კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ გალოთდა რობი კუხიანიძე და რატომ უთხრეს მას ბანკში, რომ თხუთმეტი წელი ვერ იცოცხლებდა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

რობი კუხიანიძე ყოველთვის საინტერესო მოსაზრებებითა და გულწრფელობით გამოირჩევა. მის ცხოვრებაში წლების განმავლობაში გრძელდებოდა სასმელზე დამოკიდებულება, რაც ბევრჯერ დაძლია. როგორც თვითონ ამბობს, „ლოთის იმიჯი“ აქვს და ფხიზელს მსმენელი ვერც იღებს. უამრავი გაჭირვება გამოუვლია, საკუთარი სახლი არ აქვს, დღემდე ქირით ცხოვრობს და ყოფილა პერიოდი, როცა საცხოვრებელი კვირაში სამჯერაც გამოუცვლია.
რობი კუხიანიძე: მე, საერთოდ, გარემოების შესაბამისად ვცხოვრობ, როგორც ცხოვრობდა ერი, ისე ვცხოვორობდი. სულ ჭიქა მეჭირა ხელში, ვლოთობდი. „მთვრალი კაცი – კაი კაცი“, „რობერტია ლოთი, ჯიბეში აქვს ბოთლი...“ სამწუხაროდ, ტიპური ქართველი ვიყავი. მე ხომ ძალიან ბავშვიც აღარ ვარ და ალბათ, ტრადიციების მსხვერპლი გავხდი. მაშინ, როცა ამ ქვეყანაზე გავჩნდი, კალთაში ჩაგისვამდნენ ბიძიები, ლექსს მოგაყოლებდნენ. მე არ მიყვარდა ლექსების მოყოლა, არც სიმღერა. ძალიან ცუდად მახსოვს მთვრალი ადამიანების ჩახუტება, ვინეგრეტების ნაჭამი დორბლები სახეზე... არ ჩამითვლია ეს მოფერებად. რაღაცნაირად ვამჩნევდი, რომ ეს ცუდი იყო. დაახლოებით 25 წლამდე ვებრძოდი თავს და არ ვცხოვრობდი ასეთი ცხოვრების წესით, მაგრამ მერე მეც მძლია ქართულმა ტრადიციებმა. ასაკში გავხდი ჭეშმარიტი ქართველი – ანუ გავლოთდი. მე თვითონ ვხვდებოდი, რომ არ ვიქცეოდი კარგად. ჩემი „პახმელია“ იყო სინანულის გრძნობა, რომ გუშინ ასე მოვიქეცი. ეს „გუშინ“ დიდხანს გრძელდებოდა. რომ მხედავდნენ, სულ  ნასვამი ვიყავი, ჩემს იმიჯში გადაიზარდა. ბევრი მცდელობა მქონდა: სამჯერ დავანებე თავი დალევას, ერთხელ – ერთი წლით. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ არ მსიამოვნებდა ლოთური ურთიერთოები. ყოველგვარი წამლებისა და ამპულის გარეშე დავანებე თავი. ამპულა ეს უკვე დაცემაა ჩემთვის, თუ სხვა გამოსავალი არ აქვს ადამიანს, უნდა გაიკეთოს. მერე ისე მოხდა, ერთხელ მითხრეს, შენ ამპულა უნდა ჩაიდგაო. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი – მე მაგას არ ვიზამ, ჩემით დავანებებ თავს-მეთქი და სიცილი დაიწყეს  – ეს ვერავინ შეძლო და შენ როგორ მოახერხებო.
– საკუთარ კონცერტზე ფხიზელი ყოფილხართ?
– ჩემი პირველი ფხიზელი კონცერტი – პირველი „არტგენია“. ავდივარ სცენაზე, ყველაფერს ვაკეთებ უმაღლეს დონეზე. ყველა აკორდს სწორად ვუკრავ, ვხედავ, ადამიანი ზის და რაღაცნაირად მიყურებს. ემოციები არ იყო კონცერტზე და ნახევარ სიმღერაში ვხვდები, რომ რაღაც ვერ არის კარგად. მე, საერთოდ, ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსავალს ვპოულობ. იქვე წყლის ბოთლი იდგა, მოვსვი და ვხედავ, მაყურებელმა აიღო ჩემი ბოთლი და კი არ მოსვა, დაყნოსა. მივხვდი, რაც უნდა მექნა და დავიწყე მთვრალობანას თამაში და რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, ფხიზელმა მოვატყუე საზოგადოება, ვითამაშე რობი კუხიანიძე, ჩემი გადასახედიდან. ახლაც ამას ვიყენებ ხოლმე. წლები რომ მიყურეს, მთვრალი რობი კუხიანიძე მოსწონთ. ასეთი იმიჯი მაქვს.
– ლოთის იმიჯის გარდა, ნარკოტიკის მომხარებელიც ჰგონიხართ ხალხს?
– ვეწეოდი. ეს კარიერაში არ მიშლის ხელს, პირიქით. „წამალი“ არასდროს გამიკეთებია. ხანდახან „ფეისბუქზე“ წერენ ჩემზე – კარგი ბიჭია, რომ არ სვამდეს, არ იკეთებდესო და მაშინ სულ ვამბობ: „მტყუვნის დედას გაუკეთე...“ რაც არ გამიკეთებია, რატომ მეუბნები, რაც გამიკეთებია, იმანაც დამანგრია. ამას წინათ, ერთი ძვირიანი ნარკოტიკი გავსინჯე და მაშინვე მივხვდი, რომ მეორედ აღარ ვიზამ, იმიტომ რომ საერთოდ არ მოუხდა იმ მდგომარეობას, სადაც ვცხოვრობთ. „მარიხუანის“ დეკრიმინალიზაციაზე ერთ-ერთი ხმის ამომღები ვიყავი და ალბათ, რაღაცები ჩემს სახლშიც გადაწყდა, სახლში რომელიც არ მაქვს. ეს არის კორუფციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ბევრ სახელმწიფოში ხდებოდა – ჩადება-ამოღება და ეს აწყობდათ... ეს მთავრობები ერთმანეთს ეჯიბრებიან და მე რომ ერთხელ ვარ მოსული ამქვეყნად, ჩემს თავზე რატომ უნდა ტყდებოდეს. არ ვარ არცერთი ნარკოტიკის აკრძალვისა და მომხმარებლის დაჭერის მომხრე. მე არც ნარკოტიკის მოხმარების მომხრე ვარ, ისევე, როგორც დალევის, მიუხედავად იმისა რომ ბევრი დავლიე.
– „მარიხუანის“ გამო პოლიციასთან პრობლემა არასდროს გქონიათ?
– მიშას დროს  წამიყვანეს „მოსაფსმელად“, თუ „მოსაფსამად“. მთელი ღამე გამატარებინეს განყოფილებაში, ძალიან გამიკვირდა, რომ არ ამომიგდო. მაშინაც დაბოლილი ვიყავი. მთელი კვირა ვეწეოდი, თან, მაგარი მთვრალი ვიყავი. სიმთვრალემ გადაფარა თუ რა იყო, არ ვიცი. მე თვითონ ვუთხარი, რომ „დაბოლილი“ ვიყავი. მაგ დროს როცა მაგარი „დაბოლილი“ ხარ, ვერ იტყვი, რომ არ ხარ, შეგრცხვება, „გაგიტყდება“, როცა ამოგიგდებს. ბოლოს რომ მითხრეს, არ ამოგიგდოო, ვუთხარი, რაღაც გეშლებათ-მეთქი. თან ბევრი სინჯი ამიღეს სხვადასხვა ნარკოტიკზე, მაგრამ ვუთხარი: სხვას აზრი არ აქვს, „მარიხუანა“ მაქვს მოწეული-მეთქი.
– გოგონებში რამდენად პოპულარული იყავით არაქურდული მენტალიტეტის, მაშინდელი საზოგადოებისთვის უცნაური მუსიკის დამკვრელი ბიჭი?
– ბევრი შეყვარებული მყავდა, ბევრს ვუყვარდი. მშვენიერი მეუღლე მყავს – იმ პერიოდში მოკლე კაბით დადიოდა ქუთაისში, ქალაქში თვალშისაცემი გოგო იყო. არავინ იცოდა, რომ ახლანდელი ჩემი მეუღლე მიყვარდა. ყველას ეგონა, რომ „ის“ მიყვარდა. რომ მომეწონა, არ „გავაბაზრე“. უნივერსიტეტში ჩაბარებული მქონდა, მაგრამ არ დავდიოდი. როცა გავიცანი, მაშინ  დავიწყე სიარული. რომ „გაბაზრდა“, ცოლი მოვიყვანე და მოდიოდნენ მოსალოცად, ირმას ვერავინ აღიქვამდა ჩემს მეუღლედ, იქ სხვებიც ხომ იყვნენ, სხვებიც ხომ მიყვარდა... ერთმა-ორმა გოგომ იტირა, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არიან ახლა. ყველასთან სარეცელი არ უნდა გაიზიარო. ზოგთან საერთოდ არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, არც შეიძლება მქონოდა. არც იმათთან, ვისაც ჩემ მიმართ გრძნობები ისევ აქვთ, თუმცა სულ მახსოვს, როგორც ჩემი ცხოვრების მშვენიერი ნაწილი.
– სმის გამო მეუღლესთან პრობლემები არ გექმნებოდათ?
– სანამ გამომყვებოდა, შეიძლება, არც ვუყვარდი, მაგრამ თავბრუ დავახვიე. ისე ვიქცეოდი, როგორიც ვარ. უყვარხარ ადამიანს მაშინ, როცა არ მალავ და ის ხარ, რაც ხარ. ასე დაწყებული ურთიერთობა ჯობია, ვიდრე გაპრანჭული და მერე რომ აღმოჩნდება, თურმე, მონსტრს გაყევი. 26 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ერთხელაც არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გავარდნილიყო სახლიდან და მერე ისევ შევრიგებულიყავით. კონფლიქტები ცოცხალ ადამიანს სულ აქვს. ეგ თუ არ გაქვს, ჩათვალე, აღარაფერი გაქვს. თუ „გკიდია“, მაშინ მორჩა ყველაფერი.
– სადმე სამსახურში გიმუშავიათ?
– ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლში ვუკრავდი. გიტარის ყიდვა მომინდა და დავიწყე აგურის ქარხანაში მუშაობა. გიტარა მალე ვიყიდეთ, მაგრამ მუშაობისთვის თავი არ დამინებებია. მერე, ოთხი წელი, პლასტმასების ქარხანაში ვმუშაობდი – დენის შემაერთებლებს და „შტეფსელებს“ ვამზადებდი. ბოჰემურ ცხოვრებაში რომ გადავვარდებოდი, სულ ცდილობდა დედაჩემი, სადმე მემუშავა. ქუთაისში „მალიარად“ ვმუშაობდი ხუთი წელი. მეგობრებს ახალ სახლში გავუკეთე რემონტი. ქუთაისში რომ ვცხოვრობდი, სულზე ვიყავი, ჩემს მეზობელს ტელევიზორი ან რადიო გაფუჭებოდა, რომ გამეკეთებინა. რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხასა რომ გავხდე, ჩემი სახლი მაინც მექნება. სახლი არ მაქვს, ქირით ვცხოვრობ. ჩემი კონცერტებით ვცდილობ, ქირის გადასახდელი თანხა შევაგროვო. ჩემს შვილს ასთმა აქვს, ექვსი წლის იყო, რომ ჩამოვიყვანე თბილისში. უბედურ დროს ჩამოვედი, მე მომყვა ლტოლვილები. ერთი კვირით ჩამოვიყვანე და თხუთმეტი წელი გამიგრძელდა. მკურნალობაც ვერ მოვახერხე, სამკურნალო რაც იყო აქ, ეს იყო ჰაერი... ჩემი მეუღლე ქუთაისში იყო. თეატრალური სტუდენტების ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდი. კვირაში ორჯერ-სამჯერ ვიცვლიდი ადგილმდებარეობას, დღეში სამჯერაც გამომიცვლია. ჩემი შვილი რომ გაიღვიძებდა, მეკითხებოდა: მამა, დღეს სად ვართ? „კათარზისშიც“ შევსულვარ, რამდენჯერმე მოხუცებთან ერთად მიჭამია. დღესაც ვფიქრობ და ვერ ვხვდები, სუპში რისი ხორცი იყო – წითელი და რეზინასავით. მოხუცებს ჯანსაღი საკვები მაინც აჭამონ, რომ ცოტა ფერზე მოიყვანონ, ან ვის აქვს იმ ხორცის დასაღეჭი კბილები. ბანკში მივედი სესხის ასაღებად და არ მომცეს, მითხრეს თხუთმეტი წელი ვერ იცოცხლებ და არ მოგცემთო. უცებ გავბრაზდი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მართლები არიან: შეიძლება, ოცი წელიც ვიცოცხლო, მაგრამ რომ ვერ ვიცოცხლო? ეს იყო ჩემი შეცდომა. 52 წლის ვარ და 67 წლამდე უნდა ვიცოცხლო, რომ სესხი მთლიანად დავფარო. რეალურია ახლა ამ სახელწიფოში 67 წლამდე იცოცხლო?
скачать dle 11.3