კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ დაბრუნდა სამშობლოში, 27 წლის შემდეგ, საფრანგეთში ცნობილი ქართველი მხატვარი და ანიმატორი გელა პატიაშვილი და როგორ ელევა ის შვილებთან გაიგივებულ ნახატებს

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

15 მარტს „გალერეა გამრეკელის“ საგამოფენო სივრცემ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, გელა პატიაშვილის ნამუშევრებს უმასპინძლა. გამოფენა სახელწოდებით Home, sweet home, მხატვრის სამშობლოში დაბრუნებას უკავშირდება. წარმოდგენილი  ნამუშევრების ფართო თემატიკა მხატვრის განწყობას და იმ რეალობას ასახავს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. საფრანგეთში აღიარებულ მხატვარს მსოფლიო მასშტაბით არაერთი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა აქვს გამართული. ამჟამად ის საქართველოშია და მისი სამომავლო გეგმებიც, სწორედ, თბილისთანაა დაკავშირებული.
გელა პატიაშვილი: ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ვმუშაობდი თეატრში, ვიყავი ჟურნალისტი „ლიტერატურულ საქართველოში“. ამ ყველაფრის პარალელურად, სულ ვხატავდი. გამიმართლა და ისეთი მხატვრების სახელოსნოში გავიზარდე, სადაც ბევრად მეტი შეიძლება, გესწავლა, ვიდრე აკადემიაში. სამხატვრო აკადემიური განათლება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამის გარეშეც შეიძლება, გახდე მხატვარი.
– საფრანგეთში რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად გადასვლა?
– წლების წინ გამოფენა მქონდა პარიზში და სულ ორი კვირით წავედი, კიდევ ორი კვირით გავაგრძელე და უკვე 27 წელია, რაც ამ ორკვირიან რეჟიმში ვცხოვრობ.
– საქართველოში როგორ ცხოვრობთ?
– საქართველოში შემოდგომაზე სამი თვით მომიწია დარჩენა. ეს ის პერიოდია, როცა ხვდები, რომ სტუმარი აღარ ხარ. აქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს კოლბაში ვცხოვრობ. მანქანით გადავადგილდები, ვხვდები მეგობრებს  და მგონია, რომ სრულყოფილად ვერ აღვიქვამ აქაურ რეალობას. ამისთვის მეტი მოგზაურობა მჭირდება.
– თბილისში გამოფენის მოწყობის იდეა როგორ გაჩნდა?
– აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნახევარი საფრანგეთში მაქვს გატარებული, მეორე – საქართველოში. 27 წელი ვიცხოვრე იქ და ზუსტად ამდენივე – აქ. არ მინდა, ეს წონასწორობა დავარღვიო და საფრანგეთმა გადაწონოს, ამიტომ ახლა საქართველოში ვარ და მოვაწყვე გამოფენა, სახელწოდებით „სახლი, ტკბილი სახლი“. იდეა იყო, ვეძებდით ადგილს და „გამრეკელის გალერეამ“ შემომთავაზა, რომ სწორედ აქ გამომეფინა ჩემი ნამუშევრები.  გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთშია შექმნილი. თემატიკა ფართოა. ყველაზე მეტად თვალშისაცემი, ალბათ, მუსიკალურ
ინსტრუმენტებზე განთავსებული ხილის უზარმაზარი ნატურმორტებია. ამ გრაფიკულ სტრუქტურას დეფორმირებული ბაროკო შეიძლება ვუწოდოთ. ფერის გამით ის იმ ქოლორულ სისტემაშია, რომელიც მისი შექმნის ადგილს მიუთითებს. ეს ხმელთაშუა სანაპიროა, თავისი განუმეორებელი ილუმინაციითა და იმპრესიონისტების დაჟინებული ტრადიციებით. სხვა ჟანრის კიდევ ერთი ნამუშევარი მინდა გამოვყო, სახელწოდებით, „კენტავრი“. ქორწილში სტუმრობისთვის გამოწყობილ კენტავრს, ზურგზე ის ნახევრად გაშიშვლებული ახალგაზრდა ქალი უზის, სხვათა შორის, სხვისი პატარძალი, რომელიც მან ქორწილიდან გამოაპარა. აქ მითის დეფორმაციასთან გვაქვს საქმე, სინამდვილეში, პატარძალი არ გაჰყოლია მთვრალსა და უხეშ არსებას, მე კი მითის ასეთი ფინალი უფრო დრამატული და აქტუალური გავხადე.  
გამოფენის სახელწოდება ნახევრად ირონიულია, რადგან სამშობლოში დაბრუნებულს არ დამხვდა ის სიმშვიდე და იდილია, რასაც სახლში დაბრუნებისას ელის ადამიანი. ამ განსხვავებულ რეალობას ნამუშევარი ფიესტა აღწერს (სხვათა შორის, ის გამოფენის აფიშაზეა). მთავარი მოქმედი გმირის თითი მეტაფორის სახით მეტყველებს რეალობასა და თეორიას შორის სხვაობაზე. ნამუშევარს დრამატულობას სძენს ის ფაქტი, რომ მის წინ აბობოქრებული, ნერვული ხარია, რომელსაც რქებზე ცეცხლი უკიდია, პაექრობისთვის ემზადება და სრულიად გაუთვალისწინებელ, აგრესიულ განწყობას ქმნის.
– ნამუშევრებთან განშორება არ გიჭირთ?
– მიუხედავად იმისა რომ ისინი შვილებივით არიან ჩემთვის, ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, შვილიც უნდა გაუშვა და მიანიჭო თავისუფლება, მთელი ცხოვრება სახლში ხომ არ გეჯდება?! მით უმეტეს, როცა 120 ან მეტი შვილი გყავს. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა საკუთარ ნახატებს მერე ვიღაცასთან სახლში გადაეყრები.

– რომელ გამოფენას და ნამუშევარს გამოარჩევთ განსაკუთრებით?

– არაერთი ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენა მქონია, თუმცა, ვფიქრობ, მთავარი მაინც წინაა, რასაც დრო და ბევრი შრომა სჭირდება. ყველაზე მეტად ფსიქოლოგია მაინტერესებს და ხშირად ვმუშაობ ფსიქოლოგიურ პორტრეტებზე. ჩემი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად მიყვარს სტრავინსკის პორტრეტი. ეს ნამუშევარი აბსოლუტური კმაყოფილების გრძნობას მგვრის. დამთვალიერებელი ყოველთვის მოულოდნელია და ნამუშევრებთან დაკავშირებით, ჩემი და მათი აზრი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.
– საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდით, ერთია, თავად იყო შემოქმედი და მეორე – გქონდეს გადმოცემის უნარი.
– შემოდგომაზე სამი თვით მომიწია საქართველოში დარჩენა, რადგან თავისუფალ უნივერსიტეტში ვასწავლიდი „ანიმაციურ ფილმს“, ძალიან ჭკვიანი და განათლებული სტუდენტები მყავს.  საქართველოდან ისე წავედი, რომ ვერაფერი გავაკეთე ამ ქვეყნისთვის. ამით გამოწვეული ძველი კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა და თუ ამას აქ გამოვიყენებ, ამით ყველაფერი გაწონასწორდება.
– სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება თუ საფრანგეთს?
– ჯერჯერობით, აქ ვარ და თბილისთან დაკავშირებული გეგმები მაქვს. მომიწევს გამოფენებზე და სხვადასხვა პროექტებზე წასვლა მაგრამ; ძირითადად, მაინც საქართველოში ვგეგმავ ყოფნას. ანიმაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. მაქვს დიდი ამბიცია, რომ ავაწყო ანიმაციის სტუდია, რისთვისაც ვეძებ პარტნიორებსა და გულშემატკივრებს. ამისთვის კი მიწევს სამინისტროდან სამინისტროში სიარული, რასაც შეჩვეული არ ვარ. სამწუხაროდ, ჩვენთან ანიმაციური ფილმი განიხილება, როგორც გუდა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს, მინდა, რომ ეს რეალობა შევცვალო.
скачать dle 11.3