№13 „ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს“
ანუ გაყრის სიმწარე
გასულ კვირას ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრები ისეთი ჟინით დაერივნენ ერთმანეთს, ყველა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნეს.
მართალია, რაც ჩვენს თვალებს გაწევ-გამოწევა და კუნთების თამაში უნახავს... მაგრამ ეს მაინც სულ სხვა იყო (ტყემლით გოჭისა არ იყოს). თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმანეთს ერთ დროს ერთნი, აწ კი უკვე ორნი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები გაუსწორდნენ (იქიდან – დავით შელია, აქედან – ბართლომე შელია).
ინციდენტი კი გაყრის მტკივნეულ პროცესს გამოუწვევია (ოჰ – ეს ვერაგი მოღალატეები!). კერძოდ, ენმ-ის წევრს (გელა თოლორაიას) მშობლიური პარტიის რიგები დაუტოვებია და „ევროპული საქართველოსთვის“ უნაცვალებია, რაც ამ უკანასკნელებს ფრაქციად რეგისტრაციის საშუალებას აძლევდა. ჰოდა, ენმ-ის წევრ ანა წითლიძეს შელია ბატონისთვის ვაჟკაცობა დაუწუნებია (სხდომაზე მაინც გამოცხადდესო).
ერთი სიტყვით, მონასტერი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკრებულო) ისე არეულა, რომ „სასწრაფო დახმარების“ დახმარებაც დასჭირვებიათ და პოლიციაც – გამშველებლად.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ინციდენტი 22 მარტს მოხდა და არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი ჯერაც არ მიგვებარებინა ძმათა სასაფლაოს, იბადება რიტორიკული კითხვა: რა ხიბლი აქვს სკამს, რომ ქვეყნის ჭირიც ღობეს ჩხირია?!