№13 რომელი მწერი მიაჩნდათ ძველად ღვთის სისხლის წვეთებად და რატომ უნდა დაუთვალოთ ჭიამაიას ზურგზე შავი წერტილები
„ჭია, ჭია, მაია ხვალ თუ კარგი დარია?!“ – ბავშვობაში, ალბათ, ყველას დაუსვამს ხელზე ეს პატარა, კოპლებიანი არსება და ალერსით, სწორედ ასე მიუმართავს... მაგრამ, მარტო ბავშვებს კი არა, აღმოჩნდა, რომ ის ყველას და ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს. მით უმეტეს, რომ მთელ დედამიწაზე, თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ადრე ის ღვთის „სისხლის წვეთად“ მოიხსენიებოდა და იმასაც ამბობდნენ, ჭიამაიები ზეცაში ცხოვრობენ და დედამიწაზე იმიტომ ჩამოდიან, რომ ხალხს ღვთის ნება ამცნონო. მოკლედ, ის ყველას უყვარს და მისგან მხოლოდ კარგს ელიან, რასაც ხალხური მინიშნებები და მასთან ერთად, დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ქალბატონი მაიაც ადასტურებს. მაშ ასე, დაუგდეთ ყური და გაითვალისწინეთ, ჭიამაიები ხომ უკვე მოფრინდნენ.
– ჭიამაიასგან მხოლოდ კარგს უნდა ელოდოო, მაგრამ სულ დარი ხომ არ იქნება?..
– ამისთვის საკმარიასია, ჰკითხოთ ამ პატარა საყვარელ მწერს: ჭია, ჭია, მაია ხვალ როგორი დარიაო და თუ ისევ ხელისგულზე დარჩა, წვიმა მოვა, ხოლო თუ მაშინვე გაფრინდა – ესე იგი, მზიანი დღეები გაგრძელდება. ეს ისე, შეგახსენეთ, თორემ ყველა ბავშვმა, თითისტოლამაც კი, იცის ამ „მაგიური რიტუალის“ არსი. რაც შეეხება დანარჩენ მინიშნებებს, ანუ „დარია თუ ავდარიას“ გარდა, დარწმუნებული ვარ, ზოგ მათგანზე წარმოდგენაც არ გაქვთ, ზოგზე კი, ალბათ, გსმენიათ... ლოგიკურად რომ გავაგრძელოთ, კარგმა ამინდმა კარგი განწყობა და შესაბამისად, მადაზე მოსვლაც იცის. ჰოდა, ამაზეც აქვს პასუხი ჩვენს გმირს. ეს ხასხასა ფერის, მრგვალი მწერი ძველთაგანვე სასარგებლოდ მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს, რადგან ბოსტნის მტერ ბუგრებს ანადგურებდა. ასე რომ, თუ ბევრი ჭიამაია შენიშნეთ თქვენს კარმიდამოში სოფლად, გაიხარეთ: მინიშნება უხვ მოსავალს გპირდებათ.
– გამიგია, რომ ბევრი მინიშნება ჭიამაიის ფერის მიხედვით აიხსნება. ძალიან საინტერესოა, რომელი რას გვიწინასწარმეტყველებს?..
– ჭიამაიას რომ ულამაზესი შეფერილობა აქვს, ამაში, ალბათ, ყველა ქალი დამეთანხმება. არა მგონია, ვინმეს, მათ შორის, ალბათ, თქვენც, ჭიამაიებიანი ან მასავით დაწინწკლული ერთი კაბა მაინც არ გქონდეთ გარდერობში. თან, ყველას უხდება და თითქმის ყოველთვის უმართლებს, როცა ის აცვია. ჰოდა, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ „კაბის ორიგინალი“ ხოჭოს მიმართ. მით უმეტეს, კაბაზე ან ნებისმიერ სამოსზე თუ დაგაფრინდათ, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად განაახლებთ გარდერობს. ახლა, რაც შეეხება ფერებს. ყველა იმედით შეჰყურებს მომავლს და ცხოვრებაში ისეთ ცვლილებებს ელის, ბედნიერებას რომ მოუტანს – ამ დროს თქვენთან პატარა, ყვითელი შავწერტილებიანი მწერი მოფრინდა და ეს ყველაფერი თან მოგიტანათ. თუმცა, არის შავი ხოჭოც, მაგრამ ისიც ხომ მაიაა! ამიტომ, სიშავის მიუხედავად, წინწკლებით ახალისებს თვალს: ყვითელწინწკლებიანი ჭიამაია – საქმეში წარმატებას მოგიტანთ, თეთრწინწკლებიანს კი – სასიამოვნო შეტყობინება მოაქვს თქვენთვის. ხოლო თუ ყვითელი ან აგურისფერია და საერთოდ არ აქვს წერტილები – სათანადოდ მოემზადეთ, ოჯახში მატებაა.
– სახლშიც ხშირად შემოფრინდება ხოლმე...
– ჭიამაიას სახლში შემოფრენა განსაკუთრებული სიხარულია. ფრთხილად, ისე, რომ არ გაფრინდეს, ზურგზე დაუთვალეთ წერტილები, ოღონდ შავი. რამდენი წერტილიც აღმოჩნდება, იმდენი ბედნიერი თვე გელით მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით გაგიმართლებთ, თუ წერტილი შვიდია. თუმცა, სეზონსაც აქვს მნიშვნელობა: გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში შემოფრენილ ჭიამაიას, რომ იტყვიან, შეუძლია, მთელი წლით გაგმართოთ ფინანსურად წელში. ახალდაქორწინებულებისთვის სახლში მისი სტუმრობა ძეობის მაუწყებელია. გასათხოვარი ქალიშვილი კი საბედოს შეხვდება. თან, პატარა რიტუალიც უნდა ჩაატაროს: ჭიამაია ხელისგულზე დაისვას და ფაქიზად სული შეუბეროს: საითაც გაფრინდება, საქმროსაც იქიდან უნდა ელოდოს. მაგრამ, თუ დიდხანს არ მოინდომა მწერმა აფრენა, ესე იგი, გოგონას ქორწილამდე ცოტა კიდევ მოუწევს ლოდინი. მართალია, ეს კოკროჭინა ხოჭო ყოველთვის სიკეთის მომტანია, მაგრამ გაზაფხული და ზაფხული თუ უკვე ვახსენეთ, შემოდგომამ და ზამთარმა რაღა დააშავა? როგორც თავად შემოდგომაა მსუყე, ისეთივე გულუხვია ამ დროს თქვენს სახლში შემოჭრილი ჭიამაიაც: ოჯახს მატებას, ხვავს და ბარაქას არ გამოულევს. თუმცა, ზამთარშიც აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი, მთავარია, სიცივეში გარეთ არ გააგდოთ შემოკედლებული უმწეო არსება და სახლში მოუძებნეოთ ქოთნის ყვავილი, რომელზეც გამოზამთრებას შეძლებს. თანაც, ლამაზია.
– მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ დაფრინდება მწერი?
– მოფრინდა თქვენთან და პირით თქვენკენაა, ესე იგი, იღბალი აქვეა ჩასაფრებული და ეცადეთ, არ გაგიფრინდეთ. მიეცით საშუალება, რომ დაღლილმა მწერმა თქვენს მხარზე დაისვენოს. მისი წყალობით, პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნებთ. ხშირად ჭიამაიასთვის ადამიანის ხელისგული ერთგვარი აეროდრომია. მოფრინდა „პატარა ხომალდი“? ესე იგი, საუკეთესო დროა, სურვილი ჩაუთქვათ. მისი მალევე უკან გაფრენა ნუ გეწყინებათ, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ სურვილი მალე შეგისრულდებათ. საპირისპირო შემთხვევაში კი, ცოტა მოცდა მოგიწევთ. იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომელ ხელს აირჩევს: მარცხენა – ჯანმრთელობის საწინდარია, მარჯვენა კი – ფინანსური კეთილდღეობის. მთავარია, ეს საყვარელი ხოჭო არ შეაშინოთ. გასაფრენად მსუბუქად შეუბერეთ ან ბალახი ნაზად აუქნიეთ.
– თილისმად თუ გამოდგება?
– ჭიამაია, უპირველეს ყოვლისა, ბედნიერების მომტანი თილისმაა, ამიტომ, სასურველია, თვით ამ ხოჭოებით ან მისი გამოსახულებიანი საგნებით მორთოთ სახლი. განსაკუთრებით პატარები უყვარს და ყოველთვის იცავს მათ საფრთხისგან. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვის ოთახში მზე, მდელო და ყვავილები გვიცქერდნენ კედლებიდან, ზედ რომ ჭიამაია დაფრენილა და ხან – ავდარს, ხან კი, დარს გვპირდება. კარგი საჩუქარია ჭიამაიასგამოსახულებიანი ამულეტიც, მით უმეტეს, ახალდაქორწინებულებისთვის – ასე, იღბალი სულ მათი თანამგზავრი იქნება. ასე რომ, თუ გადმოცემებს დავუჯერებთ, ჭიამაია ღვთისმშობლის მოვლენილია და ერთადერთია მწერთაგან, რომელსაც ადამიანის ენა ესმის და თქვენი სურვილის ზეცამდე მიწვდენაც კი ძალუძს. აქედან გამომდინარე, დიდია შანსია, ნატვრა მალე აგიხდეთ და რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერში გაგიმართლოთ. მხოლოდ, გახსოვდეთ, მისი მოკვლა ან სახლიდან გაგდება კატეგორიულად აკრძალულია. თუ ამას ჩაიდენთ, არანაირ საქმეში აღარ გაგიმართლებთ. ასე რომ, მეგობრულად იცხოვრეთ ჭიამაიასთან ერთად.