№12 რატომ არ მიიჩნევს ანანია გაჩეჩილაძე პრეზერვატივებზე ქართლის დედისა და თამარ მეფის გამოსახულებას შეურაცხყოფად
თამარ მეფის, ქართლის დედისა და დავით აღმაშენებლის გამოსახულებიანმა პრეზერვატივებმა, რომელსაც კომპანია „აიისა“ უშვებს, ძალიან დიდი უკმაყოფილება და ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის რელიგიურ და ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელს ანანია გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ.
ანანია გაჩეჩილაძე: „აიისა“ მაისში ერთი წლის ხდება. მან, სახელიდან გამომდინარე, თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს სახელი სპეციალურად შევარჩიე, იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც პრეზერვატივის ყიდვასთან დაკავშირებულ უხერხულობას უკავშირდება. „აიისა“ 2017 წლის ტოპ-სტარტაპია, რომელიც გასულ წელს ყველა მაჩვენებლით ძალიან წარმატებული იყო. ჩვენი კოლექციები კეთდება კლასიკურ თემებზე: მუსიკა, თეატრი, კინო თუ სხვა. ასევე, აქტუალური თემების მიხედვით, მაგალითად, როგორიცაა: არჩევნები, დღესასწაულები და ასე შემდეგ. არ არსებობს ტაბუირებული თემა. მთავარია, ეს ეთიკისა და სხვისი უფლებების დაცვის ფარგლებში ჯდებოდეს. რადგან ცოტა ხნის წინ მერის არჩევნები გვქონდა, თავს უფლება მივეცით, მათი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიზაინი ძირითად კანდიდატებზე შეგვექმნა. მათი გაერთიანებული სლოგანი იყო „დაიხმარე სექსში შენი კანდიდატი“. მალე საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და ვაპირებთ, გავაკეთოთ ძალიან საინტერესო და სახალისო კოლექცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენოთ. შემიძლია, საპატრიარქოს შესახებაც გავაკეთო მილიონი დიზაინი,
მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან ამით ვიღაცის რელიგიური გრძნობები მართლა შეურაცხყოფილი იქნება.
– თუმცა, ახალმა კოლექციამ ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია და ბევრმა ის შეურაცხყოფადაც მიიღო. რა შედის მასში?
– ეს არის მონარქთა კოლექცია, რომელშიც არავითარი აქცენტი არ არის წმიდანებზე. მონარქთა კოლექციაში შედის სამი დიზაინი: „სამეფო კარის თამაში“, „ძლევაი საკვირველი“ და „ბნელი რაინდი“. თამარ მეფის დიზაინი არის მონარქთა კოლექციიდან და სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“, კონკრეტულად, სერსეი ლანისტერთან არის პარალელი გავლებული. საქმე ისაა, რომ თამარ მეფე არის მონარქი, ის არის ერისკაცი და არა რელიგიური ფიგურა.
– თუმცა, თამარ მეფე წმიდანად არის შერაცხილი და ამიტომაც მიიღეს ეს სარწმუნოების შეურაცხყოფად.
– თამარ მეფე იყო მონარქი, რომელიც მართმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა საუკუნეების შემდეგ. მაგრამ, უპირველესად, მონარქის დანიშნულება ერისკაცობაში ყოფნაა. ერი და ბერი თავის დროზეც და ახლაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ ქვეყანაში ცხოვრობენ არამართლმადიდებელი ადამიანებიც, რომლებიც ქართველები არიან და საქართველოს ისტორია მათაც ზუსტად ისევე ეხებათ, როგორც მართლმადიდებელ ქართველებს. ისტორიული პერსონა არ შეიძლება, მხოლოდ
მართლმადიდებლების კუთვნილება იყოს. დავით აღმაშენებლის დიზაინზეც იგივე განმარტებაა. „ძლევაი საკვირველი“ არ არის დავით აღმაშენებლის, როგორც პერსონის, შეფასება. ეს არის დიდგორის ბრძოლის ისტორიული შეფასება. თუმცა, ეს რატომ უნდა იყოს ქართველებისთვის ეროვნული ნიშნით შეურაცხმყოფელი?! ერთ შემთხვევაში, სერიალიდანაა ასოციაცია, მეორეში – ბრძოლიდან, მათ პირად ცხოვრებას ხომ არ შევხებივარ?! მაგრამ ამათ, მგონი, ის პრობლემა აქვთ, რომ საქმე პრეზერვატივს ეხება. ხალხს პრეზერვატივის ატანა არ აქვს, თორემ, აბა, მაისურზე დაახატე, თუ ექნებათ პრობლემა?!
– მაისურზე, რა თქმა უნდა, არ ექნებათ პრობლემა. პრეზერვატივზე რომ დავითი და თამარია გამოსახული, ამიტომაც აღშფოთდნენ.
– სექსი არ არის დანაშაული, ეს კრიმინალი არ არის. მით უმეტეს, პრეზერვატივი ჯანმრთელობის დაცვისა და ზედმეტი პრობლემების თავიდან ასარიდებლადაა. ამიტომ, ეს არ არის არაკეთილშობილური პროდუქტი. ხალხს პრეზერვატივი ჰგონია შეურაცხყოფა, თორემ ის კი არა, რომ ზედ დავითი ან თამარ მეფე ახატია. არადა, პრეზერვატივიც ჩვეულებრივი ნივთია. უკვე ბევრჯერ მოვისმინე: მოდი, აბა, თქვენი თავები დაახატეთ პრეზერვატივზეო. დამახატონ, დიდი ამბავი, საერთოდ არ მწყინს. მაგის სერვისი კიდევ ცალკე გვაქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეკვეთა და უნდა საკუთარი თავი დაახატოს და უნდა – იუნა შაფათავა.
– იუნა შაფათავა იყო ერთ-ერთი, ვინც გაგაკრიტიკათ.
– კი. მან ასეთი აზრი გამოთქვა: ბოზები დაილიაო?! ჩვენ ბოზებს არ ვახატავთ, იმიტომ, რომ პიროვნულ შეურაცხყოფას არავის ვაყენებეთ. თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ისტორიაა და შესაბამისად, ყველას საკუთრებაა.
– რაც შეეხება ქართლის დედას, რომელიც ქართველი ქალისა და დედის სიმბოლოა?
– ამაზეც აუცილებლად გაგცემთ პასუხს, მაგრამ მანამდე ორიოდე სიტყვით ლევან ვასაძის შესახებ ვიტყვი. ის ოფიციალურად არის ნაკურთხი რაინდად და ყველას გვაქვს ამ ცერემონიის ფოტოები ნანახი, ანუ ვასაძე თანამედროვეობის მონარქია. მისი პიროვნება იმდენად მიუღებელია ჩემთვის და ბრენდის სხვა თანამშრომლებისთვის თავისი გამოხდომების გამო, მიგვაჩნია, რომ „ბნელი რაინდის“ პირდაპირი თარგმანია. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონკრეტულად ქართველ ქალ მეფეს კი არ შევეხეთ, არამედ თამამედროვეობის კაც მონარქსაც, რომელიც ცოცხალია.
– მაგრამ მათ შორის, გარდა ეპოქისა, დიდი განსხვავებაცაა.
– საქმეც ამაშია, თამარ მეფე მონარქია და მონარქის ხელშეუხებლობა აბსურდული სისულელეა. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფილები არიან? ის ჩემი
მონარქიც არის, რადგან მეც საქართველოს მოქალაქე ვარ. რაც შეეხება რელიგიურ შეურაცხყოფას, ეს მაშინ იქნებოდა, მარიამ ღვთისმშობელი და წმიდა ნინო რომ დამეხატა, იმიტომ, რომ ისინი საყოველთაო წმიდანები არიან არა მარტო ქართული მართლმადიდებლური სამყაროსთვის. თამარ მეფე კი, უპირველესად, მონარქია და საკუთარი მეფობიდან გამომდინარე შერაცხეს წმიდანად, თორემ ის რელიგიური ღვთისმსახური არ ყოფილა. მე მესმის მართმადიდებლების შეხედულება – „როგორ გვაკადრეს“, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ მართმადიდებლების არ არის და ადამიანებს განსხვავებული აზრების მიმღებლობა უნდა გვქონდეს. ამის მიზანი ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა.
– დავუბრუნდეთ ქართლის დედას...
– ყველა აქამდე ჩამოთვლილი კოლექცია დროებითია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბესტსელერად არ იქცა. მაგრამ კოლექცია, რომელშიც „ქართლის დედა“ შედის ბრენდის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს და მუდმივია. ამ კოლექციაში მასთან ერთად შედის „ზეზვას და მზიას“ დიზაინი და ლგბტ თემის დიზაინი, რომელსაც ასომთავრულად აწერია – „ქართველი გეი არ არსებობს“. თავად ქართლის დედის დიზაინს კი ინგლისურად აწერია „აღარ მინდა ვიყო დედაშენი“. საქმე ისაა, რომ ქართლის დედა არ არის ქართველი ქალის ან დედის სიმბოლო, ეს არის საბჭოთა მონუმენტი, რომლის მსგავსი ძეგლებიც დგას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. არსებობს „სომხეთის დედა“, „უკრაინის დედა“ და ასე შემდეგ. ეს მონუმენტი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოა და არა ქართველი დედის.
– მიუხედავად ამისა, ის დღეს ყველასთვის ქართველი დედისა და ქალის სიმბოლოა და ლოგიკურია, რომ ასეთი რეაქცია წამოვიდა.
– კი. ასეა, მაგრამ ამის პასუხი მაქვს: დღეს ძალიან ბევრი თანამედროვე ქართველი ქალი ემიგრანტია. ეს ის ქალები არიან, რომლებმაც შვილები „სკაიპში“ გაზარდეს, წელებზე ფეხის დადგმით. მე, როგორც ქალი, როგორც ამ ბრენდის წარმომადგენელი, მივიჩნევ, რომ ქართველ ქალს შეიძლება, ამის გამო პროტესტი გაუჩნდეს, ყველაფერი ყელში ამოუვიდეს და თქვას: „აღარ მინდა ვიყო დედაშენი“. მას ყელში ამოუვიდა ვიღაცის დედობა, იმიტომ რომ არის
ემოგრანტი, იმიტომ, რომ სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაშია და იმიტომ, რომ ყველაფერი მას აწევს კისერზე. ეს არის ქართლის დედის დიზაინის მთავარი აზრი და ჩვენი ბრენდის პოზიცია. ეს დიზაინი პროტესტია და არა „მოდი, ქართველ ქალს რაღაც ვაკადროთ“. ამ კოლექციას არასდროს შევცვლით. რაც შეეხება ლგბტ თემატიკას, ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ჰომოფობიური ფონია და ფრაზაც – „ქართველი გეი არ არსებობს“, ყველასთვის ცნობილია. მაგრამ რას ნიშნავს ეს, როგორ შეიძლება ეროვნული ნიშნით ამგვარი დეფინიცია? ქართველი გეი, ზუსტადაც რომ, არსებობს და ეს ფრაზა სპეციალურად არის გამოსახული ასომთავრულით. რადგან ასომთავრული ძალიან ხშირად გამოიყენება საღვთო წიგნებში და ეს დიზაინი ერთგვარი სარკაზმია იმისთვის, რომ ჰომოფობმა ადამიანებმა კარგად გაიგონ – ქართველი გეი არსებობს და თან, ამის დაწერა ასომთავრულადაც შეიძლება. ეს მართლა დაცინვაა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჰომოფობია ძალიან მომძლავრებულია, „აიისას“ იდეოლოგია კი ანტიჰომოფობიურია. ამათ შორის, ყველაზე დიდი უარყოფითი დამოკიდებულება ქართლის დედამ და თამარ მეფემ გამოიწვია. ქართველ ქალს რომ ეხები, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, ყველაფერზე გიჟდებიან. დავით აღმაშენებელზე ასე არ გაგიჟებულან, იმიტომ, რომ ის მაინც კაცია. ისიც წმიდანია, მაგრამ კაცია და მას ჰქონდა სექსის უფლება. ამას უშვებენ, მაგრამ ქალს ამის უფლება არ აქვს.
– შენს შესახებ მომიყევი, ვინ არის გოგო, რომელმაც ამდენი ადამიანი აღაშფოთა?
– 14-იდან 21 წლის ჩათვლით, ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ ბოლო ერთი წელია, ბიზნესში გადმოვინაცვლე. მე ვარ „აიისას“ დამფუძვნებელი და იდეის ავტორი. ჩემთვის მთავარია, ხალხმა გაიგოს, რომ განსხვავებული აზრი არსებობს და ამას ვერაფერს მოუხერხებენ. მთავარია, ჩვენ ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანები არსებობენ.