№13 რა აყენებს ქმრის ღალატზე მეტ ტკივილს ქალს
ფსიქოლოგები ღალატისგან გამოწვეულ სტრესს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და დამანგრეველ ემოციურ დარტყმად მიიჩნევენ, რომელიც თითქმის ანადგურებს ადამიანს. ერთი შეხედვით, შეიძლება, ვისაც ეს გრძნობა განუცდია, ვერც კი მიხვდეს, რა ცვლილებებს იწვევს ღალატი თითოეულის ფსიქიკაში, მაგრამ განასხვავებენ ღალატის რამდენიმე ფორმას – უფრო სწორად, რამდენიმენაირ ღალატს. ზოგჯერ ღალატი ერთმნიშვნელოვანი და მარტივი არ არის. მას გართულებები და გამოწვევები აქვს, რაც ღალატზე კიდევ უფრო მტკივნეული შეიძლება იყოს.
თიკო (34 წლის): ვინმეს რომ ეთქვა, ღალატზე უარესი რაღაცებიც არსებობსო, ვერ დავიჯერებდი, იმიტომ რომ ღალატი ნამდვილი კატასტროფაა, მიწისძვრა და ქვეყნიერების ამოყირავება. როცა პირველად გავიგე, რომ ქმარმა მიღალატა, მეგონა, რომ მოვკვდებოდი. მეგონა, თავზე მეხი დამეცა და ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ისეთი ტკივილი იყო, ლამის გული დამეფლითა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამაზე დიდი ტკივილი თუ შეიძლებოდა. არავის ვუსურვებ, გამოსცადოს ის, რაც მე გადავიტანე. ღალატიც არ ყოფილა ერთნაირი, ერთი კონკრეტული სახე არ ჰქონია და ერთ ჭრილშიც ვერ განიხილავ. ალბათ, არ დამიჯერებთ, თუ ვიტყვი, რომ ქმართან ურთიერთობაში ღალატზე უარესი რაღაცებიც არსებობს.
– მაგალითად, რა?
– დამცირება და იგნორირება. უნდა აგიხსნათ, რას ვგულისხმობ. მე და ჩემს ქმარს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. გულახდილი, გახსნილი, თანასწორი... არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს და ყოველთვის მჯეროდა მისი თანადგომის. ქმარზე უკეთესი არავინ მყავდა. მიმაჩნდა, რომ ყველაფერი უნდა დამეჯერებინა, რასაც იტყოდა და მასაც უნდა ერწმუნა ჩემი სიტყვები. ცოლ-ქმარს შორის ნდობა უმთავრესია, ნდობა და ურთიერთგაგება. მე ამ პრინციპით ვცხოვრობდი და მეგონა, რომ ჩემი ქმრისთვისაც ეს იყო პრიორიტეტი. საკმაოდ თავმოყვარე ადამიანი ვარ. ღირსება მაქვს და მინდა, დაფასებული ვიყო სხვებისგანაც. მე პატივს ვცემ სხვის ღირსებას და პიროვნებას. მინდა, რომ სწორად გამიგოთ. არ ვგავარ იმ ქალებს, ოღონდ ოჯახი ჰქონდეთ და ყველაფრის ატანა შეუძლიათ. ღალატსაც არ ვუყურებ, როგორც ქვეყნის აღსასრულს.
– ჰო, მაგრამ ტკივილის მომტანი ხომ არის ღალატი?
– რა თქმა უნდა, არის ტკივილის მომტანი. მეტკინა და ამას არც დავმალავ. მაგრამ ღალატზე უფრო დიდი ტკივილი ახლავს, თურმე, ადამიანის პიროვნებას იგნორირებას, მისი ღირსების შელახვას. მარტო ღალატი რომ ყოფილიყო, ვაპატიებდი. მართლა ვამბობ ამას.
– არ აპატიეთ და დაშორდით?
– საქმე ამაში არ არის. ღალატი თავისთავად შეურაცხმყოფელია. ენდობი ადამიანს, ის კი პირველივე შემხვედრზე გცვლის. მაგრამ მასთან რომ დაგამცირებს კიდეც, ეს ქვეყნის დანგრევის ტოლფასია.
– ღალატი, თავისთავად, გულისხმობს დამცირებას. არა?
– მე სხვანაირ დამცირებაზე ვლაპარაკობ. კაცს ძალა უნდა ეყოს, რაღაცას რომ დააშავებს, აღიაროს კიდეც – ვაჟკაცურად და პირდაპირ. საშინელებაა, როცა გიღალატებს, მაგრამ მაინც ცდილობს, „გამოძვრეს“ სიტუაციიდან. თანაც, ყველაზე უღირსი მეთოდებით.
– ღირსეული მეთოდებიც არსებობს ამ სიტუაციებში?
– გეთანხმებით. როგორ შეიძლება ღალატიდან ღირსეული გამოსავალი არსებობდეს, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია. მე ისე დამამცირეს, რომ ძალიან დიდი ხანი გონზე ვერ მოვედი. შოკი გაგრძელდა. ვფიქრობდი, როგორ უნდა გამოვსულიყავი ამ სიტუაციიდან. რა უნდა მეპასუხა საშინელ, უსინდისო საქციელზე იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად მივიჩნევდი. საუბარია ჩემს ქმარზე. ხომ მიღალატა, მერე იმის მტკიცება დაიწყო, რომ თავად ვიყავი დამნაშავე.
– რაში ვადანაშაულებდათ?
– აბსოლუტურად აბსურდული რაღაცები მითხრა. რომ მე ვარ ცუდი ცოლი, რომ ავი და პათოლოგიურად ეჭვიანი. რომ მეჩვენება რაღაცები, ვიგონებ სისულელეებს, ვტანჯავ. არ ვარ ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების ღირსი, იმიტომ რომ ასეთი კარგი ოჯახის შეფერება არ შემიძლია. ერთი სიტყვით, ურჩხულად გამომიყვანა. თითქოს, თვითონ არ უნდოდა ღალატი, მაგრამ ასეთი პირობები შევუქმენი, რომ იძულებული გახდა სხვა ქალთან წასულიყო. ღალატზე მეტად გულსატკენი სწორედ ის იყო, რომ დამამცირა, როგორც პიროვნება, როგორც ქალი და როგორც ადამიანი. ცალკე ტრაგედია იყო ის, რაც მან იმ ქალთან მაკადრა.
– იმ ქალს დაუპირისპირდით?
– არა. ის დამიპირისპირდა. როგორც ჩვეულებრივ ხდება, ხოლმე, ძირითადად ხომ საყვარლები ებრძვიან ცოლებს. პირდაპირ ომი გამომიცხადა. თითქოს, მე ვართმევდი იქით ქმარს. აბა, საიდან გავიგე, ქმარი რომ მღალატობდა? არ დაეზარა და სრული „დოკუმენტაცია“ გამომიგზავნა – ჩემი ძვირფასი მეუღლისა და მისი მიმოწერა. აი, ამ მესიჯებმა და „ლავ სთორიმ“ შემშალა. რაებს წერდა ჩემი ქმარი, რა სამარცხვინოდ მომიხსენიებდა, როგორ „შემოაძვრინა“ ჩვენს ცხოვრებაში და გაუმხილა ყველაფერი, რაც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის. ტირილიც კი ვეღარ შევძელი. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი, მერჩივნა. წინ რომ დავუდე ეს „დოკუმენტები“, ჩემმა ქმარმა აქეთ შემომიტია: შენი ბრალია. რატომ წაიკითხე და რატომ ჩაყავი ცხვირი სხვის პირად ცხოვრებაშიო. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი რეაქცია – პირად ცხოვრებაში ჩავყავი ცხვირი მე, როცა ვიღაც ქალი საერთოდ ოჯახში „შემომიყვანა“. ამას ხომ უნდოდა ატანა და გაძლიერება.
– ანუ, აპატიეთ ქმარს ამ ყველაფრის შემდეგ?
– ამას თუ პატიება ჰქვია... როგორ ვარ, იცით? შუაზე გაყოფილი და „გაგლეჯილი“. არ ვიცი, როდის დალაგდება სიტუაცია. ის ქალი მიატოვა და ოჯახში დარჩა. ისიც თქვა, რომ ცუდად მოიქცა, მაგრამ მე ჯერ ისევ მტკივა. სანამ ეს ტკივილი არ გამივლის, სანამ ჭრილობა არ მოშუშდება, მის მიმართ არც ნდობა დაბრუნდება და არც იმის სურვილი, ძველებური ურთიერთობა აღვადგინო. თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია.