№13 რა უძრავ-მოძრავი ქონება აქვს ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და რომელ სახელმწიფო უწყებებში იყო დასაქმებული მისი მეუღლე
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია 1980 წლის 20 აპრილსაა დაბადებული ქუთაისში. უმაღლესი განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტზე მიიღო (2002 წელს დაამთავრა); 2002-2003 წლებში ანკარის უნივერსიტეტის თომერის კოლეჯში თურქული ენაც შეისწავლა. 2003-2004 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურიც გაუვლია საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში. 2010 წელს კი, დოქტორის აკადემიური ხარისხიც მიუღია. სამწუხაროდ, ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე გიორგი ჭიღვარიას დეტალური შრომითი ბიოგრაფია არ არის მითითებული. მხოლოდ შემდეგია აღნიშნული: „აქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება: იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, დღემდე არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
გიორგი ჭიღვარიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ. ჰყავს მეუღლე, 1985 წელს დაბადებული თამთა ფოფხაძე და ორი შვილი: 2005 წელს დაბადებული სერგი და 2011 წელს დაბადებული სანდრო.
იმხანად გიორგი ჭიღვარიას საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე (700 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი – რაჭაში (200 კვ. მ.). მამამისს, ტარიელ ჭიღვარიას, ეკუთვნოდა საცხოვრებელი ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე (250 კვ. მ.), თამთა ფოფხაძეს კი – ბინა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე (48 კვ. მ.). გიორგი ჭიღვარიას ჰყავდა ავტომანქანა „სუბარუ ფორესტერი“ (რომელიც 11 000 ლარად შეიძინა), ხოლო თამთა ფოფხაძეს „ტოიოტა რავ 4“, რომელიც 10 000 ლარად შეიძინა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში გიორგი ჭიღვარიამ, როგორც ქუთაისის მერის მრჩეველმა, 2 695 ლარი აიღო; როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა – 11 828 ლარი; როგორც ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა – 7 900 ლარი; როგორც ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის რექტორის მოადგილემ – 1 870 ლარი. თამთა ფოფხაძემ, როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარმა სპეციალისტმა – 10 107 ლარი; როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა მასწავლებელმა – 1 368 ლარი. ტარიელ ჭიღვარიამ კი, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 12 657 ლარი.
2014 წელს გიორგი ჭიღვარიამ, ზეპირი შეთანხმებით, 2015–ში 2 500 აშშ დოლარიც ისესხა.
2015 წელს გიორგი ჭიღვარიამ, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 13 000 ლარი აიღო; როგორც ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა – 7 900 ლარი; როგორც იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ – 28 360 ლარი. თამთა ფოფხაძემ, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა მასწავლებელმა – 1 956 ლარი; როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსმა – 12 254 ლარი, ხოლო ტარიელ ჭიღვარიამ, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა – 12 657 ლარი.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც რწმუნებულის მოადგილემ. ოჯახის უძრავი ქონება უცვლელია და იმხანად დასაქმებულიც მხოლოდ გიორგი ჭიღვარია გახლდათ. 2016 წლის განმავლობაში მან, როგორც იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ 34 842 ლარი აიღო.