეებით არ წარმოვთქვამთ: „ჯვარს აცვით ეგე“, მაგრამ, როცა ადამიანი ივიწყებს იმას, რა მადლიცაა მარხვა, როგორი დიდი წყალობა, სასწაული და საიდუმლოებაა მაცხოვრის აღდგომა, ისევ ძველ ბინძურ ცხოვრებას უბრუნდება.
ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება: დავრჩეთ მაცხოვართან, გავიაროთ მასთან ერთად გოლგოთის გზა, თუ მივატოვოთ მაცხოვარი და ვთქვათ, რომ ჩვენ მას არ ვიცნობთ, როგორც ეს პეტრე მოციქულმა გააკეთა. ბევრ ქრისტიანს ჰგონია, რომ რაც შეიძლება, ბევრი ბზა უნდა ჰქონდეთ და ამით დიდ რწმენას გამოხატავენ. ვფიქრობ, ვისაც ბზის დიდი ტოტი უჭირავს, მას უფრო ნაკლები რწმენა აქვს. საკმარისია, ადამიანმა ერთი ღერო, ერთი ფოთოლი წაიღოს სახლში, მაგრამ ჰქონდეს დიდი სიყვარული, რწმენა იმისა, რომ მას ესტუმრა იესო ქრისტე. ბზობა კარგია, მაგრამ მაცხოვართან ერთად გოლგოთაზე ასვლა არის აუცილებელი და მაცხოვნებელი. გოლგოთის მსხვერპლი თუ არ გაიზიარა ადამიანმა, თუ სვიმონ კვირინელივით არ იტვირთა მაცხოვრის ჯვარი, მაშინ ჩვენ დავრჩებით იმ ხალხთან, რომელიც ჯერ ადიდებდა უფალს და შემდეგ ჯვარს აცვა.
– მამაო, დღეს როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც სურს ეკლესიაში სიარული, სულის ცხონება, არ უნდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ არ მოსწონს ტაძრის შიგნით არსებული მდგომარეობა?
– უნდა შევარჩიოთ ტაძარი, მოძღვარი, რომელიც შეიძლება, არ იყოს ძალიან განათლებული, დიდი სულიერებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ შეეძლოს წირვა-ლოცვის ჩატარება. ბევრი იხიბლება მოძღვრის ქადაგებით და იმიტომ დადის ეკლესიაში. ქადაგების მოსმენა უკვე ინტერნეტშიც შეიძლება. ამიტომ, ჩვენ ისეთი ტაძრები უნდა შევარჩიოთ, სადაც სწორად ტარდება ღვთისმსახურება და ეკლესიურად სწორად ცხოვრობენ. როგორ ქადაგებენ კი არა, ეკლესიურად როგორ ცხოვრობენ. რადგან შეიძლება, მოძღვარი კარგი მქადაგებელი იყოს, მაგრამ სულ არ ეწეოდეს კარგ ეკლესიურ და სულიერ ცხოვრებას. ამიტომ, ისეთ მოძღვართან უნდა მივიდეთ, წმიდა მამათა დაფუძნებით რომ ცხოვრობს და ჩვენც არ გაგვიჩნდება ეკლესიიდან წასვლის სურვილი. მაცხოვრის ეს სიტყვები ხშირად უნდა გავიხსენოთ: ჯობია, გულზე დაიკიდოს წისქვილის ქვა, ვიდრე დააბრკოლოს ჩემკენ მომავალი ადამიანი. ამიტომ ყველამ – სასულიერო პირებმა, წიგნის მკითხველებმა, სტიქაროსნებმა, მგალობლებმა, მესანთლეებმა, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: ჩვენ ხომ არ დაგვიბრკოლებია ვინმე, ჩვენ ხომ არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ხვალ ჩამოგვკიდონ წისქვილის ქვები. ადამიანებიც იმიტომ მიდიან ეკლესიიდან, რომ იქ სიყვარულს ვეღარ ხედავენ, რაც უკვე აღარსად არის – აღარც ოჯახში, აღარც ნათესავებში. ეკლესიაშიც რომ იკარგება ეს სიყვარული, მერე უკვე მრევლიც მიდის იქიდან. ვინც გულით, მთელი სულით, რწმენით მიდის მაცხოვართან, მას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. თუ ჩინოვნიკი, დაცვა გადაგეღობება და ეკლესიაში არ შეგიშვებს, უნდა აუხსნა, რომ რწმენით მიდიხარ ეკლესიაში – ჯობია, წისქვილის ქვა ჩამოიკიდო კისერზე, რადგან ადამიანი ფეხით ჩამოვიდა სხვა ქალაქიდან, იქნებ რა სათხოვარი აქვს უფალთან და შენ კი არ უშვებ. ასეთი გადაღობვები, ასეთი დგომა, ასეთი მრევლი ეკლესიაში არ შეიძლება. კმარა ასეთი სპექტაკლები ტაძრებში. ასეთი დამოკიდებულება არავის სჭირდება. დროა, მორწმუნე ადამიანები დადგნენ ტაძარში და მათ მიიღონ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, თორემ ის ტრანსლაციები, რომელებიც ტელევიზიით გადაიცემა, სპექტაკლებს დაემსგავსება. დიდი მამები ამხელდნენ ხოლმე: ტაძარში ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ლოცულობდაო, ასე იქნება ახლაც. არ არის საჭირო წირვა-ლოცვის დროს დაყენებული ხმა, გუნდის გუგუნი. ყველაფერი მარტივად და უბრალოდ უნდა ხდებოდეს. მამა გაბრიელი ამბობდა: თქვენ რომ იცოდეთ, რამხელა მადლია წირვაზე, წირვის მერე იატაკიდან მტვერს ახვეტდით და იმას ეამბორებოდითო. დღეს რა მადლზეა საუბარი, იმაზე ვფიქრობთ: ასე გადამიღე, ასე გადამიღე – ფარისევლობა სხვა რამე კი არ არის. თუ ადამიანს მოსწონს, რომ ლოცვისას ფოტოს, ვიდეოს უღებენ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა. მერე გონიერი, ჯერ არმოსული მრევლი ამას რომ დაინახავს, იტყვის: მე არ მინდა აქ ვიყო, ამ სპექტაკლში მივიღო მონაწილეობა. მე ისეთი მრევლი, მოძღვარი მინდა, სადაც დაჩაგრულად არ ვიგრძნობ თავს და ზემოდან არ გადმომხედავენ: ეს ვინღა შემოვიდა ტაძარშიო. ხშირად მინახავს, როგორ დასცინიან სტიქაროსნები ადამიანს, რომელიც კარგად ვერ იწერს პირჯვარს, ისე ვერ ლოცულობს და არც ეკლესიაში მოსულა „ჯიპით“, ფეხით მოვიდა. მერე ის ადამიანი წავა და საერთოდ, ეკლესიისკენ აღარ გაიხედავს. ის, ვინც მას გადაეღობება, ძალიან მძიმე ცოდვაში შედის. ხშირად მინახავს, როგორ ცდილობენ შეაკავონ ის ადამიანები, ვინც გულით-სულით მოვიდა ეკლესიაში, იმარხულა, პატრიაქრის ხელით უნდა ზიარება, მისი ნახვა, მაგრამ ისეთი სახით, ისეთი უხეშობით აძევებენ ეკლესიიდან... ვფიქრობ, ისინი ამ დროს იესო ქრისტეს აძევებენ... მათ ზაქეს, ლაზარეს უთხრეს უარი და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ არ მოდის დღეს ბევრი ადამიანი ეკლესიაში.